საუკუნეთა განმავლობაში ეკლესიის ცხოვრებაში ბევრჯერ დამდგარა მკვეთრ ცვლილებათა ხანა, რამაც შეცვალა მისი ბუნება. ისტორიულ ცვლილებათა ერთ-ერთი ასეთი ეპოქა „რეფორმაციის“ სახელითაა მონათლული, მოვლენა, რომელსაც მარტინ ლუთერმა შთაბერა სული.
შეუძლებელია, სათანადოდ არ შევაფასოთ გავლენა, რომელიც მარტინ ლუთერმა მოახდინა ეკლესიაზე. შუა საუკუნეების ქრისტიანობა მხოლოდ მისმა თეოლოგიურმა რეფორმებმა შეცვალა ასე დრამატულად, არამედ, გაცილებით ძლიერი ზემოქმედება გამოიწვია იმან, რომ მან მშობლიურ ენაზე თარგმნილი ბიბლია დაუბრუნა ხალხს.
ლუთერის მიერ გერმანელთა მშობლიურ ენაზე ბიბლიის თარგმნის წყალობით ჩეულებრივ ქრისტიანებს ისევ მიეცათ შესაძლებლობა, თავად წაეკითხათ და გაეგოთ ღმერთს შესახებ. მანამ საზოგადოების გაუნათლებელი ფენის მიერ წმინდა წიგნის წაკითხვა მკრეხელობად ითვლებოდა, მაგრამ ბიბლიის ხელმისაწვდომობამ ყველაფერი შეცვალა.
ამ მოვლენის შემდეგ, ძალიან მალე, სხვა ერებმაც თარგმნეს ბიბლია საკუთარ ენებზე. მეფე იაკობ I-ის ავტორიზებული ბიბლია ინგლისურ ენაზე შესრულებული ოფიციალური თარგმანია, რომელიც ოთხას წელზე მეტს ითვლის. ამას მალე ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ბიბლიაც მოჰყვა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ბიბლიური ჭეშმარიტება ხელახლა აღმოაჩინა ეკლესიამ შემდგომ ცვლილებათა შედეგად.
დღეს მე რეფორმაციის კიდევ ერთ ტალღას ვხედავ, რომელიც ეკლესიას უახლოვდება და ეს დაკავშირებულია ისრაელთან. დღევანდელ ქრისტიანობაში უნდა დაბრუნდეს ისრაელისადმი მიმართულ ღვთის უცვლელ მიზნებსა და ებრაელ ერთან ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებული ადრეული ეკლესიისმიერი გაგება.
„მსოფლიო მისიების“ რეფორმაცია
დაუხსნელ ხალხებში მსოფლიო მისიების გავრცელება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ, როგორ იქნა პირველ მოციქულთა მოძღვრებანი ხელახლა აღმოჩენილი და შედეგად, როგორ შეცვალა ამ მოვლენამ ეკლესია. რეფორმაციის შემდგომი ევროპული პროტესტანტული ეკლესიები დიდ მოშურნეობას არ იჩენდნენ წარმართი ერებისადმი; ისინი უფრო მეტ ყურადღებას ევროპის ეკლესიათა შეცვლაზე ამახვილებდნენ და, როდესაც პიეტიზმის წინამძღოლებმა ფილიპ იაკობ სპენერმა და გრაფმა ნიკოლაუს ფონ ცინცენდორფმა პირველი მისიონრები გაგზავნეს, ლუთერანული სამღვდელოებიდან ბევრმა გამოხატა მათდამი წინააღმდეგობა.
თავის წიგნში „გარდამქმნელი მისია“ (Transforming Mission) დავიდ ჯ. ბოში წერს, რომ სხვა ქვეყნებში მისიონერთა გაგზავნის მოწინააღმდეგე ეს ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ მოციქულის ფუნქცია აღარ არსებობდა; რომ ღმერთის მადლი ისე ძლიერ აღარ მოქმედებდა, როგორ თავდაპირველად; რომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ წარმართნი იყვნენ, წყევლის ქვეშ იმყოფებოდნენ; რომ ღმერთს რომ ჰქონოდა სურვილი მათ მოქცევისა, ადამიანთა ძალისხმევის გარეშეც მოახერხებდა ამას.
შემდეგ ეს დამოკიდებულება შეიცვალა. მე-18 საუკუნის ბოლოს მისიონრებმა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გახლდათ უილიამ კერი, მიაშურეს ინდოეთს. ჰუძონ ტეილორმა დააარსა „ჩინეთის შიდა მისია“ (China Inland Mission); დევიდ ლივინგსტონმა კი ქრისტიანობა წაიღო აფრიკის გულში, რომელიც რუკაზე ჯერაც არ იყო აღნიშნული. მე-19 საუკუნის შუა ხანებისათვის მსოფლიო მისიები ეკლესიის ორთოდოქსიის ნაწილად იქცა. ახლა, ძნელად მოიძებნება ისეთი ეკლესია, რომელსაც არ გააჩნია მისიებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი და, რომელიც, სულ მცირე, ერთ მისიონერს მაინც არ აფინანსებს მსოფლიოს მასშტაბით.
