ღვთის სასუფევლისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ, ამ უკანასკნელ ჟამს, ეკლესიამ, სრული სისრულით, გაიგოს ისრაელისა და ეკლესიის უნიკალურ როლთა და იმ ამოცანათა შესახებ, რომელთა შესრულება ორივესთვის აუცილებელია მესიის დაბრუნებამდე. ეს შეეხება ეკლესიის შიგნით მორწმუნე ებრაელებსაც, რომლებიც მოწოდებულნი არიან იყვნენ სინათლედ საკუთარი ხალხისათვის. მოციქული პავლე როგორც წერდა, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ უცოდინარნი ამ საიდუმლოსი (რომ.11:25), თუმცა, დღემდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გაუგებრობა არსებობს. არა მხოლოდ ებრაელი ქრისტიანებისადმი, რადგან მათ უნდა გამოხატონ საკუთარი რწმენა იეშუასადმი, არამედ ჩვენს სულიერ ოჯახად გაერთიანებასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან, ამ დრომდე, ჩვენ აშკარად გაყოფილნი ვართ.
ფაქტობრივად, ბევრი რამ იქიდან, რასაც ვკითხულობთ და, რაც გვესმის ეკლესიაში, ხელს უწყობს ამ დაყოფას, ან შენაცვლების თეორიის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი, ან სწავლებით იმის შესახებ, რომ ეს დაყოფა უნდა ბოლომდე გაგრძელდეს, იმ დრომდე, როცა ღმერთი თავად გაარკვევს საქმეს ისრაელთან ეკლესიისგან დამოუკიდებლად. მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად „ელინთაგან“ შემდგარი ჩემი ოჯახისადმი, რომელიც მე, მორწმუნე ებრაელს, საკუთარი ოჯახივით მიყვარს, მე ორივე სწავლებას არასწორად ვთვლი.
მოდით, თვალსაჩინოებისათვის ვცადოთ და შევხედოთ ებრაელებისა და „ელინებისგან“ შემდგარ ღვთის ოჯახს, როგორც წრეს. ებრაელები პირველნი იქნენ გადაყვანილნი ოჯახის საკუთარ ნახევარზე, მაგრამ, შემდეგ, მოიკვეთნენ ურწმუნოების გამო, ხოლო წარმართები კი ქრისტეს გაჰყვნენ და საკუთარი ნახევარი დაიკავეს ისრაელის ნატამალის მეშვეობით, რომელმაც დააარსა კიდეც ეკლესია. ამგვარად, ღმერთის თვალთახედვით, ებრაელებისა და „ელინებისგან“ შემდგარ მის სულიერ ოჯახს, სინამდვილეში, არც არასოდეს უარსებია. და მაინც, ჩვენ გვესმის იესოს გულის სიღრმიდან ამომავალი ძახილი იმის შესახებ, რომ მისი ოჯახი იყოს ერთიანი (იოან. 17). დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო ამ სტრიქონებში იმის დასანახად, რომ იესო ლაპარაკობდა არა მხოლოდ მორწმუნეთა ერთობაზე წმინდა წერილის ამ ნაწილში, არამედ თავისი ებრაული და „წარმართული“ ერთობაზეც.
ყურადღებით წაიკითხეთ ეს თავი და დაინახავთ, რომ, თავიდან, ის ლოცულობდა თავის ებრაელ მოციქულთათვის, შემდეგ, მე-20 მუხლში, ის იწყებს ლოცვას მათთვის, ვინც ირწმუნებს მოციქულთა უწყებას. ამ დროისათვის, ესენი, ძირითადად, არიან მორწმუნენი „წარმართებიდან“ და იესო მათი ერთობის შესახებ ლოცულობდა, მაგრამ ეშმაკმა დაანგრია ურთიერთობა მორწმუნეთა ამ ორ ჯგუფს (ებრაელებსა და „ელინებს“) შორის, რადგან მან იცის, რომ, დადგება დრო და ჩვენ სულიერ ოჯახად გავერთიანდებით. ამას მოგვიანებით განვმარტავ.
