იყო თუ არა მარტინ ლუთერი ანტი-სემიტი?

gettyimages_513684761-2

 

რადგან ჩვენ ნელ-ნელა გვიახლოვდება პროტესტანტული რეფორმაციის 500 წლის თავი, საზოგადოების ყურადღება ამ მოძრაობის ლიდერის, მარტინ ლუთერისადმი იქნება მიპყრობილი. როგორი ადამიანი იყო ის სინამდვილეში? კერძოდ როგორი ქრისტიანი იყო ის?

მისიონერული ორგანიზაციის ერთ-ერთ კონფერენციაზე რობერტ გოდფრეისა და სტეფენ ნიკოლსის ექსპერტთა ჯგუფის წევრები განიხილავდნენ საკითხს „დამნაშავეა თუ არა მარტინ ლუთერი ანტისემიტიზმში“ და ეს კარგი მიზეზია ამაზე სალაპარაკოდ.

როგორც ნიკოლსი სწორედ აღნიშნავს, 1523 წელს ლუთერი კეთილგანწყობით და მორჩილებით ურთიერთობდა ებრაელ ერთან, გმობდა ეკლესიის დამოკიდებულებას მათ მიმართ იმ დრომდე და ჰქონდა იმის იმედი, რომ ბევრი მათგანი ქრისტიანი გახდებოდა. ოცი წლის შემდეგ, როდესაც ეს ასე არ მოხდა, ხანდაზმულ და ავადმყოფ ლუთერს აჩვენეს იუდეველთა წინა თაობების მიერ დაწერილი  ფალსიცირებული ღვთისმგმობელი და ანტიქრისტიანული დოკუმენტები, რის შემდეგაც მან დაწერა თავისი ცნობილი ნამუშევარი „ებრაელები და მათი სიცრუე“. ამ წიგნში ის მიმართავდა გერმანელ მთავრებს, როგორ უნდა მოქცეოდნენ ამ „წყეულ და უარყოფილ ერს“.

 

„პირველ რიგში  მათი სინაგოგები უნდა დაიწვას… მეორე- მათი სახლებიც უნდა დაინგრეს და განადგურდეს… მესამე- მათი თალმუდი და ლოცვის წიგნები უნდა დაიწვას… მეოთხე- მათ რაბინებს უნდა ჩამოერთვათ სწავლის უფლება… მეხუთე- პასპორტი და სატრანსპორტო პრივილეგიები უნდა აეკრძალოთ… მეექვსე- მათ უნდა აეკრძალოთ სესხები (სესხვებზე საპროცენტო განაკვეთი)… მეშვიდე- ახალგაზრდა და ძლიერ ებრაელებს უნდა მივცეთ ჩაქუჩი, ცული, თოხი, და სამუშაო ხელსაწყოები, რომ თავად იშოვონ პურის ფული ოფლითა და ცრემლებით… უპატიოსნო და ზარმაცი ადამიანები უნდა მოვარიდოთ ჩვენ საზოგადოებას…

შევაჯამებ, ძვირფასო მთავრებო, რომლებსაც გყავთ დაქირავებული ებრაელები, ჩემი რჩევა იქნება რომ აირჩიოთ სწორი გზა და გავთავისუფლდეთ ამ საშინელი ტვირთისგან- ებრაელებისგან“.

 

დიახ, ეს ყველაფერი მარტინ ლუთერის კალამმა დაწერა. (მოემზადეთ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის).

