ყოველი რელიგია წარმოშობს საკუთარ კულტურას. იუდაიზმისაგან გამოყოფილი ქრისტიანობისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო იმ ყოველივესგან განთავისუფლება, რაც მას „იუდეველურ წარსულთან“ აკავშირებდა. ახალგაზრდა რელიგიას სჭირდებოდა საკუთარი კალენდარი, საკუთარი დღესასწაულები, საკუთარი გმირები, საკუთარი ბრძენკაცები. მას სჭირდებოდა ღვთისმეტყველება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამიჯნავდა ქრისტიანობას და ებრაელობას.
ისრაელისადმი, თორასა და „ძველი აღთქმისადმი“ დამოკიდებულების საკითხში თანამედროვე ქრისტიანობა, ბევრ რამეში, ეყრდნობა მრავალი ასწლეულის წინ ჩამოყალიბებულ ღვთისმეტყველებას. ეკლესიის მამათა დროიდან მოყოლებული ამ სფეროში ახალი ბევრი არაფერი თქმულა.
ხშირად გვჭირდება იმის გაგება, რატომ სწამს ჩვენს თემსა თუ ეკლესიას ის, რაც სწამს. როგორ მივედით ამ რწმენამდე? პირველმა ვინ განაცხადა ამის შესახებ? როგორი რეაქცია გამოიწვია ამან? ვინ არ იყო თანახმა? ასეთი საკითხების გარკვევაში გვეხმარება ისტორია.
ჩვენ გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ დოკუმენტზე, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს აღნიშნულ საკითხს. ეს არის ეკლესიებისადმი მიმართული იმპერატორ კონსტანტინეს წერილი, რომელიც „მოციქულთა წერილების თანასწორუფლებიან“ გზავნილად იწოდებოდა. იგი დაიწერა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქრისტიანული პასექის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით. ეს კრება, როგორც ზოგიერთები ვარაუდობენ, არ ყოფილა მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად მოწვეულ ეპისკოპოსთა მორიგი, ჩვეულებრივი თათბირი.
ეს კრება განსაკუთრებული ნიშანსვეტი გახლდათ ეკლესიის ისტორიაში. ამ კრების შესახებ ისტორიული ლიტერატურის კითხვისას, ყველაზე ხშირად იმის გაგება შეგვიძლია, რომ ამ კრებაზე განსაჯეს არიანეს ერესი, მაგრამ იქ მხოლოდ ეს არ მომხდარა. გარდა არიანეს ერესის გასამართლებისა, ნიკეის კრებამ ერთხელ და სამუდამოდ დაადგინა პრინციპები, რომელთა მიხედვითაც უნდა განსაზღვრულიყო ქრისტიანების დამოკიდებულება ისრაელისა და ებრაელი ერისადმი.
როგორც დანიელ გრუბერი წერს თავის წიგნში „ეკლესია და იუედეველები“, რომლიდანაც ვახდენთ ამ დოკუმენტის ციტირებას: „მოცემულ წერილში კონსტანტინე ოფიციალურად ამტკიცებს ანტიუდეველურ პლატფორმას საეკლესიო დოქტრინებისა და პრაქტიკისათვის, აცხადებს ზიზღს ებრაელებისადმი და მათგან გამიჯვნას ერთადერთი სწორი ქრისტიანული დამოკიდებულებით.“
ეკლესია დაემორჩილა საერო ხელისუფლებას, დაკარგა ნათელი, დაკარგა მხსნელი ძალა, ჩააქრო წინასწარმეტყველური სული. მას მეტად აღარ შეეძლო სიცოცხლის მინიჭება ადამიანთათვის. ეკლესია იქცა მკვლელად, რომელმაც, შედეგად, მილიონობით ადამიანი გაანადგურა. დევნილი ეკლესია ახლა თავად მოგვევლინა მდევნელად. რასაკვირველია, ქრისტიანობა ამისკენ დიდხანს მიემართებოდა, მაგრამ ნიკეის კრებამ ამას დამღუპველი წერტილი დაუსვა. კრების შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის ისტორიის ახალი, საშინელი და სისხლიანი ეპოქა.
დღეს ჩვენ ვცდილობთ უარი ვთქვათ ამ ისტორიაზე, თითქოს, მასთან საერთო არაფერი გვქონდეს. ჩვენ გვინდა, რომ არ გვაიგივებდნენ ამ „ეკლესიასთან“, მაგრამ მაინც გვწამს იმის, რისიც სწამდათ ნიკეის კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსებს. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია იმაში გარკვევა, როგორ წარმოიშვა ჩვენი დოქტრინები.
