თორის საკვირაო თავი ,,თაზრია“ (ვაიკრა 12:1-13:59)

12974379_961191247332042_2109405808129325117_n

სიყვარული და…. ქოენები

,,ადამიანი, რომელსაც კანზე წანაზარდი გამოუვა, ლაქა ან სირსველი გაუჩნდება და მის ადგილზე ,,მეცორა“ (წყლული, რომელიც კეთრს წააგავს) წარმოიქმნება, აუცილებლად უნდა ნახოს ქოენმა“ თორის ამ ნაწყვეტში საუბარია უსუფთაობის ყველაზე მძიმე ფორმაზე — მეცორაზე.
მხოლოდ ქოენს — აჰარონის შთამომავალს, შეეძლო განესაზღვრა, დაავადებულია თუ არა ადამიანი ,,მეცორათი“ და საჭიროა თუ არა მისი ბანაკიდან იზოლაცია. ადამიანი მეცორას გამო ბანაკს ქოენის სიტყვით ტოვებდა და ასევე ქოენის ნებართვით ბრუნდებოდა: ,,თუ ადამიანს ექნება მეცორას წყლული, ის ქოენს უნდა ეახლოს…და ნახავს მას ქოენი… და თუ ჩათვლის არასუფთად, გადაწყვეტს მის ცალკე, ბანაკის გარეთ ცხოვრებას..“ (ვაიკრა 13,46)
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადებულს თორის უდიდესი მცოდნე და ბრძენი ადამიანი დაათვალიერებდა, მას არ ჰქონდა უფლება ქოენის გარეშე პაციენტის უსუფთაობა ან პირიქით, სიწმინდე დაედგინა. ქოენის ნათქვამი სიტყვა საბოლოო იყო, ის წყვეტდა დაავადების ხარისხსაც და ბანაკში დარჩენა-არდარჩენის საკითხსაც.
რატომ არ შეეძლო ამის გაკეთება კანონების კარგ მცოდნეს? რატომ იყო ქოენის სიტყვა გადამწყვეტი? ერთი შეხედვით, ქოენი მთლიანად სიწმინდესთანაა კავშირში. უფრო გასაგები იქნებოდა, თუ ქოენი ადამიანს სუფთას გახდიდა, ვიდრე უსუფთაოს.
ყველაფერი გასაგები გახდება, თუ განვიხილავთ, რა მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა ადამიანი, რომელიც ,,მეცორათი“ ავადდებოდა: მას ბანაკიდან აძევებდნენ, ის ხალხისგან მოწყვეტილი ხდებოდა. საკვირაო თავში წერია: ,,ცალკე უნდა იცხოვროს მან..“ ანუ, მას არ შეეძლო მსგავსი დიაგნოზით დაავადებულებთან ერთად ყოფნაც.
მძიმე შედეგების გათვალისწინებით ადამიანის უსუფთაოდ გამოცხადების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქოენების ხვედრი იყო, ადამიანებისა, რომლებსაც თორა ,,იშ ხესედ“-,,სიკეთის კაცებს“ უწოდებს. ქოენები გამოირჩევიან სიკეთით, ყველა ებრაელისადმი სიყვარულით, როგორიც უნდა იყოს ის. ეს ნათლად ჩანს იმ კურთხევაშიც, რომელსაც ქოენები ამბობენ: ,,რომელმაც გვიბრძანე ვაკურთხოთ შენი ხალხი, ისრაელი სიყვარულით!“ კეთილი ხასიათის მქონე ქოენი ერთი ხელის მოსმით ვერ ეტყვის მეორე ებრაელს, რომ ის უსუფთაოა და ეცდება მას უსიამოვნება აარიდოს. ქოენს ებრაელისთვის სიკეთე უნდა, ის ყველა ღონეს იხმარს, რომ მოძმეს გარიყვა ააცილოს. სხვა სიტყვებით, ქოენის სულში ის თვისებები ჭარბობს, რომელთა უკმარისობაც ქედმაღლობასა და სხვა ებრაელისადმი სიძულვიულს ბადებს. მხოლოდ მოსიყვარულე და კეთილ ადამიანს შეიძლება ანდო სხვისი ბედი, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია პირუთვნელად მიიღოს სხვისი გასახლებისა და იზოლაციის გადაწყვეტილება..
ჩვენთვის ეს კარგი გაკვეთილია: როცა სხვაში რაიმე ნაკლს ვამჩნევთ, როცა ვინმეს საქციელი არ მოგვწონს, ჩვენ არა გვაქვს მისი გარიყვის უფლება. უპირველესად, ჩვენი თავი უნდა შევამოწმოთ: სხვა ებრაელისადმი სიყვარულის გამო ვხედავთ მასში ნაკლს და გულწრფელად გვინდა მისი გამოსწორება, თუ ეს დამოკიდებულება მისდამი ჩვენი საკუთარი ნაკლის ანარეკლია? იქნებ ეს ადამიანი უბრალოდ ,,სარკეა,“ რომელიც ჩვენს შინაგან მდგომარეობასა და მანკიერებებს ირეკლავს?
მხოლოდ მაშინ, როცა დავრწმუნდებით, რომ სხვა ებრაელისადმი სიყვარულს ვგრძნობთ, რომ დახმარების სურვილი უანგაროა და პირადი ემოციები არაფერ შუაშია, შეგვიძლია თავს მისი ,,გაკიცხვის“ უფლება მივცეთ. ასეთ შემთხვევაში მეორე მხარეც მიხვდება, რომ მასში რაღაცის გამოსწორება მხოლოდ მისდამი სიყვარულის გამო გვინდა და ის შენიშვნასაც ადვილად მიიღებს. სწორედ ასეთი ჭეშმარიტი სიყვარულის დამსახურებით მოისპობა განდევნილობის გამომწვევი — უმიზეზო სიძულვილი, რის გამოც ტაძარი დაინგრა და დადგება სრული გათავისუფლება მაშიახის მოსვლით!