ის საქართველოდან საბჭოთა ხელისუფლებას გაექცა, პარიზში დასახლდა და ევროპაში მცხოვრები 20 000 „ქართველი ებრაელი“ სიკვდილისგან იხსნა. მას იოსებ ელიგულაშვილი ერქვა..
ებრაელობა საქართველოში ყოველთვის ყველაზე ინტერგირებულ ეროვნულ უმცირესობად ითვლებოდა. ებრაელები ეთნიკური ქართველების მსგავს გვარებს ატარებდენ და ქართული ენა მათთვის მშობლიურად გახლდათ, თუმცა ყოველთვის ახერხებდნენ საკუთარი ტრადიციების დაცვას.
1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ქართველების გარდა, ხელი რამდენიმე ებრაელმაც მოაწერა. მათ შორის იყვნენ იოსებ ელიგულაშვილი და ილია გოლდმანი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარი კანონმდებელი ცხინვალში დაბადებული ებრაელი რაბინი და საზოგადო მოღვაწე მოშე დავარაშვილი გახდა.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ილია გოლდმანის ინიციატივით, ქართველი პოლიტიკური დევნილებისთვის პარიზის ახლოს ლევილის მამული შეიძინეს, რომელიც დღესაც საქართველოს საკუთრებაა. რაც შეეხება იოსებ ელიგულაშვილს, თითქმის არავინ იცის, რომ ბედმა ის ქართველ „შინდლერად“ აქცია.
იოსებ ელიგულაშვილი ქუთაისში ქართველი კომერსანტისა და საზოგადო მოღვაწის აარონ ელიგულაშვილის ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, თუმცა მოსკოვის პოლიტიკური მეცნიერებისა და კომერციის ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, სამშობლოში დაბრუნდა და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე, ელიგულაშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე წარადგინეს. ერთი წლის განმავლობაში მან მოასწრო გამხდარიყო სავაჭრო კომიტეტის წევრი, ფინანსთა მინისტრისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. 1919 წელს ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრად აირჩიეს.
მოგვიანებით, იოსებ ელიგულაშვილს შესთავაზეს ევროპაში ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის ინტერესები წარმოედგინა. სწორედ მისი მცდელობით შეძლო საქართველომ განვითარეისთვის საჭირო თანხების ევროპიდან მოზიდვა. 1921 წელს, როცა საქარველოს გასაბჭოება გარდაუვალი გახდა, ელიგულაშვილს სახელმწიფო ფასეულობების საფრანგეთში გატანა დაავალეს. ის დავალებას ბრწყინვალედ გაუმკლავდა და შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელა უძველესი ქართული წიგნებისა და ფასეულობების შეგროვება. წლების შემდეგ ელიგულაშვილის მდიდარი კოლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა.
1921 წლიდან მოყოლებული, იოსებ ელიგულაშვილი პარიზში ცხოვრობდა, სადაც თეთრეული წარმოების მცირე ბიზნესი წამოიწყო. იმ წლებში საფრანგეთისდედაქალაქში საკმაოდ ძლიერი ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა, რადგან ემიგრანტებს შორის იყვნენ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების საუკეთესო წარმომადგენლები. ქართული ემიგრაციის იდილიური ცხოვრება ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე დასრულდა.
იოსებ ელიგულაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც გერმანელებმა დააპატიმრეს, თუმცა მისი გადარჩენა საქართველოს ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის შვილმა მიხეილ კეიდიამ გერმანიაში თავისი ომამდელი კავშირების წყალობით მოახერხა. მოგვიანებით, კეიდიამ და ელიგულაშვილმა გერმანელთა სამხედრო ბანაკებიდან ათასობით ადამიანის დახსნა შეძლეს. ამას ხელი შეუწყო ქართველი ებრაელების თითქოს „მეცნიერულად დასაბუთებულმა“ მემორანდუმმა, რომელიც ოკუპირებულ პარიზში, ნაცისტების წარმომადგენლებს გაუგზავნეს.
დოკუმენტში ეწერა, რომ ქართველი ებრაელები არაფრით განსხვავდებიან ეთნიკური ქართველებისგან და ერთი და იგივე აგებულება, ერთი ენა და ტრადიციები აქვთ. ცალკე იყო აღნიშნული, რომ მათ არავითარი კომუნისტური ან სიონსტური მისწრაფებები არ გააჩნიათ. სწორედ ამ მემორანდუმის წყალობით, გახდა შესაძლებელი „ქართველი ებრაელების“ გადარჩენა. ელიგულაშვილისა და კეიდიას მცდელობით დაიწყო ყალბი პასპორტების გაცემა – ევროპელ ებრაელებს გვარის ბოლოს „შვილი“-ს ან „ძე“-სუმატებდნენ, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მათი ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად.
საბოლოოდ, ელიგულაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა 20 000-ზე მეტი ებრაელი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს. „ქართველი შინდლერი“ 1952 წლის 20 ოქტომბერს, პარიზში გარდაიცვალა, ისე, რომ საქართველო აღარასოდეს უნახავს.
წყარო – jewish.ru