იესო “ებრაელებმა” მოკლეს?

chagall-the-white-crucifixion-1938

გასული 1900 წლის მანძილზე ქრისტესმკვლელები მეტსახელად იქცა ებრაელებისთვის. ამ ლოზუნგით ებრაელების სისხლი იღვრებოდა არამარტო იერუსალიმის ქუჩებში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქალაქებშიც. მაგრამ შეიძლება ქრისტეს მკვლელობაში მთელ ერს დასდო ბრალი?

ეკლესიის მამებმა მთელი დანაშაული  ებრაელ ერს აჰკიდეს. აი მცირე ნაწყვეტები:

“ებრაელის ნამდვილი სახე -არის იუდა ისკარიოტელი, რომელმაც ვერცხლზე გაყიდა იესო. ებრაელები ვერასდროს ვერ გაიგებენ წმინდა წერილს და ყოველთვის დამნაშავენი იქნებიან იესოს სიკვდილში… ისინი აგებენ პასუხს მხსნელის სიკვდილზე, რადგან მათი მამების ხელით მოიკლა ქრისტე” – ნეტარი ავგუსტინე

“იესო ქრისტეს სისხლის დაღვრაში არა მარტო იმდროინდელ ებრაელებს მიუძღვის ბრალი, არამედ ყველა თაობის ებრაელს ბოლო დრომდე” – ორიგენე

კარგი მაგრამ, პასუხს იტალიელებს რატომ არავინ არ სთხოვს? ბრძანება ხომ რომის პონტიუს პილატემ გასცა, და რომაელი ჯარისკაცების მიერ მოხდა ამ ბრძანების აღსრულება, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს, აწამეს და ჯვარს აცვეს იგი. დიახ, ებრაელი ლიდერებიც იყვნენ ჩართული ამ საქმეში, მაგრამ საბოლოო ბრძანება გასცა პილატემ.

ჩვენთავს ასევე უნდა დავსვათ კითხვა: ასახავდა თუ არა ეს ებრაელი ლიდერები, მთელი ერის გრძნობებსა და განწყობას? დაწერილია, რომ ამ ლიდერებს იმ ხალხის ეშინოდა, რომელსაც ძლიერ უყვარდა ის და მიჰყვებოდა მას.

“და ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.” (მათე 21:46)

“მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფას სახლში, და მოითათბირეს, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. მაგრამ ამბობდნენ: „დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი რომ არ ატყდეს.“ (მათე 26:3-5)

მათ დააკავეს იესო ღამით, გაასამართლეს საიდუმლოდ ისე, რომ დილით ჯვარცმის დროს მთელი იერუსალიმის მოსახლეობა იყო შოკირებული და შეშფოთებული. როდესაც გაიგეს, რომ ის იყო მსჯავრდადებული:

“მისდევდა მას დიდძალი ხალხი და ქალები, რომლებიც მოთქვამდნენ და გოდებდნენ.” (ლუკა 23:27)

იესო გადასცეს პილატეს ებრაელმა ლიდერებმა და არა ხალხმა.

“მაშინ რაზმმა და ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.” (იოანე 18:12)

“კაიაფასგან იესო [ებრაელმა ლიდერებმა] პრეტორიუმში წაიყვანეს” (იოანე 18:28)

ახალ აღთქმაში არსად არ წერია, რომ მთელი იერუსალიმი მოითხოვდა იესოს სიკვდილს, არამედ ნახევარმილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ჯგუფი… და ეს მცირე ჯგუფიც დამუშავებული და წაქეზებული  იყო ებრაელი ლიდერების მიერ. ებრაელ ერს უყვარდა იეშუა, ხალხი ჩამოდიოდა რეგიონებიდან, რომ მოესმინათ მისი სწავლება და განკურნებულიყვნენ ავადმყოფობისგან.

“და სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. და ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა.” (მარკოზი 6:56)

პრობლემის ნაწილი არის ის, თუ როგორ ვიგებთ სიტყვა “იუდევლებს” იოანეს სახარებაში. ყველაზე ხშირად ამ სიტყვით მოხსენიებულია მამაკაცების ჯგუფი, რომელთაც იესო გადასცეს პილატეს. მე-18 თავში ძირითადად ლაპარაკი არის მღვდელმთავარზე, ფარისევლებზე და მღვდელმთავრის მსახურებზე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად სიტყვა “იუდევლებში” აერთიანებენ მთელ ებრაელ ერს. და გამოდის ისე, რომ ყველა ებრაელი (იუდეველი) მონაწილეობდა იესოს დაკავებაში. მაგრამ წერილებში ნათლად არის ნათქვამი, რომ იესოს ძალიან ბევრი ებრაელი მიმდევარი ყავდა და მათ შორის იყვნენ რელიგიური ლიდერებიც, როგორიც იყო ნიკოდემუსი.

