მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ძლიერ და ღრმა ურთიერთობას ღმერთთან შეუძლია აღძრას მოშურნეობა ისრაელში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაინახავენ თუ რამდენად გულწრფელად და ღრმად განვიცდით ჩვენს რწმენას, იეშუას/იესოს მოწაფეების მსგავსად. იმის მიხედვით, თუ როგორ გამყარდება და განვითარდება ურთიერთობა ჩვენს ებრაელ მეგობრებთან ან მეზობლებთან, ისინი დაინახავენ და დარწმუნდებიან ღმერთთან თქვენი ორმხრივი ურთიერთობის ასპექტში, რომ ის გპასუხობთ თქვენ. ებრაელების უმეტესობას, განსაკუთრებით ურწმუნოებს, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ეს შესაძლებელია. როგორც ებრაელ მორწმუნეს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს ერს არ აქვს ასეთი ღრმა ურთიერთობა ღმერთთან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ იესო და არ შესულან ახალ აღთქმაში. (იხ. იერემია 31:31-34).
მარტივად რომ ვთქვათ, არსებობენ ან ულტრა-ორთოდოქსი მორწმუნეები, რომლებიც მკაცრად იცავენ წესებს, ან სეკულარული ებრაელები, რომლებიც იცავენ ტრადიციებს და უარყოფენ პირველების მიდგომას. მაგრამ ვის შეუძლია განიკითხოს ისინი ამისთვის? მათი საკუთარი რელიგია ითვალისწინებს ისეთ მკაცრ რიტუალებსა და წესებს, ისეთ კონტროლს ყველა საქციელზე, რომ ძნელია გაუძლო და დაიცვა ისინი.
ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ საშუალება აჩვენოთ თქვენი ურთიერთობა ღმერთთან ლოცვის მეშვეობით, ან სხვა პირობებში, რომელშიც გამოჩნდება თქვენი ურთიერთობა ღმერთთან, დაუყონებლივ გამოიყენეთ ეს შანსი.
არის ორი ძირითადი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ვუყვებით ებრაელებს ჩვენი რწმენის შესახებ. პირველი – როგორ ვაწვდით ამას. იცოდეთ, რომ ებრაელები აღიქვამენ ქრისტიანობას როგორც აბსოლუტურად ცალკეულ რელიგიას, თუმცა რა თქმა უნდა ეს სრულიად არასწორია. სინამდვილეში, თუ ქრისტე – ჭეშმარიტი უფალია, მაშინ რწმენა მისდამი და გაყოლა, იუდაიზმის განვითარების ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი გზაა. ამას ხაზგასმით აღნიშნავდა იესოც (იხ. იოანე 4:22 თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.). ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მოწაფეებიც, რადგან ქრისტიანობა იუდაიზმის გაგრძელებაა (რომ. 11:16-24).
მაგრამ როდესაც რომმა დაიწყო ეკლესიის მართვა მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა გამოეყო თავის ებრაულ ფესვებს და ეკლესია თავისი მიდგომით გახდა მთლიანად წარმართული, მას აღარ სურდა რაიმე საერთო ჰქონოდა ებრაულ წარსულთან და ცდილობდა თავის სასარგებლოდ განემარტა ისრაელისადმი მიცემული დაპირებები და წმინდა წერილი.
შედეგად, ჩვენ ხშირად ვუყვებით ებრაელებს ჩვენი რწმენის შესახებ ქრისტიანებისთვის ჩვეული მიდგომით. ამას კარგი შედეგი აქვს არაებრაელებთან. მაგრამ ებრაელებთან მიმართებაში არ მოქმედებს, და ჩვენ შეიძლება რისკის ქვეშ დავაყენოთ დაკისრებული მისია – აღვძრათ მათში მოშურნეობა. ჩვენ უნდა აღვძრათ მათში მოშურნეობა, დავანახოთ რომ რაც ჩვენ გვაქვს მათაც ეკუთვნით და ეს არაა რაღაც ცალკე გამოყოფილი რწმენა.