 

ამ შეურაცხმყოფელ დოკუმენტთან დაკავშირებით ნიკოლსმა თქვა: „ლუთერი თავისი ნებით საუბრობდა ებრაელების წინააღმდეგ და მისი სიტყვები მკაცრად ჟღერს“. მკაცრად? მე ამას უხეშ გადაჭარბებას ვუწოდებდი. ნიკოლსი განაგრძობს:

„ჩვენ უნდა ავღნიშნოთ, რომ ის ყოველთვის უხეში იყო თავის განცხადებებში და შეეძლო ნებისმიერისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა. ვერ ვიტყვით, რომ ეს რიტორიკა მხოლოდ ებრაელების მიმართ იყო მიმართული, ის ისევე საუბრობდა კათოლიკებზე, ანაბაპტისტებზე და ნომინალურ ქრისტიანებზე, როგორც ებრაელებზე. მაგრამ ის არასწორი იყო. ის უხეშად საუბრობდა და ვფიქრობ, რომ ცუდად იყენებდა იმ ძალაუფლებას, რომელიც გააჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლუთერის ასეთი ქცევა იყო მიუღებელი, არასწორი. მაგრამ ეს არ არის აუცილებლად ანტისემიტიზმი, რომელიც მართლაც მეოცე საუკუნის ფენომენია.“

 

და კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატო შეშფოთება ამ სიტყვების მიმართ, რაც ვერაფრით შეამსუბუქებს იმას რაც მან დაწერა.

 

ტრაგიკულია, რომ ადოლფ ჰიტლერი ლუთერს გენიოსად თვლიდა, რომელსაც ესმოდა რამდენად საშიში იყო ებრაელი ერი. ისტორიკოსები ჰოლოკოსტის დასაწყისად 1938 წლის 9 ნოემბერს განიხილავენ, როდესაც ჰიტლერმა ლუთერის რჩევები გააცოცხლა, დაწვა და გაანადგურა ებრაული სინაგოგები, მაღაზიები და სახლები.

 

ამის გათვალისწინებით არ შემიძლია დავეთანხმო ნიკოლს, რომელიც ამტკიცებდა: „ მე ვფიქრობ ის ცუდად იყენებდა ძალაუფლებას რომელიც ჰქონდა, როდესაც ასე უხეშად საუბრობდა.“ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს კიდევ მარტივადაა შეფასებული, როგორი უხეში დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა სხვა ადამიანთა ჯგუფების მიმართ და საერთოდ როგორი უხეში რიტორიკაც არ უნდა ყოფილიყო იმ დროში, ქრისტიან ლიდერს თავი უნდა შეეკავებინა უმკაცრესი ფორმის წერილებისგან, ვწუხვარ და ვგლოვობ ამ ყველაფერს.

 

რობერტ გოდფრიმ, სხვა ჯგუფის წევრმა, ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უბრალოდ დავამატებ კიდევ ერთ მომენტს… უნდა დავამატოთ, რომ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ლუთერს სურდა, რომ ებრაელები მოექცია ქრისტიანობისკენ და შეერთებოდნენ ეკლესიას. ჰიტლერს არასდროს არ ჰქონია სურვილი, რომ ებრაელები ნაცისტური პარტიის წევრები გამხდარიყვნენ. სწორედ ამაშია ანტისემიტიზმსა და ანტიებრაელობას შორის განსხვავება. ლუთერი ებრაელების წარმომავლობის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. ის მათი წინააღმდეგი იყო მათი რელიგიის გამო. მას სურდა რომ ისინი ქრისტიანულ ეკლესიას შეერთებოდნენ. თუ თქვენ ხართ ანტისემიტი, თქვენ ხართ ებრაელების წარმომავლობის წინააღმდეგი და მათ ამის შეცვლა არ შეუძლიათ. თქვენ მართლები ხართ, ჩვენ არ უნდა დავიცვათ ლუთერის ენა, რადგან ის სასტიკია იუდევლების მიმართ. ეს განცხადებები არ იყო ერის წინააღმდეგ, არამედ იმ რელიგიის წინააღმდეგ, რომელიც მან ასე მკაცრად გააკრიტიკა.“

 

მართალია თუ არა გოდფრი? კიც და არაც. ერთის მხრივ მთავარი პრობლემა იყო ებრაელების რელიგია (განსაკუთრებით ლუთერის ხედვით, რომ იუდევლებს არ სწამდათ იესოსი) და არა ებრაელი ერის არსებობა, როგორც ასეთი. მეორეს მხრივ ძალიან პატარა ზღვარია ამ ორ გაგებას შორის, როგორც აღნიშნავს ისტორიკოსი ერიკ უ. გრიჩი თავის წიგნში „მარტინ ლუთერის ანტისემიტიზმი: საღი აზრის წინააღმდეგ“.

