ქრისტე – როგორც ებრაელი

messianic-movement2

 

ქრისტე - როგორც ებრაელი

როგორც გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ მე გესაუბრებოდით მათეს სახარების 1-2 თავის ებრაულ წყაროებზე და დაგანახეთ, თუ როგორი სოფლმხედველობა ქონდათ მაშინ ებრაელებს, რომელთაგან  ერთ-ერთი იყო მათე მოციქული. დღესაც, გარკვეულწილად მინდა გავაგრძელო ეს თემა და დაგანახოთ რისი თქმა სურდა მათეს 1-4 თავებში. როგორც წინა სტატიაში აღვნიშნე, მათე იყო ებრაელი და ის ამ სახარებას უძღვნიდა ებრაელ ერს, ებრაელ ხალხს. მაშინაც, პირველ საუკუნეში იესოს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობდა მისი პიროვნების მიმართ. ამ ინფორმაციას ჩვენ ვიგებთ თალმუდიდან, სადაც ზოგიერთი ჩვენი ბრძენი მას მარიამის უკანონო შვილს უწოდებს.

 

მათე 1:18-24 : იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.

იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.

ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: “იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.

გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.

ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:

აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.

და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.

 

მათე იოსებს უწოდებს მართალს. როგორც ვიცით,  ჩვენ ებრაული ტრადიციიდან ,,მართალი’’ ებრაულად ნიშნავს „ცადიკ“.  პირველად  ეს  სიტყვა გვხვდება დაბადების წიგნში, როდესაც მოსე ნოეზე ამბობს რომ ის იყო მართალი, ანუ ღმერთისთვის მოსაწონი. ამიტომაც იოსების გული იყო სუფთა და მას ანგელოზი ეჩვენა. მათე შემთხვევით არ უწოდებს იოსებს მართალს, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინდელ ებრაულ საზოგადოებაში ის დაფასებული და, რა თქმა უნდა, რჯულის მცოდნე იყო. ამას გვასწავლის ტრადიცია – „ცადიკის“ სიტყვის მნიშვნელობაც. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს ლუკას სახარებაც, როდესაც ისინი პასექის დღესასწაულზე წავიდნენ იერუსალიმის ტაძარში მთელი ოჯახით. ამიტომაც მათე აღწერს, რომ იოსები რჯულის მთელ არსს გადმოსცემს- წყალობას, მიტევებას.  მას არ უნდოდა მარიამის გამხელა.

ფს.144:8–9.მპატიებელი და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.

მიქა.7:18 ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია.”

იაკობის 2:13:  რადგან  უმოწყალო  სამსჯავროწყალობის არამქნელს. წყალობა აღემატება სამსჯავროს.“

