შავუოთი ორმოცდამეათე დღე

923544_651155121586569_128288212_n

დღეს მე   მინდა   გესაუბროთ  ორმოცდამეათე  დღის მნიშვნელობაზე, რომელსაც   ქრისტიანულ სამყაროში   სულთმოფენობის  და  სამების დღესასწაულადაც მოიხსენიებენ. ის ცნობილია, როგორც ეკლესის დაბადების დღე, როდესაც მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა.

დარწმუნებული ვარ,   გაგიჩნდებათ  კითხვა:  მე  რა შუაში ვარ ან  ეს  ჩვენ, ებრაელებს, როგორ  გვეხება? ნება მომეცით, დაწვრილებით  და  თავიდან   გიამბოთ ამ ბრწყინვალე  დღესასწაულის  შესახებ, თუ სიადან იღებს ის სათავეს ჩვენთვის, ებრაელებისათვის.  მას შავუოთი  ჰქვია. ეს  ერთი  დღესასწაულია  და  არა ორი  სხვადასხვა, როგორც ბევრს დღეს  ჰგონია.

2448 წელს,  მესამე თვის პირველ დღეს ( ჩვენი  ებრაული  კალენდრის მიხედვით  )ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი წინაპრები   სინაის უდაბნოში  მივიდნენ და იქ ახლოს,  არც თუ  დიდ მთასთან დაბანაკდენ. მათ  შვიდი  კვირა  დასჭირდათ,  რომ ეგვიპტიდან  სინაის მთასთან  მისულიყვნენ და ამ ხნის განმავლობაში უამრავ სასწაულს ხედავდნენ(მაგალითად: წითელი ზღვის გადასვლა). ებრაელი  ერი  სულ  უფრო ახლოს  გრძნობდა  ღმერთის  თანდასწრებას. ისინი  ყოველდღიურად  იზრდებოდენ რწმენაში. ეს  იყო ხალხი, რომელშიც ერთსულოვნება, საოცარი  ერთობა იგრძნობოდა, და ის ღმერთისაგან თორას ლოდინში გამოიხატებოდა.

ძველი მიდრაში გულისხმობს იმას, რომ უფალს თორის  მიცემა  მარტო ისრაელისათვის  კი არ  უნდოდა,  არამედ ყველა ერისათვის: თავდაპირველად მან ესავის  შვილებს მიმართა: „მიიღებთ  თორას ?“ და მათ ჰკითხეს: რა წერია  თორაში ? უფალმა უპასუხა: „არა კლა!“  მათ მიუგეს:  „არ  გვჭირდება ჩვენ  ასეთი თორა, ვერ მივიღებთ მას.“ ამის  შემდეგ უფალმა მოაბის შვილებს ჰკითხა:  „ მიიღებთ  თორას“?  მათაც  იგივე  კითხვა დაუსვეს: „რა წერია  თორაში?“ უფალმა უთხრა: „არ იმრუშო“. და მსგავსი პასუხი მიიღო, რომ არ სჭირდებოდათ მათ ასეთი თორა, ვერ მიიღებდნენ ისინი მას. უფალი  ისმაელის შვილებთანაც მივიდა ამ შეკითხვით: „მიიღებთ  თორას?“  და მათ კითხვაზე, თუ რა  ეწერა თორაში, უფალმა უპასუხა: „არ იქურდო“.  მათაც  სხვების  მსგავსად  უპასუხეს: „არ  გვჭირდება ჩვენ  ასეთი თორა, ვერ მივიღებთ.“ არ არსებობდა ერი,  რომელსაც ღმერთმა არ  მიმართა,  მაგრამ ყველამ უარი განუცხადა და მხოლოდ ისრაელის  ძეებმა ყოველგვარი კითხვის  გარეშე  უპასუხეს: „ნაასე ვენიშმა“ ( შევასრულებთ და მოვისმენთ) {გამ.24:3} სამწუხაროდ ქართულ  ტექსტში ასე არ  წერია,  მაგრამ სეპტუაგინტაში( თორის  ბერძნული თარგმანი, რომელიც ალექსანდრიაში დაიწერა)   და ებრაულ დედანში  ზუსტად  ასე წერია: „შევასრულებთ და მოვისმენთ.“

მაშ,  რა  დღესასწაულია   შავუოთი ?

შავუოთი - ივრითულად  ( ქართულად  კვირები )

ამ სახელწოდების წყარო  მოდის  იმ კვირებიდან, რომელიც  ფესახის (პასექის)  დღესასწაულის შემდეგაა. ის უკავშირდება ისრაელიანთა გამოსვლას მიცრაემიდან –          ( ეგვიპტე) . ეს შვიდი  კვირა   მთავრდება 6 სივანის ( მესამე თვე) დადგომისთანავე. აქედან გამომდინარე,  ზუსტად ფესახის  ( პასექის) დღესასასწაულის შემდეგ ორმოცდამეათე  დღე  არის  შავუოთი . ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან და ისრაელ ერზე თორის გადაცემის დღემდე ზუსტად ორმოცდაათი  დღე გავიდა.

უფალმა უთხრა მოსეს: {გამ.19:10–11} „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი. და მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.

ის,  რაც შემდეგ  მოხდა,  გარდამტეხი  მომენტი იყო სამყაროს შექმნის დღიდან. უფალმა   თორა, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო, ისრაელს განუცხადა. მანამდე ის დაფარული  იყო     ხალხის თვალისაგან. ამ გრანდიოზულ მომენთს რაშე ესე აკომენტარებს:  „მატერიალურის  შერწყმა მოხდა სულიერთან“  ანუ სხვაგვარად, ღმერთის ნება და მცნებები ადამიანურ ენაზე დაიწერა რათა ის ადამიანს  გაეგო.

ჩვენი სწავლულების მიშნის თანახმად  ისრაელს ერგო  განსაკუთრებული  სიყვარული, რადგანაც მას  გადასცეს  ძვირფასი საჩუქარი, თორა, რომლის მეშვეობით უფალმა სამყარო  შექმნა. „თორა არსებობდა ქვეყნიერების  შექმნამდე და სწორად თორა იყო  ის გეგმა, რომლითაც უფლმა შექმნა ქვეყნიერება“  (თალმუდი)

რა თქმა უნდა, თალმუდი  აქ არ გულისხმობს პერგამენტზე ან ქვაზე ამოტვიფრულ

სიტყვებს, რადგანაც  ის მოგვიანებით შეიქმნა.   აქ  სამყაროს სულიერ არსზეა საუბარი,  რომლის მატერიალური  გამოვლინებაა  სიანაის მთაზე  მიცემული თორა.

ამის  მეშვეობით  ადამიანი ხდებოდა  უფლის  მოკავშირე (პარტნიორი). ღმერთის  ძალისხმევის გარეშე სამყარო  ვერ მიაღწევდა სრულყოფილებას, ამიტომაც უფალმა გადასცა სრული თორა, ქმნილების მთლიანი გეგმა, რათა ადამიანების  შრომას აზრი  მისცემოდა ქვეყნიერებაზე.

ღმერთმა თორა  გადასცა მთელი ისრაელის თანდასწრებით. იქ იმყოფებოდა ექვსასი ათასი  მამაკაცი, მათი  ასაკი  მოიცავდა 20-დან 60წელს,  ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გამოკლებით. იქ აგრეთვე იმყოფებოდა სხვა ეროვნების  ხალხი, რომელიც ისრაელს შეუერთდა ეგვიპტეში. ამ დროს  სინაის მთა კვამლში  იყო  მოცული. საყვირის  ხმა  უფრო  და  უფრო  ძლიერდებოდა,  თითქოს  ცა მიწას უერთდებოდა. სინაის მთა  ცეცხლის  ალში გახვეულიყო. {გამ.20:18–19} „და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას. იხილა ხალხმა და შეკრთა და დადგა მოშორებით. და უთხრეს მოსეს: “გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.”

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ  ებრაელებს კი არ  ესმოდათ  საყვირის  ხმა, არამედ  ისინი  ხედავდენ  საყვირის  ხმას. სწორედ ამან შეაშინა ისინი.  ამ ფაქტზე მიუთითებს ღმერთი  {გამ.20: 22 მუხლში: და უთხრა უფალმა მოსეს: “ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით.“  სამწუხაროდ  ქართულ ენაში ეს  კარგად  არ ჩანს, ხოლო  დედანში  ნათლად  არის  დაწერილი. იუდაიზმის ერთ-ერთი  თვალსაჩინო  სწავლული რაშე  ამ ადგილს  ასე  განმარტავს :  „ხალხი ხედავდა ხმას,  ჩვეულებრივ  გარემოებებში კი მხოლოდ  მოსმენაა მისი შესაძლებელი“ {რაშეს კომენტარები შემოთის წიგნზე}

ზუსტად  ასე  წერია  თორაში,  ზმნა „მოსმენის“  მაგივრად   ზმნა „ხედავდნენ.“ ებრაელი სწავლულები გვასწავლიან, რომ სინაის  მთის  ირგვლივ მარტო  იმ ებრაელების თაობა კი არ  იყო,  არამედ  მთელი შემდგომი ებრაელი თაობები  და ყველა  დანარჩენი, ვინც მიიღებდა ისრაელის ღმერთს, ერთ სხეულად  და ერთ გულად იყო გაერთიანებული,  რადგანაც ეს იყო  თორას  მიღების მთავარი  პირობა – ერთიანობა. პარალელი: {მოც საქმ.2:1–2} ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ. მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.

