რატომ არ უნდა შევეცადოთ ებრაელთა „ქრისტიანად“ მოქცევას

kantor1

მე  ებრაელად დავიბადე და 18 წლის ასაკში რწმენით მივიღე იეშუა, იესო, როგორც მესია, მაგრამ სხვა რწმენაზე არ მოვქცეულვარ. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ.

სიტყვა „მოქცეული“ (ანუ „ახალმოქცეული“) ებრაელისთვის იუდაიზმიდან სხვა რელიგიაში გადასულ ადამიანად აღიქმება, მაგალითად, იუდაიზმიდან – ბუდიზმში ან ინდუიზმში გადასულ პიროვნებად. თუმცა ახალ აღთქმაში ვერავის ვხედავთ, ვინც იუდაიზმი მიატოვა სხვა რელიგიის გამო.

ჩემი მოსაზრება რომ გაიგოთ, ახალი აღთქმა უნდა წაიკითხოთ იმ ყველაფრისგან დამოუკიდებლად, რაც აქამდე გასწავლეს, თითქოს არასოდეს წაგიკითხავთ. უპირველეს ყოვლისა და ყველაზე მეტად, ეს გახლავთ ისტორია ადამიანზე, ებრაელზე, რომელიც ზეციდან მოვიდა და თავის ერში ცხოვრობდა, სანამ მისთვის – და მთელი კაცობრიობისთვის – არ მოკვდა ცოდვის შესაწირ მსხვერპლად.

მის შესახებ წინასწარ აუწყეს ძველმა ებრაელმა წინასწარმეტყველებმა. მათ  მისი დაბადების ადგილი, დავითის შტოსგან წარმოშობა, მისი სიკვდილი, მკვდრეთით აღდგომა და ის ფაქტიც კი იწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარი ერი უარყოფდა. ფაქტობრივად, მარტო იერუსალიმში ათობით ათასი ებრაელი იყო, რომელსაც  მისი სჯეროდა და არც ერთ მათგანს არ მიუღია ახალი რელიგია იმისთვის, რომ თავისი მესია ერწმუნა.

თავად სიტყვა „მოქცეული“ ახალ აღთქმაში რამდენჯერმე გვხვდება, იქედან გამომდინარე, რომელ თარგმანთან გვაქვს საქმე. ეს სიტყვა მხოლოდ წარმართებთან დაკავშირებით იხმარება, რომლებიც იუდაიზმისკენ მოიქცნენ. ბერძნულ ენაში გვაქვს იგივე სიტყვა, რომლიდანაც წარმოიშვა „პროზელიტი“ (προσήλυτος).

სხვადასხვა ადგილებში, მაგალითად 1 კორ. 16:15-ში, ბიბლიის ინგლისურ ვერსიებში ლაპარაკია წარმართებზე, რომლებიც ახალი აღთქმის რწმენაზე მოიქცნენ. თუმცა ბერძნულ თარგმანში ნახსენებ სიტყვას აპარხე (ἀπαρχή), საერთო არაფერი აქვს „მოქცეულთან“ (პროზელიტი), არამედ პირველნაყოფებს აღნიშნავს.

0711-top29109

 

მეფე იაკობის ინგლისურ ბიბლიაში ზემოხსენებული სიტყვა ხშირად გვხვდება, მაგრამ არა არსებითი სახელის ფორმით, როგორც პროზელიტი ან პირველნაყოფი, არამედ ზმნის სახით. ბერძნულ ენაში ეს გახლავთ სიტყვა ეპისტრეფო (ἐπιστρέφω), რომელიც შესაბამისად ითარგმნება ბიბლიის თანამედროვე ვერსიათა უმრავლესობაში. იგი არ ნიშნავს მოქცევას ამ სიტყვის ჩვენთვის ჩვეული გაგებით, არამედ – უფლისკენ შემობრუნებას. ჯონ უიკლიფის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ხელნაწერში მოცემულია საქმ. 9:35-ის მონაკვეთი, სადაც ლაპარაკია ებრაელთა სულიერ აღორძინებაზე თანამედროვე თელ-ავივის შემოგარენში. იგი შემდეგნაირად გახლავთ თარგმნილი:

„ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ.“

ჩემს მიერ შემოწმებული ყველა თარგმანი, თანამედროვე ინგლისური ვერსიების ჩათვლით ამ ადგილას იყენებს გამოთქმას, შემობრუნდნენ უფლისკენ და არა მოიქცნენ. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ უიკლიფის დროს, დაახლოებით 600 წლის წინ, სიტყვა მოქცევა გახლდათ მონანიების და უფლისკენ შემობრუნების სინონიმი. თუმცა დღეს, მოქცევა რელიგიის შეცვლას ნიშნავს.

2013-01-28-13-02-37

ყოველთვის, როცა მეფე იაკობის ბიბლიაში ახლადმორწმუნე ადამიანების მიმართ ნახსენებია სიტყვა მოქცევა, ეს გახლავთ ბერძნული ეპისტრეფო ან მისგან წარმოებული სიტყვების თარგმანი, რაც ნიშნავს შემობრუნებას და არა პროზელიტს (προσήλυτος), რომელიც რჯულის შეცვლაზე მიუთითებს.

ალბათ, საკმარისია ბრძნული სიტყვები და ახლა მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. იცით, ძალიან მინდა, რომ იეშუას შესახებ გზავნილი ებრაელებამდე ისეთივე სახით მივიდეს, როგორც ახალი აღთქმის დროს ხდებოდა – არა ახალი ან უფრო უარესი, უცხო რელიგიის ფორმით, არამედ ებრაული წმინდა წერილის აღსრულების სახით. თანამედროვე კონტექსტში გამოყენებულ სიტყვას მოქცევა ებრაელებამდე მცდარი იდეა მიაქვს, რომ გადარჩენის მისაღებად იუდაიზმი ქრისტიანობით უნდა ჩაანაცვლონ.

პირველი ებრაელი მორწმუნეები საქმეთა წიგნში რჯულს არ იცვლიდნენ და არც თავიანთ ებრაულ მემკვიდრეობას უარყოფდნენ, რომ გადარჩენა იეშუას მეშვეობით მიეღოთ. ისინი უბრალოდ რწმენით იღებდნენ მესიას. სწორედ ამიტომ,  „მოქცევის“ ერთი შეხედვით არაარსებითი განხილვა, სინამდვილეში, მეტად მნიშვნელოვანია.

ღმერთმა ერებს მოუწოდა, რომ ისრაელში შური აღეძრათ. ებრაელებს მესიასთან მისვლა უნდა მოსურვებოდათ თქვენი სიყვარულისა და კეთილი საქმეების ხილვისას ისრაელთან სოლიდარობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამოსვლის მეშვეობით. როცა ამას ვაკეთებთ, საჭირო არ არის ებრაელთა რჯულის შეცვლა, მათი მოქცევა, არამედ მათთვის მესიის გაცნობა.

ავტორი – რონ კანტორი / charismanews.com
თარგმანი – ieshua.org
ქართული თარგმანი – რუსუდან მამალაძე