„პარადიგმის გადანაცვლება” ეკლესიისა და ისრაელისათვის

07458f876e32„ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი. რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მისცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას. და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა განმარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე, კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!“ (ზაქარია 8:11-15).

I პარადიგმის გადანაცვლება
ზემოხსენებულ მუხლებში ღმერთი აცხადებს პარადიგმის გადანაცვლებას ისრაელისადმი თავის დამოკიდებულებაში. პარადიგმა – „პარადიგმა გვევლინება როგორც წესი, კანონი, რომლის მიხდვითაც ეწყობა გარემო, რომლის მიხედვითაც ჩვენს გარემოში რაღაცა ხდება. პარადიგმები არიან სამყაროს კანონები, მითები, ყველაფერი ის, რაც შემთხვევის განხორციელების წესს განსაზღვრავს. პარადიგმა მსოფლმხედველობრივი ფენომენია, ის, რაც არის მსოფლმხედველობის, ანუ, სამყაროში შემომხვედრების გარკვეული ინტერპრეტაციის საფუძველი.“ (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6412).
სხვა სიტყვებით, პარადიგმა განსაზღვრავს ისტორიის ამა თუ იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ კანონებს. პარადიგმის გადანაცვლება გულისხმობს, რომ ძველი ტრუიზმები (საყოველთაოდ ცნობილი, გაცვეთილი ჭეშმარიტება. მთარგმნ. შენიშვნ.) მეტად აღარ ფასობს და, რომ ახალ სინამდვილეთა დამყარების დრო დადგა. ეფექტური მოქმედებისათვის ადამიანმა უნდა იცოდეს ეს ახალი სინამდვილე და მოქმედებდეს კიდეც მასში.

ამგვარად, ღმერთმა გამოაცხადა წინასწარმეტყველ ზაქარიას მეშვეობით, რომ ერთ დღეს, ის რადიკალურად შეცვლიდა ისრაელისადმი თავის დამოკიდებულებას. ეს დღე უკვე უცილობლად დადგა! ის, რაც ადრე სინამდვილე იყო ისრაელისათვის, დღეს უკვე აღარ არის სინამდვილე. ეს გადანაცვლება იმდენად რადიკალურია, რომ, ფაქტობრივად, ნიშნავს წარსულში განხორციელებულ ღმერთის მოქმედებათა 180-გრადუსიან შემობრუნებას.

რასაკვირველია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ღმერთი იცვლება. ის იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე. დასაწყისამდე უწყის უფალმა დასასრულის შესახებ, მაგრამ ის, ასევე, არის ისტორიის, დროთა და ჟამთა ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა განსაზღვრა ახალი ჟამი ისრაელისათვის ( ესაია 43:19) აჰა, მე შევქმნი ახალს, ახლა აღმოცენდება იგი, განა ვერ შეიტყობთ ამას? უდაბნოშიც გავიყვან გზას, ტრამალზე – მდინარეებს. (ესაია.48:6) შენ გაგონილი გაქვს, იხილე ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებ? მე გაუწყე შენ ახალნი და დაფარულნიც კი, რაც არ იცოდი.

ქრ. შობიდან 70 წლის შემდგომ საუკუნეებში, იმ წელს, როცა იერუსალიმი და ტაძარი დანგრეულ იქნა რომაელთა მიერ, იუდეველეთა ისტორია შეიძლება დავყთ და დავახასიათოთ შემდეგ მახასიათებელთა მეშვეობით:
განადგურება: ტაძარი, იერუსალიმი და ისრაელის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად იქცა;
• გაუკაცრიელება: ისრაელის მიწა, დაახლოებით, 2000 წლის განმავლობაში უკაცრიელი იყო;
• განფანტვა: ებრაელთა უმეტესობა ერებს შორის გაიფანტა;
• დევნა: ისინი იდევნებოდნენ ყველგან, სადაც ცხოვრობდნენ;
• წყევლა: მათ ამპარტავნულად უყურებდნენ, როგორც წყეულ ხალხს.