გესმით ჩემი? თუ ჩვენ გვსურს, რომ მივუტანოთ სახარება ებრაელებს, უნდა ვისწავლოთ ამის სწორად გაკეთება, ერთიანობის სულში, რომელიც ხაზს გაუსმევს ახალ აღთქმის იუდეურ სულისკვეთებას, რომელიც მათ პირველებმა მიიღეს უფლისგან, სანამ ამას სხვა ერები გაიგებდნენ.
სწორედ გამიგეთ. მე იმას კი არ გთავაზობთ რომ უკან რჯულს დავუბრუნდეთ, არამედ სულიერად დავუკავშირდეთ ჩვენი რწმენის ფესვებს. ეს დაგვეხმარება იმაში, თუ როგორ ვყვებით იესოს შესახებ. როცა მე მივიღე უფალი, ჯერ კიდევ იუდეველმა, უარი არ მითქვამს ჩემს იუდევლობაზე, პირიქით დავინახე მისი ჭეშმარიტება, რომელიც აღსრულდა ქრისტეში.
იმისთვის რომ შევაფასოთ თუ რა გააკეთა უფალმა, როდესაც დააბრუნა მორწმუნე არაებრაელები ებრაელ ფესვებთან, დაგვეხმარება ზეთისხილის მაგალითი, რომელზეც ლაპარაკობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში (თავი 11), მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ისრაელის უმეტესი ნაწილი ისევ გამოყოფილია. მოუსმინეთ რას ამბობს პავლე მოციქული: “ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.” (რომ. 11:24)
თუ ჩვენ მივალთ ებრაელებთან და დაველაპარაკებით ისეთ ენაზე, რომელიც მათ არ ესმით, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვერ გაგვიგებენ. ისინი გვიპასუხებენ მხოლოდ მაშინ, თუ დაველაპარაკებით მათ ენაზე, როგორც იყო ეს განკუთვნილი. და ეს მათ საშუალებას მისცემს, უფრო ბუნებრივად გაერთიანდენენ თავიანთ ფესვებთან. სწორედ ასე მომაქციეს რწმენისკენ ჩემმა ქრისტიანმა მეგობრებმა.
პავლე მოციქულს ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ის მიდიოდა ებრაელებთან როგორც ებრაელი და არაებრაელებთან – როგორც არაებრაელი. მაგრამ რაც მთავარია, კეთილი უწყება გამოცხადდა ისე რომ იყო ადვილად გასაგები და მისაღები. (იხ. 1კორ. 9:19-22)
იმისთვის რომ ეფექტურად ვილაპარაკოთ ისრაელთან, განსხვავება არის იმაში, რომ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქრისტიანული რწმენა ებრაულ ფესვებთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეკლესიაში მატულობს წარმართთა მოქცევის სისავსე და ისრაელის ერის სულიერი გამოღვიძება (იხ. რომ. 11:25-26 – რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან. და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: “მოვა სიონიდან მხსნელი და უღმრთოებას ააცდენს იაკობს.)
ჩვენ არამარტო უნდა ველაპარაკოთ მათ, არამედ უნდა გავერთიანდეთ მათთან, როგორც ჩვენს სულიერ ოჯახთან და რწმენით ვუყუროთ მათ სანამ არ შემოგვიერთდებიან. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იესოს დაბრუნებამდე. სწორედ მაშინ ჭეშმარიტად ვიქნებით ერთიანნი სულში, ყველა- ღმერთის შვილი, როგორც ლოცულობდა იესო იოანეს სახარებაში (იხ. იოანე 17). ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიმეფებთ ისრაელთან ერთად, როდესაც იქნება სულიერი გამოსყიდვა.
მე მჯერა, რომ ასეთია ღმერთის მოწყალე გეგმა ბოლო დროისთვის – ბოლოს და ბოლოს გაგვაერთიანოს. მაგრამ ვინ მიაღწევს მათ კეთილი უწყებითა და სიყვარულით? (იხ. გამოცხ. 5:9-10). ამას თავად გააკეთებს ღმერთი, ჩვენი დახმარების გარეშე? ასე არ ვფიქრობ. ის ყოველთვის იყენებდა ადამიანს თავისი გეგმის შესასრულებლად – წაიკითხეთ ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავი.
