რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა: „ნუთუ არ აღვძრავ ისრაელში მოშურნეობას?

israel-envious1

რომაელთა მიმართ წერილში არსებობს ორი ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ ებრაელ ხალხში აღიძვრება მოშურნეობა იმის გამო, თუ რა მიიღეს იეშუას მიმდევრებმა.

პირველი ნაწყვეტი განმარტავს, რომ მთელ ქვეყნიერებას ექადაგა სახარება, რათა ისრაელში მოშურნეობა გამოეწვია. რადგან ისრაელმა, განსაკუთრებით კი სულიერმა ლიდერებმა არ მიიღეს სახარება:

“მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.” (რომ.11:11)

ღმერთს სურს რომ მისი შვილები მოვიდნენ მასთან – „სხვა ცხვარი, არა ამ ფარეხისა“ (იოან.10:16). მაგრამ ამავდროულად, მას არასდროს შეუწყვეტია ურთიერთობა და აღთქმები თავის პირმშოსთან, ისრაელთან. პავლე მოციქული ნათლად ლაპარაკობს ამაზე, ისრაელის წაბორძიკებაზე, იმისთვის წაბორძიკდნენ რომ „დაცემულიყვნენ“. „არამც და არამც“ – ამბობს ის. ხსნა მიეცა ხალხს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთის სხვა შვილები მოსულიყვნენ მორწმუნეთა ოჯახში, არამედ იმისთვისა, რომ განსაკუთრებული გზით მიექცია თავისი პირმშოს ყურადღება.

ღმერთის თვალში პირველიც და მეორეც ძალიან მნიშვნელოვანია. ის არასდროს დათმობს ისრაელის დაბრუნებას. ანალოგიურად ის არასდროს უარყოფს ჩვენთვის გადარჩენის შესაძლებლობას. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს – თავისუფალი ნებაა, რომელიც თანაბრადაა, როგორც ებრაელში ისე არაებრაელში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისუფლად მიიღოს ან უარი თქვას ღმერთის გეგმაზე მისი ცხოვრების ხსნისთვის.

როგორც მე ხშირად ვამბობ, ჩვენი ზეციერი მამა დიდი ოჯახის უფროსია. ის თანაბრად აფასებს მის ოჯახში მცხოვრებ ყველა ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა არ მიიღო სახარება „არიან -საყვარელნი მამების გულისათვის.“ (რომ.11:28). პავლე მოციქული ამბობს, რომ ისრაელის სიბრმავე დროებითია და საბოლოოდ მათ თვალებს საბურველი მოსცილდება. (იხ. რომ 11:25-26).

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი პირმშო, რადგან გამოსყიდვა მართლაც მოხდება. მე მჯერა, რომ სწორედ ეს იყო ყველა მოციქულის გულში და განსაკუთრებით ქრისტეს, რომელმაც აპატია მათ ჯვარზე. უცნაური არ არის, რომ სწორედ პირმშომ გაიყვანა ღმერთის კრავი ქალაქგარეთ და შესწირა, რათა აღსრულებულიყო პესახის ისტორია და თითოეულ ჩვენგანს მიეღო გადარჩენა.

განა ეს არ დაგვანახა ღმერთმა, ისააკის მსხვერპლად მოტანის დროს? – ის, რაც საჭიროა ჩვენი ხსნისთვის?

მოშურნეობის შესახებ წერილის მეორე ეპიზოდი – პავლე მოციქულის მიმართვა არაებრაელ მორწმუნეებს. პავლე საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეცვალონ მორწმუნეებმა თავიანთი მსახურება იუდეველთა ხალხის ხარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პავლეს ამოცანა იყო ეხარებინა სახარება ყველა ერისთვის დედამიწის შორეულ კიდემდე, ის ყოველთვის ცდილობდა პირველ რიგში ებრაელებისთვის გადაეცა იესოს სიტყვები გადარჩენის შესახებ:

“ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა. რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე?” (რომ. 11:13-15).

ამას რომ თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს ვინ გადასცემს იუდევლებს კეთილ უწყებას? იქნება ეს უფალი, რომელიც შეეხება ისრაელს რაღაც ზებუნებრივი გზით, მორწმუნეების გარეშე და ასე იხსნის ისრაელს, როგორც ზოგიერთი დღევანდელი დოქტრინა გვასწავლის? ვფიქრობ რომ არა, რადგან ღმერთი ყოველთვის ირჩევდა ადამიანს, რათა დაღუპული სამყაროსთვის გადაეცა გზავნილი მისი სიყვარულისა შესახებ. ჩვენ არ ვართ ახლა მისი ცოცხალი ტაძარი? ადგილი სადაც მკვიდრობს მისი წმინდა სული (1 კორ. 3:16).

როგორც ამბობს პავლე:

“მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: “რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!” (რომ. 10:14-15).

ეჭვგარეშეა, რომ ღმერთმა აირჩია ეკლესია, რომ მიაღწიოს ისრაელს და აღძრას მასში მოშურნეობა. წმინდა წერილი ნათლად საუბრობს ამას. მაშინ როგორ შეგვიძლია ასე ჩამოვშორდეთ ამ მოწოდებას?

მე უკვე ვუპასუხე ამ შეკითხვას ჟურნალ Charisma Magazine- ის პირველ სტატიებში: ისრაელისა და ეკლესიის აღდგენა და ღვთის წყალობის გეგმა. მათში შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ როგორია ღვთის გეგმა ისრაელის გადარჩენისთვის და იმის გაგება, თუ როგორ და რატომ არ უპასუხეს ამ მოწოდებას წარმართმა მორწმუნეებმა. თქვენ უკეთ გაიგებთ მამის გეგმას, სადაც ეკლესია მოწოდებულია დაიბრუნოს ისრაელი, რათა ერთხელ და სამუდამოდ ღმერთის ოჯახი გაერთიანდეს. და მე მწამს რომ, სწორედ მაშინ, მოხდება უფლის მეორედ მოსვლა. გირჩევთ რომ ეს ორივე სტატია წაიკითხოთ.

