ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რომის იმპერატორმა კონსტანტინემ გააერთიანა რომის იმპერია ქრისტიანულ რელიგიაზე მისი მოქცევის გზით
ამისდა მიუხედავად, თავად რელიგია არ იქნა გაერთიანებული. აუცილებელი იყო ქრისტეს აღდგომის ზუსტი თარიღის გარკვევა. ორიგენეს მემკვიდრემ ევსევიმ, რომელსაც ბიბლიას ალეგორიულად განმარტავდა, დიდი გავლენა მოახდინა კონსტანტინეზე.
ბიბლიის ამ ალეგორიულმა ინტერპრეტაციამ წარმოშვა ანტისემიტური სწავლებანი (ხსნის ღმერთისეულ გეგმაში ებრაელთა და მათი როლის წინააღმდეგ).
კრება ნიკეაში შედგა 325 წელს
გადაწყდა: ქრისტეს აღდგომა იქნებოდა 21 მარტის შემდეგ პირველივე სავსემთვარეობის მომდევნო კვირას (გაზაფხულის დასაწყისი) და არა ბიბლიური თარიღის მიხედვით.
რომაულმა წარმართულმა კალენდარმა შეცვალა ებრაული კალენდარი და ებრაული დღესასწაული შავუოთი (ორმოცდაათობა, იგივე შვიდეული). ამგვარად, აღდგომის დღესასწაული იქცა ისტერის (Easter – აღდგომა, ინგლ.) საგაზაფხულო დღესასწაულად, როცა წარმართები თაყვანს სცემდნენ ქალღმერთ იშთარს (სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, რომლის სიმბოლოებიც გახლდათ: კვერცხი და კურდღლები).
ერთ-ერთი რომაული ღმერთი გახლდათ მზე. 25 დეკემბერი ითვლებოდა მზე-ღმერთის დაბადების დღედ. 440 წელს ეკლესიამ თვითნებურად მიაწერა ეს თაქრიღი იესოს შობის დღეს წარმართთა დასაშოშმინებლად.
ნაცვლად იმისა, რომ მესიის (ქრისტეს) შობა აღნიშნულიყო კარვობის ებრაული დღესასწაულის დღეების განმავლობაში (სექტემბერი-ოქტომბერი), რომელიც იყო ყველაზე მეტად სავარაუდო თარიღი ქრისტეს დაბადებისა (ამის გამოთვლა შესაძლებელია ბიბლიის მიხედვით), ეკლესიამ არჩია წარმართული თარიღი.
რომაელები ყოველ კვირას სცემდნენ თაყვანს „მზის დღეს“ (Sunday – კვირა). ახლა სახელმწიფომ განსაზღვრა კვირა დღე, როგორც ქრისტიანული ღმერთის განდიდების დღე. ამით შაბათის განსაკუთრებული დღე შეცვალეს კვირით და ამითვე დაიჭირეს მზის თაყვანისმცემელ წარმართთა მხარე.
ბიბლია (თორა) ამბობს: გამოსვლათა.35: 2 „ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის – უფლის განსვენების შაბათი…“
რა არის ნათქვამი ახალ აღთქმაში? ებრაელთა 4: 9-11 „ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა. რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ. მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.“ რა სიმშვიდეში უნდა შევიდეთ მაშ? ღმერთის სიმშვიდეში, შაბათში, დასვენების დღეში.
ღმერთის სამომავლო დადგენილება შაბათის შესახებ, როცა იქნება ახალი ცა და ახალი მიწა: ესაია 66:22-23 „რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.
დანიელის წინასწარმეტყველება დღესასწაულთა დროებისა და შაბათის შესახებ კანონის, ფესახის (პასექი) გაუქმების თაობაზე, აღსრულდა! დანიელი 7:25 „ უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო – ორი დრო და ნახევარი დრო.“
კონსტანტინემ გამოსცა და განახორციელა ეს ახალი ბრძანებულებანი სახელმწიფოებრივი მახვილის მეშვეობით. მან დაადგინა ანტისემიტური (ანტიებრაული) მოქმედების ხაზი და განაცხადა, რომ ებრაელთა მიმართ ზიზღი და მათგან გამოყოფა მათდამი მოპყრობის ერთადერთი სათანადო გზაა ქრისტიანთა მხრიდან.
