სტერეოტიპების დამსხვრევა

Passion-of-the-Christ

ქრისტიანულ სამყაროში ძალიან ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული, ამის მიზეზი შეიძლება  ბევრი ფაქტორი იყოს. რა თქმა უნდა მე დღეს არ დავიწყებ ამ მიზეზების ჩამოთვლას, არამედ ერთ-ერთი სტერეოტიპის დამსხვრევას შევეცდები, კერძოდ მათეს 27:46  მუხლში იესო ქრისტეს ცნობილი გამონათქვამის : ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”  ამ მუხლის ტრადიციული განმარტება არის ესეთი, რომ თითქოს იესო ქრისტე იმდენად ცოდვილი იყო, რადგან მან იტვირთა ცოდვები, რომ ღმერთმა ვერ შეძლო კაცობრიობის  ცოდვის ყურება,  რომელიც იესოზე იყო და ამიტომ მან თითქოსდა მიატოვა ქრისტე ჯვარზე. ეს არის ტრადიციული განმარტება, რომელიც რა თქმა უნდა მთლიანად ვერ ასახავს იმ სინამდვილეს რისი გადმოცემაც სურდა  იესოს ამ სიტყვებით. მეგობრებო, აქ საქმე იმდენად ღრმად არის, რომ ჩვენი ზედაპირული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ დანაშაულის ტოლფასია, რადგან საქმე ჩვენს გამოსყიდვას ეხება. ქრისტეს ეს სიტყვები რომ განვმარტოთ კარგად, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ მთლიანი სურათი თუ რა უძღოდა წინ ამ სიტყვებს. კერძოდ ჯვარცმულ ქრისტეს ფარისევლები სთხოვდნენ ნიშანს: „41 მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ: 42 “სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.“  როგორც ვიცით მათეს სახარება უშუალოდ ებრაელებისათვის დაიწერა და მათემ კარგად იცოდა მაშინდელი ებრაული სოფლმხედველობა, ტრადიცია და მრწამსი და ჩვენ ღრმად უნდა გვჯეროდეს იმ აზრის, რომ ბიბლიაში არაფერი შემთხვევით არ არის დაწერილი, რომ ყველაფერს აქვს თავისი აზრი და მიზანი, აქედან გამომდინარე იესო ქრისტეს ეს სიტყვები გარკვეულ მიზანს ემსახურება, რომლის განმარტებაც მინდა დღეს შემოგთავაზოთ.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთის ცოცხალი სიტყვა და არ არსებობს, რომ ღმერთმა თავისი სიტყვა რაიმე სიტუაციაში მიატოვოს. სწორედ ამ კუთხით მინდა დაგანახოთ დღეს თუ რამხელა ავტორიტეტი ჰქონდა იესოსათვის წმინდა წერილს, ის სიკვდილამდეც კი მასზე იყო დაყრდნობილი. ბევრი რომ აღარ გაწვალოთ, მინდა ერთი ტრადიცია გიამბოთ, რომელიც იონკიპურზე (გამოსყიდვის დღე) და ფესახის ( პასექის) დღესასწაულზე ხდებოდა.  პასექის დასრულების შემდეგ გალობდნენ, კერძოდ ოცდამეერთე ფსალმუნს კითხულობდნენ და იესოს სიტყვები არის სწორედ ამ ფსალმუნის ციტირება. ფარისევლები ითხოვდნენ ნიშანს და ქრისტემაც მისცა მათ ნიშანი, რომელიც წმინდა წერილში იყო დაწერილი. ოცდამეერთე ფსალმუნი ეს არის მესიანური ფსალმუნი, რომელიც ქრისტეს მოსვლას, მის ტანჯვასა და განდიდებას მოგვითხრობს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორი იყო მაშინ წერილისადმი დამოკიდებულება. რადგანაც ისტორიულად ვიცით, პირველ საუკუნეში არ იყო წმინდა წერილი თავებად და მუხლებად  დაყოფილი როგორც ჩვენ დღეს გვაქვს. როდესაც რაბინი რაიმეს ციტირებდა წმინდა წერილიდან, ის ყოველთვის გულისხმობდა მთლიან კონტექსტს და არასოდეს ჰქონდა მხედველობაში მხოლოდ კონკრეტული მუხლი, როგორც დღეს ციტირებენ ზოგიერთები. მინდა სწორედ გამიგოთ, მუხლების ციტირება არ არის ცუდი, მაგრამ ის მთლიან კონტექსტსა და სურათს ვერ დაგვანახებს, ამიტომ არის, რომ ზოგი დღესდღეობით ძველი აღთქმიდან მოყვანილ ციტატებს პავლეს ეპისტოლებში არასწორედ იგებს და არ იკვლევს ამ ციტატების პირვანდელ მნიშვნელობას. როდესაც პავლე ძველი აღთქმიდან ციტირებს, ის მარტო კონკრეტულ მუხლს არ გულისხმობს, არამედ მთლიან მის კონტექსტს. დამერწმუნეთ, წერილისადმი ასეთი მიდგომით თქვენ უფრო მეტ კვლევებს ჩაატარებთ ძველ აღთქმაში და ახალი აღთქმასაც უფრო სწორად და მარტივად გაიგებთ, ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე.

