რას გულისხმობდა ქრისტე ფარისევლების მხილებისას?!

evrei

 

რამდენად სამართლიანი იყო იესოს შენიშვნა ფარისევლების მიმართ?

 

დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი ამ კითხვაზე, რადგან ახალ აღთქმაში გვხვდება  ორი უცნაური, თითქოსდა ერთმანეთის საწინააღმდეგო ადგილი. ესენია: მათეს სახარების 16 : 8–12 მიხვდა იესო და უთხრა მათ: რას მსჯელობთ ერთმანეთში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?„‘ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პურით გაძღომა და რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ? აღარც ოთხი ათასის შვიდი პურით გაძღომა გახსოვთ და რამდენი კალათი ნარჩენი აიღეთ? რატომ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?”მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. და მათეს სახარების 23 თავი :1 –3
 „მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს. უთხრა: “მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.

კარგად თუ დავაკვირდებით, უთუოდ აღმოვაჩენთ ურთიერსაწინააღმდეგო გამონათქვამებს იესოს სწავლებაში, რადგან ერთგან ის ამბობს, რომ ვერიდოთ ფარისევლების სწავლებას, მეორე ადგილას კი შევასრულოთ ყველაფერი, რასაც გვეტყვიან  ან გვასწავლიან. მე ბევრჯერ მითქვამს ჩემს სტატიებში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვერკვეოდეთ იმ ეპოქის  ისტორიულ კონტექსტში, უნდა გვესმოდეს მათი მსოფლმხედველობა, რათა ბოლოს სწორი დასკვნა გამოვიტანოთ. დასმულ კითხვაზე პასუხი უცნაურად მოვიდა ჩემთან. ერთმა ჩემმა ებრაელმა მეგობარმა, რომელმაც ახლახანს დაიწყო იერუსალიმის იშივაში (თორის შემასწავლებელი სკოლა) სიარული, ამიხსნა, თუ რატომ არ კითხულობენ ებრაელები ახალ აღთქმას და მთავარი მიზეზი ისაა, რომ იესო ქრისტე ფარისევლებს აკრიტიკებდა, ხანდახან უხამსი ეპითეტებითაც კი მოიხსენიებდა. მე რა თქმა უნდა არ გამკვირვებია ეს მიზეზები, რადგანაც ვიცოდი ტრადიციული ანუ რაბინული იუდაიზმი, რომელიც ფარისევლური ფესვებიდან მოდის და მისი ძალიან კარგად მესმოდა. არავის მოგვეწონება, როდესაც ჩვენი რწმენის ფესვებს ვიღაც, თვითგამოცხადებული მესია ლანძღავს. იმ მომენტში მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ დამებადა ასეთი კითხვა: რამდენად სამართლინი იყო ქრისტეს შენიშვნა და რამდენად შეიძლება ახალ აღთქმას ვენდო, რომელშიც ქრისტეს სიტყვებია ჩაწერილი. მე ვიცი, რომ საეკლესიო ტრადიციაზე დამყარებული  მათეს სახარება დაიწერა არამეულ ენაზე და შემდეგ ითარგმნა ბერძნულ ენაზე და ჩემი მთავარი კითხვა იყო, თუ რამდენად სანდო იყო ეს ბერძნული თარგმანი. რადგანაც იმავე საეკლესიო გადმოცემებს თუ დავეყრდნობით, ებრაელების ლანძვისა და მათი სიძულვილის მეტს არაფერს წერდნენ, როცა საქმე ეხებოდა იუდეველებს.  აქედან გამომდინარე ბუნებრივია, თუ რატომ გამიჩნდა ეს კითხვა: რამდენადაა თუ არაა მიკერძოებული ეს გადმოცემები და იუდეველების მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ ხომ არ გამოიწვია თავდაპირველი ტექსტის დამახინჯება?  ამიტომაც ამ საკითხთან დაკავშირებით დამჭირდა კვლევის ჩატარება და მივმართე ებრაულ წყაროებს, კერძოდ თალმუდს. ვფიქრობ, რომ ის პასუხები, რომელსაც მივაგენი, პირველ რიგში ებრაელებისთვის იქნება საინტერესო, ხოლო ქრისტიანებისათვის – დასაფიქრებელი. რადგანაც ებრაელებს აღარ ექნებათ სტერეოტიპული წარმოდგენა ახალ აღთქმაზე, ხოლო ქრისტიანები დაფიქრდებიან, შემთხვევით ხომ არ დგანან იმ ფარისეველთა გზაზე და იმავეს ხომ არ ასწავლიან.

