ცხოვრებისეული ისტორიები. კონსტანტინე გერდოვი. „იყო ებრაელი, ნიშნავს იცნობდე საკუთარ მხსნელს…“

kgerdov1b

 

დავიბადე კიევში, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საშინელ კომუნალურ ბინაში.  ყოველმხრივ ებრაული ფესვები მაქვს.

ებრაელობის შესახებ ბებია მასწავლიდა. ხან სახლში აღშფოთებული და გაოგნებული ვბრუნდებოდი და ბებიას ვეკითხებოდი, რატომ ხდებოდა ასე. ის კი, ხშირად, არასტანდარტულ პასუხებს მცემდა. მაგალითად, მე ვეკითხებოდი ბებიას, რატომ მიწოდებენ ქუჩაში ურიას? ის კი მეკითხებოდა, ვინ მიწოდა ასე და მერე მეუბნებოდა: „შენ კი უთხარი, რომ ის „კაცაპია“ (кацап – араб. kassab – ყასაბი. ნაციონალური მტრობის ნიადაგზე წარმოშობილი შოვინისტური სახელწოდება რუსი ეროვნების აღსანიშნავად, რომელსაც იყენებენ უკრაინელები რუსების უკრაინელთაგან განსხვავების მიზნით. მთარგმნ.შენიშვნ).

ბებიაჩემს უცნაური სახელი ერქვა – ბრუხა, მაგრამ ჩვენ მას „ბებო ლუბას“ ვუწოდებდით რატომღაც. პასპორტში კი ბრუხა ლეიბას ასული ვაინშტეინი ეწერა. მაშინ ეს ჩემთვის ისეთივე განსაცვიფრებელი რამ იყო, როგორც სხვა სამყაროდან მოსულის ხილვა. )

ბავშვობაში, ოთხ წლამდე, როცა ცენტრალური სტადიონის საპირისპირო მხარეს ვცხოვრობდი, მახსოვს ეზო. ეზოში დადიოდნენ ცხენებშებმული ოთხთვალები და ქვაფენილზე ცხენების ფლოქვებისგან გამოწვეული საშინელი ხმაური იდგა. ტუალეტი ქუჩაში იყო და ისიც ერთი საცოდავი რამ. ხანდახან, „ტროიცკის“ აბანოში დავყავდი დასაბანად. ) დედა, გვერდით მდებარე, ღილების ფაბრიკაში მუშაობდა და იქ ისეთი ლამაზი ღილები იყო, რომ მათსავით ლამაზი მას მერე აღარ მინახავს… მივდიოდი ხოლმე და ყოველთვის მაძლევდნენ ღილებს.

კომუნალური ბინა. დერეფნის ორივე მხარეს ოც ბინაზე მეტი იყო. მე ამ დერეფანში ველოსიპედით ვსეირნობდი ხოლმე. დიდი თავყრილობა იყო ხოლმე აქ… მთელს დერეფანში ორი ქურა იდგა და რაღაცნაირად, ყველას ჰყოფნიდა, რაღაცნაირად, ყველა ახერხებდა ამ ორი ქურით თავის გატანას და თუ სადმე საჭმელს ჭამდნენ, შეეძლოთ, გვერდით ჩავლილი ბავშვებისთისაც ეჭმიათ. ჩვენი ბინა 10 მეტრი იყო სულ, ოთხ ადამიანს უნდა ჰყოფნოდა და, როცა დასაძინებლად ვწვებოდით, „ავეჯი“ დერეფანში გაგვქონდა.

მერე კი ეს ებრაელობის საკითხი რაღაცნაირად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მე არ მზრდიდნენ ებრაელივით, არ მასწავლიდნენ ებრაელობასთან დაკავშირებულს რაიმეს და გარკვეული ხნის შემდეგ, მე ებრაელი არც ვიყავი. მადლობა ღმერთს, რომ მან ისე საოცრად მოაწყო, რომ სახლში თუ არ მასწავლიდნენ, სამაგიეროდ, ამას ვსწავლობდი ქუჩაში, სკოლაში და შეუძლებელი იყო იმის დავიწყება, რომ მე ებრაელი ვიყავი. მაინც იძულებული ვიყავი ვყოფილიყავი ებრაელი, ვყოფილიყავი ის, ვინც ვიყავი.