ისრაელის რეფორმაცია
დღეს, უკვე ძალიან ახლოსაა რეფორმაციის ახალი ხანა, რაც ისრაელისადმი ეკლესიის დამოკიდებულებას უკავშირდება. მჯერა, რომ მომდევნო ათწლეულთა განმავლობაში, ძნელი მოსაძებნი იქნება ეკლესია, რომელსაც არ ექნება კავშირი ისრაელთან და ასევე, ბიუჯეტი გამოყოფილი „ისრაელის საკურთხებლად“, რაც ისევე ბუნებრივი იქნება ეკლესიებისათვის, როგორც მისიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი.
წარსულში ეკლესიების უმეტესობას, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, მცირეოდენი წარმოდგენა თუ ჰქონდათ ისრაელსა და, ზოგადად, ებრაელ ერზე და თუ, რაიმე ინტერესი ჰქონდათ კიდეც იუდეველთა მიმართ, ეს ინტერესი ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა მსგავსად მათი, ვინც წარმართ ხალხებში სახარების ქადაგებას უქმნიდა დაბრკოლებას.
მრავალი თეოლოგი ასწავლიდა, რომ ღმერთმა მიატოვა ებრაელები და, რომ ისინი ახლა წყეულნი იყვნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი და, რომ არავითარი ეროვნული ბედი და მომავალი არ გააჩნდათ ებრაელებს. საუკუნეების განმავლობაში ეს იყო ყველაზე მეტად გავრცელებული და დამკვიდრებული შეხედულება ევროპის ეკლესიათა უმრავლესობაში. ნებისმიერ განსხვავებულ, საპირისპირო თვალთახედვას ძალადობით ახშობდნენ. 1589 წელს, ერთ-ერთი პირველი სამღვდელო პირი, ვინც ღიად დაწერა ისრაელისათვის აღთქმული აღორძინების შესახებ, გახლდათ ფრენსის კეტი, რომელიც კოცონზე დაწვეს თავისი შეხედულებებისათვის.
პარადიგმის გადანაცვლება ისრაელისა და ეკლესიისათვის
ჩვენს დღეებში ძირეულ გადანაცვლებას ვხედავთ ისრაელთან დაკავშირებით. ღმერთმა მკვეთრად შეცვალა თავისი მიდგომა ისრაელისადმი, რასაც საუკეთესოდ აღწერს წინასწარმეტყველი ზაქარია: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე, კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!’“ (ზაქარია 8:14–15)
სხვა სიტყვებით, ღმერთი ცვლის თავის მოქმედებას თავისი რჩეული ერისადმი. გასული ასი წლის განმავლობაში ღმერთმა დიდად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ისრაელის სასიკეთოდ. ისრაელის აღორძინება სწორედ ისე მიმდინარეობს, როგორც წინასწარმეტყველებმა განჭვრიტეს წინასწარ. არავის არ ძალუძს ეჭვქვეშ დააყენოს ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა და მოვლენათა ის დრამატული აღსრულება, რასაც ვხედავთ დღეს ახლო აღმოსავლეთში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩანაცვლების თეოლოგიის სწავლების (რომელიც ხშირად შენიღბულია აღსრულების თეოლოგიით) მცდარობა მტკიცდება უტყუარი ფაქტებით. ისრაელის ხელახლა შობილი სახელმწიფო გახლავთ წინასწარმეტყველური fait accompli (ის, რაც უკვე მოხდა ან გადაწყდა მანამ, სანამ ამ რაღაცის გავლენის ქვეშ მყოფნი გაიგებენ ამის შესახებ, რაც მათ არჩევანს არ უტოვებს გარდა იმისა, რომ მიიღონ უკვე მომხდარი ან გადაწყვეტილი, − მთარგმნ. შენიშვნ.), რაც იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთი თავის აღთქმათა ერთგულია. ეს ასევე იმასაც გულისხმობს, რომ ეკლესია სრულიად განსხვავებული სინამდვილის პირისპირ უნდა დადგეს დღეს. 1900 წლის განმავლობაში არავის უკითხავს: „როგორი დამოკიდებულება გვაქვს ებრაელთა აღორძინებისა და უძველეს მიწა-წყალზე მათი დაბრუნებისადმი?“ დღეს კი ეს კითხვა აუცილებლად უნდა იქნას დასმული.