მაშ ასე, მე მოგიყვებით თალმუდიდან ორ ისტორიას, რომელიც ფარისევლების სწავლებას ეხება და ორივეს გავარჩევთ იმავე თალმუდიდან სხვა რაბინების კომენტარებით.3241675093_fd5bf85a9e_b-470x264 jesusandtalmud

პირველ ისტორიას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ხავერი და ვაჭრები ჰქვია.

თალმუდის ეპოქაში ხავერებს  იმ ფარისევლებს ეძახდნენ, რომლებიც მკაცრად იცავდნენ რიტუალურ სიწმინდეს, კერძოდ განბანვის მცნებებს არამარტო ტაძრის ასვლისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთი ფარისევლების შესახებ ნახსენებია ახალ აღთქმაშიც, კერძოდ მათეს სახარების მე-15 თავში.

თალმუდი გვიყვება, თუ როგორ მოგზაურობდა ეს ხავერი ვაჭრებთან ერთად გემზე. ვაჭრებმა ჰკითხეს მას, სად არის შენი საქონელიო, რაზეც ხავერმა მიუგო: ჩემი საქონელი თქვენს ნებისმიერ საქონელზე ძვირფასიაო. ვაჭრებმა ეძებეს საქონელი გემზე,  მაგრამ როცა ვეღარ იპოვეს, დაცინვა და გამასხარავება დაუწყეს მას. მოგზაურობისას გემს მეკობრეები დაესხნენ თავს   და ყველაფერი, რაც კი ებადათ ვაჭრებს, წაართვეს. ამის შემდეგ გემი მიადგა ახლოს მდებარე ნაპირს. მათ არც პური ჰქონდათ საჭმელად და არც ჩასაცმელი, რომ დაეფარათ თავიანთი სიშიშვლე.  ადგა ხავერი, რომელსაც დასცინოდენ ვაჭრები და მივიდა სინაგოგაში, დაიწყო თორის სწავლება. ის ისე საოცრად ასწავლიდა და ისე ბრძნულად განმარტავდა თორას, რომ  იმ ქალაქის მოსახლეობა დადგა მის წინაშე, ხალხმა დიდი პატივი მიაგო მას, ახალი ტანისამოში ჩააცვა და გულუხვი გასამრჯელოც დაუნიშნა. როცა ეს ვაჭრებმა დაინახეს, მივიდენ მასთან ბოდიშის მოსახდელად და სთხოვეს, რომ ეშუამდგომლა ქალაქის მაცხოვრებლებთან. მათ უთხრეს: შენ იცი, ვინც ვიყავით ჩვენ და უთხარი მათ, რომ ლუკმა პური მაინც მოგვცენ, რათა შიმშილისაგან არ დავიხოცოთ. მაშინ მიუგო ხავერმა: განა არ გითხარით, რომ ჩემი საქონელი თქვენს საქონელზე ძვირფასია ? თქვენი საქონელი სხვებმა გაიტაცეს და აღარაა, ხოლო ჩემი საქონელი ჩემთან არის. { მიდრაში: თანხუმა ტრუმა}

ერთი შეხედვით, ამ ისტორიის მორალი მარტივია: თორა, რომლის ცოდნასაც განასახირებდა მორჩილი ფარისეველი, იმარჯვებს მამონას მოყვარულ ვაჭრებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ გაათვიცნობიერონ, რომ ქვეყანაზე შეიძლება იყოს უფრო ფასეული, ვიდრე მათი საქონელი. მაგრამ თუ ჩვენ ამ ისტორიას უფრო კარგად დავაკვირდებით, სურათი კარდინალურად შეიცვლება.

