ჩემს კვერთხში არის გველი

8xLM-u4amd-PHEh_vW2H7NIUu1eLmB7d

ცოტა ხნის წინ, ერთ საღამოს ბიბლიის შესწავლისას, მე და ჩემმა მეგობარმა ვისაუბრეთ მოსესა და აარონის მსახურების სათავეზე. ჰაშემი ყოველთვის როდესაც, მოქმედებს გარკვეული შაბლონების ფარგლებში, ცდილობს რაღაც გვასწავლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია გარკვეული გაკვეთილი ვისწავლოთ ამ ორი ძმის სცენაზე გამოჩენიდან. მოდით გადავხედოთ მათ პირველ გამოჩენას ყურადღების ცენტრში და ვნახოთ რისი ჩვენება შეუძლია ჩვენთვის ამ ეპიზოდს.
მოვლენები ვითარდება ფარაონის სასახლეში. მოსე აქ გაიზარდა, მაგრამ შემდეგ ორმოცი წელი გაატარა მიდიანში, რომელსაც თავი შეაფარა, როდესაც ეგვიპტელი ზედამხედველი მოკლა ებრაელი მონის სასტიკად ცემისთვის. მიდიანში ყოფნისას მოსემ ისწავლა მწყემსის საქმის ყველა სირთულე, ეს განათლება აუცილებელი იყო, რომ გამხდარიყო უზენაესი ღმერთის ერის წინამძღოლი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ებრაულ ფესვებთან დასაბრუნებლად მოსეს სჭირდებოდა ეგვიპტური გონების „გადაპროგრამება“. შედეგად, მის ცხოვრებაში განადგურდა ეგვიპტური ღმერთები და ის შეხვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - יהוה‏‎ . როგორც კი მოსე საკმარისად გათავისუფლდა ეგვიპტისგან, მიხვდა საიდან მოდიოდა (გააცნობიერა თავისი ფესვები) და რას მოელოდა ყოვლისშემძლე მისგან, ის მზად იყო მისიაში წასასვლელად.
სანამ ამ ისტორიის შემდეგ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ მოუწია მოსეს ორმოცი წლის ასაკში ორმოცი წლით გაუჩინარება. ზეციერ მამას სურდა, ყოველწლიურად გაეუქმებინა მოსეს მისწრაფებები ეგვიპტის მეფობაზე და სანაცვლოდ მისთვის ახალი მეფობა მიენიჭებინა, რომელიც პირდაპირ ღვთის ტახტიდან გამოდიოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელის ღმერთს სურდა 100%-ით დარწმუნებულიყო, რომ მიდიანში მოკრძალებული ცხოვრების წესის შემდეგ, მოსე სასახლეში დაბრუნებისას, სადაც ის ოდესღაც გაიზარდა, არ ცდუნდებოდა ოქროთი და ვერცხლით სავსე დიდებული დარბაზების დანახვისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მოსემ დატოვა ეგვიპტე, მაგრამ ღმერთს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ეგვიპტემ დატოვა მოსე.
მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიას. მოსე და აარონი პირდაპირ ფარაონის სახლში გაგზავნეს, რათა მისთვის ნიშნები და სასწაულები ეჩვენებინათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან, ძველ ეგვიპტეში ვერცერთი უცხოელი ვერ გაბედავდა ფარაონის წინაშე გამოჩენას, რომ არ ეთქვა ვისი წარმომადგენელი იყო. ფარაონს შეეძლო ეკითხა: „რა ძალაუფლებით მოხვედით ჩემთან?“ - ამიტომ, როდესაც მოსე და აარონი წარსდგნენ მთელი ეგვიპტის მმართველის წინაშე, საქმე სწორედ უფლებამოსილების საკითხში იყო. მოსე ფარაონის წინაშე წარსდგა როგორც ისრაელის ლიდერი და განიზრახა განემტკიცებინა თავისი ახალი ტიტული ძალაუფლების დამადასტურებელი ნიშნებით. მაგრამ სანამ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, მოდით მივმართოთ წმინდა წერილის მონაკვეთს, რომელშიც ღმერთი ეუბნება მოსეს და აარონს, რა უნდა გააკეთონ, როდესაც ფარაონს შეხვდებიან.გამოსვლა7:8-9

და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: “თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: ‘სასწაული მოახდინეთ’, მაშინ ეტყვი აარონს: ‘აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე’. და იქცევა იგი გველად.”

მილიონ დოლარიანი კითხვა: „ყველა ცხოველიდან, რომლადაც შეიძლება გადაიქცეს ჯოხი, რატომ აირჩია יהוה‏‎ მაინც და მაინც გველი?“. უფრო ლოგიკური და შთამბეჭდავი არ იქნებოდა ლომი? რატომ გველი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გამოვიკვლიოთ ის მიზეზები, რის გამოც ფარაონის პირველი შეხვედრის შემდეგ მოსესა და აარონთან, יהוה‏‎ სასჯელი მოუვლინა ეგვიპტეს.

