როგორ არის ქრისტიანობა დაკავშირებული ისრაელთან

Ashkenazi-Jewish

 

ქრისტიანული რწმენა განუყოფლადაა დაკავშირებული ისრაელთან. როგორ? ქვემოთ გიჩვენებთ

ქრისტიანობა არ იარსებებდა ებრაელი ერი რომ არ არსებულიყო. მესმის, რომ ეს კონცეფცია პირდაპირი გამოწვევაა იმ ანტისემიტური საწამლავისათვის, რომელიც ასწლეულების განმავლობაში მოედინებოდა ეკლესიის ლიდერთა ბაგეთაგან, მაგრამ ეს სიმართლეა: ქრისტიანული ფასეულობანი, რომელნიც ჩვენთვის ესოდენ ძვირფასია, სათავეს იმ თეოლოგიიდან იღებს, რასაც ებრაელები იყენებდნენ ცხოვრებაში ათასი წლით ადრე მანამ, სანამ ქრისტიანობა გაჩნდებოდა ქვეყანაზე. მათი წვლილი გახლავთ ქვაკუთხედი ჩვენი რწმენისა.

ანტისემიტებისათვის აუცილებელია იესოს მოკვეთა თავისი ებრაული ფესვებიდან. ასე თუ მოიქცევით, მაშინ სიძულვილი მოდური გახდება და ანტისემიტიზმი ქრისტიანულ სათნოებად ჩაითვლება. იესოს მოკვეთა რომ შეიძლებოდეს თავისი ებრაული ფესვებისგან, მაშინ ქრისტიანებს შეეძლებათ წარსულის მკვდარ ებრაელთა განდიდება, მაგალითად, აბრაამის, ისაკის და იაკობის, ისე, რომ ამავდროულად, მეზობლად მცხოვრები გოლდბერგების ოჯახს ყურადღებასაც კი არ მიაქციონ; როცა ებრაელებს ვუყურებთ, როგორც ჩვენი უფლის სახლეულობას, მაშინ ისინი იქცევიან ჩვენს და-ძმებად, რომელთა სიყვარულიც ნაბრძანები გვაქვს უპირობო სიყვარულით.

95005813

ადოლფ ჰიტლერმა იცოდა, რომ მას უნდა ამოეძირკვა იესოს ებრაული ფესვები გერმანელი ერის ცნობიერებიდან. მისმა სიგიჟემ შვა „მიშლინგის წესი“, რომლის მიხედვითაც ებრაელი გახლდათ ის, ვისაც ორივე მშობელი ებრაელი ჰყავდა. ჰიტლერმა ეს ორი მიზეზის გამო გააკეთა: პირველ რიგში, მისთვის აუცილებელი იყო იესოს ებრაული ფესვების ამოძირკვა და აღიარება იმისა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ქალწულ მარიამისგან იყო შობილი. თავზეხელაღებული ნაცისტები სხვანაირად არ ამოჟლეტდნენ უფლის ექვს მილიონ თანამემამულეს. მეორეც, ჰიტლერი შიშობდა, რომ, შესაძლოა, თავადაც ნაწილობრივ ებრაელი ყოფილიყო.

ისტორიკოსი ჯონ ტოლანდი, პულიტცერის პრემიის მფლობელი, წერს, რომ ჰიტლერის მამის დაბადების მოწმობაში იგი „უკანონოდ“ იყო გამოცხადებული. ადგილი, სადაც მამის სახელი უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, ცარიელი დარჩა, რამაც სათავე დაუდო დღემდე გამოუცნობ საიდუმლოს.

არსებობს ვარაუდი, რომ ჰიტლერის ბაბუა მდიდარი ებრაელი იყო, რომელსაც სახელად ფრანკერბერგერი ან ფრანკენრეიტერი ერქვა. ჰიტლერი იმდენად იყო ამ საკითხით დაინტერესებული, რომ პირად ადვოკატს, ჰანს ფრანკს, უბრძანა გასაიდუმლოებული გამოძიება ჩაეტარებინა. გამოძიების ანგარიშმა, რომელიც „ყველა შესაძლო წყაროს“ მიხედვით იყო მომზადებული, ძალიან შეაშფოთა ჰიტლერი. გამოძიების შედეგად გამოტანილი დასკვნის მიხედვით, უარყოფა იმ ვარაუდისა, რომ ჰიტლერის მამა ნახევრად ებრაელი იყო, შეუძლებელი იყო. გამოდიოდა, რომ ჰიტლერი აარაარიული წარმოშობის შერეული სისხლის ადამიანი იყო ან „მიშლინგე“ (მეტისი). „მიშლინგის წესმა“ ჩამორეცხა ჰიტლერს ებრაული წარსულის სამარცხვინო ლაქა, რადგან ახალი განსაზღვრების თანახმად, ის მეტად აღარ შეიძლებოდა ებრაელად ჩათვლილიყო. ამ წესმა იესოც განაცალკევა გერმანიაში მცხოვრებ ებრაელთაგან. მარიამის უბიწოდ ჩასახვის გამო იესოს მხოლოდ ერთი ებრაელი მშობელი დარჩა, რამაც ჰიტლერს საშუალება მისცა იმისა, რომ ებრაელებისადმი მიმართული სიძულვილი „ღვთის ნებად“ ექცია.

არაქრისტიანი იესო?

Jesus on the cross statue on Charles Bridge.

ქრისტიანთა უმრავლესობა იესოს და მის მოწაფეებს ადრეულ ქრისტიანებად აღიქვამს. არა! იესო არ ყოფილა ქრისტიანი. მას ებრაელი მშობლები ჰყავდა. ის ებრაული ტრადიციების მიხედვით აღიზარდა და მოსესა და ისრაელის წინასწარმეტყველთა სიტყვებით განისწავლა და ჯვარზე სიკვდილის ჟამს მის თავზე იყო წარწერა: „იუდეველთა მეფე!“

იესოს არასოდეს გაეგონა სიტყვა „ქრისტიანი“. წმინდა წერილის მიხედვით, ეს სიტყვა პირველად ანტიოქიაში იქნა გამოყენებული, იესოს ჯვარცმიდან 40 წლის შემდეგ (საქმე. 11:26). ამ სიტყვას წარმართები იყენებდნენ იმ ადამიანთა ქცევის აღსანიშნავად, ვინც ამ თავმდაბალი ებრაელი მოძღვრის სწავლების მიმდევარი იყო. დღეს კი მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რა სიტყვას მოიგონებდნენ თანამედროვე ურწმუნო ადამიანები ქრისტიანთა შორის არსებულ დამოკიდებულებათა აღსაწერად.
იესო რომ მოსულიყო თქვენს ეკლესიაში, წესრიგის დამცველთა ჯგუფი მისცემდა მას შემოსვლის საშუალებას? ალბათ, არა. ის, სავარაუდოდ, საშუალო სიმაღლის, ჩასხმული აღნაგობის ადამიანი იქნებოდა, მუქი ფერის თვალებით და გამჭოლი მზერით, ზეთისხილისფერი სახით და გამოკვეთილი სემიტური სახის ნაკვთებით. ექნებოდა გრძელი, ჩამოშვებული პეისები, კუთხეებში მოუკვეცელი თმა და სრულფასოვანი მამაკაცური წვერი, მის მხრებზე კი დაფენილი იქნებოდა ტალითი (ლოცვისთვის განკუთვნილი თავსაბურავი).

იესოს რომ საკუთარი თავი წარედგინა თქვენი თემის წინაშე, როგორც ებრაელ რაბინს, რომელიც მეძავებთან მეგობრობს, მებაჟეებსა და მათ მსგავს, საზოგადოებიდან გარიყულ, ადამიანებთან ურთიერთობს, რომელიც სძულთ ხელისუფალთ და, რომელსაც გარს უამრავი წვეროსანი, მხრებამდე თმაჩამოშლილი უმუშევარი კაცი ახვევია, მოიძებნებოდა მისთვის ადგილი თქვენთან?

მას რომ ებრძანებინა თქვენი ეკლესიის ყველაზე მდიდარი წევრებისთვის მთელი ქონების გაყიდვა და ღარიბებისათვის დარიგება, ან თქვენს მშვენიერ სავარჯიშო დარბაზში რომ შემოსულიყო და ბინგოსთვის განკუთვნილი მაგიდები გადაეყირავებინა და ეყვირა: „ჩემი სახლი ლოცვის სახლია“ (ლუკა 19:46), გამოიძახებდნენ თქვენი ეკლესიის მსახურები პოლიციას? ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნებოდა.

სიმართლე ისაა, რომ 2000 წლის განმავლობაში ანტისემიტური სწავლებისა და ქადაგების შედეგად, გამოგვრჩა ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს ებრაული ბუნება.

in_the_Temple

 

ყველა ოჯახში

იესო ნაზარეველი იუდას ტომიდან იყო, რომელიც მეფე დავითთან, მოსესა და აბრაამთანაა დაკავშირებული (იხ. მათ. 1:1-2). მისი სახელი ღვთის ანგელოზმა აუწყა მარიამს. იესო (ებრ. იეშუა) ნიშნავს „ღმერთია მხსნელი“. სიტყვა ქრისტე აღწერს მას, ვითარცა „ცხებულს“. მარიამმა და იოსებმა იესო აღზარდეს ებრაული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი კულტურული და სულიერი ტრადიციების შესაბამისად. ის მერვე დღეს მიიყვანეს ტაძარში წინადაცვეთისათვის, რაც დღემდე ებრაელთათვის დიდად დამახასიათებელი რამ გახლავთ (იხ. ლუკ. 2:21). თავისი დაბადებიდან მეთორმეტე წლის მიწურულს, რაც მისი მეცამეტე დაბადების დღე გახლდათ, იესო მიიყვანეს ტაძარში ბარ-მიცვას აღსასრულებლად, რაც დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ებრაელთა კუთვნილი მოვლენაა (იხ. ლუკ. 2:42). იესო ტაძარში მივიდა, როგორც პატარა ბიჭუნა და იქიდან გამოვიდა, როგორც მამაკაცი.

ამ კონტექსტში სულაც არ არის რთული იესოს და დედამისს შორის გამართული საუბრის გაგება. მარიამმა და იოსებმა როცა დატოვეს ტაძარი და მთელი დღის მგზავრობის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ იესო მათთან არ იყო, ისინი ტაძარში დაბრუნდნენ და ნახეს, რომ მათი ძე ბრძენკაცთ ესაუბრებოდა. მარიამმა უსაყვედურა იესოს: „შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ. და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ?“ (ლუკ. 2:48-49).

ზოგიერთი ქრისტიანი იესოს პასუხს მიიჩნევს დედისადმი გამოხატულ უპატივცემულობად, თუმცა ეს პასუხი არ ყოფილა უპატივცემულობის გამოვლინება. იესო უკვე მამაკაცი გახლდათ და მარიამს უჭირდა ამ ფაქტის მიღება.

ქრისტიანობის მრავალი მოძღვარი ამბობს, რომ, რადგან ბიბლია არაფერს ამბობს იესოს ცხოვრების შესახებ ამ დროიდან მისი სახალხო მსახურების დაწყებამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არაფერი ვიცით მისი ცხოვრების შესახებ 12-დან 30 წლამდე. ამ პერიოდის შესახებ ბიბლიურ ჩანაწერთა არარსებობამ გამოიწვია ზოგიერთი უგუნური, ეზოთერული სწავლების წარმოშობა, თითქოსდა, იესო ეგვიპტეში მოგზაურობდა და ახლო აღმოსავლეთის რელიგიებს შეისწავლიდა ამ დროის განმავლობაში, მაგრამ, ვინაიდან ვიცით, რომ იესო ებრაელი იყო, სავარაუდოდ, შეგვიძლია ისიც ვიცოდეთ, რას აკეთებდა თავისი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე.

„Everyman’s Talmud“ ამტკიცებს: „5 წელი წმინდა წერილი შესწავლის დაწყების ასაკია, 10 წელი მიშნის შესწავლისა, 13 წელი მცნებათა შესრულებისა [ბარ-მიცვა]; 15 წელითალმუდის შესწავლისა, 18 წელიდაქორწინებისა; 20 წელისაარსებო წყაროს ძიებისა, 30 წელი საკუთარი ძალის სისრულეში შესაბიჯებლად [სიცოცხლის საქმე]“.

 

შესაბამისად, იესომ წმინდა წერილის შესწავლა 5 წლის ასაკში დაიწყო. ის შეისწავლიდა ებრაულ ზეპირ ტრადიციებს 10 წლის ასაკში, ხოლო 13 წლისამ ტაძარში ბარ-მიცვა აღასრულა. 15 წლის ასაკში ის შეისწავლიდა იმას, რაც შემდეგ გახდებოდა თალმუდი ანუ რაბინთა მიერ შედგენილი რჯულის კომენტარები; შედეგად იესო საკმარისად მომზადებული გახლდათ იმისათვის, რომ რაბინი გამხდარიყო.

იესომ იცოდა, რომ წინ ჯვარი ელოდა და ამიტომ არ დაქორწინებულა 18 წლის ასაკში, როგორც ეს ჩვეულებისამებრ ხდებოდა. 20 წლისა დურგლად მუშაობდა თავის მამასთან, იოსებთან ერთად, ხოლო სახალხო მსახურება 30 წლისამ დაიწყო, როცა თავისი ასაკის სიმწიფეს მიაღწია, ანუ საკუთარი ძალის სისრულეში შეაბიჯა, როგორც მაშინ ითვლებოდა.JESUSCHRIST-1

 

 

იუდაიზმის  ნაყოფი 

ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ იესო არ მისდევდა პრაქტიკულ იუდაიზმს, არც ისტორია იციან და არც წმინდა წერილი. სინამდვილეში, იესოს სიცოცხლის ჟამს, იუდაიზმი ერთადერთი რელიგია იყო მთელს დედამიწაზე, რომელიც აღიარებდა ერთადერთი ყოვლისშემძლე, უზენაესი არსებისადმი რწმენას. იუდაიზმის ეული ხმა ეძახდა წარმართთა მრავალღმერთიან მსოფლიოს: „ისმინე ისრაელ, უფალი ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია!“


სწორედ იუდაიზმს სწამდა, რომ ადამიანები ღვთის ხატად არიან შექმნილნი. ტრადიციულმა იუდაიზმმა მოგვცა ჯოჯოხეთის, სამოთხის, ანგელოზების, დემონების შესახებ ცნებები; ადამისა და ევას აღიარება პირველ მამაკაცად და ქალად, ასევე, შვიდ დღეში სამყაროს შექმნის ცნება. იუდაიზმმა გვასწავლა სიცოცხლის სიყვარული და პატივისცემა. სანამ წარმართული რელიგიები საკუთარ შვილებს უცხო ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ, იუდაზმმა გაგვაცნო მოსიყვარულე ღმერთი, ვისთვისაც თითოეული ბავშვის სიცოცხლე ძვირფასია.

იუდაიზმმა მოგვცა უფლის სერობა, რაც პასექის დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი გახლდათ და, რომლის დროსაც პურის გატეხვა და ზიარების სასმისის მიღება გახსენების ნიშანი იყო. ადრეული ქრისტიანები პასექს ქრისტეს სიკვდილიდან 300 წლის განმავლობაში აღნიშნავდნენ, სანამ კონსტანტინემ კანონგარეშედ არ გამოაცხადა ეს დღესასწაული, რადგან ცდილობდა ებრაელები განეცალკევებინა იესოსგან. იუდაიზმმა მოგვცა პატრიარქები, წინასწარმეტყველები და ჩვენი უფალი.

2008-09-26_torarolle-jhwh 

ებრაული ბიბლია

იუდაიზმმა ასევე მოგვცა წმინდა წერილი. თანახის ანუ ებრაული ბიბლიის (ქრისტიანული ძველი აღთქმა) თითოეული სიტყვა დაიწერა ებრაელ ავტორთა მიერ. ესაა ჭეშმარიტების შუქი და საფუძველი, რომელზეც დაშენებულია ჩვენი კულტურა და ცივილიზაცია. ჯორჯ ვაშინგტონი ამბობდა: „შეუძლებელია მსოფლიოს ჯეროვნად განაგებდე ღმერთისა და ბიბლიის გარეშე“. აბრაამ ლინკოლმა თქვა: „მწამს, რომ ბიბლია ღმერთის  საუკეთესო საჩუქარია, რაც კი მას ადამიანისთვის უჩუქებია. მხსნელის მიერ მსოფლიოსათვის მიცემული ყველა სიკეთის შესახებ ამ წიგნის მეშვეობით შევიტყვეთ“. დანიელ ვებსტერმა თქვა: „ჩვენ თუ იმ პრინციპებს მოვეჭიდებით, რომლებსაც გვასწავლის ბიბლია, წინსვლა გვექნება, ხოლო თუ ჩვენ ან ჩვენი შთამომავლები უგულებელვყოფთ მის მითითებებსა და ძალაუფლებას, ვერავინ იტყვის, რამდენად უეცრად დაგვატყდება თავს კატასტროფა და დაასამარებს მთელს ჩვენს დიდებას და უსახელოდ აქცევს მას“.   
დიდი ხნით ადრე, ვიდრე კაცობრიობას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) ციებ-ცხელება მოედებოდა, ესაიამ და იერემიამ დაწერეს ელიას ისტორია, რომელიც დედამიწიდან ატაცებულ იქნა რაღაც კოსმოსური აპარატით, რომელსაც ორიგინალში „ცეცხლოვანი ეტლი“ ეწოდება (2 მეფ. 2:11). მანამ, სანამ ფილმი „ზვიგენის ღამე“ დააცარიელებდა მსოფლიოს სანაპიროებს თავისი კინო-ტერორიზმით, იონამ აღწერა, როგორ გადაყლაპა იგი ცოცხლად „დიდმა თევზმა“ და, როგორ გაატარა სამი დღე მის მუცელში, სანამ ხმელეთზე გადმოაფურთხებდა ეს თევზი მას.

ბიბლია პოეზიის, ისტორიის, სიყვარულის, რომანტიკის, ომის, თავგადასავლების და ზეცათა მოსიყვარულ ღმერთის შესახებ დაწერილი წიგნია. ზემოთქმულის შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ ებრაელებმა მისცეს ქრისტიანებს ღვთის სიტყვის საფუძვლები.

ქრისტიანობაში ებრაელთა მიერ შეტანილი წვლილის გარეშე, ქრისტიანობა არ იარსებებდა. დაიმახსოვრეთ: ებრაელებს არ სჭირდებათ ქრისტიანობა იმისათვის, რომ განმარტონ საკუთარი არსებობა, მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებს არ შეგვიძლია განვმარტოთ საკუთარი არსებობა ჩვენი ებრაული ფესვების გარეშე.

ჯონ ჰეიგი (John Hagee) გახლავთ დამფუძნებელი და ხუცესი სან-ანტონიოში არსებული კორნსტოუნის ეკლესიისა (Cornerstone Church), ასევე, ის არის ავტორი რამდენიმე წიგნისა, მათ შორის, „იერუსალიმი: უკუათვლა“ და „ისრაელის დასაცავად“.

 

ავტორი — John Hagee / charismamag.com
თარგნა – ნინო ხუროშვილმა