რა იყო პასექთან დაკავშირებულ წინააღმდეგობათა არსი? როგორც წმინდა წერილიდან ჩანს, იეშუა და მისი შლიხიმ (მოციქულები) ბიბლიურ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ ბიბლიური კალენდრის მიხედვით. ამ ფაქტის ეჭვქვეშ დაყენება დიდად რთულია. აღნიშნული კალენდარი თავად უზენაესმა მისცა ებრაელ ერს. რაბი შაულისათვის (პავლე) შავუოთისა და იომ კიპურის დღესასწაულები მკაფიოდ დადგენილი თარიღები გახლდათ, როგორც საქმეების წიგნიდან (20:16, 27:9) ჩანს და ის ებრაული კალენდრით ხელმძღვანელობდა.
პირველი ქრისტიანული თემები ამ ტრადიციას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ, თუმცაღა, მეორე ასწლეულის დასასრულს, დასავლეთში არსებულმა ბევრმა ეკლესიამ, რომლებიც, ძირითადად, წარმართთაგან შედგებოდა, პასექის აღნიშვნა დაიწყეს იმგვარად, რომ ეს დღესასწაული ყოველთვის კვირა დღეს ემთხვეოდა, მიუხედავად ბიბლიური კალენდრისა. აზიის ეპისკოპოსთაგან მრავალი ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილისა და მოციქულთა ტრადიციისგან ასეთ უხეშ გადახვევას, მაგრამ ანტისემიტური ტენდენციები შემაშფოთებლად სწრაფად იკრებდა ძალას და ქრისტიანებს ფრიად დამამცირებლად მიაჩნდათ „იუდეველთა ჩვეულებების“ დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებები წმინდა წერილში გახლდათ დადგენილი. სწორედ ამიტომ, ნიკეის კრებამ დაადგინა წმინდა წერილის ჭეშმარიტების უგულებელყოფა, ბიბლიურ კალენდარზე უარის თქმა და წარმართული, რომაული კალენდრის მიღება.
დღემდე, პრაქტიკულად ყველა ქრისტიანი ამ კრების დადგენილებებს იცავს. ამაოდ!
წერილი (ნიკეის პირველი კრება)
„უავგუსტოესი კონსტანტინე ეკლესიებს,
მას შემდეგ, რაც ვიგემე ღვთაებრივი სახიერების დიდებულება წარმატებულ საზოგადოებრივ საქმეებში, ჩემს ვალად მივიჩნიე, ძალისხმევა გამომეჩინა, რათა კათოლიკური (მსოფლიო) ეკლესიის ბედნიერმა უმრავლესობამ შეინარჩუნოს ერთიანი რწმენა, გაერთიანდეს ნამდვილ და გულწრფელ სიყვარულში და ჰარმონიულად შეერთოს ერთმანეთს ყოვლისშემძლე ღმერთისადმი ერთგულებაში, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ სიმტკიცითა და დარწმუნებულობით შეიძლება, მხოლოდ შემოწმების გზით, რომელიც ამავე მიზანს ისახავს. ერთად თავმოყრილი ყველა ეპისკოპოსის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მიერ უნდა შემოწმდეს ყველაფერი, რაც შეეხება ჩვენს უწმინდეს რელიგიას. ამგვარად, მოვიწვიე, შეძლებისდაგვარად, მათი დიდი რაოდენობა და თავადაც ვესწრებოდი, მეც ერთ-ერთ თქვენგანი ვიყავი (და არ შემიძლია იმის უარყოფა, რომ ფრიად მახარებს თქვენს მსახურად ყოფნის შესაძლებლობა), ყველაფერს ვამოწმებდით მანამ, სანამ დღის შუქს ღვთისათვის სათნო ერთიანი შეხედულება არ მოევლინა, ღვთისათვის, რომელიც ყველაფერს ჭვრეტს, რათა არ დარჩეს არავითარი საბაბი რწმენის შესახებ უთანხმოებათა და წინააღმდეგობათათვის.