ყოველი სასჯელი იყო პირდაპირი თავდასხმა ერთ-ერთ ეგვიპტურ ღმერთზე. ეგვიპტელები უზენაეს ღმერთად მზის ღმერთ რას თვლიდნენ, რომლის მოსისხლე მტერი ნილოსის წყლებში მობინადრე გველი აპოპი იყო. ამრიგად, როდესაც კვერთხი გველად გადაიქცა და ეგვიპტელი ჯადოქრების გველი შეჭამა, უფალმა ცხადყო, რომ ფარაონს ღმერთი რა მტერთან ჰქონდა საქმე და ეს უკანასკნელი თავის მსახურებთან ერთად უნდა გაქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პირდაპირი სიმბოლიზმი, რომელიც ისტორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული, იძლევა უფრო ღრმა ხედვას ამ მონაკვეთის მნიშვნელობის შესახებ, ეს არის მონეტის მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც ასახავს ჭეშმარიტებას. მაგრამ რა ვთქვათ მეორე მხარეზე, რომელიც სულს ასახავს? რა მიზნით წარმოგვიდგინა ღმერთმა ისტორიული მოვლენა?

წმინდა წერილიდან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, ყოველთვის უნდა ვეცადოთ დავინახოთ თავდაპირველი განზრახვა. რას გულისხმობდა ამა თუ იმ ნათქვამის ავტორი? თუ ავტორი ღმერთია, მაშინ ბიბლიურ ტექსტს შეუძლია მრავალი გაგება გაგვიხსნას, როცა შავით თეთრზე ნაწერის მიღმა ღმერთის გულს ვხედავთ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს იყო მოსესა და აარონის, როგორც ლიდერების დებიუტი. ამრიგად, ღმერთის თავდაპირველი განზრახვა არის, ასწავლოს გაკვეთილი ლიდერობის შესახებ და ჩვენ უნდა გავიგოთ, რისი თქმა სურს მას და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სწორად გამოვიყენოთ მისი ავტორიტეტი.ღმერთმა უბრძანა აარონს, მიწაზე დაეგდო ხის კვერთხი. მას შეეძლო უბრალოდ დაენერგა თავისი ძალა აარონში, მაგრამ არჩია ამის დემონსტრირება ჯოხით ფიზიკურ დონეზე. ამ ქმედებამ საშუალება მისცა მოსესა და აარონს დაენახათ, რომ მათი ძალაუფლება გარედან მოდიოდა. ის მათ არ ეკუთვნოდა. მათ უბრალოდ მიეცათ მისი გამოყენების უფლება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც კარგად უნდა გაიგოს ყველამ, ვინც სულიერი ავტორიტეტით არის დაჯილდოებული. ისინი არაფრით განსხვავდებიან ღვთის სამწყსოს სხვა ცხვრებისგან, არამედ უბრალოდ არჩეულნი არიან „კვერთხის ტარებისთვის“. ეს კვერთხი არის ძალაუფლების აღნიშვნა. წაართვით ის და ადამიანს ვერაფრით განასხვავებთ „ფარაშო მყოფი სხვა ცხვრებისგან“.

როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ვინმეს ღვთისგან მიეცა ავტორიტეტის კვერთხი? საკმარისი არ არის საკუთარ თავს უბრალოდ მოძღვარი ან ლიდერი უწოდოთ. როგორ მიხვდა ფარაონი, რომ მოსე იყო ისრაელის ლიდერი? იმ ძალის წყალობით, რომელიც ღმერთმა აჩვენა მოსეს კვერთხით (ძალაუფლების). თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ, თუ ვინ არის ცხებული, თუ დაინახავთ ღვთის ძალას, რომელიც მოქმედებს ამ ხალხის მეშვეობით. ღმერთი იმით ადასტურებს რომ ვინმე აირჩია მწყემსად, როდესაც მისი მეშვეობით ვლინდება ნიშნები, სასწაულები და ძალის გამოვლინება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ცვლის. ძალა მიუთითებს ღმერთის ავტორიტეტზე. თუ არ არის ძალა, მაშინ არ არის ცხებულება.

ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. რატომ მოუწია აარონს კვერთხის დაგდება? რატომ არ შეეძლო მიწისთვის შეეხო, რომ კვერთხი გველად გადაქცეულიყო? სასწაული მაინც სასწაულად დარჩებოდა. რატომ გახდა საჭირო კვერთის მიწაზე დაგდება? ეს გვაბრუნებს პირველ კითხვასთან: „რატომ გველი?“ გველი განასახიერებს იაჰვეს მტერს: თავად სატანას. რატომ გამოიყენა ღმერთმა სატანის სიმბოლო ფარაონისთვის პირველ ნიშნად? ვფიქრობ მიზეზი ის არის, რომ გველმა გამოსტაცა ადამს ძალაუფლება და ამიტომ ახლა იმყოფებოდა ადამიანის ძალაუფლების „შიგნით“. ის იყო იმ „კვერთხში“ – ძალაუფლების კვერთხში. ადამიანი იმდენად გაირყვნა, რომ ნებისმიერი ძალა რომლის მიცემაც შეეძლო ღმერთს, დაუცველი იყო გველის გავლენისგან. საიდან გაჩნდა გველი, როცა აარონმა კვერთხი მიწაზე დააგდო? თავად კვერთხიდან. გველი თავად აარონის კვერთხში იყო!

ეჭვგარეშეა, რომ როგორც კი უფალმა მოსეს ძალაუფლება მისცა, გველი უკვე იქ იყო, მზად იყო მოეხდინა გავლენა მოსეზე და გამოეყენებინა მისი ძალა საკუთარი მიზნებისთვის. როდესაც ბლეიკმა გააჟღერა აზრი, რომ გველი თავად კვერთხში იყო, ბევრი რამ მაშინვე გაბრწყინდა ჩემს სულში. სინამდვილეში, ყველა კვერთხში არის გველი, ანუ ძალაუფლების ყველა სტრუქტურაში გამონაკლისის გარეშე. ამ პირველი სასწაულით ზეციერი მამა ცდილობდა ეჩვენებინა მოსესა და აარონისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან მისცა მათ ძალა, კაცობრიობის დაცემული მდგომარეობის გამო, მასში არის გველი, რომელიც მზადაა ნებისმიერ წამს აწიოს თავისი მახინჯი თავი.

იმისთვის, რომ გააცნობიეროს თავისი სრული პოტენციალი და წარმართოს ღმერთის სრული სისავსით, ლიდერმა, პირველ რიგში უნდა იცოდეს კვერთხში გველის ყოფნის შესახებ. ეს შეიძლება იყოს როგორც თავად ადამიანში, ასევე თანაშემწეებსა და თანამშრომლებს შორის და ოჯახის წევრებს შორისაც კი, და ეს საჭიროა გამოვლინდეს. ამის გაკეთების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: დააგდო შენი ძალაუფლება მეფის თანდასწრებით და ნება მისცე მას გამოავლინოს დაფარული. კვერთხის დაგდებისას მოსემ და აარონმა წამიერად დათმეს ძალაუფლება – და გველი მაშინვე გამოვლინდა. მე მჯერა, რომ მამა ამ მაგალითით გვიჩვენებს მნიშვნელოვან პრინციპს. ძალაუფლების რა პოზიციაც არ უნდა გეკავოს: ქმრის, უფროსის, პასტორის ან ნებისმიერი სხვის – პირველ რიგნში უნდა გამოავლინოთ და დაიჭიროთ გველი, რათა ჭეშმარიტი ძალა გამოთავისუფლდეს იმ კვერთხიდან, რომელიც ღმერთმა მოგცა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენს კვერთხში ყოველთვის იქნება გველი, და ჩვენი ამოცანაა- ამოვიცნოთ და ვაკონტროლოთ, რომ არ გადაგვყლაპოს.

რა უბრძანა ღმერთმა მოსეს, როგორც კი გველი გამოჩნდა? დაეჭირა კუდით. ამით მოსემ წინასწარმეტყველურად გამოაცხადა, რომ ის თავის ცხოვრებაში სრულ კონტროლს იღებდა გველზე, რათა მას აღარასდროს აეწია თავისი მახინჯი თავი.

თითოეულ ჩვენგანში იმალება გველი, რომელიც მზადაა ჩვენს გასანადგურებლად და ჩვენში მცხოვრები ღმერთის ძალის წასაბილწად. მხოლოდ ღმერთის წინაშე თავმდაბლობით, ჩვენი ძალაუფლების „მიწაზე დაგდებაზე“ დათანხმებით და ღმერთისთვის თხოვნით, რომ გამოავლინოს ჩვენში და ჩვენს გარშემომყოფებში არსებული გველი, შევძლებთ ნამდვილად დავიცვათ თავი მისი შხამისგან. ლიდერის ამოცანაა შექმნას და დაიცვას სწორი ატმოსფერო, რომელშიც ღვთის ძალას შეეძლება მოქმედება. ხანდახან ისე ვართ დაკავებულნი ღმერთის საქმით, რომ ცხვირწინ ვერ ვამჩნევთ გველს. რამდენი ქორწინება დაინგრა იმის გამო, რომ მეოღლეები არასდროს უმკლავდებოდნენ საკუთარ სისუსტეებს – ამ „გველებს“, რომლებიც მათ ურთიერთობაში იმალებოდნენ? რამდენი ეკლესია გაიყო იმის გამო, რომ პასტორი იმდენად იყო დაკავებული საქმეებით, ვერ ამჩნევდა თავის დამხმარეებში გველს, რომელსაც მეტი კონტროლი და ძალაუფლება სურდა? და ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

