სტუდენტი როცა ვიყავი, ვხედავდი, როგორ იყენებდა ღმერთი მამაჩემს. ის ხუცესი იყო. ვხედავდი, როგორ იღებდნენ ხსნას ადამიანები, იკურნებოდნენ და თავს აღწევდნენ სირთულეთ და გამიჩნდა დიდი სურვილი იმისა, რომ მამაჩემივით ხუცესი გავმხდარიყავი. ერთ დღეს მამაჩემს ვაცნობე ჩემი გეგმების შესახებ, რომ ვაპირებდი ბიბლიურ სასწავლებელში ჩაბარებას და მის კვალდაკვალ სიარულს. მეგონა აღფრთოვანებული დარჩებოდა, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მისი პასუხი: „შვილო, თუ შენ გრძნობ მოწოდებას ამ მსახურებისკენ, გირჩევ, ჯერ საერო პროფესიას დაეუფლო. წადი და იმუშავე მშენებლობაზე!“
წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვხვდებოდი, რატომ მითხრა მან ეს სიტყვები. ის თავადაც მშენებლობაზე მუშაობდა და შაბათ-კვირას მახარებლობას ეწეოდა. მსახურება სწრაფად იზრდებოდა და ამიტომ იძულებული გახდა მთელი თავისი დრო ამ მსახურებისთვის დაეთმო, მაგრამ მშენებლობაზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება ყოველთვის ეხმარებოდა იმაში, რომ ჩვეულებრივ ადამიანთათვის გასაგები ენით ესაუბრა და ადვილად დაემყარებინა მათთან ურთიერთობა. იმ რვა ეკლესიაში, რომლებიც მან დააფუძნა, ხალხი მას ყოველთვის „თავისიანად“ მიიჩნევდა. ის თავად აგეგმარებდა და აშენებდა ეკლესიის შენობებს. გარდაცვალებამდე მხოლოდ რამდენიმე წლით ადრე დაანება თავი ფიზიკურ მუშაობას, რაც ყოველთვის გახლდათ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
პირველი „ორმოცდაათობა“
გამოსვლის წიგნში ვპულობთ სულ პირველ ხსენებას ადამიანისას, რომელიც „ღვთის სულით იყო აღვსილი“. დაფიქრდით, ეს ვინ უნდა ყოფილიყო? ეს დიდი სჯულმდებელი მოსე იყო თუ მღვდელმთავარი აარონი, თუ 70 უხუცესი, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ? არც ერთი მათგანი.
„აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან, და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით, რომ შეეძლოს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავება, მოსაოჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთთა დასამზადებლად“ (გამოსვლა 31:2-5)
ამგვარად, პირველი ადამიანი, რომელზეც ბიბლი ამბობს, რომ „ღვთის სულით იყო აღვსილი“, არ ყოფილა სასულიერო პირი, არამედ ეს გახლდათ რიგითი მუშა. ბეცალელმა შესაძლოა არ იცოდა, როგორ წარემართა ღვთის თაყვანისცემა, ექადაგა ან წინასწარმეტყველება წარმოეთქვა, მაგრამ მან იცოდა, როგორ გამოეკვეთა ქვები და ხე, როგორ დაემუშავებინა ლითონი და სხვა მასალები.
ეს უდიდეს კეთილშობილებას ანიჭებს ჩვენს ხელთა ნამუშევარს. დასაწყისიდანვე, შრომას განსაკუთრებულად აფასებდა ღმერთი. ის საკუთარ თავთან აიგივებს შრომას. უძველესი დროის ღვთაებანი ცნობილნი არიან იმით, რომ საკუთარ ცხოვრებას თავაშვებულობასა და გართობაში ატარებდნენ, მაგრამ ბიბლიური ღმერთი მშრომელი გახლდათ − ცისა და ქვეყნის შემოქმედი. ის არის „…ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება“ (ესაია 40:28). ამგვარი ყოვლისშემძლეობისა და ამოუწურავი ენერგიის მიუხედავად, მან მაინც შეისვენა ექვსდღიანი მუშაობის შემდეგ და წმიდად აქცია მეშვიდე დღე, როგორც დასვენების დღე.