ამ უკანასკნელ ჟამს, აღარ უნდა ვუყუროთ ისრაელს და ებრაელებს მათ ამჟამინდელ მდგომარეობაში, არამედ უნდა ვუყუროთ მათ რწმენით ღვთის სიტყვის პრიზმის მეშვეობით. სიტყვა კი ამბობს, რომ მათ სულებზე არსებული საბურველი დროებითია და ის მოიხსნება (რომ.11:25-27). სინამდვილეში, ისრაელი აღთქმის ერია, რომელიც სულიერად უნდა აღორძინდეს უფლის მოსვლამდე, ღვთის სიტყვაში მოცემულ მის დაპირებათა თანახმად. ჩვენ უნდა ვუყუროთ მათ, როგორც ღვთის ოჯახის ნაწილს, რომელიც უნდა აღორძინდეს წრის სისრულის აღდგენამდე, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ისინი მამის გულში არსებული სიყვარულით, რომელსაც ძალიან უნდა, რომ მისი პირმშო შინ დაბრუნდეს. ამ სიყვარულზე უფრო მცირე რამ საქმეს ვერ უშველის. ჩვენ (დანარჩენი ღვთის შვილები ღვთის ოჯახში) უნდა დავინახოთ ისრაელის სულიერი გამოღვიძება, როგორც უკანასკნელი ჟამისათვის განკუთვნილი ღმერთის დიდებული გეგმის გამოვლინება, ჩვენ ამ გეგმას უნდა ვეპყრობოდეთ ისე, როგორც საკუთარს. განა ასე არ უნდა ხდებოდეს ოჯახში? იქნებ, რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩა?
სინამდვილეში, მწამს, რომ ღმერთმა უკანასკნელ ჟამთათვის განკუთვნილი თავისი გეგმა ისე შეადგინა, რომ ამ ჯგუფთაგან ვერც ერთი ვერ გახდეს სრული მეორის გარეშე, რაკი ჩვენ საოცრად ვართ დაკავშირებულნი ერთმანეთთან ღმერთის საბოლოო, მოწყალე გეგმაში, მიწად და ცად სრული უფლობის მოპოვებისათვის − იმისათვის, რომ ისრაელმა მიიღოს ხსნა, ხოლო ეკლესია გახდეს მხსნელი აგენტი ისრაელის გადასარჩენად. საქმე თუ მართლაც ასეა, მაშ, აუცილებლად კარგად უნდა გადავხედოთ და გავერკვეთ ჩვენს რწმენასა და შეხედულებებში, განსაკუთრებით, თუ ისინი გვაშორებს ჩვენი ღვთიური მოწოდებისგან, რომლის მიხედვითაც, ჩვენ, უნდა დავეხმაროთ უფალს ისრაელის მიწაზე დაბრუნებაში. ეკლესია ძალიან სერიოზული რამაა!
მესმის, რომ ეს სიტყვები შეიძლება გამოწვევა იყოს ზოგიერთი ჩვენგანისათვის, მაგრამ მე ამ სიტყვებს ვწერ ქრისტესადმი სიყვარულის გამო, იმისათვის, რომ, ჩვენს დროში, მესიის სხეულმა ჭეშმარიტ ერთობას მიაღწიოს ებრაელებსა და „ელინებს“ შორის, მიაღწიოს საკუთარი მოწოდების ძირეულ გაგებას წმინდა წერილის უკანასკნელ თავში აღწერილ მოვლენებში მონაწილების მისაღებად და დაინახოს იესოს სამეფო დედამიწაზე. ეკლესია როცა ამ გარემოს სინამდვილედ მიიღებს, ჩვენ გავიგებთ ჩვენი საკუთარი მონაწილეობის დიდი მნიშვნელობის შესახებ უკანასკნელი დროის ამოცანის შესრულების საქმეში; ამოცანა იმისა, რომ სიცოცხლე გამოვუთავისუფლოთ ჩვენს პირველშობილ ძმას − ისრაელს და დავინახოთ ღვთის ოჯახის სრული აღორძინება. ღმერთო ჩემო, რა საპატივსაცემო ამოცანა დაგვაკისრა მან ეკლესიას ამ უკანასკნელ ჟამს! სწორედ ჩვენმა თაობამ და ეკლესიაში მყოფმა იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე დიდი ხანია ელიან უფლის დაბრუნებას, უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება ისრაელისადმი. დადგა დრო ხსნისა და აღორძინებისა. პირველნი იქნებიან უკანასკნელნი, ხოლო უკანასკნელნი − პირველნი, როგორც ამბობდა იესო!
როლების მკაფიო გაგება
უგუნურებაა რწმენა იმისა, რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი, როცა ისრაელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ისრაელის თავის მიწაზე აღორძინებასთან დაკავშირებით უკვე აღსრულებულია. მოსეც და წინასწარმეტყველებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ისრაელი ჯერ დაბრუნდება თავის მიწაზე და შემდეგ − სულიერად განიმწინდება. წაიკითხეთ წმინდა წერილის შემდეგი ადგილები: მეორე რჯული 30:4-6; იერემია 31:37; ეზეკიელი 36:22-28. ღვთის სიტყვა არ ცრუობს!
