რატომ აირჩია ღმერთმა ებრაელები?

Vladimir-Solovyovვ.ც. სოლოვიოვი (1853 — 1900) — გამოჩენილი რუსი რელიგიის ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, პოეტი. ცნობილი რუსი ისტორიკოსის ც.ს. სოლოვიოვის ვაჟი. რუსული რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

იუდაიზმისა და ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ერთობლივი თანაარსებობა და ურთიერთობა შესანიშნავი მოვლენა გახლავთ. იუდეველები ყველგან და ყოველთვის აკვირდებოდნენ ქრისტიანობას და მას საკუთარი რელიგიის წესდებათა, საკუთარი რწმენისა და რჯულის მიხედვით ეპყრობოდნენ. იუდეველები ყოველთვის იუდეველურად გვეპყრობოდნენ: ჩვენ კი, ქრისტიანებმა, პირიქით, აქამდე ვერ ვისწავლეთ იუდაიზმისადმი ქრისტიანული მოპყრობა. მათ არასოდეს დაურღვევიათ საკუთარი რელიგიური კანონი ჩვენ მიმართ, ჩვენ კი გამუდმებით ვარღვევდით და ვარღვევთ მათ მიმართ ქრისტიანული რელიგიის მცნებებს. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ეს საკითხი მოვინანიოთ, ვცდილობთ ჩვენი დანაშაული სხვას გადავაბრალოთ. ჩვენ როდი ვართ დამნაშავე, დამნაშავე ფანატიზმით გამორჩეული შუა საუკუნეების პერიოდია, დამნაშავე კათოლიკური ეკლესიაა. აი, ჩვენს დროშიც დაიწყო იუდეველთა დევნა, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც არ გახლავთ კათოლიკური. აქ უკვე დამნაშავენი ჩვენ კი არა, არამედ თავად დაზარალებულნი არიან. ჩვენ შორის მცხოვრები იუდეველები იუდეველთა წესისამებრ გვეპყრობიან; ნათელია, რომ ჩვენ მათ წარმართთა წესისამებრ უნდა მოვექცეთ; მათ არ სურთ ჩვენდამი სიყვარულის გამოჩენა, გასაგებია, რომ ჩვენ ისინი უნდა გვძულდეს; ისინი განცალკევებულად დგანან, არ სურთ ჩვენთან აღრევა, არ გვიცხადებენ სოლიდარობას; ნათელია, რომ ჩვენ ისინი უნდა აღმოვფხვრათ.

ამგვარად, იუდაიზმისადმი დამოკიდებულებაში ქრისტიანობის უდიდესმა ნაწილმა გამოამჟღავნა ან უგუნური მოშურნეობა ან უძლური გულგრილობა. ორივე დამოკიდებულება უცხოა ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისათვის; არც ერთი მათგანი არ დგას ქრისტიანული იდეის სიმაღლეზე. უკვე XIII საუკუნიდან მოყოლებული, ვხედავთ ერთეულ მცდელობებს ქრისტიანული სამყაროს მოღვაწეთა და მოაზროვნეთა მხრიდან; მცდელობებს იუდაიზმისადმი სხვანაირი, ჭეშმარიტად ქრისტიანული დამოკიდებულებისა. ამ მცდელობათ, მართალია, რაიმე აშკარა შედეგები არ მოჰყოლია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯები ებრაელებთან დაკავშირებული საკითხის ჭეშმარიტი გადაწყვეტისკენ მიმავალი გზის დასაწყისია, რაც უკვე ნაწინასწარმეტყველებია მოციქულ პავლეს მიერ რომაელთა მიმართ წერილში (მე-12 თავი). ღირსმა ნიკანორმა, ხერსონისა და ოდესის ეპისკოპოსმა (ავტორი შესანიშნავი და ჯერ კიდევ სათანადოდ შეუფასებელი რელიგიის ფილოსოფიაში დაწერილი შრომისა) ოდესაში წარმოთქვა შთაგონებული და ჭეშმარიტად ქრისტიანული სიტყვა ძველაღთქმისეულ და ახალაღთქმისეულ რელიგიათა შორის არსებული უმჭიდროვესი კავშირის შესახებ. ამ შესანიშნავი სიტყვის მთავარი აზრია იუდაიზმისა და ქრისტიანობის ერთობა, რომელიც აღმოცენებულია არა გულგრილობის ან რაიმე განყენებულ პრინციპთა ნიადაგზე, არამედ სულიერი და ბუნებრივი ნათესაური კავშირის და, ასევე, დადებით რელიგიურ ინტერესთა რეალურ ნიადაგზე. ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ იუდეველებთან, თანაც, ქრისტიანობაზე უარის თქმის გარეშე, არა ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, არამედ ქრისტიანობის სახელითა და ძალით; იუდეველნიც უნდა ერთიანნი იყვნენ ჩვენთან არა იუდაიზმის საპირისპიროდ, არამედ ჭეშმარიტი იუდაიზმის სახელითა და ძალით.
ჩვენ იმიტომ ვართ განცალკევებულნი იუდეველთაგან, რომ ჯერ სრულად ქრისტიანები არ ვართ და ისინიც იმიტომ დგანან ცალკე, რომ ისინიც სრულად იუდეველნი არ არიან, რამეთუ ქრისტიანობის სისრულე მოიცავს იუდაიზმსაც და იუდაიზმის სისრულე კი გახლავთ ქრისტიანობა. ისრაელიანი ერის ნაწილმა არ მიიღო მესიის პირველი მოსვლა და ამისათვის დიდად ზღავენ ისინი, მაგრამ ეს მხოლოდ დრომდე, ვინაიდან ღვთის სიტყვის დარღვევა შეუძლებელია და ეს ძველაღთქმისეული სიტყვა დადასტურებულია ახალ აღთქმაში წარმართთა მოციქულის მიერ, რომელიც ნათლად და მტკიცედ ღაღადებს: მთელი ისრაელი გადარჩება. იუდეველები, რომლებიც ქრისტეს სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, ყვიროდნენ: „ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.“ ეს სისხლი გამოსყიდვის სისხლია და, ალბათ, ადამიანური ბოროტების ამოძახილი არც ისე ძლიერია, რომ ჩაახშოს ღვთიური მიტევების სიტყვა: „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას სჩადიან.“ გოლგოთასთან შეკრებილი სისხლს მოწყურებული ბრბო იუდეველებისგან შედგებოდა, მაგრამ იუდეველი იყო ის სამი ათასი, შემდეგ კი ხუთი ათასი ადამიანი, რომლებიც მოციქულ პეტრეს ქადაგების შემდეგ მოინათლნენ და, რომლებიც შეადგენდნენ პირველ ქრისტიანულ ეკლესიას. იუდეველნი იყვნენ ანნა და კაიაფა, იუდეველნი იყვნენ ნიკოდიმოსი და იოსებ არიმათიელი. ერთსა და იმავეს ერს მიეკუთვნებოდნენ ქრისტეს გამყიდველი იუდა და ასევე, პეტრე და ანდრია, რომლებიც ჯვართ აცვეს ქრისტეს გულისათვის. იუდეველი იყო თომა, რომელსაც არ სწამდა აღდგომის და ისევ იუდეველად დარჩა მას მერე, რაც აღმდგარ ქრისტეს ერწმუნა და უთხრა მას: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო!“ იუდეველი იყო ქრისტიანთა სასტიკად მდევნელი სავლე და მომავალშიც იუდეველი იუდეველთაგანი იყო ქრისტიანობისათვის დევნილი პავლე, რომელიც ამბობს: „ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე.“ რაც უფრო მნიშვნელოვანია, თავად უფალი, იუდეველთა მიერ გაცემული და ჯვარცმული ღმერთკაცი ქრისტე, ის თავად სულითა და ხორცით ადამიანი, წმინდა სისხლის იუდეველი გახლდათ. ამ საოცარი ფაქტის გათვალისწინებით, განა უცნაურად არ გვეჩვენება იუდაიზმის განკითხვა ქრისტეს სახელით? იუდაიზმისა, რომელთანაც განუყოფლადაა დაკავშირებული თავად ქრისტე და თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშ, იუდეველნი არ არიან ბერძნებზე მეტად დამნაშავენი, რომლებმაც მოკლეს სოკრატე. ჩვენ თუ ქრისტეს ღმერთად ვაღიარებთ, მაშ, იუდეველნიც უნდა ვცნოთ ღვთის წარმომშობ ერად. იესოს სიკვდილში, იუდეველებთან ერთად, რომაელებსაც მიუძღვით ბრალი, მაგრამ უფლის შობა მხოლოდ ღმერთსა და ისრაელს ეკუთვნის. ამბობენ, რომ ებრაელები ქრისტიანობის მუდმივი მტრები არიან, თუმცა, უკანასკნელ საუკუნეებში გავრცელებული ანტიქრისტიანული მოძრაობის სათავეში დგანან არა ებრაელები, არა სემიტები, არამედ არიული რასის წარმომადგენლები, დაბადებით ქრისტიანი ადამიანები. იუდეური წარმოშობის მქონე ზოგიერთი მოაზროვნის მიერ ქრისტიანობის უარყოფა და მის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტად პატიოსანი და უფრო მეტად რელიგიური ხასიათის მქონეა, ვიდრე ქრისტიანული გარემოდან გამოსულ მწერალთა ბრძოლა ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ. უკეთესია სპინოზა, ვიდრე ვოლტერი, უკეთესია იოსებ სალვადორი, ვიდრე ერნესტ რენანი. იუდაიზმის უგულებელყოფა უგუნურებაა; იუდეველთა ლანძღვა და მათთან ჩხუბი უსარგებლოა; უმჯობესია, გავიგოთ იუდაიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო რთულია.
რატომ იყო სწორედ იუდაიზმი წინასწარგანზრახული იმისათვის, რომ მისგან მოვლინებულიყო ღმერთკაცი მესია, იგივე ქრისტე?
ვინაიდან ღმერთისგან მომდინარეობს განწესება, ეს გულისხმობს უცილობელ, უპირობო თავისუფლებას, თუმცა ღვთიური თავისუფლება არ უნდა განვიხილოთ ადამიანური თვითნებობისა თუ მისწრაფების დონეზე. ჭეშმარიტი თავისუფლება არ გამორიცხავს გონებას, გონების მიხედვით კი ამგვარი განწესება ან არჩევა, რაც ცნობილი საგნისადმი ღვთის დამოკიდებულების გამომხატველია, შეესაბამება არა მხოლოდ ამრჩევის თვისებას, არამედ არჩეულის ხარისხსაც. ებრაელთა ეროვნულ ხასიათში უნდა ვეძიოთ მათი არჩევის პირობები. მარადარსებულმა ღმერთმა თავის ერად აქცია ისრაელი, ვინაიდან ისრაელმა თავის ღმერთად აქცია მარადარსებული ღმერთი.
მამამთავარი აბრაამი, რომელიც წარმართებს შორის ცხოვრობდა და ჯერ არ ჰქონდა მიღებული ჭეშმარიტი გამოცხადება, არ კმაყოფილდებოდა და დიდად ამძიმებდა წარმოსახვითი ღმერთების კულტი, ღმერთებისა, რომლებიც ასე მიმზიდველი იყო ყველა ხალხისათვის. ბუნების სტიქიურ და დემონურ ძალთა მიმართ მსახურება ეწინააღმდეგებოდა ებრაულ სულს, მიუღებელი იყო მისთვის. ისრაელის მამამთავარს არ შეეძლო ერწმუნა ის, რაც ადამიანზე დაბლა იდგა, ის პიროვნულ და ზნეობრივ ღმერთს ეძიებდა, ვისდამი რწმენაც არ იყო დამამცირებელი ადამიანისთვის და სწორედ ეს ღმერთი გამოეცხადა მას, მოუწოდა და მისცა აღთქმა მის შთამომავლობას. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო…“ (ებრ. 11:8). იმან, რამაც გამოიყვანა აბრაამი ქალდეველთა ქვეყნიდან, სწორედ ამან უბიძგა მოსეს ეგვიპტის დატოვებისკენ. მიუხედავად ეგვიპტური თეოსოფიისა და თეურგიის ყველა ცდუნებისა, რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყორწმენით დატოვა ეგვიპტე.“ (ებრ.11:24, 27).
წარმართობიდან თავდაღწეული და საკუთარი რწმენით ქალდეველთა ჯადოქრობასა და ეგვიპტურ სიბრძნეზე ამაღლებული ებრაელთა მამამთავარი და წინამძღოლი გახდნენ ღირსნი ღვთის რჩეულობისა. ღმერთმა აირჩია ისინი, გაუცხადა მათ თავისი თავის შესახებ, კავშირი დადო მათთან. მოკავშირეობითი შეთანხმება ანუ ისრაელისადმი ღვთის აღთქმა ებრაული რელიგიის ღერძია. ეს მოვლენა ერთადერთია მსოფლიო ისტორიაში, რადგან არც ერთი სხვა ერის რელიგიას არ მიუღია ღმერთსა და ადამიანს, როგორც ორ არსებას, შორის   კავშირის ან აღთქმის ასეთი ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უთანასწორონი იყვნენ, მაგრამ ზნეობრივად ერთგვაროვანნი გახლდნენ. ადამიანის შესახებ ეს მაღალი წარმოდგენა არ არღვევს ღმერთის დიდებულებას, არამედ, პირიქით, აძლევს მთელი ძალით წარმოჩინების საშუალებას. ადამიანის დამოუკიდებელ ზნეობრივ არსებაში ღმერთი თავისთვის პოულობს მოქმედების ღირსეულ ობიექტს, სხვა შემთხვევაში ღმერთი ვერავისზე ვერ მოახდენდა ზემოქმედებას. ადამიანი რომ თავისუფალი პიროვნება არ იყოს, როგორ გამოავლენდა ღმერთი თავის პიროვნულ არსებას სამყაროში? რამდენადაც თვითარსი და თვითგანმსაზღვრელი ღმერთი, რომელიც მეფობს სამყაროზე, აღემატება მსოფლიო მოვლენათა უპიროვნო არსს, იმდენად იუდეველთა წმინდა რელიგია ძველი მსოფლიოს ყველა ნატურალისტურ თუ პანთეისტურ რელიგიაზე მაღლა დგას. ამ რელიგიებში არც ღმერთს და არც ადამიანს არ შეუნარჩუნებიათ დამოუკიდებლობა: აქ ადამიანი მონა იყო უხილავი და უცხო კანონებისა, ხოლო ღვთაება კი, საბოლოოდ (ბერძენთა მხატვრულ მითოლოგიაში), ადამიანის წარმოსახვის სათამაშო გახლდათ. იუდეველთა რელიგიაში კი, პირიქით, თავიდანვე ერთნაირად შენარჩუნებული იყო ორივე მხარე – ღვთიურიც და ადამიანურიც. ჩვენი რელიგია იწყება ღმერთსა და ადამიანს შორის პირადი ურთიერთობით აბრაამსა და მოსესთან დადებულ უძველეს აღთქმაში და განმტკიცდება ღმერთისა და ადამიანის უმჭიდროვესი პირადი კავშირით იესო ქრისტეს ახალ აღთქმაში, რომელშიც ორივე ბუნება განუყოფლად, თუმცა, ამავდროულად, შეურწყმელად არსებობს. ეს ორი აღთქმა ორი სხვადასხვა რელიგია როდია, არამედ ერთი და იმავე ღვთიურ-ადამიანური რელიგიის ორი საფეხურია, ერთი და იმავე ღვთიურ-ადამიანური პროცესის ორი მომენტი. ეს ერთიანი, ჭეშმარიტი ღვთიურ-ადამიანური, ებრაულ-ქრისტიანული რელიგია მიდის პირდაპირი და სამეფო გზით წარმართობის ორ უკიდურეს ცდომილებას შორის, რომელშიც ხან ღვთაება შთანთქავს ადამიანს (ინდოეთში), ხან კი თავად ღვთაება იქცევა ადამიანის ჩრდილად (საბერძნეთსა და რომში). ჭეშმარიტი ღმერთი, ისრაელის ამრჩევი და ისრაელის მიერ არჩეული, არის ძლიერი ღმერთი, ღმერთი თვითარსი, ღმერთი წმინდა. ძლიერი ღმერთი თავისთვის ძლიერ ადამიანს ირჩევს, ვისაც ექნება უნარი მასთან შებრძოლებისა. თვითარსი ღმერთი ეცხადება მხოლოდ თვითშეგნებულ პიროვნებას; წმინდა ღმერთი უკავშირდება მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ეძიებს სიწმინდეს და ძალუძს ქმედითი ზნეობრივი გმირობის ჩადენა. ადამიანური უძლურება ეძიებს ღმერთის ძალას, მაგრამ ეს არის ძლიერი ადამიანის უძლურება: ბუნებით სუსტ ადამიანს ძლიერი რელიგიურობისკენ სწრაფვაც არ ძალუძს. ზუსტად ასევე, უპიროვნო, უნებისყოფო და ნაკლებად განვითარებული თვითშემეცნების მქონე ადამიანს არ შეუძლია იმის გაგება, როგორ უნდა არსებობდეს  ღმერთის თვითარსი მყოფობის ჭეშმარიტება. და ბოლოს, ადამიანი, რომლის ზნეობრივი თვითგამორკვევის თავისუფლება პარალიზებულია, რომელსაც არ შეუძლია თავად დაიწყოს მოქმედება, არ ძალუძს გმირობის ჩადენა, მიაღწიოს სიწმინდეს – ასეთი ადამიანისთვის ღვთის სიწმინდე ყოველთვის დარჩება, როგორც რაღაც გარეგანი და უცხო; ის ვერასოდეს ვერ იქნება „ღმერთის მეგობარი.“ აქედან ნათლად ჩანს, რომ ის ჭეშმარიტი რელიგია, რაც ისრაელიან ერს გააჩნია, არ გამორიცხავს, არამედ, პირიქით, მოითხოვს ადამიანის თავისუფალი პიროვნების განვითარებას, მისი თვითშეგრძნების, თვითშემეცნების და თვითშემოქმედების განვითარებას. ისრაელს დიადი რწმენა ჰქონდა, მაგრამ დიადი რწმენისათვის აუცილებელია საკუთარ თავში დიად სულიერი ძალთა ქონა. ღვთისადმი მიმართული უღრმესი რწმენისა და ადამიანური ენერგიის  უდიდესი დაძაბულობის ერთობლიობა მოგვიანო იუდაიზმშიც იქნა შენარჩუნებული.
თავისი რელიგიის ერთგულ ებრაელებს, რომლებიც სრულად აღიარებდნენ ღვთაების სულიერებას და ადამიანური სულის ღვთაებრიობას, არ შეეძლოთ და არც სურდათ ამ უმაღლესი საწყისების განცალკევება მათ მატერიალურ გამოხატულებათაგან, მათი სხეულებრივი ფორმისა და გარსისგან, მათი უკიდურესი და საბოლო განხორციელებისგან. ყოველგვარი იდეისა და იდეალისთვის ებრაელი მოითხოვს ხილულ და ხელშესახებ განხორციელებას  და სასიკეთო შედეგებს; ებრაელს არ უნდა ისეთი იდეალის აღიარება, რომელსაც არ ძალუძს სინამდვილის დამორჩილება და მასში შეისხას ხორცი. ებრაელს შეუძლია და მზად არის აღიაროს უმაღლესი სულიერი ჭეშმარიტება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ხედავდეს და გრძნობდეს მის რეალურ ქმედებას. მას სწამს უხილავის (რამეთუ ყოველგვარი რწმენა არის რწმენა უხილავისადმი), მაგრამ უნდა, რომ ეს უხილავი ხილულად იქცეს და თავისი ძალა გამოავლინოს; მას სწამს სულის, მაგრამ, მხოლოდ ისეთი სულის, რომელიც აღწევს ყოველგვარ მატერიალურში, რომლითაც გაჟღენთილია ყოველგვარი მატერიალური, რომელიც მატერიას თავის გარსად და იარაღად იყენებს. ებრაული აზროვნება არ აცალკევებდა სულს თავისი მატერიალური გამოხატულებისგან და ამით არ აცალკევებდა მატერიას თავისი სულიერი და ღვთაებრივი საწყისისგან; ის არ სცნობდა თავად მატერიას, არ ანიჭებდა საგნობრივ მყოფობას მნიშვნელობას. ებრაელები არ იყვნენ მატერიის მსახურნი და თაყვანისმცემელნი. მეორე მხრივ, ვინაიდან შორს იყვნენ განყენებული სპირიტუალიზმისგან, ებრაელებს არ შეეძლოთ მატერიას გულგრილად, გაუცხოებით ან ისე მტრულად მოპყრობოდნენ, როგორი მტრული დამოკიდებულებაც გააჩნდა აღმოსავლურ დუალიზმს მისდამი. მატერიალურ ბუნებაში ისინი ხედავდნენ არა ეშმაკს ან ღვთაებას, არამედ, მხოლოდ ღმერთკაცური სულის დაუმთავრებელ სამყოფელს.
იმ დროს, როცა პრაქტიკული და თეორიული მატერიალიზმი ემორჩილება ნივთიერ ფაქტს, როგორც კანონს, იმ დროს, როცა დუალისტი უარყოფს მატერიას, ვითარცა ბოროტებას, ებრაელთა რელიგიური მატერიალიზმი აიძულებდა მათ ყურადღება დიდად გაემახვილებინათ მატერიალურ ბუნებაზე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მისთვის ემსახურათ, არამედ იმისათვის, რომ მისი მეშვეობით ემსახურათ ზეციერი ღმერთსათვის. ამ მატერიალურ ბუნებაში მათ უნდა განესხვავებინათ წმინდა უწმინდურისაგან, სუფთა მანკიერისაგან, რათა იგი (მატერიალური ბუნება – მთარგმნ.შენიშვნ.) ექციათ ღირსეულ ტაძრად ზეციერი არსებისათვის. წმინდა სხეულებრიობისა და ამ იდეის ხორცშესხმაზე ზრუნვის იდეა ისრაელის ცხოვრებაში შეუდარებლად დიდი ადგილი უკავია, ვიდრე სხვა რომელიმე ერის ცხოვრებაში. ამას მიეკუთვნება მოსეს რჯულის მნიშვნელოვანი ნაწილი წმინდისა და უწმინდურის გარჩევის შესახებ, ასევე, განწმენდის წესების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ებრაელთა მთელი რელიგიური ისტორია მიმართული იყო იქითკენ, რომ ისრაელის ღმერთისათვის მოემზადებინა არა მხოლოდ წმინდა სულები, არამედ წმინდა სხეულებიც. ახლა, თუ შევაჯერებთ ღვთაებრივი საწყისის მატერიალიზაციისაკენ იუდეველთა მისწრაფებას და ზრუნვას ჩვენი სხეულებრივი ბუნების გასუფთავებასა და განწმენდაზე, მაშ, ადვილად მივხვდებით, რატომ იყო სწორედ იუდაიზმი ყველაზე შესაფერისი მატერიალური გარემო ღვთაებრივი სიტყვის ხორცშესხმისათვის, რამეთუ გონებაც და ღვთისმოსაობაც მოითხოვს იმის აღიარებას, რომ ღვთაების განსხეულებისთვის, გარდა წმინდა და ქალწულებრივი სულისა, საჭირო იყო ასევე წმინდა და სუფთა სხეულებრიობა.
ახლა ნათელია, რომ ებრაელთა ეს წმინდა მატერიალიზმი არანაირად არ ეწინააღმდეგება, არამედ, პირიქით, პირდაპირი დამატებაა ამ ერის პირველი ორი თვისებისა – მისი ძლიერი რელიგიურობისა და ადამიანური თვითშემეცნებისა და თვითშემოქმედების ენერგიის. მორწმუნე ისრაელიანს სურს, რომ მისი რწმენის საგანს გააჩნდეს სინამდვილის მთელი სისრულე, ხორციელდებოდეს ბოლომდე; თავის მხრივ, ადამიანური სულის ენერგიას ანუ აქტიურობას არ შეუძლია დაკმაყოფილდეს იდეალთა თუ იდეათა განყენებული შინაარსით – ის მოითხოვს მათ რეალურ განხორციელებას, მოითხოვს, რომ სულიერი საწყისი ბოლომდე ეუფლებოდეს მატერიალურ სინამდვილეს, ეს კი გულისხმობს იმას, რომ თავად მატერიას უნდა გააჩნდეს ასეთი გასულიერების უნარი, გულისხმობს წმინდა და სულიერ სხეულებრიობას. ებრაელთა რელიგიური მატერიალიზმი მომდინარეობს არა ურწმუნოებისგან, არამედ უხვი რწმენისგან, რომელსაც აღსრულება სწყურია; მომდინარეობს არა ადამიანური სულის უძლურებისგან, არამედ მისი ძალისა და ენერგიისგან, რომელსაც არ ეშინია მატერიით გაუწმინდურება, არამედ განწმენდს და იყენებს მას საკუთარი მიზნებისათვის.
ამგვარად, ებრაელი ერის სამი მთავარი თვისების შერწყმული მოქმედება პირდაპირ შეესაბამებოდა ამ ერის უმაღლეს დანიშნულებას და ხელს უწყობდა მასში ღმერთის საქმის აღსრულებას. თვითარსი ღმერთისადმი მტკიცე რწმენით ისრაელმა საკუთარი თავისკენ მიიზიდა თეოფანია და გამოცხადება; ასევე საკუთარი თავისადმი რწმენის მეშვეობითაც ისრაელმა შეძლო იაჰვესთან პირადი ურთიერთობა დაემყარებინა, პირისპირ დამდგარიყო მასთან, შეთანხმება დაედო მასთან, ყოფილიყო მისთვის არა პასიური იარაღი, არამედ საქმიანი მოკავშირე, და ბოლოს, ამავე ქმედითი რწმენით, მატერიალური ბუნების განწმენდის მეშვეობით თავისი სულიერი საწყისის საბოლოო რეალიზაციისკენ სწრაფვით ისრაელმა მოამზადა თავის თავში სუფთა და წმინდა სამყოფელი ღმერთი-სიტყვის განსხეულებისათვის. აი, რატომ არის ისრაელი ღვთის რჩეული ერი, აი, რატომ იშვა ქრისტე იუდეაში.

თარგმნა: ნინო ხუროშვილმა.