ებრაული შრომის ეთოსი
შრომა დიდად ფასეულია ებრაულ ტრადიციაში: „გიყვარდეს შრომა!“ გახლავთ სამეასის თალმუდური მაქსიმი. სხვა ბრძენი ამბობს: „დიდია შრომის საზომი სიზარმაცის სათნოებასთან შედარებით“.
ეს ცხოვრებისადმი ბერძნული მიდგომის საწინააღმდეგოა. არისტოტელეს მიხედვით, ფიზიკური შრომა „დროის ფუჭი ხარჯვაა“, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ელიტა ჩართული ყოფილიყო „გონების სუფთა სავარჯიშოებში“ − ხელოვნებაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკაში.
ამის საპირისპიროდ, ბიბლიაში დაწერილია, რომ ადამიანი ღმერთმა ედემის ბაღში მის „დასამუშავებლად და დასაცავად“ მოათავსა (დაბადება 2:15). ბაღი მუდმივი არდადეგების ადგილი არ ყოფილა, არამედ აქ ადამიანს დავალებები უნდა შეესრულებინა. ღმერთი აკურთხებს ჩვენს ხელთა შრომას (რჯული 28:12). შრომის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა (oved) გამოიყენება ღვთისადმი ჩვენი მსახურებისა და თაყვანისცემის აღსანიშნავად.
ბევრ კულტურაში არსებული მკაცრი ზღვარი საეროსა და წმინდას შორის არ გახლავთ ბიბლიისათვის დამახასიათებელი. მთლიანი ისრაელიანი ერი ითვლებოდა სამეფო სამღვდელოებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი წმინდა იყო ღმერთისათვის.
იესო თავად დურგალი იყო (ქვისმთლელი), სავარაუდოდ, თორმეტი წლის ასაკიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ის, დაახლოებით, 18 წლის განმავლობაში შრომობდა, სანამ ოცდაათი წელი შეუსრულდებოდა და მხოლოდ სამი წელი გაატარა „სულიერ მსახურებაში“. ეს არის 6:1 შეფარდება. ზეცაშიც კი იესო იმავე, მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამუშაოს ასრულებს, რადგანაც, როგორც თქვა, ის წავიდა იმისათვის, რომ ადგილი მოგვიმზადოს (იოანე 14:2-3).
მოივაჭრეთ ჟამი
სინამდვილეა ის, რომ ჩვენი შრომა დაიწყევლა ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგად. დღევანდელ მსოფლიოში შრომა უსიამოვნო აუცილებლობად იქცა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახები უზრუნველვყოთ. ჩვენი სამუშაო ხშირად შეუსრულებლად გვეჩვენება და მისი შედეგებიც ყოველთვის როდი შეესაბამება ჩვენს ძალისხმევას, მაგრამ ღვთის სიტყვაში ვპოულობთ გზას, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ჩვენს ყოველდღიურ შრომას მნიშვნელობა მივანიჭოთ.
მოციქული პავლე საოცარ სიტყვებს ეუბნება ეფესოში მცხოვრებ მორწმუნე მონებს. მონებს ხშირად ბევრი არაფერი ეთქმოდათ და მძიმე შრომის გამო ძალიან ცოტა დრო რჩებოდათ საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ღვთის ნებაზე ფიქრისთვის და მაინც, პავლე სწერს მათ:
„მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს. იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.“ (ეფესელთა 6:5-8)
პავლე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა სამუშაოს ასრულებთ, მნიშვნელობა ამ სამუშაოსადმი თქვენს დამოკიდებულებას აქვს. ამ სიტყვებმა აღამაღლა საზოგადოების ფსკერზე მყოფთა მდგომარეობა.
შეიძლება ყველაზე მკაცრ ბატონს ემსახურებოდეთ, მაგრამ თუ შრომობთ ისე, როგორც „ქრისტესთვის“, თქვენი სამუშაო ადგილი წმინდათა წმინდა ადგილად იქცევა. თქვენ მეტად აღარ ემსახურებით დესპოტ მმართველს, არამედ ხდებით „ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას“.
