ცათა სასუფეველი

l1435

მსურს თქვენთან ერთად განვიხილო, ძალიან საინტერესო და ღრმა კონცეფცია- „ცათა სასუფეველი“. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ მხოლოდ იესო ქრისტეს მთაზე ქადაგების კონტექსტში, განსაკუთრებით ისტორიულ, რაბინულ კონტექსტში. თუმცა, ჯერ ესქატოლოგიაში ნუ გადავალთ, მთაზე ქადაგების კონტექსტში შევეცადოთ გავიგოთ თავად „ცათა სასუფევლის“ კონტექსტი.
ეს კონცეფცია ბიბლიაშვი სხვაგან არსად გვხვდება, მხოლოდ მათეს სახარებაში. ასე რომ განვიხილოთ ცნობილი ქადაგება მთაზე, ნაკლებად ცნობილი პერსპექტივით, მის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში. მაგრამ სანამ დავიწყებ, მსურს ცოტა რამ გითხრათ სტერეოტიპებზე, კვლევისადმი მიდგომისას. სტერეოტიპი ბევრია და განსხვავებული. მაგალითად, სიტყვა ფარისეველს ბევრი ქრისტიანისთვის უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. თუმცა თავად სიტყვა ან ცნება მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან პერუშიმ- რაც ნიშნავს განმმარტავს და არავითარ შემთხვევაში თვალთმაქცობას. მწიგნობარნიც ასევე ლიტერატურათმცოდნეები არ იყვნენ, მწიგნობრებში იგულისხმებოდნენ წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები, რომლებიც წმინდა წერილს გადაწერდნენ. მწიგნობრების გარეშე დღეს ჩვენ საერთოდ არ გვექნებოდა ბიბლია. ძალიან მნიშვნელოვანია სახარების ტექსტების შესწავლა, ზუსტად იმ კონტექსტში, რომელშიც დაიწერა.
იესოს კონფლიქტი ფარისევლებთან და მწიგნობრებთან სხვა საკითხია, ამას ჯერ არ შევეხებით.
ჩვენს განხილვას დავიწყებ ამ ტექსტით:
“მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: “აჰა, ღვთის კრავი.” ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: “რას ეძებთ?” მათ უთხრეს: “რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად ცხოვრობ?” (იოანე 1:35-38).
სახარებებში იესოს 12-ჯერ მიმართავენ პირდაპი სიტყვით -რაბი, მას რაბინს უწოდებენ და 40-ჯერ მიმართავენ იესოს – როგორც მოძღვარს. ერთადერთი, რაც ზემოთ მოყვანილი ტექსტიდან რჩება გაუგებარი, არის გამოთქმა – „სად ცხოვრობ“? რას ნიშნავს „სად ცხოვრობ“?

ჩვენს გაგებაში, მასწავლებელთან სკოლაში ან უნივერსიტეტში უნდა მიხვიდე და არა სახლში. იესო არ იყო მასწავლებელი თანამედროვე გაგებით, და როგორ იყო მასწავლებელი, ამის ნახვა შეგვიძლია ძველ ებრაულ წყაროებში.
მიშნა არის ტრადიციების კოდექსი, რომლებიც ჰქონდათ ფარისევლებს, ეს კრებული მოიცავს 60 ტრაქტატს სხვადასხვა თემაზე. ასე რომ, მიშნაში ერთი ტრაქტატი ისტორიულია, დანარჩენი საკანონმდებლო, და მას პირკეი ავოტ (მამათა სწავლება) ჰქვია. ეს ტრაქტატი შეიცავს ბრძენი კაცის სიტყვებს:

დაე შენი სახლი იყოს ბრძენთა სავანე, ჩაეფლე მტვერში მათ ფეხებთან და დალიე მათი სიტყვების ნექტარი.