და მაინც, ამ საძნელო მდგომარეობასთან გამკლავება არის ამოცანა, რომელსაც პარალელი არ მოეძებნება ეკლესიის ისტორიაში. არც ერთი სხვა თაობა არ დამდგარა მსგავსი მოვლენის პირისპირ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლები ყველაზე საინტერესო და სულისშემკვრელი იქნება ეკლესიის ისტორიაში, ვინაიდან ჩვენ ვართ მომსწრენი ისრაელის უპრეცედენტო აღორძინებისა.
ფესვებისკენ
კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ ახალი თეოლოგიის გამოგონება არ გვჭირდება. მართალია ის, რომ ეკლესიის ისტორიის უდიდესი დროის განმავლობაში არ არსებობდა ისრაელის სახელმწიფო და ებრაელები დაფანტულნი იყვნენ მთელს დედამიწაზე, მაგრამ იმ ათწლეულების განმავლობაში, როცა სახარების უმეტესი ნაწილი უკვე დაწერილი იყო, ებრაული პოლიტიკური სისტემა ჯერ კიდევ არსებობდა ისრაელის მიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი რომაელთა მიერ იყო ოკუპირებული, იუდეველთა უმეტესობა, იმ დროს, ცხოვრობდა საკუთარ უძველეს მიწა-წყალზე და სარგებლობდა რელიგიური ავტონომიით. მაშასადამე, თუ შევხედავთ იმას, რას ასწავლიდნენ მოციქულები მთელს მსოფლიოში არსებულ წარმართთა ეკლესიებს ებრაელი ერისადმი სათანადო დამოკიდებულების შესახებ, აღმოვაჩენთ, რომ წმინდა წერილი საკმაოდ ნათლად მიგვითითებს, როგორი უნდა იყოს ეკლესიის დამოკიდებულება ისრაელისადმი დღეს.
1) გახსოვდეს შენი წარმართული წარსული
მოციქული პავლე პირველი იყო, ვინც ეფესოსა და რომში მცხოვრებ წარმართებს შეახსენა მათი უწინდელი უიმედო წარმართული სტატუსის შესახებ. დღეს, 2000 წლის შემდეგ, როცა ქრისტიანობა დედამიწის ყველაზე შორეულ კუნძულებზეც კი გავრცელდა. უცნაურად გვეჩვენება, როგორ უნდა აღვიქვათ საკუთარი თავი წარმართებად, მაგრამ პავლეს უნდა შეეხსენებინა რომის ეკლესიისათვის, რომ ისინი, როგორც არაებრაელები, ჰგავდნენ ველური ზეთისხილის რტოს. ასეთი ველური ზეთისხილის ხე ისხამს საჭმელად უვარგის ნაყოფს და ჯაგნარზე მეტ სარგებელს არც იძლევა.
ეფესოს ეკლესიას პავლემ მისწერა: „მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, – ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.“ (ეფესელთა 2:11-12).
პავლე ორივე ეკლესიას შეახსენებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარი რწმენა ებრაელ მესიაზე დაამყარეს, მხოლოდ მაშინ ჰპოვეს ღმერთთან შერიგება და მხოლოდ მაშინ გახდნენ მისი ერის ნაწილი. მხოლოდ იუდეველთა წიგნმა, ბიბლიამ, მოგვცა იმედი მოსიყვარულე ღმერთის შემეცნებისა.
ეს ნიშნავს, რომ ყოველმა წარმართულმა ეკლესიამ თავი უნდა დაიმდაბლოს და ახსოვდეს საკუთარი წარსული
2) გააცნობიერე და აღიარე შენი რწმენის ებრაული ფესვები
პავლე უცხადებს რომში მყოფ ეკლესიას: „ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ.“ (რომაელთა 11:18)
ეს იმას ნიშნავს, რომ წარმართი (არაებრაელი) ქრისტიანები არ უნდა უარყოფდნენ ან დასცინოდნენ საკუთარი რწმენის ებრაულ სათავეს, არამედ სათუთად ეპყრობოდეს მას, როგორც ხის ფესვებს უვლის ადამიანი.
ადამ კლარკი ამას ძალიან ოსტატურად და ლამაზად გამოთქვამს: „ებრაელი ერის მეშვეობით მივიღეთ ყველა კურთხევა და აღმატებულება“.