თავიდან გემის სცენით დავიწყოთ:  რა თქმა უნდა ვაჭრები ვერ ათვიცნობიერებენ, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხვა მოწოდება, გარდა ვაჭრობისა და მათი შემდეგი საქციელი აშკარად არ იწვევს სიმპათიას, მაგრამ როგორ იქცევა ფარისეველი? მის წინაშეა რამოდენიმე ებრაელი, რომლებმაც არ იციან, რას მოიცავს თორის სამყარო, რადგან მათ ვერ იცნეს თორის მასწავლებელი. ფარისევლები თავისი ჩაცმულობით გამოირჩეოდენ. ისმის კითხვა, თუ  რატომ ვერ იცნეს მათ ის.  ამის მიზეზი   შეიძლება ის იყოს, რომ მათთვის თორა არავის უსწავლებია. აქედან გამომდინარე ჩვენს ფარისეველს, ხავერს  უჩნდება ბრწყინვალე შანსი გემზე მყოფ ებრაელებს ასწავლოს თორა და მათი პირველი მასწავლებელიც გახდეს. გამოიყენა მან ეს შესაძლებლობა ? რა თქმა უნდა არა, პირიქით,  მან ამაყად მიუგდო პასუხი, ჩემი საქონელი თქვენს საქონელზე ძვირფასიაო და შემდგომში მათ მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგა.

რა საკვირველია, ყველას არა აქვს უნარი გაუხსნას ჭეშმარიტება სერიოზულ და საქმიან ხალხს, თანაც გარემო გემზე დამცინავი იყო. შეიძლება აქ გავამართლოთ ჩვენი ფარისეველი? მაშინ მეორე შეხვედრა ვაჭრებთან, რომელიც უკვე ხმელეთზე მოხდა, კარდინალურად განსხვავებული იყო. ფარისეველი ჩაცმული, საკვებით უზრუნველყოფილი იყო, ხოლო ვაჭრები ნახევრად შიშვლები და მშივრები, რომლებმაც შუამდგომლობა სთხოვეს, რათა ლუკმა პური მიეცათ მათვის. ამ შემთხვევაში ფარისევლის ხელში იყო მათი სიცოცხლე და მხოლოდ მას შეეძლო მათი გადარჩენა.  რა გააკეთა ფარისეველმა მათ დასახმარებლად ? გაუწია მათ შუამდგომლობა, რომელსაც ითხოვდენ ისინი? არა და კიდევ ერთხელ არა. ერთადერთი, რაც მან შეძლო, ეს ქედმაღლური საყვედური იყო მომაკვდავების მიმართ. (განა არ გითხარით, რომ ჩემი საქონელი თქვენს საქონელზე ძვირფასია ? თქვენი საქონელი სხვებმა გაიტაცეს და აღარაა, ხოლო ჩემი საქონელი ჩემთან არის.)

ამ ისტორიაზე დაკვირვებისას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ხავერი არც თუ ისე კარგი,  მორჩილი და კეთილი ფარისეველი ყოფილა, როგორც ის ერთი შეხედვით ჩანდა. ერთადერთი, რაც ამ ფარისეველს აინტერესებდა, ეს თავის სიმართლე იყო და საერთოდ არ აღელვებდა თავისი მოძმე ებრაელების ბედი. მას არ ადარდებდა, ჰქონდათ თუ არა მათ სულიერი საკვები და არც ის აინტერესებდა,  საჭიროებდნენ თუ არა ჩასაცმელს ან საჭმელს. მან არაფერი მოიმოქმედა მათ დასახმარებლად.

იესო ნაზარეველი მათ ბრალს სდებდა მათ23:23 ივიწყებთ უმთავრესს რჯულში – სამართალს, წყალობასა და რწმენას.  მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები ზუსტად ასახავს თალმუდიდან მოყვანილ  ჩვენი ფარისევლის ისტორიას.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა აღვნიშნო ჩვენი ფარისევლის ვაჭრებთან საუბრისას. ის თავის ცოდნას თორისას საქონელს ეძახის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მან ეს თქვა იმისათვის, რომ ვაჭრებისთვის ყოფილიყო გასაგები. მაგრამ როცა ვაკვირდებით გემიდან ჩამოსვლის შემდეგ მის ქმედებებს, ასეთი განმარტება თავისთავად აღარ მიესადაგება. რადგან როგორ იყენებს ის  თორის ცოდნას? ზუსტად, როგორც ვაჭარი იყენებს თავის საქონელს. ის ცვლის თავის ცოდნას (რომელიც მან იმავე თორის მიხედვით უფასოდ უნდა გადასცეს ) მატერიალურ ფასეულობაში: პატივისცემასა და დიდებულობაში, რადგან („იმ ქალაქის მოსახლეობა დადგა მის წინაშე, ხალხმა დიდი პატივი მიაგო მას, ახალი ტანისამოსი ჩააცვა და გულუხვი გასამრჯელოც დაუნიშნა“) ის ზუსტად ვაჭარივით მოიქცა. იმ ქალაქის მოსახლეობას თორა ასწავლა იმის გამო, რომ მას პატივი და სახელი მიეღო მათგან.