ჩვენ ვცხოვრობთ ახალ დროში, და უკვე შევაბიჯეთ იმ პერიოდში სადაც მიმდინარეობს დიალოგი ებრაელებსა და წარმართებს შორის, რომლებსაც მივყავართ ისრაელის გამოღვიძებისკენ და ღმერთის ოჯახის გაერთიანებისკენ (რომ. 11:25-26). მიმოიხედეთ: ებრაელი ხალხი დაბრუნდა თავის მიწაზე და აღსრულდა წმინდა წერილის მრავალი წინასწარმეტყველება. მესიანური გამოღვიძება უკვე დაიწყო და მრავალი ებრაელი, მათ შორის მეც, მოვიდა მესიასთან. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

აი რატომ უნდა ვიყოთ ყურადღების იმ საიდუმლო კავშირებთან, რომელიც არსებობს  ისრაელსა და ეკლესიას შორის (რომ. 11:25-26). ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ამას, ვიდრე ახლა ვუთმობთ. მე მჯერა, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისრაელიცა და ეკლესიაც ძალიან დიდი როლს თამაშობენ ღმერთის გადარჩენის გეგმაში. მე ვხედავ ისრაელს და ჩვენს ფოკუსს მის სულიერ გამოღვიძებაზე, როგორც ზეციური სამეფოს უზარმაზარი ძალაუფლების გასაღებს (რომ. 11:15; ეზეკ. 37:9-11). მე ვხედავ ეკლესიას, რომელიც იღებს ამ გასაღებს ხელში და იყენებს მას, როგორც ღმერთის წარგზავნილი, რომელიც ათავისუფლებს ღმერთის წყალობას ისრაელის გამოღვიძებისთვის (რომ. 11:30-32).

ჩემს წიგნში „ეზეკიელის თაობა“ დავწერე ამის შესახებ. ამ წიგნში სხვა ასპექტებსაც განვიხილავ, რომესაც აუცილებლად შევხვდებით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ რომ ხელახალი გაერთიანება მოხდეს. მათ შორის ასევე არის საკითხი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ისრაელში აღიძრას მოშურნეობა იმის შესახებ, თუ რა მოგვცა ქრისტემ.

მაშ ასე, რას გულისხმობდა პავლე როცა წერდა ისრაელის მოშურნეობაზე? და შეუძლია თუ არა სახარებას, როგორც ის ახლა არის წარმოდგენილი, ებრაელებში მოშურნეობის აღძვრა?

გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ამას ნაწილობრივ უკვე ვუპასუხეთ ამ სტატიაში. განა ჩვენ არ ვართ მისი ტაძარი, რომელშიც დამკვიდრებულია სულიწმინდა? განა ჩვენ არ მივიღეთ ახალი აღთქმა, რომელიც ისრაელს ეკუთვნოდა და მათ უარყვეს ის? როგორც იესომ თქვა: “ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი” (მათე 20:16).

თუ ჩვენ მივიღეთ იესო ჩვენს გულში და დავუმორჩილეთ ჩვენი ცხოვრება რწმენას, მაშინ მისი დაპირებით, მამა და ძე იცხოვრებენ ჩვენში და გვექნება ურთიერთობა სულიწმინდის მეშვეობით. (იოანე 14:23). მაგრამ, რადგან ისრაელის უმეტესობამ ჯერ კიდევ არ მიიღო ახალი აღთქმა, მას ჯერ კიდევ არ აქვს ეს ღრმა ურთიერთობები ღმერთთან, რომელიც შესაძლებელია მესიის საშუალებით. და ღმერთი გვაძლევს ჩვენ, მის მორწმუნეებს, განსაკუთრებულ მისიას – შევეცადოთ დავაბრუნოთ ებრაელები რწმენისკენ, მათ ღმერთთან ღრმა პირადი ურთიერთობების ჩვენებით.

სინამდვილეში, მე სწორედ ამ გზით ვირწმუნე. ერთმა ქრისტიანმა გოგონამ მაჩვენა, თუ რა ღრმა ურთიერთობები აქვს ჩემს უფალთან.  პატიოსანი ვიყავი ჩემ თავთან და ვაღიარე რომ მე არ მქონდა მასთან ასეთი ურთიერთობა, თუმცა ძალიან მინდოდა. ხსნას, რომელსაც მოაქვს პირადი ურთიერთობები ღმერთთან, შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით. ეს გოგონა სულ იმას მეუბნებოდა, რომ ვერ მეყოლებოდა მხოლოდ მამა თავისი ძის გარეშე და რომ ისინი აბსოლუტურად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან.

მე მთელი გულით მწამს, რომ ღმერთთან სწორედ ამ ღრმა ურთიერთობებს მოაქვს ჩვენთვის ქრისტეს ახალი აღთქმა და სწორედ ეს აიძულებს ისრაელს მოშურნეობას. ამ საკითხს კიდევ განვიხილავთ შემდეგ სტატიაში, რომელიც ასევე მალე გამოქვეყნდება.

მანამდე კი დაგიტოვებთ ესაიას წიგნიდან პატარა ნაწყვეტს:

“ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი, გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.” (ესაია 40:1-2)

ავტორი – Grant Berry

თარგმანი – სალომე ჯებისაშვილი

წყარო – charismamag.com