რეფორმაციის დრო

f09a79232f87

დღევანდელი სახარებისეული ქრისტიანობა წარმოუდგენელი იქნებოდა ისტორიაში არსებული იმ პერიოდის გარეშე, რომელიც რეფორმაციის სახელითაა ცნობილი. წარსულის დიდმა რეფორმატორებმა, როგორებიც იყვნენ მარტინ ლუთერი, ჟან კალვინი, ჯონ უესლი და მრავალი სხვა, უამრავი რამ შეცვალეს ქრისტიანობაში და გარდაქმნეს იგი. ეს ცვლილებები კი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ეკლესიის გადარჩენისათვის.

დადგება მესიანური რეფორმაციის დროც მომავალში და ეს რეფორმაცია ისრაელიან ერს შეეხება. რეფორმაციის ამ დროის შემდეგ ტაძრული თაყვანისცემის ძველი ტრადიციები გაუქმდება და თაყვანისცემის ახალი ჟამი დაიწყება ღმერთის ხალხისათვის.

ღვთის სიტყვაში ისრაელის ისტორიაში მომხდარი რეფორმაციის სხვადასხვა პერიოდის შესახება წერია. მთელს ბიბლიაში ვხედავთ, რომ ღვთისკაცთ ღმერთი იყენებდა თავისი ერის ცხოვრებაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად. ესა (2 ნეშტთა), ხიზკიაჰუ (2 ნეშტთა 30-31), იოშია (2 ნეშტთა 34) და ნეემია მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ დიდებულ ხელმძღვანელთა, რომლებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს და განაახლეს ისრაელის სულიერი მდგომარეობა.

რეფორმები იყო საჭირო, როცა ისრაელიანები თავად შორდებოდნენ ღმერთს. თაობათა სიცოცხლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ისეთი ჩვეულებები და ტრადიციები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ღვთის გაცხადებულ ნებას. ეს ტრადიციები გახდა ნაწილი განდგომილი სატაძრო მსახურებისა, რაც აუფასურებდა ოჯახურ ღირებულებებს, იწვევდა კერპთაყვანისცემლობასა და საზოგადოების მორალურ დაცემას. ამ პერიოდების განმავლობაში ერის სულიერი ლიდერები (მღვდლები და წინასწარმეტყველები) ხშირად გულგრილნი იყვნენ ღვთის ხალხის მორალური გადაგვარებისადმი ან კიდევ, უარესი, მხარსაც უჭერდნენ ამას, მაგრამ, როცა რეფორმატორები კვლავ შეახსენებდნენ ხალხს ღვთის ნებას, ეს ცვლიდა არა მხოლოდ მათ გაგებას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ცვლიდა მათ გულებსა და ქცევას. მთელი ერი იწყებდა ღვთის ძიებას (2 ნეშტთა 15:12). აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამათა ღმერთი, მთელი გულითა და მთელი სულით. შედეგად კი ღმერთი ყოველთვის აკურთხებდა თავის ერს და ისრაელისათვის იდგა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ჟამი.

ხანდახან, რეფორმაციის შედეგად აღმოაჩენდნენ ხოლმე ძველ ჭეშმარიტებასა და მოძღვრებას, რომლებიც წმინდა წერილში კი ეწერა, მაგრამ, სინამდვილეში, არასოდეს ყოფილა ერის სულიერი ტრადიციების ნაწილი. ხიზკიაჰუმ, მაგალითად, „ხელახლა“ აღმოაჩინა პასექის დღესასწაული. საუკუნეთა განმავლობაში ისრაელი აღარ აღნიშნავდა ამ დღესასწაულს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დავითის დღეების შემდეგ.

ალბათ, იმ დროის თეოლოგებს ბევრი მიზეზი ჰქონდათ იმის ასახსნელად, რატომ დაკარგა თავისი მნიშვნელობა ისრაელის რწმენის ამ უნიკალურმა გამოხატულებამ, სანამ ხიზკიაჰუმ არ მიიღო ამ წმინდა ბიბლიური დღესასწაულის აღდგენის გაბედული გადაწყვეტილება.