და როდესაც გაისმა უზენაესის   ხმა, ის  მარტო  კი  არ  ისმინებოდა,  არამედ  ხალხი  ხედავდა ხმის ტალღას, თუ  როგორ არხევდა დამაბრმავებელ  თეთრ  ცეცხლს. და ღმერთის  სიტყვამ  წარმოთქვა {არამეული თარგმანი}.  პირველი მცნება ათი მცნებიდან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

ამ გამაოგნებელი  ცეცხლის  სუბსტანცია ყველა  იქ მყოფი ადამიანის გულს შეეხო  და  როცა  ყველამ ერთხმად  მიიღო თორა,  ეს ცეცხლი დაბრუნდა  და  ქვის  დაფის ფიცრებზე ამოიტვიფრა ათი  მცნება. ამით  ღმერთმა აღთქმის  ჯაჭვი  შეკრა  და სწორედ  ეს ფიცრები  უნდა  გადაეცა მოსეს  ხალხისათვის.  ეს ყველაფერი  ას ოცი დღის განმავლობაში ხდებოდა, როცა მოსე სინაის მთაზე იმყოფებოდა. გამოყოფილია სამი პერიოდი, სადაც ერთი – ორმოცი დღე-ღამე გრძელდებოდა .

თორამ სამუდამოდ განსაზღვრა ებრაელი ერის  ცხოვრება, ჩვენი  მსოფლმხედველობა და რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია, ჩვენი კანონები. 33 საუკუნის  მანძილზე  ყველა თაობის  ებრაელი იმეორებდა წინაპართა მსგავსად, რომლებმაც   სინაის მთაზე თორა მიიღეს : „ნაასე ვენიშმა“( შევასრულებთ და მოვისმენთ) ამ სიტყვებით ყველა  ებრაელი  შეურთდა  უწყვეტი  ღმერთის  აღთქმას itro (1)

 

მოსე  მთაზე ავიდა და იწინასწარმეტყველა: „შენნაირ წინასწარმეტყველს  აღვუდგენ  მათ  ძმათა  წიაღიდან, შენს მსგავსს, და ჩავუდებ ჩემს სიტყვას  ბაგეებში, და ის ეტყვის მათ ყველაფერს, რასაც ვუბრძანებ.

სწორედ  რომ იეშუა ჰა მაშიახი  (იესო  ქრისტე) არის იმ  მოსეს  მსგავსი,  ვისი  მეშვეობითაც უფალმა განაახლა  აღთქმა  ისრაელთან.

ზოგიერთს ახალი ესმის,    როგორც   სხვა, რომელიც განსხვავდება პირველი  აღთქმისაგან. მაგრამ ახალი  აღთქმა ეს  არ არის  რაიმე  სხვა  სწავლება.

სიტყვა ახალი (חַדֵש) – ქჰადაშ  წარმოიშვა ზმნიდან  ( לְחַדֵש), რომელიც განახლებულს ნიშნავს (განვაახლებ). ეს ზმნა წარმოგვიდგენს მთვარის მსგავს სურათს, რომელიც მუდამ ახლდება და არასდროს გადაიქცევა სხვა მთვარედ. ასეა ახალი აღთქმაც. ეს იგივე აღთქმაა, რომელიც სინაის მთაზე  შავუათის დღეს გადაეცა, მაგრამ  განახლებულია. უფალმა იგი ქვის ფიცრებიდან ,,გულის ფიცრებზე“ გადაიტანა.

მე მსურს,  მკითხველმა კარგად გაიგოს, რომ ბიბლიაში არაფერი არ წერია შემთხვევით. ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

თუ ჩვენ შევძლებდით შავუთის დღესთან დაკავშირებულ მცნებათა ბიბლიის ბერძნულ თარგმანში წაკითხვას, რომელსაც სეპტუაგინტა ეწოდება და შევადარებდით მოციქულთა საქმების მე-2 თავს, სადაც ორმოცდამეათე  დღეს გადმოვიდა სულიწმიდა იეშუას თალმიდინებზე  (იესოს მოწაფეებზე), მაშინ  დავინახავდით, რომ ეს ორი თხრობა თითქმის სიტყვა-სიტყვით მეორდება.