უწმინდესი პასექის დღის შესახებ საკითხი რომ წამოიჭრა, საყოველთაო შეთანხმებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ დღესასწაული ესე ყველგან ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდეს, რამეთუ, რა უნდა იყოს იმაზე უფრო მართებული, უფრო მეტად პატივდებული და შესაბამასი, ვიდრე აღნიშვნა ამ დღესასწაულისა ყველას მიერ და ყველგან ერთნაირი წესითა და განსაზღვრული რიგით, დღესასწაულისა, რომელიც გვანიჭებს უკვდავების იმედს.
ჭეშმარიტად, უპირველეს ყოვლისა, ყველას უკიდურესად უღირსად მოეჩვენა ის გარემოება, რომ ამ უწმინდესი დღესასწაულის აღნიშვნაში ჩვენ უნდა იუდეველთა ჩვეულებით ვიხელმძღვანელოთ, რომელთაც, ო, ეს ბილწი არამზადები! ხელები გაისვარეს საზიზღარ დანაშაულში, დამსახურებულად არიან დაბრმავებულნი საკუთარ გონებაში.
ამიტომაც, მართებულია, ამ ხალხის პრაქტიკის უგულბელყოფის შემდგომ, ყველა მომდევნო საუკუნის განმავლობაში საუკუნოდ დავადგინოთ ამ ჩვეულების აღნიშვნა გაცილებით კანონიერი რიგის მიხედვით, რასაც ვიცავდით უფლის ვნებათა დღიდან მოყოლებული ვიდრე აქამომდის. დაე, ნუ გვექნება რაიმე საერთო ყველაზე მტრულად განწყობილ იუდეველთა ხროვასთან. ჩვენ სხვა საშუალება მივიღეთ ჩვენი მხსნელისაგან. ჩვენი უწმინდესი რელიგიისათვის ხსნილია გაცილებით უფრო კანონიერი და მართებული გზა. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ამ გზაზე სვლისას, მოდით, თავი ავარიდოთ, ჩემო ფრიად პატივცემულო ძმებო, ამ უბილწეს ხალხს.
ამგვარად, უკიდურესი უგუნურებაა, როცა ისინი ამპარტავნულად მედიდურობენ და წარმოუდგენიათ, რომ მათ დარიგებათა გარეშე ჩვენ არ ძალგვიძს ამ ჩვეულების მართებულად შესრულება, რამეთუ, რის გაგება შეუძლიათ სწორად მათ, რომელთაც, უფლის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მოტყუებულნი და გონებადაბნელებულნი არიან, თავაშვებული ინსტინქტები ხელმძღვანელობენ ყველგან, საითაც უბიძგებს მათ თანდაყოლილი სიგიჟე. ამის გამოა, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ ჭეშმარიტებას, გზაარეულნი არიან, ნაცვლად იმისა, რომ დროულად გამოასწორონ საკუთარი გამოთვლა, ისინი აღნიშნავენ პასექს ორჯერ ერთსა და იმავე წელს (რომაულ წელს). რატომ უნდა მივდიოთ მათ, რომელნიც ემონებიან აშკარა ცდომილებას? ვინაიდან ჩვენ, არავითარ შემთხვევაში, არ მოვითმენთ პასექის აღნიშვნას წელიწადში ორჯერ.
მაგრამ, თუ ჩემ მიერ ზემოთქმული საკმარისი არ აღმოჩნდება, მაშინ, წარმოვუდგენ თქვენს გამჭრიახ მზერას, გულმოდგინებითა და ლოცვით, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ თქვენს გონებათა სიწმინდე შეიბღალოს ამ უმდაბლესი მოდგმის ნაშიერთა ჩვეულებებთან რაიმე მსგავსებით. ამას გარდა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანაირი აზრთა სხვადასხვაობა ესოდენ დიდმნიშვნელოვან საქმეში და ესოდენ სერიოზულ რელიგიურ დაწესებულებაში, მეტისმეტად დიდი დანაშაული იქნებოდა, ვინაიდან უფალმა გვიანდერძა ჩვენი განთავისუფლების ერთი სადღესასწაულო დღის აღნიშვნა, კერძოდ კი, მის წმინდა ვნებათა დღე. მისთვის სათნო იყო, რომ მისი ეკლესია იყოს ერთიანი, რომლის წევრებიც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ სხვადასხვა ადგილას არიან დაფანტულნი, იკვებონ ერთი სულით, რომელიც არის ღვთის ნება.