მოდით დავუბრუნდეთ ქრისტეს სიტყვებს. მისი მიზანი იყო რომ კიდევ ერთხელ დაენახებინა ამ სიტყვებით ფარისევლებისათვის, რომ ის არის ერთადერთი და ჭეშმარიტი მესია. ამ შემთხვევაში ის ეყრდნობა თვით დავით მეფის წინასწარმეტყველებას, რომელიც მან ფსალმუნის სახით გადმოგვცა. მინდა დაგანახოთ მთელი ტრაგედია, რომელიც ამაში იმალება. მაშინდელმა ებრაულმა საზოგადოებამ, ყველამ ზეპირად იცოდა ეს ფსალმუნი რადგან მას წელიწადში ორჯერ უგალობდნენ ღმერთს. ეს პერიოდი მესიის მოლოდინის ეპოქა იყო, მიუხედავად ამ მოლოდინის, ნიშნებისა და მოწმობებისა, ისრაელის საზოგადოების მაღალმა ფენამ მაინც ვერ შეძლო მისი ამოცნობა, როგორც იოანე ამბობს : „თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.“ (იოანეს 1:11) . მე მინდა რომ მკითხველმა არ გამოიტანოს არასწორი დასკვნა და არ გამიგოს ისე, თითქოს ქრისტემ არ იტვირთა ჩვენი ცოდვები. რა თქმა უნდა მან იტვირთა ჩვენი ცოდვები, ის გახდა ჩანაცვლებითი მსხვერპლი და  რაღა თქმა უნდა ღმერთს არ უყვარს ცოდვა, მაგრამ ეს არასწორი აzრია, რომ ღმერთმა თითქოს ქრისტე მიატოვა ჯვარზე. მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის ნამდვილი მიზეზი, ამ სიტყვების შემდეგ არის რომ იესო ამბობს „აღსრულდა“, სწორედ ის რაც არის დაწერილი ოცდამეერთე ფსალმუნში, ის აღსრულდა. ფაქტიურად იესო ქრისტემ წიკითხა პასექის ლიტურგიული ნაწილი, რომელსაც ჰავთარუნი ეწოდება, ანუ მსხვერპლი, რომელიც მოდის პასექზე. ამ დროს სინაგოგაში კითხულობენ თორიდან მცნებას, რომელიც პასექის მსხვერპლს ეხება, ამ მცნების წაკითხვის შემდეგ მიდის მისი განმარტება წინასწარმეტყველური წიგნებიდან და წერილებიდან. სწორედ ამ განმარტებებს ეწოდება ჰავთარა. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტემ მოიტანა თავისი თავი მსხვერპლად და აგრეთვე განმარტა ამ მსხვერპლის მნიშვნელობა.

მინდა რომ გაეცნოთ ოცდამეერთე ფსალმუნს და თქვენ თვითონ გამოიკვლიოთ ყოველი იქ თქმული სიტყვა როგორ მიესადაგება იესო ქრისტეს.

ფსალმუნი 21

1 ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ?

2 ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით – არ მპასუხობ, ღამით – და არა მაქვს მოსვენება.

3 შენ კი წმიდაო, ისრაელის ხოტბათა შორის მკვიდრობ.

4 შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები, გენდობოდნენ და იხსენი კიდეც.

5 შენ შემოგღაღადეს და გადარჩნენ; მოგენდნენ და არ გაწბილებულან.

6 მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერის მიერ.

7 ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ.

8 უფალს მიენდო და უფალმა იხსნას; მან გადაარჩინოს, რაკი ისურვა იგი.

9 რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან და დამამშვიდე მის მკერდზე.

10 დაბადებიდანვე შენ მოგანდეს ჩემი თავი; დედის მუცლიდანვე ჩემი ღმერთი ხარ შენ.

11 ნუ განმშორდები, რადგან ახლოა უბედურება, შემწე კი არავინაა.

12 უამრავი ხარი შემომერტყა გარს, ალყაში მომიქციეს ბაშანის ძლიერმა ხარებმა.

13 პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, მსხვერპლს დადევნებული და მბრდღვინავი ლომივით.

14 წყალივით დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს შინაგანში.

15 თიხასავით გამოიფიტა ჩემი ძალა; ენა სასაზე მიმეკრა, ჩამიყვანე სიკვდილის მტვერში.

16 რადგან გარს შემომეხვივნენ ძაღლები, ბოროტმოქმედთა ხროვა წრედ შემომერტყა, ხელ-ფეხი განმიგმირეს.

17 მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ნიშნის მოგებით მიყურებენ.

18 ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს მოსასხამზე.

19 შენ კი, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.

20 იხსენი ჩემი სული მახვილისგან და ძაღლებისგან სიცოცხლე ჩემი.

21 ლომის ხახისგან მიხსენი და გარეული ხარების რქისგან.

22 ვუამბობ ჩემს ძმებს შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგასხამ ხოტბას.

23 უფლის მოშიშნო, აქეთ იგი; ადიდეთ იგი, იაკობის შთამომავალნო და გეშინოდეს მისი, ისრაელის მთელო მოდგმავ.

24 რადგან არ მოიძულა და არ უგულებელყო მან ჩაგრულის ტანჯვა და არ დაუფარავს სახე მისგან, არამედ უსმინა მას, როცა საშველად მოუხმობდა.

25 ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე აღგისრულებ აღთქმულს.

26 შეჭამენ ღარიბები და დანაყრდებიან, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; უკუნისამდე იცოცხლონ თქვენმა გულებმა.

27 გაიხსენებენ და დედამიწის ყოველი კიდიდან დაბრუნდებიან უფალთან და თაყვანს გცემს ყველა ერი.

28 რადგან უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის მბრძანებელი ერებისა.

29 შეჭამს და თაყვანს გცემს ქვეყნის ყველა ამაყი; მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა.

30 შთამომავლობა მოემსახურებიან მას და თაობებს მოუთხრობენ უფლის შესახებ.

31 მოვლენ და განუცხადებენ მის სიმართლეს ხალხს, ჯერ არ შობილს და მოუთხრობენ იმაზე, რაც უფალმა მოიმოქმედა.

 

ავტორი: გიორგი ჯიჯიეშვილი

თარიღი: 29.02.2016.