ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი ანტი-სემიტიზმის ეპოქაში, ეპოქაში, სადაც სიძულვილი ებრაელი ერისადმი ყოველდღიურად მატულობს მთელს მსოფლიოში. სწორედ ამ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა, ხალხებს ზუსტად, ნათლად და პირდაპირ ვაუწყოთ ღმერთის ჭეშმარიტება ისრაელთან დაკავშირებით. ჩვენ ხელთ უნდა გვეპყრას ღვთის ჭეშმარიტებანი და ემოციების, ვნებათაღელვის გარეშე ვამცნობდეთ ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს, თანამორწმუნეებს. რატომ იკავებს ებრაელი ერი, ისრაელი, განსაკუთრებულ ადგილს ჩვენს გულებსა და ცხოვრებაში? ამაზე ყველაზე მარტივი პასუხია: ეს იმიტომ, რომ ღმერთი უზენაესია. ღმერთმა ამოირჩია ებრაელი ერი. ღმერთის უზენაესობა იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა, როცა უნდა და როგორც უნდა და ამისათვის არავის დასტური არ სჭირდება. წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ღმერთმა ამოირჩია ებრაელი ერი, თუმცა არ განმარტავს ამის მიზეზს. ასევე, როდესაც იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა შეიყვარა წუთისოფელი, ვიცით, რომ აქ უჰაერო სივრცეში გამოკიდებული დედამიწის ბურთი როდი იგულისხმება, არამედ კაცობრიობა. წმინდა წერილში არც ისაა განმარტებული, რატომ შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება ასე, რატომ მოვიდა ხორცში… ამიტომაც, რადგან წმინდა წერილი ამბობს, რომ მან ამოირჩია ებრაელი ერი, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ჭეშმარიტება. ჩვენი საქმე არ არის, რომ ამას რაციონალური ახსნა მოვუძებნოთ, ჩვენ უბრალოდ უნდა მივიღოთ და მტკიცედ ჩავჭიდოთ ხელი ამ ჭეშმარიტებას. იმისათვის, რომ ებრაელი ერის დამცველთა როლში წარვდგეთ, საჭიროა, გავაცნობიეროთ ის, რომ ჩვენ ამ ხალხის მოვალენი ვართ. მიუხედავად ჩვენი ტრადიციისა, კულტურისა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი შეიძლება რწმენის გმირიც კი იყოს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ებრაელი ერის წინაშე ვალში ვართ. რომაელთა მიმართ წერილის მე-9 თავში მოციქული პავლე გამოდის ებრაელი ერის დასაცავად. ამ დროისათვის რომაელთა ეკლესიის ხელმძღვანელობა ძირითადად წარმართებისაგან შედგებოდა, ებრაელებს კი ნელ-ნელა გვერდზე სწევდნენ, ამიტომაც პავლე იყენებს ამ ხელსაყრელ დროს ებრაელი ერის დასაცავად და გაუწყებს იმ დიდი მნიშვნელობის შესახებ, რაც ამ ერს გააჩნია ქრისტეს სხეულში. რომაელთა 9:4-5: „რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯულმდებლობა, მსახურებანი და დაპირებანი. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.“ ჩვენ ებრაელი ერის მოვალენი ვართ, რადგან მათგან მივიღეთ აღთქმა, რჯული, ტაძრული თაყვანისცემა, მათგან მივიღეთ მესია და მათ გარეშე ჩვენ არ გვაქვს ისტორია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ებრაელი ერი სრულყოფილია და უცოდველი, არამედ ეს უბრალოდ იმ როლის კარგად გაცნობიერებაა, რომელსაც იგი იკავებს ღმერთის განზრახვათა შორის. მხსნელი ებრაელებისგანაა. დანარჩენი ყოველივე მეორეხარისხოვანია ამ დიად ჭეშმარიტებასთან შედარებით, რამეთუ ამ ჭეშმარიტებამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და განსაზღვრა ჩვენი საუკუნო ხვედრი. ისრაელიანმა ერმა უდიდესი საფასური გადაიხადა, რომ ეს ჭეშმარიტება მტკიცედ დაეცვა. ამ ჭრილში მათი ისტორია მართლაც შეუცდომელია და ამას გამოცხადების წიგნშიც კარგად ვხედავთ. 21-ე თავში აღწერილია ზეციდან ჩამომავალი ახალი იერუსალიმი. „წამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე. მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან. და ჰქონდა ღვთის დიდება და მისი შუქი მსგავსი იყო პატიოსანი თვლისა, როგორც იასპის ქვისა, ბროლივით გამჭვირვალესი. ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭებზე თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა სახელები ისრაელის თორმეტი ტომისა“ (გამოცხ.21:10-12). ღმერთისათვის იერუსალიმი ძალიან ძვირფასია და ჩვენც უნდა დავაფასოთ და გვიყვარდეს ებრაელი ერი. იოანეს სახარების მე-4 თავში დაწერილია ისტორია იესოს და სამარიტელი ქალის საუბრის შესახებ, სამარიტელებსა და ებრაელებს შორის დიდი მტრობა არსებობდა და აი, ამ სიძულვილით სავსე გარემოში იესო უცხადებს ქალს, რომ ხსნა იუდეველთაგანაა. რეალობაა ის, რომ კაცობრიობისკენ მიმართულ ღმერთის მოქმედებათა შუაგულში ისრაელიანი ერი დგას. აბრაამიდან მოყოლებული ებრაელები არიან არჩეულნი ღმერთის მიერ იმისათვის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის ხსნის შესახებ ამცნონ ხალხებს. მეორე ტაძრის განადგურების შემდეგ ებრაელი ერი გაიფანტა ხალხებს შორის. ისინი არსად არ იყვნენ სასურველნი და გარდასული ეპოქის ნაშთად ითვლებოდნენ.
იესოს შესახებ ისტორია დაიწყო, როგორც ისტორია სექტისა, როგორც იუდაიზმის განშტოებისა. იესოს პირველი მორწმუნეები ებრაელები იყვნენ, სულიწმინდის პირველი გადმოსვლაც იერუსალიმში უმეტესწილად ებრაელებზე მოხდა. ფაქტობრივად, დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია სულიწმინდის გადმოსვლამ წარმართულ ქალაქ კესარიაში, კორნელიუსის სახლში და ამიტომ, საქმეების წიგნში დიდი ადგილი ეთმობა იერუსალიმის ეკლესიის ხელმძღვანელთათვის პეტრეს განმარტებას კესარიაში მომხდარის შესახებ. იესოს ისტორია დაიწყო ებრაულ წიაღში და შემდეგ, როდესაც წარმართულმა, არაებრაულმა სამყარომ მოიპოვა კონტროლი ეკლესიაზე, ხელმძღვანელთა თანამდებობათა უმეტესობა ეკლესიაში შესაბამისად წარმართებმა დაიკავეს. ამ ყოველივეს შემდგომ ებრაელი ერი მალევე იქნა უარყოფილი. ქრისტიანულმა ეკლესიამ უცებ აიტაცა შეხედულება იმის შესახებ, რომ, რადგან ებრაელებმა უარყვეს იესო, როგორც მესია, ამიტომ, ღმერთმაც უარყო ისინი. კაცობრიობის ისტორიაში ეს იდეა არავის ისე გაუვრცელებია და დაუმკვიდრებია, როგორც ქრისტიანულ ეკლესიას. ეს მწარე სიმართლეა. დღეს, ისრაელი ბრუნდება ღმერთის განზრახვათა და მოქმედებათა ცენტრში, ვინაიდან ახლოა საუკუნეთა აღსასრული. იესო ნაზარეველის დაბრუნებისას ისრაელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული. ღმერთი თავის ერს კრებს დედამიწის ყოველი კუთხიდან, თუმცა ეს პროცესი დიდი ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობს გამუდმებული ანტაგონიზმისა და ანტისემიტიზმის ფონზე. მიწის ამ პატარა ნაგლეჯზე ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ებრაელი ერის აღორძინება სხვა არაფერია, თუ არა ზებუნებრივი მოვლენა. ეს იყო ღმერთის გადაწყვეტილება. დაიბადა ერი, მაგრამ დაიბადა ცენტრალური მთავრობის, ჯარის, ეკონომიკის, სკოლების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო საელჩოების გარეშე. ამ ერს მხოლოდ და მხოლოდ მტრები ეხვია გარს, მტრები, რომლებსაც მტკიცედ ჰქონდათ განზრახული მათი განადგურება. ისრაელიანმა ერმა არა მხოლოდ გაუძლო მტერს, არამედ წინაც წავიდა და ახლა ყვავის. წინასწარმეტყველი ამოსის ბაგეებით გვამცნობს უფალი: „‛დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს. ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან. ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს. გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს. დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე, და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ,’ − ამბობს უფალი, შენი ღმერთი“(ამოს. 9:14-15).