დაე, ნუ დარჩება დაფარული თქვენი სიწმინდის შორსმჭვრეტელობისგან, რამდენად მტკივნეული და უღირსი იქნებოდა ის, რომ, ერთსა და იმავე დღეს, ერთნი იტანდნენ თავშეკავების სიმძიმეთ, მეორენი კი ნადიმობდნენ, ხოლო პასექის შემდეგ ერთნი ანებივრებდნენ საკუთარ თავს საზეიმო თავშესაქცევთა მეშვეობით, მაშინ, როცა სხვები საკუთარ თავს უძღვნიდნენ დადგენილ მარხვათა დაცვას. ამიტომაც, ვგონებ, თითოეულმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღვთიური წინასწარხედვის ნება ისაა, რომ ამ მიმართულებით განვახორციელოთ გარდაქმნა და ერთიან წესს მივდიოთ.
ვინაიდან თავად აუცილებლობის მიერაა ნაკარნახევი ამ ნაკლის მოშორება, რათა ჩვენ არაფერი გვქონდეს საერთო ჩვენი უფლის მკვლელთა და გამყიდველთა საქმეებთან, რადგან ის წესი, რომელსაც იცავს დასავლეთის ყველა ეკლესია, ასევე, მსოფლიოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ეკლესიები და აღმოსავლეთში არსებული ზოგი ეკლესიაც, გვესახება ყველაზე მართებულად, უმაღლეს სამართლიანობად და საერთო ინტერესებზე პასუხად მივიჩნიე ეს და საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ ამ წამოწყებაში თქვენი მხარდაჭერის იმედით ვისარგებლებ, სახელდობრ, ჩვეულება, რომელსაც ერთსულოვნად იცავენ რომსა და მთელს იტალიაში, აფრიკასა და ეგვიპტეში, ესპანეთსა და გალიაში, ბრიტანიაში, ლიბიაში, მთელს საბერძნეთში, აზიის ეპარქიაში, პონტოსა და სიცილიაში, იქნას მოწონებული თქვენი კეთილგონიერების მიერ არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებულ მხარეებში მრავლადაა ეკლესიები, არამედ ისიც, რომ უმაღლესი რელიგიურობა და სამართლიანობა იქნებოდა გონების ხმისათვის ყურის დაგდება და მზაკვარ იუდეველთა საქმეებში მოზიარეობის არქონა.
იმისათვის, რომ მოკლედ დავასკვნათ ყოველივე ზემოთქმულის არსი, უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მსჯელობიდან გამომდინარე, სათნოდ მივიჩნიე, რომ პასექის უწმინდესი დღესასწაული აღინიშნებოდეს ერთსა და იმავე დღეს, რამეთუ არა ხამს, რომ ესოდენ წმინდა ჩვეულებაში დაშვებულ იქნას რაიმე სახის სხვადასხვაგვარობა; ამიტომ, უმჯობესია, მივდიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომლის შემწეობითაც მოვახერხეთ თავი აგვერიდებინა ცოდვასა და სხვათა ცდომილებაში თანამონაწილეობისათვის.
შექმნილ მდგომარეობაში ხალისით მიიღეთ ზეციური და ჭეშმარიტად ღვთაებრივი ბრძანება, ვინაიდან ეპისკოპოსთა წმინდა კრების დადგენილებანი უნდა ღვთაებრივ ნებას მივაკუთვნოთ. ამიტომაც, ჩემს საყვარელ ძმათათვის დაწერილის გაცხადების შემდეგ, თქვენი ვალია მიიღოთ და დაამტკიცოთ მოტანილი არგუმენტები და თავად ამ უწმინდესი დღის დაცვა, რამეთუ, როცა მე თქვენს ძვირფას თანდასწრებაში აღმოვჩნდები, რომელიც ესოდენ სასურველია ჩემთვის, მექნებოდა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად, ერთ დღეს აღმენიშნა წმინდა დღესასწაული ესე და ყოველმხრივ გამეხარა ამის გამო ხილვით იმისა, რომ ეშმაკის მზაკვრობა ღვთაებრივი ძალით დაძლეულია ჩემი შუამავლობის მეშვეობით და, რომ თქვენი რწმენა, თქვენი მშვიდობა და თქვენი ერთობა ყველგან იფურჩქნება.
დაე, გფარავდეთ ღმერთი, ჩემო საყვარელნო ძმანო.“
კომენტარები ზედმეტია…
თარგმნა: ნინო ხუროშვილმა