რას ნიშნავს ეს, რას გვეუბნება ეს მუხლი ჩვენ? ებრაელებს ფრიად უცნაური წესი ჰქონდათ, იონკიპურის  დღესასწაულზე, რომელიც ასევე  ცნობილია შენდობის დღესასწაულად, მთელი ისრაელის გამოსყიდვა ხდებოდა ცოდვებისაგან, ნებისმიერი ცოდვის გამოსყიდვა შეიძლებოდა ამ დღეს. ამიტომაც, იოსებმა შეიწყალა მარიამი და არ ისურვა მისი გაშვება, რადგან  იცოდა, რომ გამოსყიდვის დღეს მას ეს ცოდვა ეპატიებოდა, ანუ ერთგვარად მონანიების დრო მისცა. ამ ფიქრებს გადმოსცემს მათე. რა თქმა უნდა,  იოსებმა არ იცოდა, რომ მარიამი სულიწმინდისგან იყო ორსულად, ამიტომაც დასჭირდა მას ღვთაებრივი გამოცხადება, რადგან მისი მოტივები მართალი იყო და ჩვენც არ უნდა დაგვავიწყდეს, სწორ მოტივებს ჭეშმარიტების შემეცნებამდე მივყავართ. ჩვენ ვხედავთ რომ ანგელოზმა მას განუცხადა უფლის გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, მას მარიამი თავის ცოლად უნდა მიეღო.  რა თქმა უნდა, ეს გამოცხადება არ ეწინაარმდეგებოდა თორის პრინციპებს, რისიც ეშინოდა იოსებს. მათე ამ ყველაფერს ამყარებს წინასწარმეტყველების პირით. ესაია 7:14  ციტირებს მათე: „…აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელადიმანუელს!“ . სიტყვა ქალწული ებრაულად ნიშნავს ალმაჰ. ეს სიტყვა პირველად გვხვდება დაბადების წიგნში – დაბადების 24:16:  „ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო“. ამ ტექსტს განმარტავს ებრაელი სწავლული რაშე, რომ ეს სიტყვა „ალმაჰ“ დამკვიდრდა თორაში იმ გაგებით, როგორც ვიცით ჩვენ დღეს. კირ გორდონი ღრმად პატივცემული ებრაელი სწავლული, რომელსაც არ სწამდა იესოს ზებუნებრივი ჩასახვისა ,მაგარამ, ამავდროულად,  ის მაინც ამბობს, რომ სიტყვა ალმაჰ რომელიც ესაის 7:14 არის ნახსენები ბუკვალურად ქალწულს ნიშნავს (journal of bible and Religion. 21,aprel N2 1953 ).    მათე აქარწყლებს იმ მითს, რომ თითქოს მარიამმა უღალატა იოსებს. ამიტომაც, ის დასაყრდნობად იყენებს მაშინდელ და ასევე დღევანდელ ავტორიტეტს – წმინდა წერილებს, რომელსაც აგრეთვე იყენებდნენ ორთოდოქსი ებრაელები და მოციქულებიც.

მოციქულთა საქმეები 17:11 : „მთელი  გულმოდგინებით  მიიღეს სიტყვა  და  ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო“. 

მათეს 1:23 მიუთითებს, რომ  მესიის სახელი არის ემანუელი, ესაიას 7:14-ზე  დაყრდნობით. როგორც თვითონ მათე ხსნის, ემანუელი ნიშნავს- „ჩვენთან არს ღმერთი“. ეს სახელი „ემანუელი“ გვხვდება ასევე ესაიას 8:10-ში: გეგმას დააწყობთ, მაგრამ  დაირღვევა, სიტყვას იტყვით და არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი!” მიუხედავად ამისა, იესოს განკაცებულ ცხოვრებისას ის არ იყო ცნობილი ამ სახელით. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს სახელი არის მინიშნება, თუ ვინ არის ის – „ჩვენთან არს ღმერთი“. საბოლოოდ,  ეს წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს გამოცხადების 21:3-ში, სადაც ახალ ცასა და ახალ მიწაზე ღმერთი იმკვიდრებს თავის ერში : და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: “აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.“.  თანახში (ძველ აღთქმაში) სახელი აღწერს თავის მფლობელს. მთლიანობაში თანახი იყენებს მესიის (მაშიაჰის) რამდენიმე სახელს, რათა აღწეროს მისი ბუნება. მაგალითად: დაბადების 49:10-ში გამოყენებულია სახელი „შილო“-(שִׁילוֹ ) რაც ნიშნავს შემრიგებელს. : „არ წაერთმევა კვერთხი  იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი შემრიგებელი და ის იქნება იმედი ხალხთა“,  ესაია 11:1-ში გამოყენებული სიტყვა „ნაცრი“ ნიშნავს რტოს.  გაქცევა , ტოტი.  იერემიას 23:5  უწოდებს მას ყლორტს  და ყველაზე დიდი სახელი, რომელიც გვხვდება და ასახავს მესიას, ეს არის სიტყვა შალომა  რაც ნიშნავს საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო  მამა  და  მშვიდობის მთავარი.