იესო ფარისევლებს ადანაშაულებადა იმაში, რომ ისინი თორას ასწავლიდენ არა თორის გამო, არამედ ისევ თავისი პირადი ამბიციების გამო {მათ.23:6–7} „უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებშიწინა ადგილებზე. მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.“  იესოს ცხოვრების დროს ცნობილი იყო ერთი რაბინი, სახელად ცადოკი, რომელიც ზუსტად ამაში დებდა ბრალს ფარისევლებს „თორიდან გვირგვინს აკეთებთ, რათა ისევ თქვენ დაიფაროთ, იმის მაგივრად, რომ  ნიჩაბი  გააკეთოთ და მიწა  თხაროთ“ (ავოთ. 4:7) .

იგივე კითხვა შეიძლება დავუსვათ ქრისტიანებს:  სახარებას დღეს ჩვენი გვირგვინის დასადგმელად ვქადაგებთ,  თუ მას, როგორც ნიჩაბს ისე ვიყენებთ, რათა მიწა ამოვთხაროთ, დამალულ საუნჯეს მივაგნოთ, რომელიც უშუალოდ ადამიანს განასახიერებს? 

მაშ ასე, ჩვენი მოყვანილი ისტორიის ყურადღებიანი წაკითხვისას აღმოჩნდა საკმაოდ მკაცრი კრიტიკა ფარისევლის მიმართ. მთავარ პრეტენზიას, რომელსაც თალმუდისტი რაბინები უყენებენ ფარისეველს, ძალიან ჰგავს იმ პრეტენზიებს, რომელსაც  იესო ქრისტე უყენებდა. აქედან გამომდინარე, ქრისტეს პრეტენზიები არც თუ უსაფუძვლოა ფარისეველთა გარკვეული ჯგუფის მიმართ.

ახლა განვიხილოთ კიდევ მეორე საინტერესო ისტორია, რომელსაც თალმუდი გვთავაზობს. თუ პირველი ისტორიის გმირების ვინაობა ანონიმურია, მეორე ისტორის გმირები უკვე კონკრეტული ადამიანები არიან. ის, რის გამოც  მომწონს ებრაული წყაროები, მათი ობიქტური სტილია. ისინი არ ერიდებიან კრიტიკის წარმოთქმას, თუნდაც ძალზე ავტორიტეტული რაბი იყოს. ახალ აღთქმაშიც ვხედავთ ამ ობიექტურობას, როდესაც მოციქული პავლე  საჯარო წერილში გალატელთა მიმართ ამხელს პეტრე მოციქულს. ებრაელებისათვის ეს ჩვეულებრივი პოლემიკური თვისება იყო. მაშ ასე, მეორე ისტორიის სახელია: შემაინ ავთალიონი და ჰილელი .Carl_Schleicher_Jüdische_Szene_1

მერწმუნეთ, რომ ეს სამი თალმუდისტური ეპოქის უდიდესი მოღვაწეები იყვნენ. დღევანდელი ტრადიციული ორთოდოქსალური იუდაიზმის ღვთისმეტყველება რაბი ჰილელის უმეტეს მოძვრებებს ემყარება.

თალმუდი გვიყვება: ახალგაზრდობაში  ჰილელი დღისით  მუშაობდა, საღამოობით კი აკადემიაში  თორას სწავლობდა. დღის სამუშაოს გასამრჯელოს ერთ დინარს იღებდა. აქედან  ნახევარ დინარს აკადემიის ყარაულს უხდიდა, დანარჩენი ნახევარი დინარით კი ოჯახს ინახავდა. ერთხელ მოხდა ისე, რომ ჰილელმა დაკარგა თავისი სამსახური. აკადემიის ყარაულმა ის არ შეუშვა უფულობის გამო და ჰილელი იძულებული გახდა შეპარულიყო, სახურავზე ასულიყო და იქ პატარა სარკმელში ყური მაინც მოეკრა ღმერთის სიტყვისათვის რაბე შემაის და რაბი ავთალიონის ბაგებიდან. ეს მოხდა პარასკევს საღამოს,  ზამთარში. იმ ღამეს მოთოვებულა და ჩვენი ჰილელი ნახევრად დაფარა თოვლმა. როდესაც თენდებოდა, შემაიმ ჰკითხა ავთალიონს: კი მაგრამ ამ დროს უკვე გათენებული უნდა იყოსო და ჩვენთან რატომ ბნელაო. აიხედეს ზემოთ და დაინახეს ჰილელი, რომელიც ნახევრად გაყინული იყო. ჩამოიყვანეს, დაბანეს და ცეცხლთან დასვეს, რათა გამთბარიყო. და ამ დროს წარმოთქვა სიტყვა რაბი შემაიმ: ამისათვის ღირდა შაბათის სიმშვიდის დარღვევაცო  .(იომა.35a)