პრესვიტერიანელი თეოლოგის მარვინ ვინსენტის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ (Word studies in the New Testament): „სასიცოცხლო ძალასა და კურთხევას წარმართები იუდეველთაგან იღებენ და არა იუდეველნი − წარმართთაგან. სულიერი გეგმა აბრაამისადმი მიცემული აღთქმის გავლით ისრაელიანი ერის მეშვეობით მომდინარეობს“, ან კიდევ, როგორც იესომ თავად თქვა: „…ხსნა იუდეველთაგან არის.“ (იოანე 4:22)
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეკლესიამ უნდა გააცნობიეროს და აღიაროს ისრაელის როლი, როგორც „დედამიწაზე მცხოვრები ყველა ოჯახის კურთხევის“ წყაროსი და პატივი სცეს ჩვენი რწმენის ებრაულ ფესვებს.
3) დააფასე ისრაელის ღვთისმიერი უცვალებელი მოწოდება
ახალაღქმისეული წერილები ძლიერად ამახვილებს ყურადღებას ისრაელის საუკუნო მოწოდებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი ერი არ აღიარებს იესოს საკუთარ მესიად და „სახარების მტრები არიან“, პავლე მათ მაინც შემდეგნაირად მოიხსენიებს: „არჩევის გულისთვის – საყვარელნი მამათა გამო.“ (რომაელთა 11:28).
ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს ისევ უყვარს ისრაელი ისეთი, როგორიცაა და ეკლესიასაც იგივე სიყვარული უნდა გააჩნდეს. პავლე პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩანაცვლების თეოლოგიის მომხრეებს დღეს: „მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი – ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.“ (რომაელთა 3:3-4)
ამგვარად, მიუხედევად იმისა, რომ ისინი არ არიან ერთგულნი, ღმერთი მაინც ერთგულია თავისი აღქმებისა, რადგან მას საკუთარი თავის უარყოფა არ ძალუძს. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს და განაცხადოს ღმერთის მიერ ისრაელის საუკუნო მოწოდების შესახებ
4) გააცნობიერე და აღიარე შენი სულიერი ვალი, რითაც დავალებული ხარ ისრაელისგან
პავლემ ნათლად უჩვენა წარმართ მორწმუნეებს, რომ ებრაელმა ერმა უკვე ყველაფრით უზრუნველგვყო, რაც აუცილებელია ღმერთთან ურთიერთობისათვის. ბიბლია ებრაული წიგნია, ჩვენ ებრაელ მესიას ვემსახურებით; ებრაელმა მოციქულებმა გაავრცელეს სახარება წარმართულ სამყაროში. სწორედ ამიტომ, პავლე აცხადებს, რომ წარმართი მორწმუნეები დავალებულნი არიან ისრაელისგან.
„ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს. ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ.“ (რომაელთა 15:26–27)
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეკლესიამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, თუ, როგორ ვუბრუნებთ ყველა იმ კურთხევას ისრაელს, რაც ებრაელი ერის მეშვეობით მივიღეთ.
5) მოელოდე ისრაელის აღორძინებას
ახალ აღთქმაში მოციქულები ადასტურებენ ღმერთის მიერ ისრაელის საუკუნო მოწოდებას და განამტკიცებენ იმედს ისრაელის აღორძინებისა. ეს ნათლად ჩანს იმ ბოლო კითხვაში, რომელიც იესოს დაუსვეს ამაღლებამდე: „…უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?“ (საქმე. 1:6)
პავლე ამ იმედის შესახებ რომის ეკლესიასაც ესაუბრებ: „რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?“ (რომაელთა 11:15)
სხვა სიტყვებით, ის ამტკიცებს, რომ დიდებული მოწოდება და კურთხევა ჯერ კიდევ წინ ელის ისრაელს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეკლესიამ უნდა მიიღოს იმედის თეოლოგია, რაც ისრაელს და მის სრულ აღორძინებას შეეხება.
დაუკავშირდი ისრაელს!
ზუსტად ისევე, როგორც მსოფლიო მისიების შესახებ ხედვა განახლდა ეკლესიაში, აუცილებელია რეფორმაცია, რაც ხელახლა დააკავშირებს ეკლესიას თავის ებრაულ ფესვებთან. მომავალში ჯანმრთელი ეკლესია ვეღარ შეძლებს ისრაელის უგულებელყოფას. ეს სწავლება ყოველი კათედრიდან უნდა ისმოდეს და უნდა გახდეს ეკლესიის საქმიანობის, ლოცვისა და შეწირულობის ნაწილი! ჩვენ ვხედავთ, რომ ეს უკვე ხდება მსოფლიოში. რეფორმაციის დროა! შუერთდით ხუცესებსა და მორწმუნეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ამაღელვებელ და ისტორიულ მოგზაურობაში!
ავტორი:დოქტორი იურგენ ბიულერი, ICEJ აღმასრულებელი დირექტორი
თარგმნა: ნინო ხუროშვილმა.