დავუბრუნდეთ იოსებს, ანგელოზის ჩვენების შემდეგ იოსები იღებს მარიამს საკუთარ ცოლად და სახელად თავის ძეს არქმევს იესოს ანუ (იეშუა), როგორც ანგელოზმა უთხრა. მათეს 1:24-25 მუხლების მიხედვით, იოსების საქციელი გვიმოწმებს იმას, რომ მან მიიღო იესო,  როგორც თავისი საკუთარი ძე.  მიშნის თანახმად, თუ ადამიანი ამბობს, რომ ეს არის ჩემი ძე, მას უნდა დავუჯეროთ- „ბავაბატრა 8:6“. „გამარა“ კიდევ უფრო ავსებს, რომ მას უნდა ენდო, რადგან ის წარმოადგენს მის მემკვიდრეს „ბავაბატრა 134 ა“.

ამის მიხედვით, იესო იოსების კანონიერ ძედ არის აღიარებული და აქვს უფლება იყოს დავითის ტახტის მემკვიდრე იოსების მეშვეობით. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ჩვენ როგორც ვიცით, ებრაელები დაბადებიდან მერვე დღეს თავიანთ შვილს უკეთებდნენ წინადაცვეთას და, სწორედ,  ამ დღეს არქმევდნენ მას სახელს, ამის შესახებ მათეც ლაპარაკობს. ის ფაქტი, რასაც მათე გადმოგვცემს, რომ იოსებმა დაარქვა სახელი იესოს, მეტყველებს იმაზე, რომ იესო აღიარა თავის კანონიერ შვილად. ამიტომ აღწერს მათე ამას და ამით ერთგვარად ამხელს იმ იუდეველებს, რომლებიც იესო ქრისტეს მარიამის უკანონო შვილად მიიჩნევდნენ. მათე ამით აჩვენებს, რომ ისინი რჯულის წინააღმდეგ მიდიოდნენ, რადგან როდესაც მამა არქმევს ბავშვს სახელს, ის უკვე მის კანონიერ შვილად ითვლება.

მათეს მე-2 თავში, ავტორი გადმოგვცემს უკვე იესოს უშუალოდ დაბადებასა და მოგვების მონახულებას. როგორც ადრინდელ სტატიაში „ებრაულ წყაროებში“ გამოვიყენეთ ზეპირსიტყვიერი ტრადიცია, დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო თუ როგორი ოსტატობით იყენებს მათე წინასწარმეტყველებას იესო ქრისტეს აღსაწერად. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ იესო ქრისტეს დრო არის მესიანური ეპოქა და წინასწარმეტყველებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხისთვის. მათეს მე-2 თავში ის სამჯერ ციტირებს თანახიდან, ძველი აღთქმიდან, იმ წინასწარმეტყველებებს, რომელიც ქრისტე იესოში აღსრულდა, ესენია: მათე 2:6-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვხვდება მიქას 5:2-ში. მათეს 2:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვხვდება ოსია 11:1-ში, ხოლო მათეს 2:23-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვხვდება ესაია 11:1-ში. ამ ყველაფერს მათე იმიტომ აკეთებს, რომ დაანახოს მაშინდელ ებრაულ საზოგადოებას, რომელიც მესიანური ეპოქის მოლოდინში ცხოვრობდა, რომ არამარტო ზეპირსიტყვიერი ტრადიციები მოწმობს იესო ქრისტეზე, როგორც ჭეშმარიტ მესიაზე, არამედ  თავად წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც  აღსრულდა იესო ქრისტეში. განვიხილოთ რა წინასწარმეტყველებებია მოცემული. თუ პირველი წინასწარმეტყველება პირდაპირ მიუთითებს მესიის დაბადების ადგილს, ბეთლემს და ჩვენ შეგვიძლია თამამად მივიღოთ ის ბუკვალურად, მეორე წინასწარმეტყველება რომელსაც მათე იყენებს, ეს არის ოსიას 11:1 : „შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“.  ეს წინასწარმეტყველება ბუკვალური მნიშვნელობით არის ისრაელის ერზე. მაშ როგორ შეიძლება მივუსადაგოთ ამ წინასწარმეტყველებას იესოს ეგვიპტეში გაქცევა? ეს რომ გავიგოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ წერილის განმარტების 4 მეთოდი, რომელსაც იყენებენ რაბინები:

  1. პშატ (უბრალო)  – ეს არის ტექსტის ბუკვალური გაგება, რომელიც,  აგრეთვე,  ცნობილია თანამედროვე მეცნიერულ ენაზე  – ისტორიული გრამატიკული ეგზეგეზა. ეს მეთოდი ხსნის ენის გრამატიკასა და ისტორიულ მდგომარეობას, როგორც ძირითად დასაყრდნობ განმარტებას მოცემულ მონაკვეთში. თანამედროვე მეცნიერები ისტორიულ-გრამატიკულ ეგზეგეზას ხშირად ტექსტის ინტერპრეტაციისთვის ერთადერთ საყრდენ მეთოდად თვლიან.  მაგრამ რაბინებს აქვთ ბიბლიის ტექსტის ინტერპრეტაციის კიდევ სამი მეთოდი, რომელთა ასე ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება, არამედ უნდა შევუსაბამოთ იმ იდეის ჭეშმარიტებას, რომელიც დევს ამ ტექსტში.
  2. რამეს (მინიშნება) - სიტყვა, ფრაზა ან ტექსტის სხვა ელემენტები, რომლებიც ჭეშმარიტებაზე მიანიშნებენ და რომელიც არ იხსნება ფშატის მეშვეობით. რამესის ფუძეში დევს იდეა, რომ ღმერთს შეუძლია მიანიშნოს რაღაცაზე, რასაც წერილის ავტორი შეიძლება ვერც ხვდებოდეს.
  3. დრაშ ანუ მიდრაშ (გამოკვლევა, სწავლება) - ეს არის ტექსტის ალეგორიულ-სწავლებითი გამოყენება, ანუ ტექსტის განმარტების ერთ-ერთი სუბიექტური სახე, რომლის დროსაც ტექსტიდან გამოიყოფა ობიექტური აზრი. მიდრაშის ძირითად მეთოდში დევს ის იდეა, რომ წმინდა წერილის სიტყვები ხდება მარცვლები ადამიანის ინტელექტუალურ საცერზე, რომელიც ღმერთს შეუძლია მიმართოს ჭეშმარიტებისკენ, ის რაც  პირდაპირ ტექტში არ არის ჩაწერილი.
  4. სოდ (საიდუმლო) – მისტიკური ან დაფარული მნიშვნელობა, რომელიც გაცხადებულია მხოლოდ ივრითული ასოების ციფრული მნიშველობების გამოყენების შედეგად- რომელსაც გემატრეა ეწოდება. ამ შემთხვევაში, სოდის მთავარი იდეა ის არის, რომ ღმერთს შეუძლია ჩადოს გარკვეული აზრი, თვით უმნიშვნელო დეტალებსა და ასოებშიც.

იდეა, რომელიც დევს რემესის, დრაშის და სოდის ფუძეში, ღმერთის ყოვლისშემძლეობას ასახავს და  ასევე ამოწმებს მის სიყვარულს კაცობრიობის მიმართ: ღმერთი თავისი დიდი სიყვარულის გამო ირჩევს და იყენებს არაჩვეულებრივ მეთოდებს მათ გულებსა და გონებამდე  მისაღწევად.  ამავდროულად, ადვილად შეამჩნევდით, რომ შესაძლებელია ამ მეთოდების ბოროტად გამოყენება, რადგან ისინი დაფუძნებულია ტექსტის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე. ამიტომ მეცნიერები, რომელთაც აქვთ საქმე ობიექტურ სამყაროსთან, არც ისე გულმოდგინედ იყენებენ ამ მეთოდებს გარდა პშატისა (ისტორია-გრამატიკული ეგზეგეზა).

