ეკლესიისა და ისრაელის როლის გაგება. ნაწილი მე-2

olive-wood-magen-david-cross-pendant-christmas-tree-touy-6

ჩვენ თუ შევხედავთ იმას, რასაც გვასწავლიან სხვადასხვა წიგნისა თუ ვიდეოს მეშვეობით უკანასკნელი დროისა და ისრაელის შესახებ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელ ჟამს ისრაელსა და ეკლესიას შორის არავითარი სულიერი კავშირი არ არსებობს, რომ ღმერთი ისრაელს თავად გამოაღვიძებს და მხოლოდ იესოს დედამიწაზე დაბრუნების შემდგომ ის თავად  გაგვაერთიანებს (ისრაელსა და ეკლესიას), თუმცაღა, განა ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ღმერთს რაიმე ასეთი გრანდიოზული და მნიშვნელოვანი საქმე დედამიწაზე ადამიანის, როგორც თავისი შუამავლის, გამოყენების გარეშე გაეკეთებინოს? ნოე, აბრაამი, მოსე, დავითი, წინასწარმეტყველები და, რაღა თქმა უნდა, თავად განკაცებული იესო, არიან მოწმენი იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის მიწიერ ჭურჭლებს ირჩევდა დედამიწაზე საკუთარი ნების განსახორციელებლად. ყოველთვის არსებობდა შუამავალი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ახორციელებდა კაცობრიობისათვის განკუთვნილ თავის მიზნებსა და გეგმებს. მაშ, დასასრული რატომ უნდა განსხვავდებოდეს დასაწყისის ან შუა გზისგან?

მე, როგორც მორწმუნე ებრაელს ეკლესიაში, რომელმაც ღვიძლი ოჯახივით შეიყვარა „წარმართთაგან“ შემდგარი საკუთარი ოჯახი, მტკიცედ მწამს, რომ მსგავსი თეოლოგია არასწორია და მისი გამოსწორება ძალიან საჭიროა. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიამ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ღმერთის დიდებულ გეგმაში, რომლის მიხედვითაც ღმერთმა, საუკუნეთა აღსასრულს, საკუთარი თავი უნდა გაუცხადოს ქვეყნიერებას ისრაელის მეშვეობით. ეს იქნება დიდი პატივი ჩვენთვის, ეკლესიაში მყოფთათვის, მათთვის, რომლებიც, ბოლოსდაბოლოს დავინახავთ და აღვადგენთ ამ კავშირს.

რატომ ვერ ვხედავთ ამას?

გთხოვთ გაიგოთ ის, რომ მე არ ვიგონებ ამ იდეებს, მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ დღის სინათლეზე გამოვიტანო ის, რაც უკვე ითქვა ღვთის სიტყვაში. სწორედ ეს მინდა გადმოგცეთ წინამდებარე სტატიაში. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიზეზის გაგება, რომლის გამოც, უკანასკნელ ჟამამდე, ჩვენ არ შეგვეძლო მკაფიოდ დაგვენახა და გაგვეგო ეს ყველაფერი. მე ამის შესახებაც ვისაუბრებ.

ზოგიერთი საკითხი უკიდურესად დელიკატურია და შეიძლება გამოგვიწვიოს კიდეც, შეიძლება რთული აღმოჩნდეს აღსაქმელად მათთვის ეკლესიაში, ვინც „ელინია“, წარმართია. გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ეს ყოველივე დაწერილი და განბანილია ქრისტეს სიყვარულის ოკეანეში, ყოველგვარი განკითხვისა გარეშე, ერთადერთი მიზნით − გზა მისცეს ამ სფეროში ღმერთის მკურნალ შეხებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დროში ეკლესიას ასეთი შეხება დიდად სჭირდება.

იმისდა მიხედვით, როგორ შევდივართ ღვთის სასუფეველში გადასვლის პერიოდში „წარმართთა“ სისავსიდან ისრაელის გამოღვიძებამდე, დგება ჟამი, რომ ეს საკითხები გულდასმით განივიხილოთ, რათა ებრაელთა და „ელინთაგან“ შემდგარი ღვთის ოჯახი, ბოლოსდაბოლოს, გამთლიანდეს (რომ.11:25-27).

star_of_david_with_cross_silver_by_balisongman07-d5rcj6e

 

ღვთის წყალობის გეგმა

ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს.“ (რომ.11:31,32)

ამაშია ღმერთის მოწყალების გეგმა: გამოაღვიძოს ისრაელი ლოცვისა და შუამდგომლობის მეშვეობით, უბიძგოს მათ მონანიებისკენ, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე ღმერთის წყალობის მეშვეობით. მორწმუნეებსა და ებრაელი მესიის იეშუას/იესოს მიმდევართ კარგად უნდა ესმოდეთ, რამდენად ინტიმური და პირადული ხდება, ახალაღთქმისეულ ურთიერთობათა მეშვეობით, ჩვენი კავშირი მათ ღმერთთან, რომელიც ახლა ჩვენი ღმერთიცაა. განა მათ ვაზზე არ ვართ დამყნობილნი, განა მათი აღთქმები არ მოგვიცავს? მერე რა, რომ ისინი დროებით გადატეხილნი არიან ურწმუნოების გამო (რომ.11:23).

საიდუმლოებანი

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი პირველი მოვიდა და მას მიეცა ყველა აღთქმა, ღმერთმა აირჩია ისინი, ვინც შემდეგ მოვიდა, რათა სიცოცხლე დაებრუნებინა პირველად მოსულთათვის. განა ეს საიდუმლო არ არის, რომ, გარკვეულ დროში, გაუგებარი გზით, „ელინები“ ღვთის სასუფეველში იქნენ შეყვანილნი? (იხ. კოლ.1:25-27). ასეთივე საიდუმლოა ისიც, როგორ აღდგება ახლა ისრაელი. პავლე მოგვიწოდებდა, რომ ამ საიდუმლოს უცოდინარნი არ დავრჩენილიყავით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დღეებში, როცა ამ ყოველივეს აღსრულება იწყება (რომ. 11:25)!

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მამა ღმერთს მოსწონს საიდუმლოებანი და ის ყოველთვის ამ საიდუმლოებათა შუაგულში გვეცხადება. რამდენად ხშირად ყოფილა, რომ ღმერთის კვალდაკვალ სიარულისას, მას უკანასკნელ წუთს გადაუწყვეტია საკუთარი თავის გამჟღავნება? მაშ, რატომ უნდა იყოს ეს სხვანაირად უკანასკნელ ჟამს? რამდენად დიდებულია ღმერთის გეგმა იმის შესახებ, რომ გაუცხადოს საკუთარი თავი ქვეყნიერებას თავისი სულიერი ოჯახის გაერთიანებით, რომელიც ებრაელებისა და „ელინებისგან“ შედგება და ეს ყოველივე − დედამიწაზე ღმერთის განსადიდებლად!

პარადოქსი

ისრაელის ღმერთმა სხვა შვილები აირჩია ღვთის ოჯახში (იოან. 10:16), „წარმართები“ აირჩია, რათა ყოფილიყვნენ ისინი მადლისა და წყალობის ჭურჭლები ისრაელისათვის მოშურნეობის გასაღვიძებლად და უკან დასაბრუნებლად. სწორედ ესაა ღმერთის მოწყალე გეგმა ისრაელისათვის საკუთარი თავის გამჟღავნებისა. სინამდვილეში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ესაა ღმერთის მოწყალე გეგმა ქვეყნიერებისათვის საკუთარი თავის გაცხადებისა ისრაელის მეშვეობით, რომელთანაც ეკლესია უნდა გაერთიანდეს, ვითარცა სულიერ ძმას და შეუერთდეს მამასა და ძეს, რომლებიც ისწრაფიან ისრაელის გამოღვიძებისკენ. რა პატივია ეს „წარმართ“ მორწმუნეთათვის!

მიუხედავად ამისა, ჩვენს დრომდე, ეკლესიამ ვერ შეძლო ამის გაგება. ისრაელის უარყოფის, უკუგდებისა და გასასტიკების გამო ჩვენ არ შეგვეძლო გვყვარებოდა ისრაელი ჩვენი ადამიანური ძალებით. ჩვენმა წინაპრებმა სრული მარცხი განიცადეს ამ სფეროში.

6258114413_bf59c248d1_b

 

მოდით, ვიყოთ გულწრფელნი: უკიდურესად ძნელია გიყვარდეს ის ადამიანები, რომლებიც გამუდმებით უარგყოფენ; ისრაელისადმი დამოკიდებულების საკითხიც ყოველთვის დიდად საკამათო და რთული იყო ეკლესიის შიგნით, მაგრამ ეკლესიაში ისრაელთან დაკავშირებულ გაუგებრობასთან ერთად, ეკლესიის დიდი ნაწილი თვლის, რომ მან ჩაანაცვლა ისრაელი. მოციქული პავლე კი მოგვიწოდებდა, რომ არ დავრჩენილიყავით ამ საიდუმლოს უცოდინარნი და ყოველთვის გვხსომებოდა ჩვენი უბრალო და თავმდაბალი დასაწყისი: ველური რტოები დამყნობილნი კულტურულ ზეთისხილზე (რომ.11:17-24), თუმცაღა, ისრაელის გასასტიკებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ შევძელით სწორად გაგვეგო ღმერთის დრო და გეგმები, რომელთა მიხედვითაც ღმერთმა ებრაელები უკანასკნელი დროისათვის შემოინახა, მაგრამ, როგორც დაწერილია, პირველნი უკანასკნელნი იქნებიან! და საქმე მხოლოდ ამაში არაა; როცა ეკლესიამ დაიწყო ჩამოყალიბება ინსტიტუტის სახით, მეოთხე საუკუნისათვის, ის მთლიანად მოსწყდა ჩვენი რწმენის ებრაულ მოციქულურ ფესვებს და ებრაელთა წინააღმდეგ მობრუნდა, რაკი ფიქრობდა, რომ ეს მათი საბოლოო განკითხვა იყო. მიუხედავად წმინდა წერილში არსებული მრავალი წინასწარმეტყველებისა ებრაელთა აღდგენის შესახებ მას შემდეგ, რაც საკუთარ მიწაზე დაბრუნდებოდნენ ისინი, ახლა ამის დანახვა ცოტა უფრო ადვილი გახდა, ისრაელის სახელმწიფოს ფიზიკური აღორძინების შედეგად.

განა მორწმუნეებს „წარმართთაგან“ არ მიეცათ ბრძანება ისრალეში მოშურნეობის გაღვიძების შესახებ?

თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით? თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევეცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევერტონიც.“ (რომ.11:13-16)

განა ღმერთს ისრაელი ყოველთვის არ უყვარდა მამამთავართა გამო, მიუხედავად იმისა, როგორ ამბობდა პავლე, რომ ებრაელები სახარების მტრები იქნებოდნენ? (იხ. რომ.11:28)

განა ისრაელი აღთქმის ერი არ არის? მიუხედავად ამ ყოველივესი, როგორ მოიქცა ისტორიული ეკლესია ებრაელების მიმართ? განა ეკლესიის წარმომადგენლები იოსების ძმებივით არ იქცეოდნენ, რომლებმაც საკუთარი ძმა მონად გაყიდეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს?

სწორედ ის ჭურჭელი (წარმართთაგან შემდგარი ეკლესია), რომელიც ღმერთმა ამოარჩია, რათა ებრაელები თავისთან დაებრუნებინა თავისი წყალობისა და გულმოწყალების მეშვეობით, იქნა გამოყენებული ებრაელთა დევნისა და განადგურებისათვის. მე არ ვაპირებ მტრის ქებას, მაგრამ გეგმა მართლაც მდაბალი და მზაკვრულია! სწორედ ამიტომ ეპყრობიან ებრაელები ასეთი ზიზღით ქრისტიანულ სიმბოლოებს, რადგან ის, რაც ჩვენთვის, მორწმუნეთათვის, წმინდაა, მათ მიმართ იარაღად იყო გამოყენებული.

შედეგად ეშმაკმა საშინელი დაყოფანი და განხეთქილებანი გამოიწვია ორ ჯგუფს შორის, განსაკუთრებით, ჩვენს გენეალოგიურ ჯგუფებში, რომლებიც მხოლოდ ახლა შეიძლება განიკურნონ ღმერთის გულმოწყალებითა და მადლით. ესაა მამის გეგმა: თავისი სხეულის ერთობის გამთლიანება.

„რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს.“  (რომ.11:32) და სწორედ ასევეა საქმე როგორც ებრაელებთან, ასევე „ელინებთან“ დაკავშირებითაც.

Pogrom_de_Strasbourg_1349

 

ისრაელი არ გახლავთ უდანაშაულო, რადგან სწორედ ებრაელები იყვნენ პირველ დევნათა ინიციატორები, თუმცაღა, ეკლესიამ სამაგიერო ათასწილ გადაუხადა გასულ საუკუნეთა განმავლობაში. ღმერთს კი სურს, რომ გააუქმოს ეს დაყოფანი, განკურნოს ეს გაუგებრობანი, განკითხვანი, სიძულვილი. მას სურს ჩვენი სისხლის გაწმენდა, ჩვენი საგვარეული სისხლის გაწმენდა ჩვენს წინაპართა წარსულისგან, რომ შეგვეძლოს მამის სიყვარულის მიღება ჩვენ წინაშე არსებული ამოცანის განსახორციელებლად: დავეხმაროთ ღმერთს ისრაელის სულიერად გამოღვიძებაში და ვიხილოთ მისი აღორძინება. აქ მამის სიყვარულზე მცირე საქმეს ვერ უშველის, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ძალებით გვიყვარდეს ისრაელი, რასაც სრულიად აშკარად მოწმობს ისტორია.

ჩვენ მამის ზებუნებრივი სიყვარული გვჭირდება, რომელიც გაგვაერთიანებს, რათა ღვთის სულიერი ოჯახი, შემდგარი ებრაელთა და „წარმართთაგან“, საბოლოოდ გაერთიანდეს და, რათა ჩვენი უფალი დაბრუნდეს დედამიწაზე და მისი მეფობა დამყარდეს ყველგან, რადგან ეს არ შეიძლება მოხდეს მანამ, სანამ ისინი არ იტყვიან: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!“ (მათ. 23:39).

ვინ ჩადგება ამ ცარილე ადგილას მათი გულისათვის, რომ ღვთის სული გამოთავისუფლდეს და მათში იქნას შთაბერილი? რომ ეს მარლაც მოხდეს? შესაძლოა, ჩვენ აქ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვრჩა? მართლაც, პირველნი უკანასკნელნი იქნებიან.

მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად? და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ (რომ.10:14,15)

საქორწინო ნადიმი

საქორწინო ცერემონიალთან შედარება საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის ებრაელთა და „ელინთა“ შორის ურთიერთობის აღსაწერად. ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ იეშუა/იესო საქმროა, ხოლო მისი სხეული, შემდგარი ებრაელთა და „ელინთაგან“, გახლავთ მისი სასძლო, ვისთვისაც ის აპირებს დაბრუნებას. სასძლო რომ საკურთხეველთან მივა, ის სრულიად მშვენიერი იქნება და ყველაფერი შესანიშნავად და კარგად იქნება, როგორც უნდა იყოს კიდეც, თუმცაღა ცერემონიამდე ერთი საათით ადრე სრული გაუგებრობა და ქაოსი იქმნება და ყველაფერი ისე არ ხდება, როგოც საჭიროა. სწორედ ასეა დღეს ებრაელთა და „ელინთა“ შორის. ღმერთს უნდა ამაზე ყურადღების გამახვილება და თავისი მადლის გამოთავისუფლება განკურნებისა და აღორძინებისათვის, რათა ჩვენ ნამდვილად შევძლოთ გავხდეთ ძმები სულში და, რომ ყველაფერი აღსრულდეს.

რა დიდებულია ეს ამოცანა: მამისა და უკანასკნელი დროის ეკლესიისათვის (მის ოჯახში სხვა შვილებისათვის) ერთობლივად ზიდონ ეს ტვირთი ისრაელის (მისი პირმშოს) გამოღვიძებისა, რათა ჩვენ შევძლოთ გადავიქცეთ ერთ მთლიანად და ვიმეფოთ ქრისტესთან ერთად, როცა ის დაბრუნდება!

ავტორი — გრანტ ბერი (Grant Berry)

თარგმნა – ნინო ხუროშვილმა 

 

charismanews.com