ორმოცდამეათე დღეს  (ივრითულად შავუოთის  დღე) განახლებული აღთქმა (ახალი აღთქმა ) ზუსტად ის თორაა, რომელიც ღმერთმა მისცა სინაის მთაზე ისრაელის ერს. ახლა ის სულიწმიდის საშუალებით გულებში ჩაუბეჭდა იესოს მოწაფებს. სინაის მთაზე ისრაელმა თავის რჩეულობის ღვთაებრივი კონსტიტუცია მიიღო დაფებზე. დღეს კი  იგივე კონსტიტუცია სულიწმიდის მეშვეობით ამოტვიფრა ყველა იმ ადამიანის გულზე, რომელმაც რწმენით მიიღო იესო ქრისტე.

სიტყვა შავუოთს  კიდევ ერთი მნიშვნელობა  აქვს. ეს არის ფიცი, ფიცები (შვუოთ)

თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, სინაის მთაზე მცნებების გადაცემის გარდა კიდევ ორი ფიცი წარმოითქვა.

  1. ფიცი, რომელიც ისრაელის ერმა თორას გადაცემისას წარმოთქვა: ნასევენიშმა ( შევასრულებთ თორას მითითებებს და ვისწავლით ანუ ჩავუღრმავდებით მცნებებს )

2 . ფიცი, რომელიც ღმერთმა წარმოთქვა: არასოდეს არ გაცვლიდა მის რჩეულ ერს სხვა რომელიმე ერზე. 

ეს შეიძლება გამოცხადება იყოს ბევრი ქრისტიანისათვის, მაგრამ ღმერთს არასოდეს არ შეუცვლია ისრაელი ეკლესიად, რადგანაც ის შეჰპირდა ისრაელს თორას გადაცემას და პავლე მოციქულიც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: {რომ.3:3–4} 
მერედა რა, თუ ზოგიერთი არ იყო ერთგული? განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას?

არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი – ცრუ
. 


გარდა ამისა თორა შავუოთის დღესასწაულს კიდევ ორ სახელს არქმევს: (იომ ა – ბიკურიმ , და ხაგ ა – კაცირ )

იომ ა – ბიკურიმ – პირველი ნაყოფობის დღესასწაული.

სივანის 6 დღეს შავუოთის დღესასწაულზე მთელი ისრაელი მიემართებოდა იერუსალიმისკენ, რათა თავიანთი მიწისაგან მოსავლის პირველი ნაყოფები მოეტანათ. ეს აუცილებელი იყო.  ისრაელის მიწა სახელგანთქმული იყო ხორბლით, ქერით, ყურძნით , ლეღვით, ბროწეულით, ზეთისხილითა  და ფინიკით. ეს ყველაფერი პომპეზურად ხდებოდა. დატვირთული ქარავანი იერუსალიმის ტაძრისაკენ მიემართებოდა  და ცეკვითა და საყვირის თანხლებით შედიოდენ ტაძარში, დებდენ თავიანთ ძღვენს და შემდეგ იერუსალიმის სახლებსა და ქუჩებში გრძელდებოდა მეტად სასიხარულო დღესასწაული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს საკუთარი თვალით უნდა იხილოთ.

ხაგ ა – კაცირ – ხორბლის სამკლის დაწყების დღესასწაული

ამ დღეს მთელი ერის სახელით ხორბლის ორი დიდი პურიც შეჰქონდათ ტაძარში. ესეც შავუოთის დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ლევ.23: 16 – 17 .
გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი.
მიიტანეთ შესარხევად ორი პური თქვენი საცხოვრებლიდან; ორი მეათედი ეფის გამტკიცული ფქვილისაგან უნდა იყოს, საფუარიანი უნდა გამოცხვეს, უფლის პირველნაყოფია ეს.

რატომ მაინცდამაინც ორი პური ?

აქაც არის კიდევ ერთი დაფარული ჭეშმარიტება, რომლის შესახებ მინდა  ცოტაოდენი გიამბოთ.