ჩემმა ბებიებმა, ჯერ კიდევ მეფის დროს, მოასწრეს ებრაულ სკოლებში სწავლა, ამიტომაც, მათ გარკვეული ცოდნა მაინც ჰქონდათ ამ საკითხში. ორივე ბებია იდიშზე ლაპარაკობდა ერთმანეთში, რაც ჩემთვის სრულიად საიდუმლო ენა გახლდათ. ცოტა ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი, ბავშვობაში ადვილად ვისწავლიდი მეც ამ ენას.

სკოლაში ანტისემიტიზმთან დაკავშირებული სიძნელეები მხვდებოდა, მაგრამ არც ისე დიდი და გადაულახავი. კლასში შვიდი ებრაელი ვიყავით და ეს არ იყო მკაფიოდ გამოხატული.

უფროს კლასებში დიდად თავს არ ვიწუხებდი სწავლით, ხან სპორტით ვიყავი დაკავებული, ხან ცეკვებით, ხან სადმე დავდიოდი. ბევრი ებრაელი სკოლაში კარგად სწავლობდა და ყოველთვის ცდილობდნენ უმაღლესი განათლების მიღებას. მე კი სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულება მქონდა და სკოლის დამთავრების შემდეგაც სამუშაოდ წავედი მამასთან ქარხანაში.

მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმშიც ვსწავლობდი, ვეუფლებოდი ქსოვილების წარმოების პროფესიას. შემდეგ კი ამ მსუბუქმა მრეწველობამ ნელ-ნელა არსებობა შეწყვიტა უკრაინაში. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ტყუილად ვსწავლობდი.

ჩემი აღზრიდან გამომდინარე, სხვაგან წასვლის შესახებ აზრები მაინცდამაინც არ მაწუხებდა. მშობლებიც არ აპირებდნენ სადმე წასვლას. მამაჩემი ამბობდა: „აქედან თუ წავალ, მოვკვდები,“ ეგონა, რომ მას აქ ყველაფერი აუცილებელი ჰქონდა, რომ ის საზოგადოების გული და სული იყო და, რომ ის ყველას უყვარდა.

სინანულის გარეშე ჩემს ებრაელობაზე ფიქრი მხოლოდ მაშინ დავიწყე, როცა მოვინანიე და ბიბლიის კითხვას შევუდექი. მხოლოდ მაშინ დავინტერესდი, დავიწყე აზროვნება და შემემცნება, მაშინ გამიჩნდა პატრიოტული გრძნობები.

მე სრული ათეისტი ვიყავი და რასაც ვერ შევეხებოდი, იმის უკვე არ მწამდა

მორწმუნე რომ გავხდი, გავაცნობიერე, რამდენად პრიმიტიული და შეზღუდული ვიყავი, არა მხოლოდ არ მესმოდა, როგორ უნდა მეცხოვრა, არამედ ისიც არ ვიცოდი, რისთვის უნდა მეცხოვრა. ) მეგონა, რომ დიდი ჭკუის კოლოფი გახლით, რომ მაგარ ფანტასტიკას ვკითხულობდი, რომ რაღაცაში ვერკვეოდი… სინამდვილეში კი იმდენად შორს ვიყავი ყველაფრისგან…

საბოლოოდ, ორმოცს რომ მივუკაკუნე, იმდენად იმედგაცრუებული და დაცარიელებელი ვიყავი…  მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად კეთილსინდისიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი: ვმუშაობდი, მყავდა ოჯახი და მქონდა ყველაფერი, რაც აუცილებლად ითვლებოდა ნორმალური ადამიანისთვის. შინაგანად კი სასოწარკვეთილების ისეთ საფეხურს, იმ ზღვარს მივაღწიე, რაც სჭირდება ღმერთს, რომ ჩაერიოს.

ყოველთვის რაღაცის მოლოდინში ვიყავი, რაღაცას ვეძებდი, რაც გააფერადებდა, გაახალისებდა ჩემს ცხოვრებას, აზრსა და მნიშვნელობას შესძენდა. ყოველთვის ვეძებდი, მაგრამ არ ვეძებდი იქ, სადაც საჭირო იყო.

დრო კი ისეთ იყო, რომ არავის არაფრის თქმა არ შეეძლო, ვერავინ მიმითითებდა. მაშინ ყველა ათეისტი იყო, გარდა ზოგიერთი სექტანტისა… თავიდანვე ნათელი იყო, რომ მათგან შორს უნდა დამეჭირა თავი, რადგან მათ მთლად რიგზე ვერ ჰქონდათ ყველაფერი თავში. )

აი, ერთხელ, ჩემმა ცოლმა სახლში ერთი ნაცნობი მორწმუნე დაპატიჟა, რათა მას ჩემზე დადებითი გავლენა მოეხდინა. თავის თავს იგი შთამომავლობით ქრისტიანად თვლიდა, რომელმაც რწმენა დედის რძესთან ერთად შეისისხლორცა, თუმცა ბიბლია, ამ დრომდე, ხელში არ სჭეროდა.

მე სულ ახალი ნაყიდი მქონდა წიგნი „ღმერთების მზის ჩასვლა“, პოლიტ.იზდატ-ის მიერ გამოცემული ანტირელიგიური ლიტერატურა. წიგნი იწყებოდა ნიცშეს „ანტიქრისტიანით“. ახლა გასაგებია, ვისი საჩუქარიც იყო ეს… ეს ყმაწვილი მე მხსნელის შესახებ მელაპარაკება, მე კი პასუხად ნიცშედან მომაქვს ციტატა. ასე ვსაუბრობდით… მაგრამ მას თავი ყოჩაღად ეჭირა, არ ნებდებოდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მაინც იმას ამბობდა, რომ იესო უფალია!

ჩაი დავლიეთ ერთხელ, მერე მეორედ.  მე მაინც ვცდილობდი გამეგო მისგან, რით იყო იესო უკეთესი ალექსანდრე მატროსოვზე, მანაც ხომ მრავალი ადამიანისთვის გასწირა თავი. აი, ასეთი იყო მაშინ ჩემი აზროვნების დონე! )

მეორე სტუმრობისას დამითანხმეს იქ წასვლაზე, სადაც ეს ჩემი ნაცნობი დადიოდა. მართალია, მე ოდნავი წარმოდგენაც არ მქონდა, სად უნდა წავსულიყავი… ახლა მიჭირს იმის გახსენება, რა განვიცადე იქ, ალბათ, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გამოვედი, ეს ლოცვა წარმოვთქვი… ჩემი ცოლიც შემომიერთდა…

მახსოვს, როგორ მოვდიოდი მსახურებიდან სახლში… განმარტოება მიყვარდა. ამგვარად, უცებ, მივდივარ და ჩემს შინაგანს ვუკვირდები. ბოლო ხანს კი ჩემი შინაგანი სავსე იყო დეპრესიით, გატეხილი ვიყავი. ახლა კი, ჩავიხედე ჩემს გულში და სიჩუმეა და სიმშვიდე და, რაც მთავარია, იმედია. ამან განმაცვიფრა. მივხვდი, რომ დიახ, ღმერთი არსებობს!

მცირე დროში წამებული ათეისტი ცოცხალ, სიხარულით სავსე ადამიანად გარდაიქმნა. რწმენა, აი, ის, ის საყრდენი, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ყველაფერს აწესრიგებს ჩემს ცხოვრებაში!

მივხვდი, რომ ერთი კვირის მერე ისევ წავიდოდი. გარკვეული ხნის განმავლობაში ასე დავდიოდი და მადლი მთელი კვირა მყოფნიდა. ისიც მახსოვს, რომ ყოველდღე ვამოწმებდ იმ ადგილზე იყო თუ არა სამყარო, სადმე ხომ არ გაქრა. რამდენიმე თვის შემდეგ საშინაო ჯგუფში სიარულიც დავიწყე და მე იქ თავს კარგად ვგრძნობდი.

მას მერე, დაახლოებით, 12 წელი გავიდა, მე და ჩემმა ცოლმა ერთად მოვინანიეთ. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ძლიერ შეიცვალა.

ჩემს მშობლებს ამაზე მშვიდი რეაქცია ჰქონდათ. მე რომ მეთქვა, რომ ბუდისტი ან ჰასიდი გავხდი, რომ თავი გადავიპარსე ან თმის სახვევით კულულების დახვევა დავიწყე (როგორც ეს ორთოდოქს იუდეველებს აქვთ), ვფიქრობ, მათ ასეთივე მშვიდი რეაქცია ექნებოდათ. სხვათა შორის, შემდგომში უფალმა ისინიც შეიწყალა.

თავიდან, ის ფაქტი, რომ სიმშვიდე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მაგრამ, რა უნდა მეძებნა შემდგომში, ეს ჯერ არ ვიცოდი. ბიბლიას გამუდმებით ვკითხულობდი, ვთავისუფლდებოდი ცოდვებისა და პრობლემებისგან და ძალიან მინდოდა წინ წასვლა.

პირველი დღეს თუ ასეთი არარეალური სასწაული მოხდა ჩემს თავს, რა იქნებოდა მომავალში?!

ყველაფრის გასაკეთებლად მზად ვიყავი. სამწუხაროდ, მაშინ არავის შეეძლო ხელი მოეკიდა ჩემთვის და წინ წავეყვანე, ამიტომაც ჩემი ენთუზიაზმი სრულად ვერ ხორციელდებოდა.

მახსოვს, როგორ მივიღე თვილა (რიტუალური განწმენდა იუდაიზმში ხოლო ქრისტიანობაში ნათლობამთარგმნ. შენიშვნ.). წვიმდა, მე კი არ ვიცოდი, რომ გარკვეული სამოსი უნდა მქონოდა ამ შთაფლვისათვის. მე კი ვიფიქრე, რომ რაც მეცვა, იმითვე შევიდოდი წყალში. კიდევ ერთი ნაბიჯი ღმერთისკენ გადადგმული… მე ძალიან ბევრს მოველოდი ამ ახალი, საოცარი ცხოვრებისგან.

მთელი ამ დროის განმავლობაში ვეწეოდი. მსახურების შემდეგ გამოვდიოდი გარეთ და ვეწეოდი. გასაკვირი ის იყო, რომ შენიშვნას არავინ მაძლევდა… ამგვარად, განწმენდის შემდეგ, მეორე დღეს, თავი დავანებე მოწევას.

ამ ეკლესიაში ხუთიოდე თვე ვიარე. 1999 წლის აგვისტო იდგა. რაღაც კონფერენცია იყო. შესვენებისას ერთ-ერთი ძმა, ვალერი გურა, მომიახლოვდა, რომელიც მომავალში, საკმაოდ ცნობილი გახდა და მითხრა: „რას აკეთებ აქ? შენ ხომ ებრაელი ხარ! შენი ადგილი აქ არაა…“ და ასე მოვხვდი თემში… )

არც ისე დიდი ხნის წინ ისრაელი მოვინახულე. ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გამახარა ამ მიწის ჭვრეტამ. ჩვენ განგებ ავდიოდით სიმაღლეებზე. ვლოცულობდით. ვუყურებდით ამ მთებს, ველებს, ზღვას. განმაცვიფრა ისრაელის მიწის სილამაზემ.

ისეთი ადამიანი ვარ, რომ ჩემზე ძნელად თუ ახდენა რაიმე შთაბეჭდილებას, დიდხანს ველოდი ისრაელში წასვლის შესაძლებლობას და ამავდროულად, მეშინოდა იმედგაცრუების. ახლა კი ვგრძნობ, რომ აღთქმულ მიწაზე ვარ და ჩემი და აღთქმული მიწის ერთობა რაღაც განსაკუთრებულია.

იყო ებრაელი, ნიშნავს იცნობდე საკუთარ მხსნელს და ამასთან, იმყოფებოდე ისარელის მიწაზე… რა გასაოცარი შერწყმაა. მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი.

მე კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯი, მაგრამ ყოველთვის მოთმინებით ველოდები, ღმერთი როდის გადამიშლის თვალწინ ახალ ჰორიზონტს. ვაკეთებ იმას, რის გაკეთებაც შემიძლია დღევანდელ დღეს.

მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ჩემმა სიცოცხლემ აზრი შეიძინა. იმისათვის, რომ ვიცი, ვინ ვარ, საიდან მოვედი და სად მივდივარ. ვიცი, ვინც დგას ჩემ გვერდით, ვინ მიცავს და წარმართავს ამ გზას. კურთხეულია სახელი მისი!

თარგმნა – ნინო ხუროშვილმა 

წყარო – http://ieshua.org