ერთი შეხედვით, ამ ისტორიის მორალი გასაგებია –  ჰილელის განდიდება, რომელიც თორის სწავლის გამო მზად იყო ყოველგარი აკრძალვები გადაელახა. თალმუდის ბრძენები ამ ისტორიას ასე მოიხსენიებენ:  როდესაც ადამიანი წარსდგება აშემის წინაშე ზეცაში და იტყვის მე თორა ვერ შევისწავლე ჩემი სიღარიბის გამო, მაშინ აშემი მას ეტყვის: ნუთუ ჰილელზე ღარიბი იყავიო? (იომა.35b).

მე მინდა ერთი კანადელი რაბინის ელი კურანტის  კომენტარი მოვიყვანო მაგალითად ამ ისტორიასთან დაკავშირებით . ეს მართლაც ლამაზი ისტორია, რომელიც სავსეა რომანტიზმით და იმდროინდელი პოეტური ოსტატობით, ნამდვილი ამბავია, ის  ჩვენს სასკოლო წიგნებშიც იბეჭდება. მშობლები ძილის წინ  უყვებიან თავიანთ შვილებს  მას. მაგრამ საკმარისია ჩვენ მივმართოთ პირველ წყაროს და მაშინვე  დავინახავთ, რომ  ეს ისტორია  კი არ აქებს ბრძენ ჰილელს,  არამედ მწარე  კრიტიკიდ  ატყდება  თავს  სინედრიონის  ბრძენ კაცებს. ისინი  იმდენად  იყვნენ დაკავებულნი   თავიანთი   სწავლებებით, რომ   თავიანთი ცხვირის იქითაც  ვერ იხედებოდენ , და როცა ვინმეს რაღაც დასჭირდა და სახურავზეც კი აძვრა, ამასაც კი ვერ შეამჩნევდნენ, სინათლე არ მოჰკლებოდათ, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა.

და მართლაც, როგორც ჩანს, შემაის და ავთალიონს საერთოდ არ ადარდებდათ მათი საუკეთესო მოწაფის, ჰილელის ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა თუ არა. ისინი მას არამც თუ მატერიალურად დაეხმარნენ, არამედ სწავლის ფულის გადახდიდანაც  კი არ გაათავისუფლეს. მათ ისიც არ აინტერესებდათ, ყოველდღიურად რამხელა მსხვერპლის გაღება უწევდათ ყოველდღიურად სტუდენტებს, რათა თორა შეესწავლათ. უფრო მეტიც, როდესაც ჰილელმა ვერ შეძლო ყოველდღიური გადასახადის გადახდა და ამის გამო ის არ შეუშვეს მეცადინეობაზე, მასწავლებლებმა შამაიმ და ავთალიონმა ვერც კი შეამჩნიეს, რომ ჰილელი გაკვეთილზე  არ იყო. მათ თავში აზრადაც არ მოსვლიათ ვინმე გაეგზავნათ ჰილელთან ოჯახში, რათა შეეტყოთ ამბავი, რამე ხომ არ შეემთხვა ჰილელსო.

გარდა ამ ყველაფრისა, ეს ისტორია დაიწყო პარასკევს საღამოს და დამთავრდა შაბათს დილით. ტრადიციის მიხედვით ებრაელები ამ პერიოდს თავიანთ ოჯახებში ატარებდენ ოჯახის წევრებთან ერთად . ჩვენ კი რას ვხედავთ ? შამაი და ავთალიონი მთელი ღამე სწავლების სახლში გაატარეს და ყურადღებაც არც კი მიაქციეს თავიანთი ოჯახის წევრებს. ახალ აღთქმაში მოცემულია იესოს ერთი ასეთი უცნაური საყვედური ფარისევლების მიმართ : ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს. და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.{მათ.23:29–31}

