1. ისრაელის ერი. ეს პირველი ერია რომელიც ღმერთმა შექმნა თავისთვის, რათა მისი მეშვეობით განეცხადებინა თავისი ნება ადამიანთა ხსნისკენ მიმართული. „ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე გამოაცხადებს ჩემს დიდებას…“ (ესაია 43:21).
2. მამრობითი სქესის პირმშო მამის მემკვიდრე გახლდათ. ის თვლებოდა ღმერთისთვის გამოყოფილად და მისთვის აუცილებლად მსხვერპლი უნდა შეწირულიყო. „შემომწირე ყოველი პირმშო, ყოველი საშოს გამღები ისრაელის ძეთაგან, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე ჩემია იგი“ (გამოსვლა 13:2). ქართულ თარგმანში ცოტაოდენ უცნაურად ჟღერს სიტყვა: „შემომწირე“, მაგრამ ორიგინალში წერია: קַדֶּשׁ־ (კადოშ – წმინდა), რაც ნიშნავს გამოყოფას, განწმენდას, მიძღვნას. ეს სიტყვა ნიშნავს, აგრეთე, განმეორებას, ერთი და იმავეს კეთებას, ამიტომაც მოგვიწოდებს ღმერთი წმინდა წერილში გამუდმებული განწმენდისკენ, რამეთუ „წმინდა“ სტატუსი როდია, არამედ ესაა მუდმივი პროცესი.
3. ცხოველის მამრობითი სქესის პირმშო − ყველა მათგანი მსხვერპლშეწირვისათვის იყო განკუთვნილი. „გამოყავი ყოველი საშოს გამღები უფლისათვის და ყოველი პირუტყვის პირველმონაგებიდან, რომელიც შენ გეყოლება, მამალი, უფლისაა“ (გამოსვლა13:12).
4. იესო ქრისტე. ის არის ჭეშმარიტი პირმშო ყველა ასპექტში. მოციქული პავლე წერს: „…მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, განსვენებულთაგან პირველი“… (1 კორინთელთა 15:20). ასევე: „ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან“. (კოლ.1:18). იესო არის პირმშო, ვინც ყველასთვის გადო ხიდი მარადისობისაკენ მიმავალი. ის აბსოლუტი პირმშოა, უცვლელი საპასექო მსხვერპლი; მსხვერპლი, რომელიც არ კარგავს ძალას. ის არის პირმშოა ახალი აღთქმის სამეფო სამღვდელოებისა. „რადგან, რომელნიც წინასწარი ცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.“ (რომ.8:29)
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ იესო ქრისტე ყველაფერში პირმშო იყო:
1. ის იყო ებრაელი − „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა.“ (მათ.1:1)
2. ის იყო მარიამისა და იოსების პირმშო − „და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და დააწვინა ბაგაში“. (ლუკ.2:7)
3. ის იყო საპასექო პირმშო კრავი − „და იყო, როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირველმოგებულამდე. ამიტომაც ვწირავ უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშო ძეს გამოვისყიდი.“ {გამს.13:15}. „განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ. რადგან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.“ (1კორ.5:7)
4. ის იყო პირმშოს გამოსასყიდი კრავი „და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. შენი პირმშო ძე გამოისყიდე.“ (გამოსვლა 13:13)
„და როდესაც დასრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად, როგორც წერია უფლის რჯულში: „ყოველ პირველშობილ მამრს უფლის წმიდა ეწოდოს;“ (ლუკა 2:22–24)
„წყვილი გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის მსხვერპლად შესაწირად.“ (მტრედს სწირავდენ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება კრავის შეწირვისა).
5. ახალი აღთქმის ღმერთის ერი
პირმშოა უფლის ყველა შვილი, ყოველი ჩვენგანი, გარკვეულწილად, პირმშოა. ყოველი ჩვენგანისათვის ისევე, როგორც ყველა ძველაღთქმისეული პერიოდის პირმშოსათვის, მსხვერპლად შეწირულია კრავი; ყოველი ჩვენგანი არის მღვდელი. „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი.“ (1პეტრ.2:9) „პირმშოთა ეკლესიის კრებულს, რომლებიც ზეცაში არიან ჩაწერილნი“. (ებრ.12:23)
მას შემდეგ, რაც ღმერთის ოჯახის წევრები ვხდებით, სხვა ადამიანებიც უნდა მივიყვანოთ უფალთან, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა; ვუქადაგოთ მათ, რომელთაც არ იციან სახარების კეთილი უწყება, რომელთაც არ იციან ის, რომ იესო მესიაა. ყველა, ვინც შედის უფლის სამეფოში, ხდება პირმშო. შენ ვერ გახდები პირმშო, თუ მარტო შენ გადარჩები. უფლის ბევრმა პირმშომ დაკარგა თავისი სამეფო ძალაუფლება და პრივილიგიები იმის გამო, რომ მათ საკუთარი თავისთვის გამოიყენეს ისინი. უფლის ნება ის როდია, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვემსახუროთ. ჩვენ იმ ხალხზე უნდა მოვახდინოთ გავლენა, რომლებსაც უფალი ჩვენი მეშვეობით იხსნის.
ღმერთი ერთ-ერთ ჩვენგანს ამზადებს იმისათვის, რომ გახდეს მეორე მოსე ჩვენს სფეროში, რათა წავიყვანოთ ის ხალხი თავისუფლებისაკენ, რომლებთანაც ღმერთმა წარგვგვზავნა, როგორც მოსე წარგზავნა ფარაონთან ებრაელთა გასათავისუფლებლად, ხოლო ზოგიერთებს კი უფალი გვამზადებს, როგორც დამხმარეთ ისევე, როგორც აარონი ეხმარებოდა მოსეს. ზოგიერთს უფალი მოგვიწოდებს შუამდგომლობითი ლოცვებისკენ. ისრაელის ერმა მთელი გულით ლოცვა რომ დაიწყო, სწორედ მაშინ უთხრა მოსეს: „ვისმინე მისი კვნესა“... ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ პირმშონი და მეფური სამღვდელოება.
„თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ“… (1პეტრ.2:9)
ავტორი: გიორგი ჯიჯიეშვილი.