დღეს ეს წინასწარმეტყველება სრულდება. ღმერთმა არა მხოლოდ შემოკრიბა თავისი ერი, არამედ კეთილდღეობასაც აძლევს მას. ორმოციოდე წლის წინ ისრაელში ვერსად ნახავდით ვენახებს, იყო მხოლოდ ციტრუსები. ახლა კი მთელს იუდეაშიც, გალილეაშიც, სამარიასა თუ ნებისმიერ ადგილზე ისრაელში ყველგან ნახავთ ვენახებს. ამოსის წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით სრულდება ჩვენს თვალწინ. ღმერთი აღასრულებს თავის ზრახვათ ისრაელისადმი. ეს შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს, შეიძლება ბევრი დაუნდობელი მტერიც ეხვიოს გარს ამ ქვეყანას, შეიძლება საერთაშორისო წინააღმდეგობა, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი ერთგული არის და იქნება კიდეც თავისი ხალხის მიმართ. ჩვენ კი, ვისაც გვსურს ღმერთის ზრახვათა მონაწილენი ვიყოთ, საკუთარ თავზე გამოვცდით უფლის დიად ძალას და ვიხილავთ მის სასწაულებს, თუმცა ასევე დიდი წინააღმდეგობის ატანაც მოგვიწევს. ბევრი თვლის, რომ ქრისტიანობა იოლად ცხოვრებას ნიშნავს. თვლიან, რომ თუ ღმერთს აამებ და ემსახურები, მხოლოდ კარგი მოხდება შენს ცხოვრებაში. ასეთი შეხედულება ნამდვილად არ შეესაბამება წმინდა წერილს. ბიბლიის კითხვისას აღმოვაჩენთ, რომ უფალი ტაბლას აწყობს ჩემთვის ჩემს მტერთა თვალწინ და რაც უნდა მოგართვას ამ ტაბლით, ეს შენს სასიკეთოდ იქნება. დროდარდო დგება ჟამი, როდესაც ღმერთი უშვებს ჩვენს ცხოვრებაში გასაჭირს და თავადვე მიგვიძღვის წინ. სწორედ ამ დროს, იცვლება ჩვენი ხასიათი, ვიკრებთ ძალას და ნუ გვეგონება, რომ უფალმა დაგვტოვა. უფლის სულმა, რომელმაც აღადგინა იესო მკვდრეთით, ამავე სულმა შემოკრიბა ისრაელიანი ერი, ეს იგივე სულია, ვინც უდაბნოს სიცოცხლეს ანიჭებს და იცავს ღვთის ერს მტერთაგან, იგივე სული ცოცხალი ღვთისა ცოცხლობს ჩვენში. ზაქარია წინასწარმეტყველებს: „დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება“ (ზაქ. 12:3). ერთი შეხედვით, ეს არაგონივრულია. ისრაელი, ეს პაწაწინა მიწაა, რომლის მოსახლეობაც სულ 7 მილიონს შეადგენს და ორას მილიონზე მეტი მუსულმანი მტრითაა გარშემორტყმული. ჩვენ ვერ შევძლებთ რაციონალური არგუმენტით ისრაელისადმი მიმართული სიძულვილის ახსნას, რადგან ანტაგონიზმის მოტივაცია არა რაციონალური, არამედ სულიერია. ასევე, რაციონალური არგუმენტებით ვერ ავხსნით იმას, რაც ისრაელის ასეთ აყვავებას იწვევს, რადგან ამის გაკეთება ყოველგვარ ადამიანურ ძალისხმევას აღემატება. ეს ყოვლისშემძლე უფლის მადლის ანარეკლია. ერთი მხრივ, ისრაელისადმი მიმართული სიძულვილისა და მეორე მხრივ, ღმერთის ასეთი კეთილგანწყობის მიზეზი ამ ერის მიმართ ვერ აიხსნება რაიმე ლოგიკური ან რაციონალური არგუმენტის მეშვეობით. ამ ყოველივეს სულიერი მიზეზები გააჩნია და ერთადერთი ხალხი, რომელიც მომზადებულია სრულად გააცნობიეროს ეს და იმოქმედოს კიდეც შესაბამისად, გახლავთ იესო ქრისტეს ეკლესია. ჩვენი მოწოდება უბრალო პოლიტიკურ ინტრიგებს გაცილებით აღემატება. დიახ, ჩვენ გვჭირდება ქრისტეს მიმდევრები პოლიტიკაში, მაგრამ ადამიანთა და ზოგადად, ცივილიზაციათა შედეგებს განსაზღვრავს, არის არა სამხედრო, არა პოლიტიკური, არამედ სულიერი ძალები. იესო ქრისტეს ეკლესია განსაკუთრებულად არის მომზადებული, რომ დაიკავოს სულიერი ადგილი ქვეყნიერებაზე.
ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ საზრიანობაში სატანას ვაჯობოთ. ჩვენ ღმერთის ძალაუფლება გვჭირდება, რომელიც უნდა თვალნათლივ გამომჟღავნდეს, თუმცა უფლის სულის მოქმედება ჩვენს ემოციებში არ უნდა აგვერიოს. იმას, რაც ისრაელის ცხოვრებაში ხდება, დიდმნიშვნელოვანი შედეგების მომტანია იესო ქრისტეს ეკლესიისათვის. ახალ აღთქმაში გამუდმებით მეორდება ის, რომ ღმერთი თავის მოქმედებას თავდაპირველად იუდეველის მაგალითზე გვიჩვენებს, ხოლო შემდეგ − წარმართისაზე. ქრისტეს ეკლესიასთან მიმართებითაც იმავეს თქმა შეიძლება, რადგან ისრაელიანი ერი ნიმუშია ეკლესიისათვის. ებრაელი ერი გაიზარდა და წინ მიიწევს მიუხედავად მტრის დაუცხრომელი წინააღმდეგობისა. ადვილია შევხედოთ ისრაელს და ვთქვათ, რომ ღმერთი გამოიყვანს მას ყოველგვარი განსაცდელიდან. ეს ერი გამძვინვარებული მტრებითაა გარშემორტყმული, რომელთაც მისი განადგურება სურთ და ათასობით კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ქრისტიანებს გვეადვილება იმის თქმა, რომ ღმერთი დაიცავს ისრაელს.
განსაცდელთა თუ სირთულეთა მეშვეობით ღმერთი გვამზადებს ჩვენ, იესო ქრისტეს ეკლესიას, გვწმენდს, წმენდს ჩვენს ხასიათს, რათა ვიყოთ მზად მის მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, ჩვენ გვესმის, რომ ღმერთი ამზადებს ებრაელ ერს და იმ დიდი წნეხის მიუხედავად, უფალი რაღაც დიდებულს ქმნის მათთვის. ეს ყოველივე მედლის ორ მხარეს ჰგავს: იესოს სახელისადმი სიძულვილი და უფლის განზრახვანი დღითიდღე იზრდება მთელს ქვეყნიერებაზე. სავლეს როცა მოუწოდა ღმერთმა, თქვა: „მე ვაჩვენებ რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისათვის“ (საქმე.9:16). გასაკვირია, რომ ღმერთს არ გაუმხელია პავლესთვის ის, რასაც იგი აღასრულებდა უფლის გულისათვის; არ გაუმხელია იმ წერილთა შესახებ, რომელთაც პავლე დაწერდა მომავალში და რომელნიც თაობებზე მოახდენდა დიდ გავლენას. საჭიროა საფასურის გადახდა იმისათვის, რომ ღმერთის განზრახვანი აღსრულდეს ჩვენს ცხოვრებაში. უფალი ხსნისა და გამოსყიდვის, აღორძინებისა და განახლების ღმერთია. ის გაგვათავისუფლებს ყოველგვარი ბორკილისაგან იესოს მიერ ჯვარზე გაღებული მსხვერპლის მეშვეობით. ის მწყემსია, ხოლო ჩვენ − ცხვარი მისი სამწყსოსი და თუკი ჩვენი მწყემსი შავეთის ველზე მიგვიძღვის, ის არ დაგვტოვებს იქ და აუცილებლად ბოლომდე გაგვიყვანს.