თქვენ თუ წრფელად გწამთ ჩანაცვლების თეორიის ან ამას ეკელსიაში ასწავლით, მაშ, აუცილებელია მოინანიოთ და უფალს ნება მისცეთ, რომ თქვენი გული და თქვენი სწავლება გამოასწოროს, ამის შემდეგ კი მხარდაჭრა გამოუცხადოთ უფლის სულიერი ოჯახს, რაკი ქრისტეში არ არის განკითხვა. მე ასევე გირჩევთ, წაიკითხოთ ჩემი წიგნი „ეზეკიელის თაობა“ (The Ezekiel Generation), სადაც ეს საკითხი დეტალურადაა განხილული. ამ წიგნის მეშვეობით შეგიძლიათ განკურნებისა და აღორძინების მიღება.
მეორე მხრივ, ეკლესიაში მრავალი წრფელი მორწმუნეა, რომლებიც თვლიან, რომ „ერთ ახალ ადამიანს“ ქრისტეში არავითარი განსხვავება არ აქვს ებრაელებსა და „ელინებს“ შორის. ესეც არასწორია. მოციქულ პავლეს არასოდეს უგულისხმია ის, რომ გაქრებოდა განსხვავებანი ებრაელ ქრისტიანებსა და წარმართ ქრისტიანებს შორის, არამედ ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ სულიწმიდაში ახლა ყველანი აბსოლუტურად თანასწორნი ვართ და ისრაელთან დადებულ აღთქმათა თანამემკვიდრენი გახლავართ ებრაელებიც და არაებრაელებიც. პირველი საუკუნის „ელინ“ მორწმუნეთათვის რთული იყო კვალდაკვალ მიდევნა და რწმენაში განვითარება მდიდარი ებრაული მემკვიდრეობის ფონზე. სწორედ ამიტომაც შრომობდა მოციქული პავლე ასეთ ძალისხმევით იმისათვის, რომ მათთვის ეს ძირითადი პრინციპები გასაგები ყოფილიყო.
პავლეს რომ ნებისმიერი განსხვავების გაუქმება ეგულისხმა ებრაელთა და არაებრაელთა შორის, მაშ, იერუსალიმში დაბრუნებისას, რატომღა დაემორჩილა მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ უფრო ეფექტურად ექადაგა კეთილი უწყება თავის ებრაელ ძმათათვის (საქმე. 21:17-26)? ის თუ მართლაც ასწავლიდა იმის შესახებ, რომ ებრაელთა და ელინთა შორის განსხვავებანი გაუქმებულია ქრისტეში, მაშ, რატომღა იქცეოდა ასე? არა, ის იყო იუდეველი იუდეველთაგანი იუდეველთათვის და ელინი ელინთაგანი ელინთათის, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა მათი, ვისაც ემსახურებოდა იმ იმედით, რომ მათ ღმერთთან მიიყვანდა (1 კორ.9-20-23).
ის, რაზეც პავლე მოციქული ყურადღებას ამახვილებს გალატელთა მიმართ წერილში, არ აუქმებს ებრაელებს ან ელინებს, არამედ ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს ჩვენს ახალ მდგომარეობას სულში ქრისტეს მეშვეობით:
„რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.“ (გალ. 3:26-29).
ეს სხვადასხვა შედარება კარგად განმარტავს პავლეს აზრს. ჩვენ ხომ გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალები და მამაკაცები აბსოლუტურად თანაბარნი არიან სულში ქრისტეს მეშვეობით, ეს არ აუქმებს განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის ან ქმრებსა და ცოლებს შორის, მაგრამ ქრისტეში ყველა ერთნი ვართ!
მონათა უფლებებიც არანაირად არ შეცვლილა იმ დროს, მაგრამ ისინი სხვანი გახდნენ სულში. მსგავსადვეა საქმე ებრაელებსა და „ელინებთან“ დაკავშირებითაც. ჩვენ შორის, ღვთის შვილებს შორის, აღარ არსებობს განსხვავება, რადგან ჩვენ ერთნი ვართ და თანამემკვიდრენი ვართ ახლა.
ჩვენ ამ ერთობის და განსხვავებათა დანახვა შეგვიძლია თავად სამებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთი მთლიანობაა, თითოეულს თავისი უნიკალური და განმასხვავებელი როლი აქვს ღმერთის ამ ერთობაში. იგივე შეეხება ღვთის ოჯახს სულში ებრაელებსა და „ელინებს“ შორის და ჩვენთვის აუცილებელია, რომ ვისწავლოთ ამის მიღება და კურთხევა, რათა მხარი დავუჭიროთ ისრაელის სულიერ გამოღვიძებას, რაც უნდა მოხდეს, რომ დროთა აღსასრული დადგეს.