339 წლისათვის იუდაიზმისაკენ მოქცევა დანაშაულად ითვლებოდა. ეს იყო ეკლესიის მხრიდან დასაწყისი ბნელი და ფანატიკური დამოკიდებულებისა იესოს ხალხისადმი და ასევე, ქრისტიანულ-ებრაულ ურთიერთდამოკიდებულებათა ბნელი წინაპირობა.
ებრაელები, რომლებიც იეშუა (იესო) საკუთარ მესიად აღიარეს, უნდა უარეყოთ ებრაელობისადმი კუთვნილება და მოქცეულიყვნენ ქრისტიანობის არაებრაული სახეობისკენ. აი, ასე ჩაისახა ეს აბსურდული იდეა იმის შესახებ, რომ ებრაელები, რომლებმაც იეშუა მიიღეს საკუთარ მესიად, მეტად აღარ იყვნენ ებრაელები! ამის განხორციელება ხდებოდა ძალით, წყევლისა და განკვეთის მუქარით.
ჩამოყალიბებული ეკლესია შეერწყა სახელმწიფოს და საკუთარ თავს ღვთის სამეფოდ მიიჩნევდა. მალე ბევრი წარმართი ფორმალური ქრისტიანი გახდა, რომლებმაც კონსტანტინეს კეთილგანწყობა თვალთმაქცობითა და ცბიერებით მოიპოვეს.
ამ გარემოებამ შეცვალა ეკლესიის მთელი არსი, მთელი ხასიათი. ამ ურწმუნოებმა ებრაელებისადმი საკუთარ სიძულვილი შეიტანეს ამ ახალ ქრისტიანულ რწმენაში. მათ არ შეუცვლიათ „ღმერთები“, მათ მხოლოდ რელიგიის სახელწოდება შეცვალეს.
ყოველი რელიგია წარმოშობს საკუთარ კულტურას. იუდაიზმისაგან გამოყოფილი ქრისტიანობისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო იმ ყოველივესგან განთავისუფლება, რაც მას „იუდეველურ წარსულთან“ აკავშირებდა. ახალგაზრდა რელიგიას სჭირდებოდა საკუთარი კალენდარი, საკუთარი დღესასწაულები, საკუთარი გმირები, საკუთარი ბრძენკაცები. მას სჭირდებოდა ღვთისმეტყველება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამიჯნავდა ქრისტიანობას და ებრაელობას.
ანტისემიტიზმი
წმინდა წერილის განმარტების ორიგენესეული ალეგორიული მეთოდი იქნა მიღებული, რომელიც შემდგომში სტანდარტად იქცა. სწორედ ამ სისტემამ წარმოშვა დოგმა იმის შესახებ, რომ ეკლესია გახლავთ ღმერთის „ახალი ისრაელი“და, რომელმაც ჩაანაცვლა არსებული ისრაელი ღმერთის გეგმებსა და მიზნებში.
მიუხედავად ამისა, ორიგენემ პირდაპირ განმარტა წმინდა წერილის ის ადგილები, სადაც ღმერთი წყევლასა და სამსჯავროს ჰპირდება ისრაელს, მაგრამ სულიერი გაგებით მან დაამატა კურთხევანი ეკლესიის მიმართ. ამგვარად, ორიგენემ ისეთი რამ მოიმოქმედა თანახთან (თორა, წინასწარმეტყველნი და წერილნი) დაკავშირებით, რომ თანახი გამოიყენებოდა ეკლესიის და საერთოდ, არაებრაული სამყაროს მიმართ.
ღვთის სიტყვა ამბობს, რომ ღმერთს აქვს გეგმა ებრაელთათვის, მაგრამ ამას უკვე აღარ ექცეოდა ყურადღება.
რომ. 11:11 „მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური.“
რომ. 11:25,26: „ რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი…“
რომ. 11:31: „ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ.“
რომ. 9:4-5 „ რომლებიც არიან ისრაელიანნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.“
IV საუკუნის განმავლობაში ქრისტიანულ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ებრაელებს შორის დამოკიდებულება მეტად და მეტად უარესდებოდა და V საუკუნეში სრულიად განადგურდა. ებრაელები იქცნენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომლებიც ატარებდნენ ჰქონდათ საზოგადოების პატივისცემისა და ჩვეული ყოფისგან უარყოფის დამღას.
ძლევამოსილი რომის სახელმწიფო-ეკლესიის ამ ადრეულმა ანტისემიტურმა პოლიტიკამ განსაზღვრა ებრაელების მომავალსა და მათ ტანჯვას მომდევნო 15 საუკუნის განმავლობაში.