ზემოთ ჩამოთვლილი 4 მეთოდი ტექსტთან სამუშაოდ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ებრაული სიტყვით „პარდეს“, სიტყვა რომელიც შედგება ამ ჩამოთვლილი მეთოდების პირველი ასოებიდან – რომელიც ამავდროულად ნიშნავს „ბაღს“. რას აკეთებს ამ მუხლში მათე? ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ის არასწორად იყენებს წერილს, ამახინჯებს ოსიას პირდაპირ აზრს მოცემულ მონაკვეთში, რომ გამოიყენოს ეს მუხლი იესოსთან მიმართებაში. ასეთი ბრალდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას გამართლებული, თუ მათე იყენებს პშატის მეთოდს. ეჭვგარეშეა, რომ ოსია 11:1-ის პშატი გამოიყენება ისრაელთან მიმართებაში და არა იესოსთან. ზოგიერთი თვლის, რომ მათე იყენებს დრაშის მეთოდს და მოცემულ მუხლში ხედავს მესიას, რომელიც ლაპარაკობს ისრაელზე. სხვა მრავალი რაბინიც იყენებდა ამ მეთოდს – მათ რომ მათეს სახარება წაეკითხათ, არ იქნებოდნენ ამ მიდგომის წინააღმდეგნი. გარდა ამისა,  მათე იყენებს კიდევ რამესის პრინციპს და მიგვანიშნებს თუ რატომ იყენებს ოსიას წინასწარმეტყველებას იესოსადმი. ამ მინიშნებას ჩვენ განვიხილავთ მათეს 4 თავის განმარტების დროს.  ის ფაქტი, რომ იესო წინასახეა ისრაელის ერისა და ზუსტად განასახიერებს მას არის სახარების განსაკუთრებული შტრიხი, რომელიც დღეს სამწუხაროდ უარყოფილია ზოგიერთ აღმოსავლურ და დასავლურ ტრადიციულ ეკლესიებში. ადამიანს, რომელსაც სწამს იესო, ის უერთდება მას, ეფლობა მასში (ნათლობა), ყველაფერ იმაში რასაც იესო წარმოადგენს. საქმე 2:38: „ხოლო პეტრემ უთხრა მათ: “მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

მათე მესამე თავში იყენებს მესამე მოწმობას, იოანე ნათლისმცემელს. ამით ის კიდევ უფრო მკაფიოს ხდის იესო ქრისტეს, როგორც ისტორიული ფიგურის არსებობასა და წინასწარმეტყველებების ასრულებას, რადგანაც მაშინდელმა ებრაელებმა, რომლებიც იყვნენ მესიის მოლოდინში, იცოდნენ რომ უნდა მოსულიყო ადამიანი, რომელიც მესიასთან შესახვედრად მოამზადებდა ხალხს. იოანეს უწყება იყო სინანულის უწყება, ხოლო ქრისტეს უწყება არის სიხარულის უწყება. ჩვენ ვხედავთ, რომ იოანე ქადაგებაში ამხელს ყველას და მიუთითებს ქრისტეს გზისკენ. ესაია 40:3 : „ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის. მათეს სახარებაში,  მე-3 თავში,  ჩვენ, აგრეთვე,  ვხედავთ, რომ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, რომელსაც ეყრდნობა მათე არის ესაია და პირდაპირ ასახელებს კიდეც მის სახელს. ესაია ძალიან პოპულარული წინასწარმეტყველი იყო, როგორც იერემია-  ორივე მათგანი ითვლებოდნა წინასწარმეტყველების სვეტად. აღმოსავლეთში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რაიმე ჭეშმარიტების დასამტკიცებლად დაყრდნობოდნენ რომელიმე მნიშვნელოვან ფიგურას, ამ შემთხვევაში კი ესაია წინასწარმეტყველს.

რა თქმა უნდა ჩვენ ეხლა არ განვიხილავთ იოანეს მთლიან ქადაგებას, რომელიც მესამე თავშია აღწერილი, მაგრამ რამდენიმე ასპექტს შევეხებით, თუ რისი გადმოცემა სურდა მათეს. როდესაც იესო ქრისტე მიდის ნათლობაზე იოანესთან.  ეს საკითხი ყოველთვის დავის საგანი იყო. ღვთისმეტყველი თეოლოგები ყოველთვის სვამდნენ კითხვას, რაში სჭირდებოდა უცოდველ პიროვნებას მონათვლა? კითხვა რომელიც დასვა იოანემ:  მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ ჩემთან?”, მან აღნიშნა ორი  ფაქტი,  რომ იესო ქრისტე მასზე დიდი და უცოდველი იყო, ამიტომაც არ ესაჭიროებოდა ცოდვებისგან განბანვა. მაგრამ ამ დროს,  იესო გასაოცარად პასუხობს:   დაე ასე იყოს ახლა, ვინაიდან ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება”.  ამით იესო ადასტურებს, რომ ის იყო რჯულის აღმსრულებელი და მიზნადაც არ ჰქონდა რჯულის რომელიმე მცნების შეცვლა.