პურს თანახში  ( ძველ აღთქმაში) სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ტაძარში, წმიდაში ყოველთვის იდო უფლის სახის წინაშე 12 პური. ეს 12 პური ისრაელის 12 ტომს განასახირებდა. ეხლა არ ჩამოვთლი მათ  სულიერ მნიშნვნელობებს და დანიშნულებებს, რადგანაც ისინი შორს წაგვიყვანს. მოკლედ რომ გიამბოთ, ორი პური, რომელიც მარტო შავუოთზე ცხვებოდა და ტაძარში მიჰქონდათ, ორი ერის სიმბოლოა. პირველი, რა თქმა უნდა,  ისრაელია, ხოლო მეორე ის წარმართები არიან,  რომელნიც შეურთდნენ ისრაელს და ერთი ღმერთის რჩეულ ერად იქცნენ იესო ქრისტეს მეშვეობით. ეს დღესასწაული წინასწარმეტყველურ ხასიათს ატარებდა, რომელიც აღსრულდა 50-ე დღეს და სრულდება ახლაც. პავლე წერს ამის შესახებ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.{ ეფეს.2:11– 14 }ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ – ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა –
იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ, ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით.
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.

და იყოს უზეანაესი ღმერთის სახელი კურთხეული !

 

თავისი უსაზღვრო სიბრძნით, როდესაც მან თორა გახსნა ამ ქვეყნისათვის, მან უკვე იცოდა, რომ ეს თორა გავრცელდებოდა არა მარტო ისრაელზე. არამედ მთელ ქვეყნიერებაზე. თორა ეს ხომ ღვთის სასუფევლის, ღვთის სამეფოს კონსტიტუციაა და ის უცვლელია, როგორც თავად მისი შემოქმედი . თორა  ხომ ჩვენ  მოგვეცა, რათა ვიმოქმედოთ შემოქმედის ნების მიხედვით. ამიტომაც თორა ჩვენ ადამიანთა ენაზე გვესაუბრება, აღგვიწერს შემოქმედის მოქმედებას შექმნილის მეშვეობით.

როგორც ამბობენ ჩვენი ბრძენები: როგორც ჩვენი შემოქმედია მწყალობელი, შენც იყავი ისეთივე მწალობელი , როგორც ჩვენი შემოქმედია სულგრძელი, შენც ისეთივე სულგრძელი იყავი. { მათ.5:48}
მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.

რატომ მაინცდამაინც ამ დღეს ?

იმიტომ რომ, თორა და სულიწმიდა განუყოფელია ერთმანეთისაგან. თორა დაიწერა ღვთის წყალობით ქვის დაფებზე, შემდეგ ღმერთის დიდი მადლით გადაინაცვლა ჩვენს გულებში, რათა ჩვენ არა მარტო ვიცხოვროთ თორით, არამედ თორამ იცხოვროს  ჩვენში და ჩვენით  და ეს ყველაფერი შეუძლებელია სულიწმიდის გარეშე. ამაში მდგომარეობს მთელი ახალი აღთქმის არსი, რომელიც დადებულია ისრაელის სახლთან . იესო ქრისტემ მათეს სახარებაში დაწერა: თქვენ ხართ სინათლე ამა ქვეყნისა {მათ.5:14}  და თორას ერთი სახელი ხომ სინათლეა. თუკი თორას გრაგნილს მთლიანად გადავაბრუნებთ, ის ისე გამოიყურება, როგორც გრძელი მდინარე. უფალმა თქვა იოანეს სახარებაში 7:38 „ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ სიცოცხლის წყლის მდინარეები.“  აქ ნაგულისხმებია ულევი დინება თორას წმიდა მუხლებისა: უფლის სწავლებისა და სიცოცხლის ინსტრუქციისა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, ჯანმრთელობა და აყვავება.

სინაის მთაზე მიცემული თორა არ შეცვლილა, პირიქით, მან ჩვენ შეგვცვალა, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ ერთ-ერთ ისრაელის მასწავლებელთან, რამბანთან ერთად: „მე მწამს მთელი რწმენით, რომ ეს თორა უცვლელია და არ იქნება სხვა თორა შემოქმედისაგან და იყოს მისი სახელი კურთხეული.“

სწორედ ეს არის ის შავუოთის ( ორმოცდამეათე დღის ) დღესასწაული, რომელსაც ფესახის (პასექის) შემდეგ ვდღესასწაულობთ და ველოდებით ოლამაბას ( მომავალ სამყაროს), როდესაც მთელი მისი თორა, სინათლე და დიდებულება ბოლომდე გაიხსნება.maxresdefault

 

ბოლოს მინდა დავასრულო გამოცხადების წიგნიდან 21 თავში ჩაწერილი სიტყვებით:
და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.

მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.

 

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი

რედაქტორი – ქეთევან რამიშვილი