“და როდესაც შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: „ვინ არის ეს?“ ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.“ (მათე 21:10-11)

“ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როდესაც ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?” (იოანე 7:31)

“თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.” (იოანე 12:42)

როცა იოანემ გამოიყენა სიტყვა “იუდევლები”, როდესაც ლაპარაკობდა მათზე ვინც იესო დააკავა, შეიძლება დავამტკიცოთ, რომ ის მართლაც სულიერ ლიდერებს გულისხმობდა. მაგალითად:

“ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.” (იოანე 18:14)

იოანე წერს რომ კაიაფამ ურჩია იუდევლებს… და ვინ იყვნენ ეს იუდევლები? ჩვენ უბრალოდ რამოდენიმე თავით უკან უნდა გადავშალოთ რომ გავიგოთ:

“შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ სასწაულს ახდენს? ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.“ (იოანე 11:47, 49-50)

აშკარაა, რომ როდესაც იოანე ამბობს, რომ კაიაფამ უთხრა “იუდევლებს”, ის გულისხმობს სინედრიონს – 70 მამაკაცს, რომლებიც აკონტროლებდნენ ებრაელების მთავრებს და არა მთელ ერს”

იოანე წერდა რომ სწორედ ლიდერები ითხოვდნენ მის ჯვარცმას:

“როდესაც იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ (იოანე 19:6)

სხვა ადგილებში, სადაც წერია, რომ მათ შეუერთდა ხალხი, აშკარაა რომ ეს ლიდერების მანიპულაციით მოხდა. როგორც უწერია მათეს:

“ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ.” (მათე 27:20)

ჩვენ არ ვართ ინფორმირებული, თუ რა მეთოდებით დაარწმუნეს ებრაელმა ლიდერებმა ხალხი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრთამი მაშინ დარწმუნების ერთ-ერთი ხერხი იყო. (წინა დღეს მათ გადაუხადეს მოწმეებს, რომ ცრუ ჩვენება მიეცათ იესოს წინააღმდეგ).

და სავსებით ნათელია, რომ ეს აღშფოთებული ბრბო, ვერ ილაპარაკებდა მთელი ერის სახელით. იმ დროისთვის იერუსალიმში ცხოვრობდა დაახლოებით 100 ათასი ებრაელი, და რადგანაც იმ დროს იყო პასექი, ქალაქში შეიძლებოდა ყოფილიყო 500 ათასამდეც, რადგან ხალხი რეგიონებიდანაც ჩამოდიოდა. თქვენ შეგიძლიათ სერიოზულად ივარაუდოთ, რომ პილატეს სასახლის წინ 600 ათასი ებრაელი შეიკრიბა?

ეს არც თუ ისეთი უმნიშვნელო საკითხია, რადგან დიდი რაოდენობით ებრაელს ბრალი დაედო იესოს მკვლელობაში და უამრავი დაიხოცა ამ განაჩენის გამო: ქრისტესმკვლელები. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სწორედ ებრაელი ლიდერები, რომლებსაც შურდათ იესოსი, მივიდნენ პილატესთან. ხალხს კი ის უყვარდა.

მცირერიცხოვანი შურიანი დაჯგუფების, პოლიტიკაზე ორიენტირებული რელიგიური ლიდერების და მათ მიერ აღშფოთებული ბრბოს გამო გასამართლდა მთელი ერი. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ლიდერს არ შურდა ქრისტესი.

“თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.” – იოანე 12:42.

ამ ებრაელ ლიდერებს სჯეროდათ მისი, მაგრამ ეშინოდათ. ნიკოდემუსი იყო ერთ-ერთი რელიგიური ლიდერი და ასევე სინედრიონის წევრი. თავიდან მას იმისიც კი ეშინოდა, რომ იესოსთან საუბრისას არ დაენახათ, ამიტომ საიდუმლოდ ხვდებოდა მას, მაგრამ შემდეგ ის ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე მოშურნე მიმდევარი გახდა.

“იყო კაცი, ერთი ფარისეველთაგანი, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. იგი მივიდა მასთან ღამით და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღმერთისგან ხარ მოსული მოძღვრად, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების ქმნა, როგორსაც შენ ახდენ, თუ ღმერთი არ არის მასთან.“ (იოანე 3:1-2)

ამდენად, შემდეგი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება:

  1. მთელმა ისრაელმა უარყო იეშუა;
  2. ებრაელები, ან რომაელები, მთელი ერი პასუხისმგებელია იეშუას მკვლელობაზე.

 

იეშუამ განაცხადა, რომ სიკვდილი იყო მისი გადაწყვეტილება.

“იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სამშვინველს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. ვერავინ წამართმევს მას, არამედ მე თვითონ ვდებ მას. მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავ მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“ (იოანე 10:17-18)

 

ავტორი – რონ კანტორი

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი