იესომ თქვა რომ იქ უნდა დაბრუნდეს

Артур-e1423469336143

  1. მოგესალმებით პასტორო არტურ. გვიხარია რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. ჩვენ ყველა სტუმარისთვის ერთი ტრადიციული კითხვა გვაქვს და გვინდა რომ თქვენი ინტერვიუც ამ კითხვით დავიწყოთ. რას ნიშნავს თქვენთვის ისრაელი?
  • რა თქმა უნდა ყველასთვის ისრაელი არის ტურიზმი, ერთ-ერთი ქვეყანა სამოგზაუროდ, მაგრამ ჩემთვის ისრაელი არის ბიბლიური დროის საათი. თუ შენ გინდა იცოდე რომელ დროში ვცხოვრობთ, უნდა შეხედო ისრაელს და მიხვდები. როგორც ჩვენ, როდესაც სადმე მივდივართ, თუ ვინმე გვკითხავს – “რომელი საათია?” ჩვენ ვეუბნებით – “12:00″, ასევეა სულიერ სამყაროშიც – თუ გაინტერესებს დრო, რომელ დროში ცხოვრობ, შეხედე ისრაელს და ის მიგითითებს დროს. სხვა ადამიანებისთვის კი ისრაელი არის ტურიზმი, “წმინდა მიწა”.
  1. რა ადგილი უკავია ისრაელს თქვენს მსახურებაში?
  • ვერ ვიტყვი, რომ პირველი, არც ბოლო, მაგრამ მთავარი ადგილი უკავია ჩემს მსახურებაში. პირველი ადგილი ყოველთვის რაღაცას უკავია, ერთ დღეს ერთი, მეორე დღეს მეორე, თუ ვიტყვი რომ პირველი ადგილი უკავია ისრაელს, ეს იქნება სიცრუე. ჩვენ როგორც მწყემსები, როდესაც მივდივართ ეკლესიაში მაშინ ვხედავთ რამ უნდა დაიკავოს პირველი ადგილი იმ დღეს ან იმ წელიწადს. ჩემთვის ყველა ერი პირველ ადგილზეა – ისრაელი, არაბები, ინდოელები… მაგრამ ისრაელი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ძალიან, რადგან თვითონ იესომ თქვა რომ იქ უნდა დაბრუნდეს.
  1. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ იმისთვის, რომ ქრისტიანები და ებრაელები შერიგდნენ?
  • იესო უნდა დაბრუნდეს (იცინის). ჩვენც ველოდებით მესიას და ისინიც ელოდებიან მესიას, და როცა ის დაბრუნდება ორივე მივხვდებით, რომ ერთნაირად ველოდებოდით მის დაბრუნებას. როდესაც ჩვენ ვიძახით ქრისტიანებს, ქრისტიანები- ეს ცალკეული გაგებაა, როგორ ქრისტიანებს ვგულისხმობთ. არიან ქრისტიანების ჯგუფი – რომელთაც არაფერი აქვთ შესარიგებელი, რადგან არც ყოფილან ისრაელის წინააღმდეგნი, პირიქით – ლოცულობენ მათზე, ეხმარებიან რითიც შეუძლიათ, მაგრამ არიან ასევე ორთოდოქსი ქრისტიანები – რომლებიც ისრაელის წინააღმდეგნი არიან. მე წარმოვადგენ ისეთ ქრისტიანს, რომელსაც უყვარს ისრაელი, აკურთხებს ისრაელს. ალბათ ისინი უნდა შეგვირიგდნენ, რომც არ შეგვირიგდნენ ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ მათი დახმარება, რადგან ვიცით ასე რატომ იქცევიან.
  1. თქვენი აზრით, რატომ ებრძვიან ისრაელს ერების უმეტესობა?
  • პირდაპირ გეტყვით რომ შევამჩნიე, თუ იტყვი რომ “მე მიყვარს ჩინელები” არავინ არაფერს არ გეტყვის, “მე მიყვარს იაპონელები” არავინ იქნება წინააღმდეგი, მაგრამ როგორც კი იტყვი, რომ გიყვარს ებრაელები – ეგრევე ყველა შენს წინააღმდეგ იქნება, ეს სულიერია, ეშმაკი იძლევა ამ ფიქრებს ადამიანების გონებაში. მინახავს ანტისემიტი, რომელიც არასდროს შეხვედრია ებრაელს. მას ვკითხე – “რატომ გძულს ასე ებრაელები?” მან კი ათასი მიზეზი ჩამომითვალა, მიუხედავად იმისა რომ ერთხელაც არ შეხვედრია მათ და არ ჰქონია ურთიერთობა. მე ვფიქრობ რომ ეს არის ეშმაკის სულიერი შემოტევა, რადგან იესო უნდა დაბრუნდეს ისრაელში. თუ ებრაელები არ იარსებებენ, მაშინ გამოდის რომ ბიბლია ცდება, და ეშმაკსაც ეს სურს რომ გაანადგუროს ებრაელები და ისრაელის სახელმწიფო. ვინც ფიქრობს რომ იერუსალიმი უნდა იყოს არაბული, ესეც არასწორი იქნება, რადგან იესო უნდა დაბრუნდეს იუდეურ იერუსალიმში.
  1. და ბოლო შეკითხვა, ლოცვის გარდა რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ეკლესიას ებრაელი ერისთვის და ისრაელისთვის?
  • ამ ყველაფერს გვკარნახობს დრო. იცით რა მინდა კიდევ ავღნიშნო, ძალიან არ მიყვარს როდესაც ქრისტიანები უკიდურესობაში ვარდებიან, მაგალითად თუ ებრაელი მეზობელი რაიმე ცუდს ჩაიდენს და არანაირ შენიშვნას არავინ არ აძლევს, მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელია, და იძახიან რომ როგორიც არ უნდა იყოს ჩვენ უნდა ვაკურთხოთ ებრაელები. არ არის საჭირო ყველაფრის მოთმენა, რა თქმა უნდა შეიძლება მათთვის შენიშვნის მიცემა, რადგან მათ შორის, ისევე როგორც ქართველებს და ისევე როგორც სომხებს შორის, არიან კარგი ადამიანებიც და ცუდებიც, და ცუდი ადამიანები უნდა აღვზარდოთ. ქრისტიანების მისია არის – ებრაელების დახმარება, ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვაკურთხოთ ისინი, კურთხევა რაღაც უბრალო არაა, როდესაც შენ ვიღაცაზე ლოცულობ და აკურთხებ, შემდეგ არ შეგიძლია მასზე არაფერი ცუდის თქმა. ჩვენც ვეხმარებით ჩვენი მხრივ ისრაელს – წელიწადში ერთხელ ვაწყობთ ტურს, მიგვყავს ტურისტები ისრაელში და ეს რა თქმა უნდა ფინანსურად დიდი დახმარებაა მათთვის. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ისრაელმა და ებრაელმა ერმა იარსებოს რადგან იქ უნდა დაბრუნდეს ჩვენი მესია.

ავტორი – სალომე ჯებისაშვილი