მიუხედავად ამისა, დღეს ისრაელი ცნობილია, როგორც ქვეყანა, რომელიც შენდება და აღარ ინგრევა მეტად. უძველესი ნანგრევები აღდგა თანამედროვე, სიცოცხლით სავსე ქალაქებად. „იტყვიან: ‛ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი!’ გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება.“ (ეზეკიელი 36:35)

ისრაელის მიწა აღარ არის უკაცრიელი ადგილი, არამედ ესაა მიწა, რომელიც უფრო და უფრო მეტად ივსება სიცოცხლით და სახლდება: ისრაელი ის ქვეყანაა, სადაც უდაბნო უკან იხევს. დღეს, ისრაელის ხილი და ყვავილები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გააქვთ. „დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით.“ (ესაია 27:6)

ისრაელიანები აღარ არიან დაფანტულნი, ისინი საკუთარ მიწაზე იყრიან თავს: მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა თითქმის ნახევარი ისრაელში ბრუნდება. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ერთ მილიონზე მეტი ებრაელი დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. „გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.“ (ეზეკიელი 36:24)

სანამ ისრაელიანები კვლავ მტრებით არიან გარშემორტყმულნი, უცხოეთში, მრავალ ერსა და ეკლესიაში, მათ ბევრი დამცველი ჰყავთ. დღეს, ისრაელზე უფრო ძლიერი მხარდაჭერა მზარდ ევანგელურ საზოგადოებათა შორის არც ერს არ გააჩნია. „ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ.“ (ესაია 60:10)

ისრაელი მეტად აღარ არის დაწყევლილი, იგი ახლა კურთხეულია. მართლაც, ისრაელში გამოგონილ სიახლეთ შეიძლება მთელს მსოფლიოში წავაწყდეთ და ეს სიახლენი კურთხეულს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. „და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი.“ (ზაქარია 8:13)
აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი დიდი ღვთისმეტყველი იყოს იმისათვის, რომ მიხვდეს, რომ დღეს, ისრაელისადმი მიმართული ღმერთის ქმედებანი საოცრად ეხამება მისსავე წინასწარმეტყველურ სიტყვას. შვეიცარიელმა ღვთისმეტყველმა კარლ ბარტიმ თქვა: „ახლა ჩვენ შეგვიძლია გაზეთებში წავიკითხოთ ეს: ღმერთი ასრულებს თავის აღთქმათ  {ისრაელისათვის მიცემულთ!}!“ ღმერთმა ისრაელისადმი მიმართული მსჯავრი აღორძინებით ჩაანაცვლა. ისევე, როგორც იყო მრისხანე ისრაელიანთა მიმართ, ახლა, ასევე მტკიცე იქნება თავის აღთქმათა შესრულებისას უფალი.

II გამოყენება
როგორი გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე იმის გაცნობიერებამ, რომ ღმერთი, ისრაელისადმი დამოკიდებულებაში, ასეთ პარადიგმულ გადანაცვლებას ახდენს? რას ნიშნავს დღეს ეკლესიისათვის ეს?

ნება მომეცით, გამოვთქვა აზრი, რომ, თუკი ღმერთი ცვლის ისრაელისადმი დამოკიდებულებას, მაშ, ეკლესიამაც უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ამ ერისადმი. ეკლესიამაც უნდა მოახდინოს პარადიგმული გადანაცვლება ებრაული სახელმწიფოს მიმართ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ აღარ უნდა უგულებელყოს ისრაელისადმი მიმართული ღმერთის გეგმები. ისრაელის საკითხი არ უნდა დავუტოვოთ განსახილველად „ისრაელის ექსპერტებს,“ არამედ თითოეული ეკლესიის ხელმძღვანელის დღის წესრიგში უნდა იყოს იგი. უელსელმა მახარებელმა ჯესი პენ ლიუისმა 1920 წელს განაცხადა, რომ ერთ დღეს ღმერთი გვერდითა, სათადარიგო გზიდან მთავარ გზაზე დააყენებდა ისრაელს. ისრაელი მართლაც დაბრუნდა ისტორიის მთავარ რელსებზე. დროა, ეკლესიამაც შეცვალოს გზები და ისრაელი საკუთარი დღის წესრიგის ცენტრში დააყენოს.

იერუსალიმის კრება
იყო დრო, როცა ეკლესიამ დიდი პარადიგმული გადანაცვლება განიცადა. ეს იმდენად რადიკალური იყო, რომ მოახდინა არა მხოლოდ ეკლესიის დრამატული შეცვლა, არამედ მსოფლიოსიც, რაკი მან წარმოშვა ის ქრისტიანობა, რასაც დღეს ვხედავთ. ამან შეცვალა ხალხები და მილიონობით ადამიანი შესძინა უფლის სასუფეველს.