თუ სახარებას ყურადღებით წაიკითხავთ, შეამჩვენთ, რომ ძალიან ხშირად იჯდა ვიღაც იესოს ფეხებთან. ისინი სხვედან იესოს ფეხებთან არა იმიტომ, რომ ეს რაღაც ახალია, არამედ იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ნებისმიერი სკოლა ასე იწყებოდა.
დავუბრუნდეთ ფარისევლებს და გამოვყოთ ისინი ასე, რომ ფარისევლები (ან ფერუშიმ) იყვნენ წმინდა წერილის განმმარტავები. მათ შესახებ შეგვიძლია წავიკითხოთ ნეემიას მე-8 თავში. ეზრას მიერ შემოღებული ეს ტრადიცია ასე გაგრძელდა იესოს დღეებამდე. იესო არ იყო სტუმარი უცხო პლანეტიდან, ის ებრაული საზოგადოების ნაწილი იყო. სახარებაში ვხვდებით, რომ იესო შევიდა სინაგოგაში და კითხულობდა, მაგრამ მას ამ დროს ჰქონდა პრობლემა, რომელსაც აქ ვხედავთ: „გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო?“ (იოან. 7:15). ეს სიტყვები ქებას კი არ შეიცავს, არამედ საყვედურს… ეს პრობლემა ჰგავს იმას, დღეს რომ მიხვიდე ექიმთან, რომელსაც განათლება არ აქვს და სამედიცინო სკოლა არ დაუმთავრებია. ასე უდგებოდნენ ებრაელები იესოს. მსგავსი დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითი: „მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: “რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?” )იოანე 2:18).

ამ სიტყვებს ებრაელები წარმოთქვამენ ტაძარში ვაჭრების დაშლის შემდეგ. ებრაელები სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამბობენ: „რა არის, რატომ ხარ ასეთი თავხედი? აბა ერთი შენი დიპლომი გვაჩვენე! შენს განათლებას თუ აქვს სახელმწიფო აკრედიტაცია? მაშინ დავიჯერებთ რომ ჩვენი კაცი ხარ თუ ასეთი დიპლომი გექნება, სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა გააკეთო არ მიგიღებთ“. ეს იყო იმ დროს ფარისევლებსა და იესოს შორის მთავარი კონფლიქტი. რადგან იესო არ იყო არცერთი რაბინის არც მოსწავლე არც კურსდამთავრებული. ჩვენ ვიცით, რომ იესო სწავლობდა, რომ მას შეეძლო კითხვა, ის დადიოდა სინაგოგაში და კითხულობდა, იმ დროს მოსახლეობის დაახლოებით 10% შეეძლო კითხვა. მაგრამ ებრაულ ტრადიციაში არის განსხვავება „შეგიძლიასა“ და „სწავლას-მოწაფედ ყოფნას შორის“. ყველა რაბინს ჰქონდა თავისი სკოლა. რაბინულ სკოლაში იყვნენ მოსწავლეები. მაგალითად საქმეების წიგნში ჩვენ ვკითხულობთ გამალიელის შესახებ: “მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი.“ (საქმეები 22:3). გამალიელი იყო პავლეს მასწავლებელი, ანუ პავლეს უნდა დაემკვიდრებინა გამალიელის კათედრა. იესოს კი ჰყავდა მთავარი მოძღვარი – მამა ზეციერი. იესოს ბავშვობისა და ახალგაზრდობის მასწავლებლები იყვნენ საშუალო დონის მასწავლებლები, ისინი ასრულებდნენ მეორეხარისხოვან როლს. იესოს მასწავლებელი, ვის მოწაფედაც ის აცხადებს თავს, არის მისი მამა. მაგრამ ფარისევლებმა ეს ვერ მიიღეს. თუმცა იესო აარსებს თავის სკოლას, ან როგორც ებრაელები ამბობენ, აარსებს თავის იეშივას.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ქადაგება მთაზე არის მისი მთავარი პროგრამა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ – მისი მასტერკლასი სკოლის გახსნამდე. ახლა მოდით დავფიქრდეთ რამოდენიმე სიტყვაზე, რასაც იესო ამბობს.
„არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება“ (მათე 5:17-18). რა არის ეს იოტები და წერტილები? რაზეც იესო საუბრობს არის სტანდარტული, დაწყებითი სასწავლო გეგმა ებრაულ სკოლებში. იოტები და წერტილები ებრაული ასოების უმარტივესი ელემენტებია. თავად იოტა ასო არ არის, როგორც აპოსტროფი, ხოლო წერტილი – ხაზი. ფაქტობრივად, ნებისმიერი ებრაული ასო შეიძლება დაიყოს ამ ელემენტებად, იოტებად და წერტილებად.
რატომ გვჭირდება ასეთი დეტალები? იმის გამო, რომ შეუძლებელია თორის შესწავლა, თუ ადამიანი გაუნათლებელია. იესო აქ ამბობს, რომ ის არაფრის შეცვლას არ აპირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც რაბინები ასწავლიან თორას, მეც ვასწავლი თორას. თორას გრაგნილის არცერთი წერტილი და იოტა არ დაიკარგება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი სიტყვა, რაც ღმერთმა უთხრა მოსეს სინაიზე და შემდგომში წინასწარმეტყველებს, არ გაქრება მისი სწავლებიდან, არცერთი სიტყვა და არც ერთი ასო. მწიგნობრები ძალიან ზედმიწევნით იცავდნენ თორის ტექსტს. იესო ამბობს, რომ რაც თორაშია დაწერილი, მოწოდებულია რომ ზუსტად ის ასწავლოს. როგორც ზოგჯერ განმარტავენ, რომ იესომ უკვე აღასრულა ეს და ჩვენთვის აღარ არის საჭირო. რას ნიშნავს საჭირო არ არის? შემდეგ იესო საუბრობს მცნებების დაცვის მისეულ გაგებაზე: „ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.“ (მათე 5:19)

აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვიყენოთ სტერეოტიპი ან კლიშე. რუსულად ხშირად გამოიყენება იდიომა „ცათა სასუფეველი“ მაგალითად გარდაცვლილებზე საუბრისას. ჩვენ ძალიან ბევრი კლიშე გვაქვს. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი რომ არ ვიფიქროთ ასე, მაგალითად, ფარისევლები-თვალთმაქცები, მწიგნობრები-ლიტერატუტათმცოდნეები, „ცათა სასუფეველი“- მკვდრების განსასვენებელი, ან სამოთხე სადაც მართლები ხვდებიან. რანაირია სამოთხე, რომელშიც არის „უმცირესი“ ან „უდიდესი“? არსებობს სწავლება, რომ თუ შესცოდავ, მაინც მოხვდები სამოთხეში, მაგრამ არა უმაღლეს დონეზე არამედ რაღაც „სამოთხის გასახდელში“. სისულელეა, ნუთუ ამაზე საუბრობს იესო? ასე რომ, იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის ცათა სასუფეველი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გამოთქმას იყენებს მხოლოდ მახარებელი მათე. სხვა სახარებები საუბრობენ ღვთის სამეფოზე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, არც ერთი იოტა და არც ერთი წერტილი არ ამოვარდება. ჩავთვალოთ, რომ „ცათა სასუფეველი“ არის ცათა სასუფეველი, ხოლო „ღვთის სამეფო“ – „ღვთის სამეფო“. ნუ ავურევთ. ბიბლია სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ტერმინის განსაკუთრებულობა, მოდით ამ მუხლს მივაქციოთ ყურადღება: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.“ (მათე 11:11). თუ „ცათა სასუფეველი“ სამოთხეა, მაშინ რანაირად გამოდის, რომ იოანე ნათლისმცემელი ყველაზე უმნიშვნელოა?
სხვათა შორის, ადრეული მკვლევარებიც კი, როცა სწავლობდნენ მათეს სახარებას, დაინახეს, რომ მას აქვს 10 იგავი, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორია ცათა სასუფეველი. არის იგავი „მებადურზე“, რომელიც იჭერს სხვადასხვა თევზს, იგავი „ხორბალისა და ტარის შესახებ“ და ა.შ. ამ იგავებიდან ირკვევა, რომ სამოთხეზე არ არის საუბარი. ამიტომ ამ მკვლევარებმა შექმნეს კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომ „ცათა სასუფეველი“ ეკლესიაა. მაშინ რა ხდება იოანე ნათლისმცემელზე? ის რა, ეკლესიის ნაწილი არ არის? ისევ გაურკვეველი შეუსაბამობა. ჩვენ ვერ გავიგებთ, სანამ არ მივმართავთ სახარების ჭეშმარიტ ტექსტს, სადაც იესო არა მხოლოდ მწყემსი, არამედ მოძღვარი და რაბინია, რომელსაც აქვს საკუთარი სკოლა. რომელზეც ის ამბობს, რომ მასში ისინი მოხვდებიან, ვინც იოანე ნათლისმცემლის სკოლა დაამთავრა. „მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: “აჰა, ღვთის კრავი.” ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: “რას ეძებთ?” მათ უთხრეს: “რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად ცხოვრობ?” (იოანე 1:35-38).
მოწაფეები შემობრუნდნენ, დაემშვიდობნენ იოანეს, მის სკოლას, მივიდნენ იესოსთან და ეუბნებიან: რაბი ახლა შენთან მოვედით სასწავლებლად, სად ცხოვრობ? რას გავს ეს? იოანე ნათლისმცემელი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი საფეხურის მასწავლებელი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ვინც დაასრულა მასთან სწავლა, შემდეგ გადადის სხვა საფეხურზე იესოსთან სასწავლებლად. ამიტომაც იესოს სკოლის მოსწავლეები არიან იმ სკოლის მოსწავლეები, რომელსაც „ცათა სასუფეველი“ ჰქვია. „ცათა სასუფეველი“ – ასე ჰქვია სკოლას, სადაც იესო ასწავლის თავის მოწაფეებს. ახლა ყველაფერი ცხადი ხდება და მუხლიც „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.“ – უკვე ნათელია. ახლა, ამ გაგების ფონზე, კვლავ განვიხილოთ „ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.“ (მათე 5:19).
ნუთუ სამოთხეში ვინმეს შეუძლია მცნებების დარღვევა? მაგრამ თანამედროვე ენაზე რომ ვისაუბროთ, თუ ჩემს სკოლაში დაარღვევ მცნებებს, მაშინ ჩემგან ორიანს მიიღებ, ჩემს გამოცდას ვერ ჩააბარებ. ასეთი დამოკიდებულება აქვს იესოს რჯულთან, ვინც მას არ ასრულებს, ორიანებს უწერს, შემდგომ სწავლა შეუძლებელი ხდება და ოროსნები ირიცხებიან სკოლიდან. ეს არის ის, რისი თქმაც სურს იესოს, ის თავისი სკოლისთვის ადგენს შეფასების კრიტერიუმს და სტანდარტებს: „ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.“ (მათე 5:20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ არჩევანი – თუ გსურთ ისწავლოთ ჩემთან, ეს არის ჩემი სტანდარტი, აქ არის ჩემი სასწავლო კრიტერიუმი. ჩემი სკოლა უმაღლესი სტანდარტია, როგორც ჰარვარდი, ოქსფორდი… თუ ამ სტანდარტს არ დააკმაყოფილებ, მაშინ გაგრიცხავ. სწორედ ამ კუთხით ხდება გასაგები სახარების ყველა ტექსტი, სადაც „ცათა სასუფეველი“ არის ნახსენები.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იესოს სკოლაში – „ცათა სასუფეველში“.

გიორგი ჯიჯიეშვილი