მარკ შაგალის გზავნილი

Lovers-of-Vence-1-700x437

“თუ მე   არ ვიქნებოდი  ებრაელი , ისე როგორც მე  მესმის, მაშინ მე არ ვიქნებოდი მხატვარი.”

 

ქრისტიანული ეპოქის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჯვარცმის სიმბოლიკა ტაბუდადებული იყო ებრაელთათვის. ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, სადაც „იესოს“, „ჯვარცმის“, „გოლგოთის“, „ჯვრის“ არქეტიპებმა შეიძინა სოტერიოლოგიური (მხსნელი) შინაარსი, ებრაულ რელიგიურ ცნობიერებაში კი, პირიქით, ისინი ასოცირდებოდა შიშთან, დევნასთან, ტანჯვასა და სიკვდილთან.

შაგალის შემოქმედება უძველეს იუდეველურ ტრადიციათა და ახლებურ ტენდენციათა საოცარი შერწყმაა. შაგალი, რომელმაც, თითქმის, ასი წელი იცოცხლა და მრავალი ქალაქი და ქვეყანა შეცვალა, ყოველთვის ინარჩუნებდა ეროვნულ თვითშეგნებას და ყოველთვის დროისა და გეოგრაფიის მიღმა მყოფი ადამიანი გახლდათ. ის დაიბადა ვიტებსკში, სწავლობდა პეტერბურგში, ცხოვრობდა აშშ-ში, მაგრამ ყველგან და ყველა გარემოებაში ებრაელი ერის შვილად რჩებოდა. ბედს სადაც უნდა წაეყვანა იგი, შაგალი ყოველთვის გულით ატარებდა მშობლიურ ქალაქს, ხატავდა მის მყუდრო ქუჩებსა და დაბალ სახლებს იმ ტილოებზეც კი, რომლებზეც პარიზი იყო გამოსახული. ვიტებსკი მხატვრის მეორე მოდელია, თავისი მნიშვნელობის მიხედვით. პირველი ადგილი ყოველთვის მხატვრის საყვარელ ცოლს − ბელას, ეკავა, რომელიც მუდამ მისი მუზა გახლდათ.

cracow-kipnis-2

 

მარკ შაგალის მთელი შემოქმედება გამსჭვალული იყო რელიგიური მოტივებით. 1973 წელს მან თქვა: „ჯერ კიდევ ბავშვობაში ბიბლიით ვიყავი დატყვევებული. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ეს იყო პოეზიის უდიდესი წყარო ყველა დროისათვის. იმ დროიდან მოყოლებული ვეძებდი მის ანარეკლს ცხოვრებასა და ხელოვნებაში. ბიბლია ბუნების გამოძახილია. ამ საიდუმლოს გადმოცემა მსურდა მეც“.

David-with-the-harp Moses-2

XX საუკუნის დასაწყისში მოხდა ცვლილება, რაც დაკავშირებული გახლდათ გარემომცველ ქრისტიანულ სამყაროში ებრაელთა კულტურული ინტეგრაციის რთულ პროცესებთან, დევნასთან, გლობალურ ძვრებთან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო პირველი მსოფლიო ომით. მთელმა რიგმა ებრაელმა პოეტებმა და მხატვრებმა, პირველ რიგში, სიმბოლისტებმა, ხელახლა გაიაზრეს არა მხოლოდ ძველებრაული არქეტიპები − სინაი, ტაძარი, აღთქმა, არამედ ქრისტიანულიც, რომლებიც მათ ებრაელი ერის ბედის მეშვეობით წარმოაჩინეს; როგორც იდიშის ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი დავიდ როსკესი აღნიშნავს, მანამდე ხელშეუხებელი ქრისტიანული ტოპიკა მათთვის შთაგონების არანაკლებ მნიშვნელოვან წყაროდ იქცა, ვიდრე ხასიდური ფოლკლორი.

Remembrance-1 cracow-kipnis-1 marc-chagall-

შაგალმა ჯერ კიდევ 1911 წელს დაიწყო ხატვა რელიგიურ თემატიკაზე. მას ეკუთვნის მრავალი ცნობილი ტილო, რომელთა შორისაა: „კაენი და აბელი“, „ადამი და ევა“, „გოლგოთა“, „ლოცვად მდგარი ებრაელი“. ზოგიერთი ბიბლიური სახე შაგალმა საკუთარ სახეთა შესაქმნელად გამოიყენა. მისი მფრინავი ადამიანები, ხშირად, ანგელოზებს გვაგონებს.

jewish

1931 წელს მხატვარმა ხელი მიჰყო ბიბლიის დასურათებას. მან შექმნა 39 გუაში, 105 შავ-თეთრი გრავიურა, მათ შორის თანახის ილუსტრაციებიც: თორისა და წინასწარმეტყველ ესაიას წიგნისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ შაგალი ებრაელი იყო, ის ასურათებდა არა მხოლოდ თანახს, არამედ ახალ აღთქმასაც. მაგალითად, მის ფუნჯს ეკუთვნის ტილო „თეთრი ჯვარცმა“.

chagall-the-white-crucifixion-1938

ჯვარცმის კომპოზიცია და ფერთა გამა რუსული ხატწერის ტრადიციებს გვაგონებს, მაგრამ, ამასთან, მხატვარი იეშუას (იესოს) ტალითით გამოსახავს. ნახატზე ჩანს წმინდა ებრაული ატრიბუტები − მენორა და თორის გრაგნილები. ლანდშაფტი და პერსონაჟები ვიტებსკსა და ხასიდებს მოგვაგონებს. ნახატი მხატვარმა 1938 წლის ნოემბერში დახატა, ტრაგიკული „ბროლის ღამიდან“ ორი კვირის შემდეგ, როცა დაწვეს და დაარბიეს 267 სინაგოგა, ებრაელთა კუთვნილი ათასობით სახლი და მაღაზია, მოკლეს 91 ებრაელი, ასობით კი დაასახიჩრეს და დაჭრეს, დაახლოებით, 3.500 ებრაელი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს.

bade-baden Kristallnacht

საინტერესოა, რომ განმეორებადი მოტივები, მაგალითად, გაქცევა და ცეცხლი, როგორც ჩანს, საყოველთაო ებრაული კატასტროფის მასშტაბის განმსაზღვრელია.

the-falling-angel-1922 war-marc-chagall-1966

ჯვარცმული მესიის სახე, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ასოცირდება მარტვილობის თემასთან, შაგალისთვის ახალი სიმბოლო გახლდათ – იეშუა, რომელიც განიცდის ებრაელობის სასიკვდილო ტანჯვათ.

ებრაელი ისტორიკოსიდან − იოსებ კლაუზნერიდან მოყოლებული, მრავალმა ავტორმა მიუძღვნა საკუთარი შრომები პასუხს კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ იუდაიზმის გულში მცხოვრებმა იეშუამ სათავე დაუდო იუდაიზიდან გამოყოფილ მოძრაობას.

შაგალი პირველი მხატვარი იყო, ვინც იეშუა ვიზუალურად დაუბრუნა იუდეველურ ტრადიციათა სამყაროს. ამგვარად, ნახატი-შეტყობინება გამოხატავს მხატვრის იმედს, რომ იეშუა იქცევა ხიდად ადამიანთა შორის, სიყვარულის ხიდად, რომლისთვისაც უცხოა ძალადობა.

cracow-kipnis-exhibition-1

1945 წლის მაისის მიწურულს, ნიუ-იორკში გამოსვლისას, როცა მან მშობლიურ იდიშზე   წარმოთქვა სიტყვა, შაგალმა კვლა შეადარა ებრაელი ერი იეშუას (იესოს). ვერავითარი მსოფლიო კონფერენციები შედეგს ვერ გამოიღებს, თუ ებრაელ ერს არ გარდმოხსნიან ჯვრიდან, რომელზეც მას 2000 წლის განმავლობაში აკრავდნენ.

მარკ შაგალის ძირითადი წარმმართველი მოტივი გახლდათ მისი ეროვნული ებრაული თვითშეგნება, რომელიც მისთვის განუყოფლად იყო დაკავშირებული მოწოდებასთან: „მე რომ ებრაელი არ ვიყო, როგორც ეს მესმის, მე არც მხატვარი ვიქნებოდი, ან ვიქნებოდი სრულიად სხვა მხატვარი“.

 

marc-chagall1-1

მეოცე საუკუნეში ჯვრისა და ჯვარცმის სიმბოლოები კვლავ ბრუნდება ებრაელი ერის ცნობიერებაში. ჯვარზე განცდილი ტანჯვის სახარებისეული თემა ახალ სინათლეში წარმოგვიდგა და კიდევ ერთხელ გვიჩვენა სრული აბსურდულობა იუდაფობიური კლიშეებისა: ებრაელი, რომელმაც ჯვარს აცვა მესია, ღვთისმკვლელი ერი; კლიშეებისა, რომელთაც შვეს ქრისტიანული ანტისემიტიზმი.

წყარო – http://toraart.com/index.php/poslanie-ot-marka-shagala/ 

თარგმნა – ნინო ხუროშვილმა