 

ის წერს:

„ლუთერს რასიზმის მინიშნებებიც კი აქვს, როდესაც ის კომენტარს უკეთებს დაუდასტურებელ ჭორებს, რომ ებრაელები კლავენ ქრისტიან ბავშვებს. ეს დანაშაული ანათებს მათი თვალებიდან და მთელ სხეულში გადის. ჩვენ ვართ დამნაშავენი რომ არ ვანადგურებთ მათ (ებრაელებს). ასეთი განცხადება არ შეიძლება შემოიფარგლოს კონკრეტული ისტორიული კონტექსტით. ის უდროოა და ნიშნავს „სიკვდილი იუდევლებს“ , ლუთერის მიერ იქნება ნათქვამი თუ ჰიტლერის. უფრო მეტიც, ლუთერს თავად სურდა „ებრაელი ბოროტმოქმედების“ მოკვლა. მე მას სილას გავაწნიდი, სიამოვნებით დავაგდებდი მიწაზე და მახვილით გავაპობდი შუაზე“.

 

ასე წერდა მარტინ ლუთერი. და სულაც არ მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ის სხვა ადამიანებზეც ასეთ რაღაცეებს წერდა, მაგალითად გლეხებზე წერდა ასე: „ურჩ და უტვინო გლეხებს ნურავინ დაეხმარება, არამედ ყველამ, ვისაც როგორ შეუძლია, უნდა დავჩაგროთ და დავამციროთ როგორც ძაღლები… რომ  ასე შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და სიმშვიდე“. და ასე შემდეგ…

 

დავუბრუნდეთ ებრაელებსა და ლუთერს, ასეთი ციტატებით ძნელია განასხვავო, მისი სიძულვილი თეოლოგიური იყო თუ ეთნიკური:

 

„ებრაელები ან ებრაელთა გული მტკიცეა, როგორც ქვა და რკინა, არაფერი მას არ ეხება… მოკლედ, ისინი ეშმაკის შვილები არიან, ჯოჯოხეთისთვის გამზადებულნი… ჩვენ ვერც კი ვახერხებთ, რომ შევცვალოთ ქრისტიანების უმეტესობა, ვკმაყოფილდებით მცირედით, მაგრამ ამ ეშმაკის შვილების შეცვლა საერთოდ შეუძლებელია! თუმცა ზოგიერთები უცნაურ დასკვნას აკეთებენ რომაელთა მე-11 თავიდან, რომ ყველა ებრაელი უნდა გადარჩეს, მაგრამ ეს ასე არაა. წმინდა პავლე მოციქული სულ სხვა რამეს გულისხმობდა.“

 

არა როგორც კათოლიკე, არამედ როგორც ებრაელი, რომელმაც ვირწმუნე ქრისტე, ვალში ვარ ლუთერის წინაშე იმ დადებითი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა გაუკუღმართებული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ მე დღეს მივმართავ ლუთერის მიმდევრებსა და პატივისმცემლებს: „გთხოვთ, მსუბუქად ნუ შეხედავთ იმას, რასაც ლუთერი წერდა (ებრაელებისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ). გთხოვთ, ნუ შეარბილებთ მის საქციელს იმ არგუმენტით, რომ ის „ბუნებით სუსტი იყო“ (ნიკოლსის სიტყვებით).

 

ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა ამ „ბუნებით სისუსტემ“ – მათ შორის ებრაელთა სისხლი. მოდით ეს ყველაფერი მწუხარებით მივიღოთ. სხვაგვარი დამოკიდებულება უსამართლო იქნება მარტინ ლუთერის ხსოვნის მიმართ.

ავტორი – მაიკლ ბრაუნი 

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილი

წყარო – charismanews.com