მარკოზის სახარებაში იესო დაუფარავად ამბობს: „მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო“ (მარკ.13:13). ისრაელისადმი მიმართული არალოგიკური, დაუსაბუთებელი სიძულვილის ხილვისას გასაგები ხდება, რომ ქრისტიანებიც დადგებიან ასეთი არალოგიკური და დაუსაბუთებელი სიძულვილის წინაშე იესო ნაზარეველის სახელის გამო, თუმცა ამან არ უნდა შეგვაჩეროს. ღმერთის ერის დასაცავად ჩვენ შეგვიძლია ყველას ვამცნოთ ის, რასაც აკეთებს ღმერთი. საუკუნეთა აღსასრულის მოახლოებასთან ერთად იმატებს სიცრუე, ქვეყნიერება გაცილებით მეტად ხორციელი და უფრო მეტად ჩაიძირება უზნეობაში. ეს ეხება არა მხოლოდ მათ, ვინც ჩვენი რწმენისაგან განზე მდგომთ, არა მხოლოდ წარმართებს, არამედ მათ, ვინც ქრისტიანობას საფარად იყენებს. ამიტომაც, უნდა ვისწავლოთ საკუთარი გულების დაცვა: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმ. 2:15).
ბევრ ადგილას პოპულარულია შეხედულება იმის შესახებ, რომ ღმერთს ერთზე მეტი აღთქმა აქვს, რომ არსებობს ორმაგი აღთქმა: აღთქმა ებრაელ ხალხთან და ახალი აღთქმა წარმართებთან, თითქოს ებრაელებს იესო ქრისტესთან დაპირისპირება აღარ სჭირდებათ, რადგან მათ არ ეხებათ წარმართებთან დადებული ახალი აღთქმა, მაგრამ იესომ თქვა: „…მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე.14:6). ბევრი არჩევანი არ არსებობს. არ არსებობს ერთზე მეტი გზა.იესოა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. წმინდა წერილის თანახმად, მხოლოდ იესოს სახელშია ხსნა და ამიტომაც, ჩვენ გვეკისრება პასუხიმგებლობა, რომ ამ ჭეშმარიტების შესახებ ვამცნოთ ჩვენს ებრაელ მეგობრებს. ვუთხრათ არა იმისათვის, რომ მსჯავრი დავდოთ, არა იმისათვის, რომ დამაცროთ ისინი, არამედ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჭეშმარიტებას და განვაცხადოთ მის შესახებ.
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთმა ეკლესიით ჩაანაცვლა ებრაელი ერი იმის გამო, რომ მან არ მიიღო იესო საკუთარ მესიად პირველ საუკუნეში. რა ამპარტავნებაა განვაცხადოთ ის, რომ ღმერთმა ისრაელიანები გვერდზე გასწია, რადგან მათ უარყვეს ღმერთის მიერ მათთვის შეთავაზებული. ეკლესიის ისტორიის ორი ათასწლეულის განმავლობაში თავად ქრისტიანებმაც უფლის ბევრი შემოთავაზება უკუვაგდეთ. აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთმა ებრაელი ერი გასწია გვერდზე და ჩვენ არ გაგვწევს, არ არის გონივრული. ჭეშმარიტება ისაა, რომ ღმერთს ისრაელიანები სულაც არ გაუწევია გვერდზე. მისი განზრახვანი ებრაელთა მიმართ სწორედ ისე აღსრულდება, როგორც თავად თქვა თავის სიტყვაში. ხმა უნდა ავიმაღლოთ ისრაელიანი ერის დასაცავად, რადგან ისინი იმსახურებენ ამას. უფალმა მოგვიწოდა გვიყვარდეს ისრაელი, ვილოცოთ და ვიშუამდგომლოთ მისთვის: „რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (ეფეს.6:12), რადგან უფალი ეძებს ადამიანებს, რომლებიც მტკიცედ იდგებიან მის წინაშე: „და მე ვეძიე მათში კაცი ღობის მომღობავი და ჩემს წინაშე ნანგრევებზე მდგომი ამ ქვეყნის გულისათვის, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვიპოვე“ (ეზეკიელი 22:30). დაე, ჩვენზე ნუ იტყვიან ასე. დაე, უფალმა გვპოვოს მის წინაშე მტკიცედ მდგომ ადამიანებად.