როგორც ერთ  მესიანელი იუდეველი რაბინი მაიკლ ბრაუნი განმარტავს ამ ადგილს: სახარების ეს ადგილი ასე უნდა განვმარტოთ : წინასწარმეტყველები მოკლეს იმათმა, რომლებიც არ ეთანხმებოდენ მათ სიტყვებს – ღმერთში უმთავრესი მსახურება ესაა შეასრულო შენი მოვალეობა  მოყვასის მიმართ. ხოლო ფარისევლები არც თუ ისე  ცოტა ფულს ხარჯავდნენ  საფლავებისა და სამარხების მოწყობაში იმის სანაცვლოდ, რომ გაჭირვებულ, უსახლკარო, მშიერ თავის მოძმეს დახმარებოდნენ  და ამით აჩვენებდნენ, რომ თავიანთი მამა-პაპების მსგავსად მათ წინსაწარმეტყველების შეგონება უარყვეს, თუ რა არის უმთავრესი ღმერთის მსახურებაში. 

და ბოლოს ჰილელსაც შეიძლება ვუსაყვედუროთ იმაში, რომ თავისი ყოველდღიური გასამრჯელოს ნახევარ დინარს ის თავის ოჯახს მოახმარდა. მაგრამ როგორ მოიქცა ჰილელი, როდესაც სამსახური დაკარგა ? მას ოჯახზე საერთოდ არც უფიქრია, ის აძვრა სახურავზე და მთელი ღამე იქ დაჰყო, ხოლო ცოლ-შვილი მშიერი დატოვა იმ დღეს და არც კი იცოდნენ თავისიანებმა, რა დაემართა მას.

მოკლედ ამ ისტორიაზე დაკვირვებისას, როგორც დოქტორი ხაიმ ლაიტი ამბობს : უნდა განვიხილოთ მწვავე კრიტიკა როგორც შემაის ავთალიონის, ასევე შესაძლოა მათი მოწაფის ჰილელის მიმართაც.

თალმუდში კიდევ ძალიან ბევრი რამ არის აღწერილი ფარისევლების შესახებ. მაგალითად, იესო ქრისტე წინასწარმეტყველებდა, რომ ფარისევლებისა და სადუკევლების ცოდვების გამო განადგურდებოდა იერუსალიმი (მათ.23:37–38;24:2). ამავე დასკვნამდე მიდის მეორე საუკუნის უდიდესი რაბი იეშუა. ის წერდა:აი ესენია , რამაც  განადგურებამდე მიიყვანა სამყარო ( ებრაელებისათვის ტაძრის დანგრევა და იერუსალიმის აოხრება სამყაროს განადგურებას უტოლდებოდა) ბრიყვი ხასიდი, უსირცხვილო ბოროტმოქმედი, ფარისეველების მოქანცულობა.  თუ რა იგულისხმება ფარისევლურ მოქანცულობაში,  ამას შემდეგ სტატიებში განვმარტავ აუცილებლად, თუ ღმერთი ინებებს. ახლა კი მინდა მივუბრუნდე ჩემს კითხვას, რომელიც მაწუხებდა ამ ხნის განმავლობაში. მათე 16 იესო ამბობდა, ერიდეთო ფარისევლურ საფუარს ამაში იესო ქრისტე გულისხმობდა მოტივებს თუ რა მოტივით ასწავლიდნენ ფარისევლები თორას. თორემ 23 თავში იესო ნამდვილად არ იტყოდა, რომ რასაც გასწავლიანო, დაუჯერეთო, რადგანაც ფარისევლები სწორად ასწავლიდნენ რჯულს სინაგოგებში. იესო უბრალოდ აფრთხილებდა, რომ მათი გულის მოტივები სწორი ყოფილიყო. სიკეთე უნდა აკეთოთ სიკეთის გულისათვის და არა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, სახარებაც უნდა იქადაგოთ სახარების გამო და არა თქვენი ავტორიტეტის წარმოსაჩენად, მოყვასი უნდა გიყვარდეს სიყვარულისათვის და არა შენი სარგებლობის გამო. სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტეს სიტყვები {მათ.5:20} გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!

ამიტომ გვახსოვდეს ჩვენი გული როგორ მდგომარეობაშია, რადგანაც ჩვენ ჩვენი მოტივები გვამოძრავებს. {იგავნი.4:23} „ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.“

ავტორი: გიორგი ჯიჯიეშვილი