ამგვარად, ჩვენი განსხვავებული როლები შენარჩუნებულია და მადლობა ღმერთს ამისათვის, მაგრამ ჩვენ ჯერ კარგად არ გვესმის ეს. პირიქით, თუ ებრაელი ირწმუნებდა და ეკლესიაში მოვიდოდა, ყველა ველოდით, რომ მას მთლიანად უნდა გადაეღო „ელინთა“ ჩვეულებები და ტრადიციები, მაგრამ, დაე, ასე ნუ იქნება, რადგან ისინი (ებრაელები) მოწოდებულნი და არჩეულნი იქნენ იმისათვის, რომ სინათლე დაუბრუნონ საკუთარ ხალხს და ჩვენც უნდა მხარი დავუჭიროთ და ვაკურთხოთ ისინი ამ მოწოდებაში და დავეხმაროთ ებრაელთა რწმენამდე მოყვანაში.
მე იმას არ ვამბობ, რომ ებრაელები ისევ რჯულის შესრულებას უნდა დაუბრუნდნენ ხსნის მოსაპოვებლად, მაგრამ ვამბობ იმას, რომ ისინი თავისუფალნი არიან იმისათვის, რომ იცხოვრონ, როგორც ებრაელებმა თავისი მემკვიდრეობით, როგორც მათ სულიწმიდა უწინამძღვრებს, საკუთარი ერის სახსნელად. მე ასევე არ ვაკრიტიკებ „ელინთა“ ტრადიციებს, რომელთაგან ბევრს სიხარულით ვიღებ, მაგრამ, როგორც მორწმუნე და იესოს მიმდევარი, განა მე თავისუფალი ვარ რჯულისგან, რომ მქონდეს თავისუფლება რჯულში? განა მე არ ვარ თავისუფალი ვიცხოვრო „ელინი“ მორწმუნეებისგან შემდგარ ჩემს ოჯახთან ერთად და განა არ ვარ თავისუფალი, რომ ვიცხოვრო, როგორც ებრაელმა ჩემი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით? განა მე არ მაქვს იმის თავისუფლება, რომ აღვნიშნო უფლის დღესასწაულები, რომლებიც, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებს თავად იეშუასა და სულიწმიდაზე? თქვენ კი, როგორც მორწმუნეებს „ელინთაგან“, განა არ გაქვთ თავისუფლება, რომ ასევე აღნიშნოთ უფლის დღესასწაულები? არის დაწესებული დღესასწაულები და დრონი სულში, რომლებიც მოგვპარეს (ეს ჩემი წრფელი შეგრძნებაა) ეკლესიის მოწყვეტით თავისი ებრაულ სამოციქულო ფესვებიდან და მემკვიდრეობიდან.
იმისათვის, რომ გამოღვიძება მოხდეს უფლის სხეულში ჩვენს დროში, უნდა სულიერი გაერთიანება მოხდეს ჩვენ შორის, როგორც მის შვილებს შორის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ისრაელისთვისაც და ეკლესიისთვისაც. სასიცოცხლოდ აუცილებელია ებრაელთათვის უფალში ხსნის მოპოვება, ელინთათვის კი − საკუთარი დანიშნულების შესრულება ისრაელში მოშურნეობის აღსაძვრელად და ღვთის მადლის გამოსათავისუფლებლად ებრაელთა მიმართ. ისევე, როგორც ღმერთმა გამოიყენა ისრაელი, რომ ეკლესია შობილიყო, ახლა, თავისი ოჯახის წრე რომ გაამთლიანოს, ჩვენ უნდა მივუტანოთ შობა მათ. ეს ძალიან გასაგები და მკაფიოა, როცა ამ ფონზე განვიხილავთ.
მომდევნო სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ეკლესიის როლის მნიშვნელობას უკანასკნელ დროში ღვთის დიდების გაცხადების საქმეში. ჩვენ ასევე განვიხილავთ ზოგიერთ დაბრკოლებას, რომლებიც მტერმა აღმართა ჩვენს გზაზე ეკლესიის წარსულის მეშვეობით, რათა ხელი შეგვიშალოს საკუთარ დანიშნულებაში შესასვლელად. ამ საკითხთაგან ზოგიერთი რთული და დელიკატურია, მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვიოთ მათში იმისათვის, რომ შევიდეთ ამ უკანასკნელ ჟამში.
მტკიცედ იდექით. ყველაფერი კარგად იქნება.
თარგმნა – ნინო ხუროშვილმა
წყარო: http://ieshua.org/