ეს ცვლილება მოხდა, დაახლოებით, ქრ. შობიდან 50 წელს და ჩაწერილია მოციქულთა საქმეების მე-15 თავში. იმისათვის, რომ სათანადოდ დავაფასოთ მომხდარი, უნდა გვესმოდეს, რომ ადრეული ეკლესია მთლიანად ებრაელებისაგან შედგებოდა. წარმართებისადმი არაკეთილგანწყობილება სუფევდა და არც განიხილებოდა მათი ეკლესიაში მიღების საკითხი. არ იმართებოდა ლოცვითი შეხვედრები რომაელთა, ბერძენთა თუ ბარბაროსთათვის. ქრისტიანობა იყო იუდეველური სექტა, რომელსაც სწამდა, რომ ისრაელის მესია მოვიდა იეშუას პიროვნებაში. იმ დროისათვის არსებული დიდი შეკითხვა სულაც არ გახლდათ: „როგორ გამოვაღვიძოთ მსოფლიო?“, არამედ: „უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?“ (საქმე. 1:6).

იერუსალიმში მყოფმა მორწმუნეებმა გაკიცხეს პეტრე იმის გამო, რომ მისი მსახურების მეშვეობით კორნელიუსმა კესარიიდან და სხვა წარმართებმა მიიღეს ხსნა (საქმე. მე-10-11 თავები), თუმცა მოციქულებმა გააცნობიერეს, რომ უფრო და უფრო მეტი წარმართი იძენდა რწმენას იეშუას მიმართ და ღმერთი დიდი ძალით შრომობდა მათ შორის. საბოლოოდ, მათ მოციქულთა კრება მოიწვიეს იერუსალიმში, რათა ამ ახალ სინამდვილესთან დაკავშირებული საკითხი გადაეწყვიტათ. ეს არ გახლდათ წინასწარმეტყველური კრება, რომელმაც განჭვრიტა, რომ ღმერთი რაღაც ახალს აკეთებდა წარმართებს შორის. ეს იყო ღმერთის მოქმედებაზე რეაქცია, მოქმედებაზე, რომელიც უკვე დაწყებული იყო კორნელიუსიდან და ძლიერად ვრცელდებოდა მცირე აზიაში მოციქულ პავლესა და სხვათა მსახურების შედეგად.

მოციქულებმა მალე გააცნობიერეს, რომ ეს ახალი სინამდვილე ემთხვეოდა წინასწარმეტყველების – ამოსისა და ესაიაი მიერ ნათქვამს წარმართთა შესახებ. მათ იხილეს პარადიგმის გადანაცვლება კაცობრიობისადმი ღმერთის დამოკიდებულებაში. მოციქულებმა, საბოლოოდ, მიიღეს ღმერთის ახალი მოქმედება და და სხვა ერებსაც გაუღეს კარი.

მათ ჯერ კიდევ სრულად არ ესმოდათ ამ მოვლენის გავლენა და ვერ ხედავდნენ მის სრულ მასშტაბებს. პავლე საიდუმლოს უწოდებდა იმას, რომ წარმართები „თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში.“ (ეფესელთა 3:6)

ამავდროულად, ღმერთის ეს „საიდუმლოებით მოცული“ მოქმედება წარმართებს შორის არ ყოფილა აბსოლუტური მოულოდნელობა. პავლე და სხვა მოციქულები აცნობიერებდნენ, რომ ეს საიდუმლო საიდუმლოდ ინახებოდა „სამყაროს დასაწყისიდანვე,“ მაგრამ „ხოლო მას, ვისაც შეუძლია, ჩემი სახარებისა და იესო ქრისტეს ქადაგებისამებრ, განგამტკიცოთ დაფარული საიდუმლოს გამოცხადებით, რის გამოც დუმდნენ საუკუნენი“ (რომაელთა 16:25-26). სხვა სიტყვებით, მათ დაინახეს, რომ ერებს შორის ღვთის მოქმედება სრულად შეესაბამებოდა ბიბლიურ წინასწარმეტყველებათ.

მოწოდება დღეს
ეკლესიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ღმერთი, დღეს, რაღაც ახალს აკეთებს ისრაელისთვის. ისევე, როგორც ადრეული ეკლესიის პერიოდში, დღეს არსებულმა ეკლესიამაც უნდა დაინახოს, რა ხდება ისრაელსა და მის გარემომცველ ერებში, რადგან ეს უკვე ნაწინასწარმეტყველები იყო წმინდა წერილში, ჩვენ კი გაგვაჩნია ამ აღსრულებულ წინასწარმეტყველებათა ხილვის უპირატესობა ჩვენს თაობაში. ბიბლიის ის მონაკვეთები, რომლებიც ‛ისრაელის სისავსეს’ შეეხება, იმდენად ნათელია, რომ ჯონ უესლიმ განაცხადა: „იმდენად ბევრი წინასწარმეტყველება შეეხება ამ დიად მოვლენას, რომ გასაოცარია, როგორ უნდა შეეპაროს რომელიმე ქრისტიანს ამაში ეჭვი.“

დღეს, ისევე, როგორც ადრეულ ეკლესიაში, ჩვენც მოციქულთა მსგავსი ხელმძღვანელობა გვჭირდება, რათა გვესმოდეს დრონი და ჟამნი და ქრისტეს სხეული ჩავაყენოთ ისრაელისადმი მიმართულ ღმერთის განზრახვათა მწკრივში. დღეს ისმის მოწოდება ეკლესიისადმი, რომელიც აღარ უნდა უგულებელვყოთ. ღმერთმა ისრაელისადმი დამოკიდებულება შეცვალა და უნდა შევცვალოთ ჩვენც. ისრაელის საკითხი ნებისმიერი ხუცესისა თუ მსახურების ხელმძღვანელის, მთლიან დენომენაციათა თუ ეკლესიათა გაერთიანების დღის წერიგში უნდა იდგეს.

ორმაგი მოწოდება
ამ მოწოდებას მრავალგვარი გამოყენება შეიძლება ვუპოვოთ. ბიბლიური წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ ერებს შორის ღვთისმიერ გამომსყიდველ მოქმედებაზე, ასევე გვამცნობენ ისრაელის აღორძინებისა და გამოსყიდვის შესახებ. მათ იხილეს ორმაგი მსახურება, რაც აღორძინებულ ისრაელს შეეხებოდა. ერთი – ისრაელის, მეორე კი – ერების მიმართ.

წინასწარმეტყველი ესაია შესძახებს: „ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.“ (ესაია 40:1-2)
მოწოდება უნდა გაიგონოს ყოველმა ეკლესიამ და ანუგეშოს ისრაელი. ესაა იმედისა და გამხნევების ხმა, რომელიც ამცნობს სიონს, რომ მის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა, დადგა მისი აღორძინების ჟამი. ორი ათასწლოვანი დევნის შემდეგ ისრაელს უსაზღვროდ სწყურია ნუგეშისცემის ხმის გაგონება. წინასწარმეტყველური უწყება კი მოქმედებაში უნდა გამოიხატოს, თუ არადა, მას ვერ გაიგონებენ. მოციქული პავლე ამას ისრაელში „საღმრთო მოშურნეობის აღძვრას უწოდებს.“

ამავდროულად, არის უწყება ერთა მიმართ: „ისმინეთ, უფლის სიტყვა, ხალხებო! გამოუცხადეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეკრებს, მწყემსივით დაიფარავს თავის ფარას.“ (იერემია 31:9)

ისრაელის შემოკრება მხოლოდ ღმერთსა და მის რჩეულ ხალხს შორის არსებული პირადი ინიციატივა როდია. ღმერთს სურს, რომ ეს უწყება მსოფლიოს კიდეებს მისწვდეს „გამოდით ბაბილონიდან, გაიქეცით ქალდეველთაგან, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, აუწყეთ ეს, გაავრცელეთ ქვეყნის კიდემდე, თქვით: “გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!“ (ესაია 48:20). ფაქტობრივად, ესაა დიდი გამხნევების უწყება ეკლესიისათვის, რომ ღმერთი ერთგულია თავისი ხალხისა და თავისი აღთქმებისადმი, მათ შორის, მათდამი, ვინც ახალი აღთქმის ქვეშ ვართ!

საბოლოოდ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი ბევრს განიზრახავს ამ ახალ დროში. ეს არ გახლავთ უფლის რაიმე ‛ახალი, სასიამოვნო საქმიანობა’ წარმართებს შორის მისი ‛ნამდვილი საქმიანობის’ გვერდით. წინასწარმეტყველი ზაქარია აცხადებს: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ.“ (ზაქარია 8:2)

ისევე, როგორც ერების გადარჩენის მოშურნეა ღმერთი, ასევე, ის დიდად მოშურნეა ისრაელის აღორძინებისა – ფიზიკური და სულიერი აღორძინებისა. ყოველი ეკლესია, რომელსაც სურს შეეხოს ღმერთის გულს, უნდა იყოს ისრაელისათვის მოშურნე ეკლესია. ეს არ გახლავთ ეკლესიის თავდაპირველი ხედვის და დანიშნულების დაკარგვა, არამედ, ესაა დამატება ამ ხედვისა და დანიშნულებისათვის. ამით უფრო მეტ კურთხევას მოიზიდავთ თქვენი მსახურებისამდი.

ღმერთმა შეცვალა დამოკიდებულება ისრაელისადმი, შეცვლით თქვენც?
***************************

თარგმნა: ნინო ხუროშვილმა