მსგავსავდე, პავლე სწერს კორინთოში არსებულ ეკლესიას: „…თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ…“ (1 კორინთელთა 10:31). მნიშვნელობა არ აქვს, რა სამუშაოს ვასრულებთ, ჩვენ ამ სამუშაოს გამოყენება შეგვიძლია ღმერთის სადიდებლად. ამგვარი დამოკიდებულებით თუ მივუდგებით სამუშაოს, ღმერთის კურთხევაც მოეფინება ჩვენს საქმეს. დურგალი თუ ხართ და ჩაქუჩით ლურსმნებს არჭობთ, მდივანი თუ ხართ და წერილებს წერთ, აპროგრამებთ კომპიუტერულ ფაილებს, ბავშვებს ასწავლით სკოლაში, თუ იატაკს გვით საავადამყოფოში, თუ საქმეს გულმოდგინებით ეკიდებით და ასრულებთ მას, როგორც ღმერთისათვის, თქვენი სამუშაო ადგილი თაყვანისცემის წმინდათა წმინდა ადგილად გადაიქცევა.
მართლაც, ეს ცნება რეფორმაციის საკვანძო ნაწილი გახლდათ და ცნობილი იყო, როგორც „პროტესტანტული შრომის ეთიკა“. ფილოსოფოსი მაქს ვებერი დასავლეთის საზოგადოების წინსვლას ბიბლიურ, პიეტისტურ დამოკიდებულებას უკავშირებს.
მინდა გაგამხნევოთ და მოგიწოდოთ საკუთარ ცხოვრებაში სულიწმიდის მოწვევისკენ. სთხოვეთ ღმერთს აავსოს თქვენი ყოველდღიური საქმიანობა თავისი სულით ისევე, როგორც ბეცალელის ცხოვრებაში მოხდა ეს 3500 წლის წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თაყვანისცემა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე საათის გატარება საკვირაო მსახურებაზე, არამედ გაგრძელდება დღე-ღამეში 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში.
ბიბლიური დამოკიდებულების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია მოვივაჭროთ ჟამი, ჩვენი შრომა და ჩვენი ცხოვრების ყოველი ნაწილი. შემდეგ კი ღმერთი აკურთხებს ჩვენს ხელთა შრომას.
ქრისტიანულ საელჩოში ვმუშაობ თუ ვშრომობ, როგორც მეცნიერი, ღმერთის სული მაძლევს სიბრძნეს და მიჩვენებს მიმართულებას. მე ვგრძნობ, როგორ მიმიძღვის წინ მაშინაც, როცა ვიყენებ ლაზერს (nano-second laser) ჩემს ლაბორატორიაში და მაშინაც, როცა მსგავს ბიბლიურ სწავლებას ვწერ.
მნიშვნელობა არ აქვს, რა სამუშაო გვაქვს, ღმერთი უყურებს მას და ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უყურებს ჩვენს გულებს. ჩვენ უნდა მივიღოთ მისი სული და ცხებულება მაშინაც, როცა რაღაც ჩარხს ვამზადებთ და მაშინაც, როცა ლოცვისას ვითხოვთ მის თანდასწრებას.
ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა შესაძლოა მოგვიწოდოს იმისკენ, რომ მთელი დრო ეკლესიაში მსახურებას დავუთმოთ. მოციქულები, წინასწარმეტყველები, მახარებლები, მასწავლებლები და ხუცესები მიცემულნი არიან ღვთის ხალხისათვის, რათა მათ ასწავლონ მორწმუნეებს ცხოვრებისეულ გამოწვევათა წინაშე მყარად დგომა (ეფესელთა 4:11), მაგრამ თითოეული ჩვენგანი, დიასახლისი იქნება ის თუ მუშა, მებაღე თუ ბუღალტერი, ყველანი სრულ დროს ვუთმობთ ღმერთს, როცა მთელს ჩვენს სამუშაოს მისთვის ვასრულებთ.
ვლოცულობ, რომ ეს ორმოცდაათობა, ღვთის სული მოვიდეს „სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით“, რათა გცხოთ ხელახლა იმისათვის, რომ გახდეთ ძლიერი დამოწმება ქრისტესათვის იქ, სადაც მან დაგაყენათ.
ავტორი – იურგენ ბიულერი
ICEJ აღმასრულებელი დირექტორი
თარგმნა – ნინო ხუროშვილმა