მოსე და აარონი განასახიერებდნენ მთელი ისრაელის წინამძღოლებს და გველი სხვა ძმის წინაშე უნდა გამოევლინათ. საკმარისი არ არის უბრალოდ დაინახოთ საკუთარი სისუსტეები ან პოტენციური გველები თქვენს გარშემო მყოფ ლიდერებს შორის. თქვენ უნდა ამხილოთ ისინი. ეს იგივეა, რაც ჯოხის მიწაზე დაგდება. მას შემდეგ რაც მტერი იქნება გამჟღავნებული, შეძლებთ მის კუდით დაჭერას და მისი ძალის გაკონტროლებას თქვენს ცხოვრებაში. არავის უყვარს თანამშრომლებს შორის „გველებთან“ შეხვედრა. ლიდერი გრძნობს, რომ ისინი იქ არიან, მაგრამ ურჩევნია არ გამოიტანოს ისინი შუქზე და არ გამოამჟღავნოს ისინი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ზიანი, რომელიც „გველს“ შეუძლია მოიტანოს, მხოლოდ მასზე ღიად მითითებით. ნახეთ, რას ამბობს წმინდა წერილი იმის შესახებ, რაც თითოეულ ჩვენგანშია.

3 მეფეთა 8:37-40

„შიმშილი იქნება ქვეყანაში, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, გუდაფშუტა, კალია თუ მატლი, მტერი შეაჭირვებს მას თავის მიწაზე და ქალაქებში, თუ რაიმე წყლული ან სენი, ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის შეჭირვება და ამ სახლისკენ გამოიწვდის ხელებს, ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს; რათა დღენიადაგ ეშინოდეთ შენი, სანამ ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი მამებისთვის გაქვს მიცემული.“

აზრს ხვდებით? მამაზეციერი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ უბედურება, რომელიც ჩვენს გულებშია და რომ მხოლოდ მან იცის, რა არის ადამიანის გულში. ამგვარად, გველის გამოსავლენად, ლოცვით უნდა მივიდეთ ღმერთთან და ვთხოვოთ, გვაჩვენოს ის, რასაც ვერ ვხედავთ: გველი, რომელიც ყველგან თან დაგვყვება შესაძლებლობის მოლოდინში, რომ გაანადგუროს ძალაუფლება, რომელიც ღმერთისგან გვაქვს მოცემული. მრავალი სამეფო განადგურდა პატარა გველის ნაკბენით.

სასჯელები, რომლის გამოთავისუფლებასაც აპირებდნენ მოსე და აარონი ეგვიპტეზე, მომდინარეობდა იმ უბედურებებისგან, რომელიც უკვე იყო ფარაონის გულში. მამაზეციერი უბრალოდ ცდილობდა მათ მინიშნებას, რაც მას ისევ და ისევ მონანიების საშუალებას აძლევდა. როდესაც გაირკვა, რომ ფარაონი არ მოინანიებდა, მოუვლინა ის მას ის, რასაც იმსახურებდა. ეს არის ფარაონის გულის გაქვავების ჭეშმარიტი მიზეზი. მან ვერ დაინახა გველი თავის კვერთხში და ამ სიბრმავის გამო ძალა სამუდამოდ წაერთვა და განადგურდა.

დასარულს, მივმართავ ნამდვილ ლიდერებს (და ჩვენ ყველანი ვართ ამა თუ იმ დონეზე). თუ თქვენ აპირებთ დაინახოთ ღმერთის ნამდვილი ძალა, რომელიც გამოვლინდება თქვენი მეშვეობით, და მიიღოთ ჭეშმარიტი კურთხევები თქვენს ცხოვრებაში, მაშინ უნდა მისცეთ ღმერთს უფლება გამოააშკარაოს ის შეჭირვებები – „გველი“ თქვენს გულში. შემდეგ თქვენ უნდა აღიაროთ ეს ვინმეს წინაშე და სცადოთ გველის კუდით დაჭერა, რათა მასზე სრული კონტროლი აიღოთ. როდესაც ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ნაწილს, სულიწმინდა ასრულებს თავის საქმეს, უძლურს ხდის გველს ჩვენს ხელში.
დღეს დრო დაუთმეთ იმას, რომ სთხოვოთ მამას გაჩვენოთ ის, რისი დანახვაც არ შეგიძლიათ.

ავტორი – რაბი შმუელ ბენ აზარია 
თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი