ჩანაცვლების თეოლოგია — ფაქტი თუ ფიქცია?

replacement-theology2

რამდენიმე წლის წინ, ერთმა საკმაოდ ცნობილმა ქრისტიანულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია ისრაელის შესახებ. აი, რამდენიმე ციტატა ხსენებული სტატიიდან:

„ქრისტიანებისათვის შეცდომაა „ღვთის რჩეულ ერამდე“ ისრაელიანთა ამაღლება“.

„წმინდა წერილის პროგრესული გამოცხადება სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ დღეს ღმერთს მხოლოდ ერთი ერი ჰყავს და ეს გახლავთ ეკლესია“.

„ჩვენ არ უნდა მოვარგოთ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი ისრაელის სახელმწიფოს, რადგან იესომ, პეტრემ და პავლემ რადიკალურად განსხვავებული მიმართულება მისცეს ჩვენს აზროვნებას აღთქმის მცნებებთან დაკავშირებით. ახლა ეს დაპირებანი ეკლესიას შეეხება“.

„ისრაელის მიერ პალესტინაზე გაცხადებული მოთხოვნები იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფო არსებობს ღვთაებრივი სამართლის გამო, რაც არასწორია. ამ მოთხოვნის შემდგომი განმტკიცება სამხედრო ზეწოლის მეშვეობით კი უსამართლობაა.

ასეთი მტკიცებანი ახასიათებს „ჩანაცვლების თეორიას“, რომელიც ასწავლის იმას, რომ ახლა ეკლესიაა ისრაელი. როგორ უნდა მომხდარიყო ამგვარი ცვლილება? აღთქმის თეოლოგები აცხადებენ, რომ, ვინაიდან ისრაელიანმა ერმა არ მიიღო იესო მესიად, ამის გამო ისრაელი იქნა უარყოფილი და მისი რჩეული და გამორჩეული პოზიცია ღმერთის გეგმებსა და ჩანაფიქრში – გაუქმდა. ეკლესია იქცა ოდესღაც ისრაელისათვის აღთქმულ კურთხევათა სრულუფლებიან მემკვიდრედ. ღმერთის თვალთახედვით, ებრაელები დღეს არაფრით არ არიან გამორჩეულნი სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან, იქნებიან ისინი იტალიელები, ინდუსები თუ ჩინელები და თუ ებრაელები არ მოინანიებენ, არ ირწმუნებენ იესოს და არ შეუერთდებიან ეკლესიას, მათ არ ექნებათ მომავალი.

ტერმინს „ჩანაცვლების თეოლოგია“ ვერ იპოვით თეოლოგიურ ნაშრომთა უმეტესობაში, თუმცა თავად იდეა იმის შესახებ, რომ „ეკლესია ისრაელია“, გახლავთ ფუძემდებელი ლოდი იმისა, რასაც „აღთქმის თეოლოგია“ ეწოდება. ეს სწავლება დომინირებდა ქრისტიანულ თეოლოგიაში, როგორც ადრეულ ისტორიულ პერიოდებში, ასევე დღესაც.

replacement-theology1ჩანაცვლების თეორია ახალი არ გახლავთ, მის ფესვებს მესამე საუკუნემდე მივყავართ.  როგორ შეაღწია ამ სწავლებამ ქრისტიანულ აზროვნებაში და როგორ გახდა ეკლესიის სწავლების არსებითი ნაწილის წარმმართველი? ჩვენ სამი პოზიციიიდან გამოვიკვლევთ ამ საკითხს:

 

 

  1. ჩანაცვლების თეორია არის ალეგორიზაციის შედეგად ბუნებრივად წარმოქმნილი ზედმეტი პროდუქტი. წმინდა წერილის ინტერპრეტაციის ეს მეთოდი ეკლესიის მიერ გამოიყენებოდა თითქმის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში.

  2. ჩანაცვლების თეორიის ხილულ დადასტურებას ვხედავთ ისტორიულ მოვლენებში.

  3. ჩანაცვლების თეორია, ერთი შეხედვით, ლოგიკური და შესაბამისი ღმერთის ისეთი თვისებისათვის, როგორიცაა სამართლიანობა.  

ჩანაცვლების თეორია ამბობს, რომ „ეკლესია ისრაელია“. როგორ ჰპოვა ამ მრწამსმა აღიარება? ადვილად, იმ შემთხვევაში, თუ წმინდა წერილს ალეგორიზაციის მეთოდით შევისწავლით და გავაანალიზებთ. რას ვგულისხმობ ალეგორიზაციაში? ადამიანი, რომელიც წმინდა წერილის რომელიმე ადგილის „ალეგორიზაციას“ ახდენს, მცირე ყურადღებას უთმობს სიტყვების პირდაპირ მნიშვნელობას და უფრო მეტად დაინტერესებულია სიტყვების მიღმა დაფარული აზრის აღმოჩენით. ამგვარად, წმინდა წერილის ყოველი დეტალი განიხილება, როგორც სიმბოლო გაცილებით ღრმა, ფარული „სულიერი“ აზრისა და მნიშვნელობისა.

ბიბლიის ალეგორიული ინტერპრეტაციის ისტორიული მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ მათეს სახარების 21-ე თავი, სადაც აღწერილია ჩოჩორზე მჯდარი იეშუას ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში ზეთისხილის მთის მხრიდან. მესამე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ეკლესიის მამათაგან, ორიგენემ,  ბიბლიის ამ ნაწყვეტის განხილვისას, საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. ორიგენე ასწავლიდა, რომ დედალი სახედარი იყო სიმბოლო ძველი აღთქმის სისასტიკისა, ხოლო ჩოჩორი კი (უფრო ნაზი ცხოველი) გახლდათ სიმბოლო ახალი აღთქმისა. ამას გარდა, ორიგენე იმასაც ამბობდა, რომ ორი მოციქული, რომელთაც ეს ცხოველი მიუყვანეს იეშუას, არიან კაცობრიობის მორალურ გრძნობათა სიმბოლოები.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერპრეტაციის ეს მეთოდი სადაოდ ითვლება, მესამე საუკუნიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით წმინდა წერილის ალეგორიზაცია იყო ინტერპრეტაციის მთავარი მეთოდი ქრისტიან მასწავლებელთა შორის და თუკი ალეგორიზაციის მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ დედალი სახედარი ძველ აღთქმას ნიშნავს, მაშინ შესაძლებელია მივიდეთ იმ დასკვნამდეც, რომ ეკლესია ისრაელია. ალეგორიულ ინტერპრეტაციათა მეთოდი გვერდს უვლის ბიბლიის პირდაპირ მნიშვნელობას და ღვთისმეტყველთ აძლევს შესაძლებლობას, გამოიტანონ ბიბლიიდან თითქმის ნებისმიერი დასკვნა და აზრი.

თანდათანობით, წმინდა წერილის ინტერპრეტაციის ალეგორიული მეთოდის სახიფათო და მატყუარა ხასიათი აშკარა გახდა. მე-16 საუკუნეში მარტინ ლუთერმა და ეკლესიის სხვა რეფორმატორებმა დასვეს ალეგორიზაციის დასაბუთებულობისა და საკმარისი საფუძვლიანობის საკითხი. მათ აზრი გამოთქვეს იმის შესახებ, რომ ბიბლიის ინტერპრეტაციის ძირითადი წესი უნდა იყოს პირდაპირი მნიშვნელობით კითხვა, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. ბიბლიის პირდაპირი მნიშვნელობით კითხვა ითვალისწინებს გრამატიკის, სინტაქსის, ენისა და მეტყველების წესებს და თავად კონტექსტსაც იმისათვის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით განმარტოს ისტორიული მოვლენები და წინასწარმეტყველებანი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი პოეტური ენითაა გამოხატული.

როგორ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი, რომ ბიბლიის პირდაპირი ინტერპრეტაცია საუკეთესო მეთოდია? პირდაპირი მნიშვნელობით კითხვის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ასობით ბიბლიური წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა პირდაპირი გაგებით, უმცირესი დეტალების ჩათვლით.

გადახედეთ მესიის შესახებ ზოგიერთ წინასწარმეტყველებას:

  • ესაიამ 7:14 იწინასწარმეტყველა, რომ მესიას შობდა ქალწული.

  • მიქამ 5:2 იწინასწარმეტყველა, რომ ის ბეთლემში დაიბადებოდა.

  • ფსალმუნი 21:7-8 და ესაიამ 53:1-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მესია ადამიანთა ურწმუნოებასა და დაცინვას აიტანდა.

  • ფსალმუნი 21:16-18-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მესიის ხელ-ფეხი განისმჭვალებოდა და, რომ მის სამოსს გაიყოფდნენ წილისყრით.

  • ესაიამ 53:9-10 იწინასწარმეტყველა, რომ ის ბოროტმოქმედებთან ერთად მოკვდებოდა, მაგრამ დაიმარხებოდა მდიდრებთან და, რომ მისი დღეები ამის შემდგომაც გაგრძელდებოდა (აღდგომა).

თუ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი იეშუასთან დაკავშირებით სიტყვასიტყვით აღსრულდა, განა ლოგიკურია არ არის იმის მოლოდინი, რომ ისრაელსა და ებრაელ ერთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებანი ასევე სიტყვასიტყვით აღსრულდება?  ისინი, ვინც შენაცვლების თეოლოგიას ასწავლიან, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ისრაელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებანი ეკლესიის მიერაა „სიმბოლურად“ და „სულიერად“ აღსრულებული. შედეგად, დამცრობილია წმინდა წერილის ყველა იმ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა, რომლებიც ისრაელთანაა დაკავშირებული.

ჩნდება სრულიად მართებული კითხვა: თავისი ისტორიის განმავლობაში ეკლესია განდევნილი და დაფანტული იყო სხვა ხალხებს შორის, როგორც ამის შესახებ ამბობდნენ წინასწარმეტყველები? ეზეკიელ წინასწარმეტყველი სწორედ ეკლესიას გულისხმობდა, როცა ამბობდა: მაშინ იცხოვრებენ ისინი იმ მიწაზე, რომელიც ჩემს მორჩილს, იაკობს, მივეცი.(ეზეკ. 28:25)

დასკვნა იმის შესახებ, რომ „ეკლესია ისრაელია“ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო წმინდა წერილის მხოლოდ ალეგორიული და არა სიტყვასიტყვითი ინტერპრეტაციის საფუძველზე.  აი, პასუხი ჩვენს პირველ კითხვაზე: „როგორ დაიკავა წამყვანი პოზიცია ჩანაცვლების თეოლოგიამ ეკლესიის სწავლებაში? – შეიძლება ითქვას, რომ ეს ალეგორიზაციის ბუნებრივი შედეგი გახლდათ.

მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „თუკი პროტესტანტული რეფორმაციის დროიდან ალეგორიზაცია აღარ ითვლება ბიბლიის ინტერპრეტაციის სანდო მეთოდად, სწავლულები და თეოლოგები უფრო სიტყვასიტყვით მიჰყვებიან ბიბლიის ტექსტს, მაშ, რატომ არ იქნა უკუგდებული ბოლომდე ჩანაცვლების თეოლოგია?“ სამეცნიერო და თეოლოგიურ წრეებში ბევრმა უარი თქვა ჩანაცვლების თეოლოგიაზე, მაგრამ თავად ეს შეხედულება განაგრძობს არსებობას. როგორ არის ეს შესაძლებელი? ეკლესიის დოქტრინები, რომლებიც სათავეს იღებს წარსულის ყველაზე პატივსაცემ ღვთისმეტყველთა და ხელმძღვანელთაგან და, რომლებიც საუკუნეების განმავლობაშია მიღებული, არ შეიძლება სწრაფად გაქრეს. ჩანაცვლების თეოლოგია მხოლოდ ალეგორიზაციის შედეგად წარმოქმნილი ზედმეტი პროდუქტი არ გახლავთ. არსებობს სხვა პრინციპული მიზეზიც, რომლის მიხედვითაც ეს იდეა იკავებდა წამყვან პოზიციას ეკლესიის სწავლებათა შორის: თითქოს, ჩანს, რომ ჩანაცვლების თეოლოგია მტკიცდებოდეს ისტორიული მოვლენებით. განვმარტავ. ჩანაცვლების თეოლოგიის ფუძემდებლური დებულება გახლავთ ის, რომ, ვინაიდან ისრაელმა უარყო იესო, როგორც მესია, ღმერთმაც უარყო ებრაელი ერი, როგორც რჩეული ერი. სწორედ ამიტომ, ღმერთმა მათ სასჯელად სხვა ხალხებში განფანტვა მოუვლინა. აბრაამისა და მისი თესლისადმი აღთქმული ქანაანის კონფისკაცია მოხდა და ახლა ებრაელებს ამ მიწაზე არავითარი უფლება აღარ აქვთ.

ჩვენ როდესაც ვუყურებთ იმას, რაც ხდება ებრაელთა თავს, დაწყებული პირველი ასწლეულიდან, ვხედავთ, რომ ისტორია მოწმობს ჩანაცვლების თეოლოგიის არსებობის შესახებ დღევანდელ დღემდე. ერთი შეხედვით, ამ თეორიის მტკიცებულებანი მნიშვნელოვანი და არსებითია. ჯერ კიდევ იმ თაობის სიცოცხლისას, როცა ჯვარს აცვეს იეშუა, რომის ჯარმა გაძარცვა იერუსალიმი, მთლიანად დაანგრია ტაძარი და მასთან ერთად მოსპო მსხვერპლშეწირვაზე დაფუძნებული თაყვანისცემის მთელი სისტემა. რომაელებმა ამოძირკვეს ებრაელები საკუთარი მიწიდან და გაფანტეს იმპერიის სხვადასხვა კუთხეში. ეკლესიის ადრეულ მამათათვის ეს მოვლენები გახლდათ იმის დამადასტურებელი, რომ ღმერთმა დაასრულა ისრაელთან თავისი ურთიერთობანი და, რომ ახლა ეკლესიამ აიღო ისრაელის უწინდელი როლი ღმერთის გეგმებსა და მიზნებში.

ებრაელი ერის ტანჯვა არ დასრულებულა სასტიკი რომაელი ლეგიონების შემოსევით. მას შემდეგ ებრაელთა ისტორია ტრაგედიებითაა აღსავსე. ჩანაცვლების თეოლოგიის მომხრეთათვის ეს ტრაგიკული ისტორია გახლდათ მათი მრწამსის დადასტურება, თითქოსდა ღმერთმა წერტილი დაუსვა ისრაელთან თავის ურთიერთობას. ეს კი წრიული არგუმენტია. ებრაელთა საშინელი ტანჯვანი ჩანაცვლების თეორიის პირდაპირი შედეგი იყო და არა მისი მიზეზი. ჩანაცვლების თეოლოგია ეკლესიის სწავლება რომ არ ყოფილიყო, არ მოხდებოდა ყველა ის სისასტიკე და სიმხეცე, რაც წილად ხვდათ ებრაელებს უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში.

ნება მომეცით, რამდენი მაგალითი დაგისახელოთ ებრაელთა ისტორიიდან:

მეოთხე საუკუნეში, როცა ეკლესია ოფიციალურად იქნა აღიარებული და, როცა იმპერატორმა კონსტანტინემ გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა კანონიერი და სახელმწიფოს მიერ მიღებული რელიგიაა, ეკლესიის ყველაზე ცნობილმა ხელმძღვანელებმა უკიდურესი ზიზღი და არასწორი შეხედულებანი გამოხატეს ებრაელთა მიმართ. საკუთარი ანტისემიტიზმის გამართლების მიზნით ქრისტიანი თეოლოგები ასწავლიდნენ, რომ ებრაელებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქრისტეს სიკვდილის გამო. ებრაელები გამოაცხადეს „დამნაშავეებად ღმერთის მკვლელობაში“ და თანდათანობით, ქრისტიანებმა დაიჯერეს, რომ ქრისტესადმი ერთგულების გამოვლინების ერთ-ერთი საშუალება იყო უფლის „მკვლელებისადმი“ სიძულვილის გამოხატვა.

ადრეული ეკლესიის ერთ-ერთმა ცნობილმა ღვთისმეტყველმა ავგუსტინემ (354-430) ებრაელების არსებობა ღვთიური წინასწარხედვის აქტად გამოაცხადა, რაც გულისხმობდა ქრისტიანობის ჭეშმარიტების ღვთაებრივ დემონსტრირებასა და ებრაელთა დამცირებას; ეკლესიის ტრიუმფს სინაგოგაზე.ზიზღის თეოლოგიის” არსი ისაა, რომ ებრაელები დაისაჯნენ ღმერთის მიერ, სახელდობრ, მათ დაკარგეს სახელმწიფო და გაიფანტნენ მთელი დედამიწის პირზე. ეს კი იესოს უარყოფის ცოდვის გამო მოხდა, ამიტომაც, ისინი ვერ შეძლებენ უკან დაბრუნებას, სანამ არ ,,გამოასწორებენ” ამ ცოდვას. ამგვარი მიდგომა გახლავთ საფუძველი ებრაელთა შესახებ საყოველთაო ქრისტიანული შეხედულებისა და ის ფაქტი, რომ დღეს ებრაელებმა, რომლებიც ოდნავადაც არ იხრებიან ქრისტიანობისკენ, შეძლეს დაბრუნება და ისრაელის სახელმწიფოს აშენება, ქრისტიანთათვის ფრიად დიდი პრობლემაა, რომელიც ანგრევს მათ რელიგიურ კონცეფციებს (არადა როგორც კათოლიკეთათვის, ისე მართლმადიდებელთათვის ავგუსტინე უცილოდ დიდი რელიგიური ავტორიტეტია). იოანე ოქროპირმა (347-407), ბერძენმა ღვთისმეტყველმა და კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა, ვისი ლოცვებიცა და ლიტურგიებიც დღემდე გამოიყენება მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ანტიოქიის ეკლესიაში წარმოთქვა რვა უკიდურესად კრიტიკული ქადაგება იუდეველთა წინააღმდეგ. ამ ქადაგებებში შეიძლება მსგავსი ციტატების პოვნა: „მე მძულს იუდეველები, რადგან მათ აქვთ რჯული, მაგრამ ისინი მას ფურთხის ღირსადაც არ თვლიან.“  სხვაგან კი აცხადებს, რომ იუდეველები არიან „მკვლელები, გამანადგურებელნი, ეშმაკით შეპყრობილნიმათ მხოლოდ ერთი რამ იციან – როგორ გაიძღონ მუცელი, დათვრნენ და დახოცონ და დაასახიჩრონ ერთმანეთი…(1) არადა,  ეს ადამიანი წმინდანად იქნა შერაცხული! ოქროპირი და ეკლესიი სხვა ღვთისმეტყველებმა და თეოლოგებმა ძლიერი და ღრმა ზეგავლენა მოახდინეს ქრისტიანთა შეხედულებებსა და მრწამსზე შემდგომი ასწლეულების განმავლობაში.

replacement-theology5

ექვსი ასწლეულის შემდგომ, ამგვარმა ქადაგებებმა შედეგად მოიტანა მზარდი ფსიქოლოგიური მტრობა და სიძულვილი. ჯვაროსნები ხშირად მოიხსენიებოდნენ ქრისტიანობის ისტორიაში რაინდობის, რწმენისა და შემართების გამო. სინამდვილეში კი მრავალი ჯვაროსანი სასტიკი და ებრაელთა მოძულე ადამიანი იყო. ისტორიკოს პოლ ჯონსონის თანახმად (2), ჯვაროსნებმა დაიწყეს თავიანთ რიგებში იმ შეიარაღებულ მამაკაცთა შეკრება, რომლებსაც ჩვეული წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევისკენ ჰქონდათ მიდრეკილება. ჯვაროსნები ფულს სესხულობდნენ იმ ებრაელებისგან, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, მაგრამ ლაშქრობათა დროს სწორედ ეს ჯვაროსნები სხვა ქალაქებში მცხოვრებ ებრაელთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ხანდახან, მათ ადგილობრივი ქრისტიანებიც უერთდებოდნენ, გააფთრებულნი და ნადავლის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი.

ებრაელების მიმართ გამოჩენილ ჯვაროსნების სიმხეცეს ბოლო არ უჩანდა. საფრანგეთის ქალაქ რუანიდან გერმანიის და ბალკანეთის გავლით ვიდრე იერუსალიმამდე ჯვაროსნების ჯგუფები ებრაელებს ცოცხლად წვავდნენ საკუთარივე სახლებში, ტაძრებში, აიძულებდნენ ქრისტიანობაზე მოქცევას. მხოლოდ პრაღაში ჯვაროსნებმა რამდენიმე ათასი ებრაელი მოკლეს. შეძახილი „ჰეპ! ჰეპ!“ გახლავთ აბრევიატურა ლათინური ფრაზისა „იერუსალიმი დაკარგულია“ (Hierosalyma est perdita) და სათავეს ჯვაროსნებისგან იღებს, რომლებიც ძარცვავდნენ იერუსალიმს. ეს შეძახილი დღემდე არსებობს „პოგრომებისკენ“ მოწოდების შეძახილად.

1000 წელს, როცა ჯვაროსნები პირველად ჩავიდნენ წმინდა მიწაზე, იქ, დაახლოებით, 300 000 მუდმივად მცხოვრები ებრაელი იყო, ხოლო, როცა ჯვაროსნები ტოვებდნენ სამოქმედო არენას 200 წლის შემდგომ, იქ მხოლოდ რამდენიმე ათას ებრაულ ოჯახს თუ დაითვლიდით.

ქრისტიანული ისტორიის თავზარდამცემი აღმოჩენა ისაა, რომ ანტისემიტიზმი მხოლოდ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მახასიათებელი როდი გახლდათ, ეკლესიისა, რომელმაც დაკარგა კავშირი ბიბლიურ ქრისტიანობასთან, არამედ ანტისემიტიზმის აღმოჩენა ადვილი შესაძლებელია პროტესტანტი რეფორმატორების შრომებშიც, ადამიანებისა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ გაწმინდეს რომაული ეკლესია მისთვის დამახასიათებელი მექრთამეობისა და თეოლოგიური შეცდომებისგან.

replacement-theology3

თავდაპირველად რეფორმატორი მარტინ ლუთერი კეთილგანწყობილი იყო ებრაელთა მიმართ და სწამდა, რომ ისინი შეიძლება მოქცეულიყვნენ რწმენით გამართლების ჭეშმარიტების შესახებ თავისი გზავნილი მეშვეობით, მაგრამ, როცა ისინი არ მოექცნენ, ლუთერი გაბოროტდა მათ მიმართ. შედეგად, მან ისეთივე მძაფრი სიძულვილი გამოამჟღავნა ებრაელი ერის მიმართ, როგორიც რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ. ლუთერი იბრძოდა გერმანიიდან ებრაელთა განსადევნად, ასევე, მათი სინაგოგების დასანგრევად და მათი რელიგიური წიგნების გასანადგურებლად. თავის პამფლეტში „ებრაელებისა და მათი ტყუილის შესახებ“ (3), რომელიც გამოქვეყნდა ვიტენბერგში 1543 წელს, ლუთერი წერდა:

ჯერ მათი სინაგოგები უნდა დავწვათ, რაც დარჩება კი ტალახში უნდა ჩავფლათ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ვერც ქვის და ვერც ფერფლის დანახვა… ებრაული ლოცვის წიგნები კი უნდა განადგურდეს… შემდეგ კი თავად ებრაელებს უნდა გავუსწორდეთ, მათი სახლები დავანგრიოთ და მიწასთან გავასწოროთ. ებრაელებს უნდა ავუკრძალოთ გზებსა და ბაზრებზე გამოჩენა, უნდა ვაიძულოთ ფიზიკური შრომა, რათა მათ „საკუთარი პირის ოფლით“ გამოიმუშავონ საზრდო…“

ისინი ცხოვრობენ ბოროტებითა და ძარცვით; ისინი გამძვინვარებული მხეცები არიან, რომლებიც ისე უნდა გავდევნოთ, როგორც ვდევნით ცოფიან ძაღლებს“.

უკიდურეს შემთხვევებში ისინი სამუდამოდ უნდა გავდევნოთ“. (4)

სრულიად ლოგიკურია, რომ, როცა გერმანიაში ნაცისტებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, მათ მარტინ ლუთერის და სხვა თეოლოგების შრომები გამოიყენეს საკუთარი ანტისემიტიზმის დასასაბუთებლად და გასამართლებლად. დაჰაუში არსებული ცნობილი ნაცისტური ბანაკი სასიკვდილოდ განწირულთათვის იქ ჩამოყვანილ ებრაელებს ხვდებოდა პლაკატით: „თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ თქვენ მოკალით ჩვენი ღმერთი“.

NYT2010100712284619C

ჩანაცვლების თეოლოგიის მომხრეები შემდეგ კითხვას სვამენ: საუკუნეების განმავლობაში ებრაელთა ყველა ტანჯვა  განა იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ღმერთმა ისინი უარყო?“ მიუხედავად ამისა, ეს მტკიცება თავდაყირა არ აყენებს იმ სინამდვილეს, რომ ჩანაცვლების თეოლოგია იყო, უმეტესწილად, ყველა ამ ტრაგიკული მოვლენის მიზეზი და არა შედეგი.

ავტორი დარწმუნებულია, რომ ებრაელების ისტორია გაცილებით უფრო ძლიერ არგუმენტად გამოდგება ჩანაცვლების თეოლოგიის საწინააღმდეგოდ, ვიდრე მის დასაცავად. რამდენადაც საშინელი უნდა იყო ებრაელების ისტორია, მე მწამს, რომ ის გახლავთ ღმერთის აბსოლუტური ერთგულების და არა მის მიერ ამ ერის უარყოფის ნიშანი.

თავად ებრაელი ერის არსებობის ფაქტი, მიუხედავად მრავალრიცხოვან დევნათა, მუქარათა და გენოციდისა, გახლავთ ღვთიური ჩარევის მოწმე. მიუხედავად იმისა, რომ მათ ართმევდნენ მიწებს, სდევნიდნენ მათ დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებში, მიუხედავად მათ მიმართ, მათი სხვა რწმენაზე მოქცევის მიზნით, კვლავ და კვლავ განხორციელებული ძალადობისა და ასევე თავად ებრაელების საკუთარი მცდელობისა შერეოდა სხვა ხალხებს, ისინი გადარჩნენ და დღემდე მოვიდნენ, როგორც ცალკე ერი. კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი სხვა ეთნიკური ჯგუფი  არ გადარჩენილა ესოდენ ხანგრძლივი გაფანტულობისა და ესოდენ სასტიკ უბედურებათა შედეგად. როგორ უნდა ავხსნათ ასეთი აშკარა ფაქტი, რომ მათი განადგურება ვერავინ შეძლო? ღმერთი ისრაელისა. მალაქია ამბობს:

რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.“ მალაქია 3:6

ფაქტი იმისა, რომ ებრაელები არ გამქრალან მიუხედავად მათი განადგურების უამრავი მცდელობისა, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი ჩანაცვლების თეორიის საწინააღმდეგოდ.

ებრაული ისტორიის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ააშკარავებს ჩანაცვლების თეორიის მცდარობას, მოხდა უკანასკნელ ასწლეულში: გაფანტულობიდან ებრაელი ერის დაბრუნება საკუთარ ისტორიულ სამშობლოში და ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ღმერთს რომ ბოლომდე უარეყო ებრაელები და არავითარი ინტერესი არ ჰქონოდა ისრაელის შემდგომი არსებობის მიმართ, როგორ აღდგებოდნენ ებრაელები ჰოლოკოსტის ფერფლიდან და როგორ დააარსებდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნამდვილი მიწის სწორედ იმ ნაგლეჯზე, რომელიც მათ 2000 წლის წინ დაკარგეს? განა ეს შეიძლება შემთხვევითობად ჩაითვალოს? სრულებითაც არა. ეს უდიდესი სასწაული და ბიბლიური წინასწარმეტყველების აღსრულებაა. ქვემოთ მოტანილია მაგალითები ზოგიერთი აღსრულებული წინასწარმეტყველების შესახებ:

„რადგან შეიწყალებს უფალი იაკობს და კიდევ გამოარჩევს ისრაელს, მათსავე მიწაზე დაასახლებს. უცხონი შეეთვისებიან მათ და მიემაგებიან იაკობის სახლს.“ ესაია 14:1

აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისრაელიანებიო, არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც კი განდევნილი ჰყავდა ისინიო, რადგან დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი.“ იერემია 16:14,15

საკუთარ მიწაზე ებრაელთა დაბრუნებისა და ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდელი ისტორია თვალნათლივ უჭერდა მხარეს ჩანაცვლების თეოლოგიას, მაგრამ ისრაელის ისტორიის ეს დრამატულად ახალი ფურცელი ჯერ ახლა იშლება და ისტორიაში არსებულ წინამორბედ არგუმენტებს ფუჭად და უსაფუძვლოდ აქცევს. ჩვენ ვხედავთ, რომ ებრაელთა ისტორია ამტკიცებს არა იმას, რომ ღმერთმა უარყო და განდევნა ებრაელები, არამედ საპირისპიროს, იმას, რომ ღმერთს თავისი რჩეული ერი თავის ხელისგულზე ჰყავს. ღმერთის გამოა, რომ ებრაელი ერი გადარჩა, მიუხედავად ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი მუქარისა სრულ განადგურებასთან დაკავშირებით.

მაშ, რატომ არ აღმოიფხვრა ჩანაცვლების თეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ? როგორ გამოდის ისე, რომ ბოლო დროს ჩანაცვლების თეოლოგიას ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდა  და ის უფრო და უფრო ფართო გავრცელებას ჰპოვებს? საქმე იმაშია, რომ, ერთი შეხედვით, ჩანაცვლების თეოლოგია ჭკვიანურად, ლოგიკურად და ღმერთის ხასიათის შესაბამისად ჟღერს. ჩანაცვლების თეოლოგია სვამს ლოგიკურ კითხვას: „განა შესაძლებელია სამართლიანი ღმერთისათვის საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა და ებრაელების დაბრუნება საკუთარ მიწაზე?“ განდევნის შემდგომ ებრაელთა უდიდესმა ნაწილმა მაინც არ დათმო საკუთარი „ზვიადი“ გზა და არ აღიარა იესო მესიად. ამას გარდა, ისრაელის სახელმწიფო დაარსებული იქნა აგნოსტიკოსების მიერ, ათეისტების, საერო სიონისტების მიერ და არა უფლის მიერ დახსნილ ადამიანთა მიერ. თანამედროვე ისრაელის შესახებ პოპულარული შეხედულება ამ სახელმწიფოს მიიჩნევს პალესტინელთა ქონების ქურდად და მათ კანონიერ უფლებათა შემზღუდველად. როგორ შეუძლია ღმერთს ასეთ უსამართლობაში მონაწილეობის მიღება? თითქოს, სავსებით ლოგიკურია დასკვნა იმის შესახებ, რომ სამართლიან ღმერთს არ შეეძლო ებრაელთა უკან დაბრუნება მათ მიწაზე და პოლიტიკური სახელწიფოს აღდგენა ასეთ გარემოებებში ისე, რომ ერთგული დარჩენილიყო საკუთარი სამართლიანობის მიმართ.

უნდა ითქვას, რომ, რაც უნდა კეთილგანწყობილი ვიყო ებრაელთა მიმართ, მაინც უნდა ვაღიარო, რომ ებრაელები, როგორც ერი, ძალიან შორს არიან სრულყოფილებისგან და ამის შეუმჩნევლობა სიბრმავეს ნიშნავს მხოლოდ. ისრაელის მთავრობის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ქმედება ან ისრაელის შეიარაღებულ ძალთა ყველა მოქმედება როდია ჩემთვის მისაღები და მოსაწონი. ამისდა მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ღმერთი სამართლიანობის ღმერთია და ამავდროულად, ის გულმოწყალების ღმერთიცაა.

replacement-theology7

პავლე პასუხობდა მსგავს კითხვებს ისრაელის რჩეულობასთან დაკავშირებით, კითხვებს, რომლებიც გამოწვევის წინაშე აყენებდა ღმერთის სამართლიანობას. რომაელთა მიმართ წერილში ის სვამს კითხვას:

„რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც. რადგანაც მოსეს ეუბნება: ‛შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ’“. რომაელთა 9:14,15.

მინდა დავუსვა კითხვა ყველა იმ ქრისტიანს, რომელიც ემხრობა ჩანაცვლების თეოლოგიას: „ღმერთმა იმიტომ გიხსნა და განგაახლა შენ, რომ ღირსი ხარ? იმიტომ, რომ დაიმსახურე?“ უნდა გვახსოვდეს სიტყვების ეფესელთა მიმართ წერილიდან (2:8): „…მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგანით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია“. ღმერთი რომ მხოლოდ „კარგ ადამიანებს“ იხსნიდეს, არც ერთი თქვენგანი არ იქნებოდა დახსნილი. ისევე, როგორც ისრაელს არ დაუმსახურებია აღდგენა და დაბრუნება მშობლიურ მიწაზე, ასევე არც ერთი ჩვენგანი არ იმსახურებს ცათა სასუფევლის დამკვიდრებას.

ღმერთმა აირჩია ისრაელი, მიუხედავად ისრაელისა, ისევე, როგორც მან ამირჩია მე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მე ვარ, როგორც აგირჩიათ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენ ხართ. ებრაელი ერი ღმერთის „თვალის გუგაა“ (ზაქარია 2:8). ეს ერი სრულიად განსაკუთრებულად არის მოწოდებული. პავლე თავისი თანამედროვე ეკლესიის მორწმუნეებს მიმართავს, ვინც თვლიდა, რომ ღმერთმა წერტილი დაუსვა ისრაელთან თავის ურთიერთობას. ჯერ კიდე დაუხსნელ ებრაელთა შესახებ საუბრისას, პავლე წერდა:

სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვისსაყვარელნი მამათა გამო. რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა. ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო, ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ.“ რომაელთა 11:28-31

ღმერთი სამართლიანია, მან უნდა დასაჯოს უმართლონი, მაგრამ ბიბლია მეუბნება, რომ სამართლიანობა უკვე აღსრულდა. თავად ღმერთმა გაითვალისწინა გამოსასყიდი მსხვერპლი, რათა ამ მსხვერპლისათვის დაეკისრებინა სასჯელი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვიმსახურებდით: ებრაელები და წარმართები. რომაელთა 5:8-ში პავლე ამბობს: …ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით და არა მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვსწორდით ან დავიწყეთ წმინდა და მართალი ცხოვრებით ცხოვრება. არა, ღმერთმა, თავისი სიყვარულისა და წყალობის გამო, თავისი უზენაესი არჩევანის შედეგად გამოიჩინა ინიციატივა და გვიხსნა, მიუხედავად იმისა, როგორებიც ვიყავით და ვართ. ალილუია!

როგორ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ღმერთი თავის რჩეულ ერს, ისრაელს, მოექცევა განსხვავებულად, ვიდრე თქვენ ან მე? წინასწარმეტყველ აბაკუმთან ერთად უნდა ვილოცოთ ისრაელისათვის ჩვენი მართალი მსაჯულის წინაშე:

…უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი მახსოვს შეწყალება.“ აბაკუმი 3:2

ჩანაცვლების თეოლოგიის შედეგები შიშისმომგვრელია. ღმერთმა თუ აზრი შეიცვალა ისრაელისათვის მიცემულ აღთქმებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორღა უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ის ჩვენთვის მოცემულ აღთქმებთან დაკავშირებითაც არ შეიცვლის აზრს? განადიდეთ უფალი, რადგან ის იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე. ღმერთი არასოდეს არ იცვლება. მისი საბოძვარი და მოწოდება ურღვევია.

იერემია წინასწარმეტყველის წიგნიდან შემდეგი ნაწყვეტი საკმარისი უნდა იყოს იმის საჩვენებლად, რომ ჩანაცვლების თეოლოგია ფიქციაა და არა ფაქტი:

„ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის, მაშინ იაკობისა და დავითისჩემი მორჩილის მოდგმასაც მოვიძულებდი და არ ავიყვანდი მისი თესლიდან ხელმწიფეებს აბრაამის, ისაკის და იაკობის თესლისთვის, რადგან ვაპირებ დავაბრუნო მათი წარტყვევნილნი და შევიწყალო ისინი.“ იერემია 33:25,26

ჩვენ ისევ გვაქვს დღე და ღამე, ცა და მიწა დაწესებული გზებით დადიან ისევ. ამგვარად, ღმერთს არ ჩაუნაცვლებია თავისი ერი, რომელსაც დაუდო აღთქმა. ის აღადგენს ისრაელს და ერთგულია აბრაამისათვის, ისაკისა და იაკობისათვის მიცემული თავისი მარადიული აღთქმისა.

ძმებო ქრისტიანებო, როცა ვხედავთ, როგორ მოაღწია ისრაელმა ჩვენამდე ისტორიის ქარტეხილებიდან, გვაქვს სიხარულის მიზეზი. ისევე, როგორც თავისი აღთქმისა და ისარელიანი ერისადმია ერთგული ღმერთი, ასევე ერთგული იქნება მათდამიც, ვინც დაემყნობა ისრაელს ისრაელის მესიის, იეშუას რწმენის მეშვეობით.

ამინ!

სტატიაში  გამოყენებული წყაროები:

  • 1 James Parkes, The Conflict of Church and Synagogue: A Study in the Origins of Anti-Semitism (New York: JPS, 1934)
  • 2 Paul Johnson, A History of the Jews (New York, Harper & Rowe, 1988) p.207-208
  • 3 Cf. W. Linden (ed), Luther’s Kampfschriften gegen das Judentum (Berlin, 1936)
  • 4 Paul Johnson, A History of the Jews, (New York, Harper & Rowe 1988) p.241

ავტორი უეინ ჰილსდენი (Wayne Hilsden) messiahsmandate.org

                               თარგმნა – ნინო ხუროშვილმა