მათემ კარგად იცოდა წინასწარმეტყველება, რომელიც მოსემ წარმოთქვა დვარემის წიგნში, რომელიც წარმოთქვა მოსემ 2 რჯულის 18:15-ში: ჩემნაირ  წინასწარმეტყველს  აღგიდგენს შენ უფალი, შენი  ღმერთი, შენი წიაღიდან, შენს მოძმეთაგან, მას უსმინე. ამიტომაც,  მათე გადმოგვცემს ანალოგიურ ისტორიას იესო ქრისტეზე. ფაქტობრივად,  მოსეს ისტორია იესო ქრისტეს ისტორიის წინასახეა, სწორედ ამ პარალელის გავლება სურდა მათეს. როდესაც იესო ქრისტე ამბობს: ,,ამგვარად გვმართებს მთელი სიმართლის აღსრულება’’ , ეს იმას ნიშნავს, რომ რა გზაც გაიარა მოსემ, ის გაიარა ქრისტემაც. ზემოთ ავღნიშნეთ, რომ მათე წინასწარმეტყველ ოსიას ციტირებს და ამით ის მოსეზე აკეთებს მინიშნებას, რომ როგორც მოსე იყო ეგვიპტიდან მოწოდებული ასევე მოსესნაირი მესიაც ეგვიპტიდან უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად,  იესო ქრისტეს ნათლობაც იგივე ნათლობაა, რომელიც მოსემ და მთელმა ისრაელმა გაიარა, 1 კორ 10:2 : და  ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელსა და ზღვაში“ . სიტყვა ,,ღრუბელი’’  პარალელს ავლებს ,,ცასთან’’, რომელსაც ვხვდებით მაშინ, როდესაც ნათლობის შემდეგ იესო ქრისტეზე გადმოვიდა სულიწმინდა და თქვა: და აჰა, ხმა  ციდან  მეტყველი: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. მათე აქ კიდევ ერთ ანალოგიაზე მიგვანიშნებს, მოსესთან გაიგივებაზე. კაცობრიობის ისტორიაში, ღმერთმა ორჯერ დაილაპარაკა სახალხოდ, პირველი – როდესაც მოსეს თორას აძლევდა სინაის მთაზე, მეორე – როდესაც ქრისტე მოინათლა. ეს ყველაფერი მიანიშნებდა რომ იესო ქრისტე ერთადერთი მაშიახია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. მეოთხე პარალელი რომელიც მათეს მოჰყავს თავის სახარებაში ეს არის იესოს უდაბნოში გაყვანა.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ ოთხ უძლიერეს პარალელს, რომელიც მათემ პირველი ოთხი თავის მეშვეობით გადმოგვცა:

  1. იესო იყო ეგვიპტიდან მოწოდებული, ისევე როგორც მოსე.
  2. ის მოინათლა ისევე, როგორც მოსე და ისრაელის ერი.
  3. მასზე დამოწმება იყო, როგორც მოსეზე, სინაის მთაზე.
  4. ის გაყვანილ იქნა უდაბნოში, როგორც ისრაელის ერი.

ამ ყველაფრის თქმა უნდოდა მათეს სახარების დასაწყისშივე, რათა ებრაელ მკითხველს სწორად სცოდნოდა თუ ვისზე იყო საუბარი. მათეს მეოთხე თავის სრულ განხილვას შემოგთავაზებთ შემდეგ სტატიაში.

 

ავტორი: გიორგი ჯიჯიეშვილი

თარიღი: 12.02.16.