ისრაელი- ღმერთის პირმშო ძეა. არც ერთ სხვა ერს არ მიეცა ამდენი ღმერთის ნათელი დაპირება. და სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მათი გამოსყიდვა ახლოვდება და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მისია მივაღწიოთ ისრაელს. ამაზე დავწერ მომავალ სტატიებშიც.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ღრმად უნდა გავერკვეთ იმ მიზეზებში, რომლებიც ხელს უშლიან ებრაელ ერს დაუბრუნდნენ თავიანთ მესიას. საქმე მარტო იმაში არ არის, რომ მათმა ლიდერებმა უარყვეს იესო. საქმე იმ საშინელ დევნაშია, რომელიც თავს დაატყდა ებრაელებს, და ეს იყო ეკლესიისა და არაებრაელების ნახელავი ბოლო 1800 წლის მანძილზე. შედეგად, ყველა ებრაელს სისხლში აქვს წინააღმდეგობა იესოს მიმართ, წინააღმდეგობა იმის გამო, რაც გაუკეთეს ებრაელების მრავალ თაობას იესოს სახელით.
თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი პირადი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დამეხმარა უფალი, გადამელახა იესოს მიმართ წინააღმდეგობა, ჩემს წიგნში “ახალი აღთქმის წინასწარმეტყველება” (The New Covenant Prophecy). სწორედ ამიტომ უარყოფს ებრაელი ხალხი ყველაფერ ქრისტიანულს, გასნაკუთრებით ქრისტიანულ სიმბოლოებს, როგორც უზარმაზარი ტანჯვის შეხსენებას.
ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ არც ერთი გულწრფელი ქრისტიანი ამას არ ჩაიდენდა. მაგრამ ეს ცალკეული დისკუსიის საგანია. ეს არ ცვლის ქრისტიანობის აღქმას ებრაელების მიერ. ჩვენ მართლა უნდა გავიგოთ და მივიღოთ ეს. ეს დაგვეხმარება რომ სიყვარულით მოვაშოროთ ბარიერები ჩვენს დამოწმებას, აღმოვფხვრათ ის ბარიერები, რომელსაც ეშმაკი იყენებს მათ დასაშორებლად იესოსთან.
შედეგად, დღემდე, გარდა ღვთის მადლის მოქმედებისა თავისი ერთგული ნაწილის მიმართ და მისი დაპირებისა, რომ გამოაღვიძებდა ისრაელს მომავალში, ებრაელები არც კი განიხიავდნენ შესაძლებლობას, რომ ირწმუნებდნენ იესოს. სწორედ ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ წარსული, რომ ვპოვოთ განკურნება და შერიგება უფალში, როგორც ებრაელებმა ასევე არაებრაელებმა. აქ არავინ არის უდანაშაულო, მაგრამ ღმერთის გული და გეგმაა ასეთი, რომ გამოიყენოს ეს ყველაფერი და აჩვენოს თავისი სიყვარული და წყალობა ყველა შვილის მიმართ. (იხ. რომ. 11:28-32).
მარტივად რომ ვთქვათ, ისრაელმა უნდა გამოიღვიძოს და ღმერთის ოჯახი უნდა გაერთიანდეს. ასეთი არის ღმერთის მნიშვნელოვანი გეგმის ნაწილი: გააერთიანოს თავისი ოჯახი მთელ მიწაზე, რათა იესო დაბრუნდეს და იმეფოს. ჩვენთვის, ეკლესიისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ღრმად გავიაზროთ ჩვენი მოწოდება და დავაბრუნოთ ისრაელი რწმენასთან, დავაბრუნოთ ჩვენი ურთიერთობით მათ ღმერთთან. ისრაელისთვის ეს ნიშნავს გადარჩენის მიღებას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ უფალმა ეს საქმე მიანდო ეკლესიას!
ავტორი – Grant Berry
თარგმანი : სალომე ჯებისაშვილი