გაცილებით უფრო ღირსშესანიშნავი გახლდათ ნეემიას დროს კარვობის დღესასწაულის სათანადო აღნიშვნის „ხელახლა აღმოჩენა“. ეს ღირსშესანიშნავია, რადგან, როგორც ჩანს, არავითარ როლს არ ასრულებდა ეს დღესასწაული ისრაელის ისტორიაში ვიდრე ნეემიამდე…

„კარვები გააკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდა კარვებში, რადგან იესო ნავეს ძის შემდეგ ამ დღემდე ისრაელიანებს ასე არ გაუკეთებიათ. და იყო ძალზე დიდი სიხარული.“ (ნეემია 8:14–18) და ნახეს დაწერილი რჯულში, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს ხელით, რომ ისრაელის ძეთ კარვებში ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულისას, და რომ გამოეცხადებინათ და ასეთი ხმა დაერხიათ ყველა თავიანთ ქალაქში და იერუსალიმში: “გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილის რტოები, ღვიის რტოები და პალმის რტოები, და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.” და გავიდა ხალხი და მოიტანა და გაიკეთა თავისთვის კარვებითითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე. და გადანასახლებმა მთელმა კრებულმა გააკეთა კარვები და დასახლდა მათში, რადგან იესო ნავეს ძის დღეთაგან იმ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ, და იყო ძალზე დიდი სიხარული. დღითიდღე კითხულობდა იგი ღვთის რჯულის წიგნსპირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი საზეიმო შეკრებულობა ჰქონდათ, წესისამებრ.

თითქმის ათასი წელი უსრულდებოდა ებრაელთა ისტორიას, როცა ხალხმა, საბოლოოდ, დაიწყო ამ დღესასწაულის აღნიშვნა იმ რეფორმის შემდეგ, რომელმაც იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ებრაელ ერზე, რომ დღემდე აღინიშნება.

ეკლესიამაც რეფორმაციის მრავალი ეტაპი გაიარა; ეკლესიის ისტორიაშიც იყო ძველ ჭეშმარიტებათა ხელახლა აღმოჩენის მომენტები. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, გახლდათ მსოფლიოს მისიებისკენ უფლის მოწოდების ხელახლა აღმოჩენა. ეკლესიათა უმრავლესობას არ გააჩნდა ფართო ხედვა მსოფლიოს დაუხსნელ და, ხშირ შემთხვევაში, ყოველგვარ ცივილიზაციას მოკლებულ ტომთა შესახებ. ყველაფერი შეიცვალა, როცა მორავიელთა საძმომ, ხოლო მოგვიანებით ტეილორ ჰუძონმა და უილიამ ქერიმ დატოვეს საკუთარი სამშობლო და შორეულ მიწებზე გაემგზავრნენ მისიონერებად. ისინი რეფორმატორებად იქცნენ, ვინაიდან ეკლესიას მსოფლიო მისიების შესახებ ხედვა დაუბრუნეს. დღეს რთულია ისეთი ადგილობრივი ეკლესიის წარმოდგენა, რომელსაც მისიისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი და თავად მისია არ გააჩნდეს.

რეფორმაციის საჭიროება

ისრაელის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში წინასწარმეტყველები მოუწოდებდნენ რეფორმაციისკენ. კერძოდ, იერემიამ წინასწარ განჭვრიტა ისრაელის მოახლოებული ნგრევა და გამუდმებით მოუწოდებდა ერს მონანიებისა და რეფორმებისკენ.

ახლა ასე გამოუცხადე იუდეველებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი.“ (იერემია 18:11).

ისრაელს, როგორც ერს, ღმერთი გაასამართლებდა, თუკი ეს ერი არ გაატარებდა რეფორმებს, თუკი არ შეიცვლებოდა. ჯერ კიდევ მოსეს დროს ღმერთი აფრთხილებდა ისრაელიანებს, რომ თუ გზებს არ გაასწორებდნენ მის წინაშე, ის აუცილებლად დასჯიდა ისრაელის ამბოხს. თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ… (ლევიანები 26:23-24ა).

მსგავსადვე, შვიდი ეკლესიისადმი მიწერილი წერილები (გამოცხადება 2-3 თავები) მოწოდებაა გადაუდებელი რეფორმაციისკენ. შვიდი ეკლესიიდან ხუთს დაუყოვნებელი რეფორმები სჭირდებოდა.

რეფორმაცია მხოლოდ ინდივიდუალური მონანიების ჟამი როდია. ის ყოველთვის ახდენს გავლენას ღვთის მთლიან ერზე. კანონები შეიცვალა, ახალი და ღვთივშთაგონებული საზოგადოებრივი წესრიგი დამყარდა და შედეგად, ერებმა მიიღეს ღმერთის კურთხევა.

ესაა ის, რაც მარტინ ლუთერისა და ჟან კალვინის მიერ განხორციელებულა რეფორმაციამ აღასრულა. ეს აგრეთვე გახლდათ ინგლისში ჯონ უესლის მსახურების შედეგი. ჩვენი დასავლური ეთიკის კოდექსისა და კულტურის ძირითადი ნაწილი დაფუძნებულია რეფორმატორულ ძალებზე, რომლებმაც გაწმინდა ევროპა მე-16-18 საუკუნეების განმავლობაში. მან იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბება. ბევრი რეფორმატორი, რომლებიც ევროპაში იდევნებოდნენ, სამშობლო ჰპოვეს ახალ ქვეყანაში და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ადრეული ამერიკული კულტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც ბიბლიურ ჭეშმარიტებათ ეფუძნებოდა. რეფორმები ყოველთვის ეკლესიის შიგნით იწყებოდა, მაგრამ შემდეგ დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე.

დღეს ეკლესია საჭიროებს გადაუდებელ რეფორმაციას. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში არსებულ ჩვენს დასავლურ ეკლესიებში შეინიშნება საზოგადოებაში სეკულარიზმის მზარდი გავლენით გამოწვეული შეშფოთება. ევროპამ დიდი ხნის წინ მიატოვა თავისი ქრისტიანული ფესვები და ბევრი ამერიკელი ქრისტიანი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მათ თავდაპირველ მემკვიდრეობას, როგორც „ღმერთის დაქვემდებარებული ერისას“, საფრთხე ემუქრება. დასავლეთის ეკლესია რეფორმაციას საჭიროებს, ვინაიდან მან, არა მხოლოდ დაკარგა თავის გავლენა საზოგადოებაზე, არამედ ექცევა კიდეც ქვეყნიერების გავლენის ქვეშ.

დღეს ბევრი ქრისტიანი ეძებს გამოსავალს და მთავრობას შეჰყურებს ამ გამოსავლის ძიებაში. „სხვა მთავრობა რომ იყოს, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა“, მსგავსი რამ ხშირად მესმის. დიახ, ეკლესია მოწოდებულია, რომ ილოცოს მთავრობისათვისნ და ეს მოწოდება უფრო სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, მაგრამ ღმერთი ერის ცვლილებათა დაწყებას მოელის არა მთავრობის, არამედ ღვთის ერისგან.

და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას.“ (2 ნეშტთა 7:14)

ეროვნული აღორძინებისა და კურნების გასაღები ღმერთის ხალხშია; თუ ღმერთის ერი მოძებნის უფლის სახეს, შეიცვლის გზებს, გარდაქმნის საკუთარ რელიგიურ კულტურას მოციქულთა მიერ დატოვილი მემკვიდრეობის შესაბამისად და დაუბრუნდება საწყის ფესვებს, ღმერთი იძლევა აღთქმას, რომ განკურნავს ერს. მოდით, ერთად დავდგეთ 2015 წლის განმავლობაში და ვილოცოთ და ვეძიოთ რეფორმაციის გზები ცოცხალი ღმერთის ეკლესიისათვის.

 დოქტორი იურგენ ბიულერი, ICEJ-ის აღმასრულებელი დირექტორი 

თარგმნა: ნინო ხუროშვილმა