ქრისტიანული რწმენის გავრცელების კვალდაკვალ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა და ერი ექცეოდა რომაული ეკლესიის გავლენის ქვეშ, თუმცაღა, რომის მსგავსად, ამ ქვეყნებში მცხოვრებმა ბევრი ადამიანმა ისე მიიღო ქრისტიანობა, რომ არ იცოდა, რა იყო იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება და პირადად არ განუცდიათ ეს. მათ მხოლოდ რელიგია შეიცვალეს. მათ ისევ სიძულვილით სავსე, ანტისემიტური დამოკიდებულება ჰქონდათ ებრაელებისადმი და რომიის იმპერიის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს.
ინკვიზიცია.
XV-XVI საუკუნეების ესპანეთის ინკვიზიცია ყველაზე საშინელი პერიოდია ეკლესიის ისტორიაში. ათასობით ჭეშმარიტი ქრისტიანი მოკლეს, რომლებიც უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს ერესში. ასევე დახოცეს ასობით ათასი ებრაელი ქრისტეს სახელით!
ლუთერი – ჰოლოკოსტის თეოლოგი
1500-იანი წლების რეფორმაცია პროგრესული მოქმედება იყო, თუმცაღა, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმატორები ბიბლიას კითხულობდნენ მისი ჭეშმარიტი გაგებით, მაინც ალეგორიულ მეთოდს იყენებდნენ წმინდა წერილის განმარტებისას, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც შეეხებოდა ეკლესიის, ებრაელი ერის და წმინდა წერილის წინასწარმეტყველებათა დამოკიდებულებას დღეთა აღსასრულის მოვლენებისადმი.
ტრაგიკულია, რომ ლუთერმა, რომელიც თავიდან ლოიალურად იყო განწყობილი ებრაელი ერისადმი, ზურგი აქცია მას და 1542-1543 წლებში დაწერა ებრაელებისადმი მძაფრი სიძულვილით გაჟღენთილი ორი ტრაქტატი. მათში ისმოდა მოწოდება ებრაული სკოლების და სინაგოგების დაწვისა და ებრაელების თავმოყრას გეტოებში.
ლუთერის იდეები ჰიტლერისათვის იქცა ებრაელთა განადგურებისა და ამ „ქრისტიანული ჰოლოკოსტის“ გამართლების საფუძვლად.
„პოგრომები“ (განადგურება, ხოცვა-ჟლეტა) რუსეთში
1881-1921 წლებში ეკლესიის მდუმარე თანხმობით ხდებოდა ებრაელთა დევნა და ხოცვა-ჟლეტა. რუსეთმა, თავისი მილიტარისტული პოლიტიკის წყალობით, დაიპყრო პოლონეთის, რუმინეთისა და სხვა ქვეყნების ბევრი სასაზღვრო ტერიტორია, რომლებიც ებრაელებით იყო დასახლებული.
„ებრაული პრობლემის“ გადაწყვეტა ერთი მესამედისათვის გახლდათ ქრისტიანობაზე მოქცევა ძალით, მეორე მესამედისათვის – ემიგრაცია და მესამე მესამედისათვის – შიმშილით სიკვდილი.
ჰოლოკოსტი
„ებრაული პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა!“ ასე უწოდა ჰიტლერმა ებრაელთა მასობრივ განადგურებას. ებრაელებმა ამას „ჰოლოკოსტი“ უწოდეს. ეს იყო მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა ებრაელთა მთლიანად აღგვას პირისაგან მიწისა. ჰიტლერმა თითქმის მიაღწია თავისას, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა მათი განადგურება.
ეჭვსგარეშეა, რომ ჰიტლერი და მის გარშემო თავმოყრილი მკვლელები, არ გახლდნენ ქრისტიანები, მაგრამ ებრაელთათვის ისინი წარმოადგენდნენ „ქრისტიანულ“ ევროპას.
კითხვა, რომელსაც ებრაელები დღემდე სვამენ: „სად იყვნენ ქრისტიანები ჰოლოკოსტის დროს?“ 6 მილიონი ებრაელი დახოცეს უსასტიკესი მეთოდებით „სიკვდილის ფაბრიკაში“ საკონცენტრაციო ბანაკებში.
ბევრი ქრისტიანი ეხმარებოდა და სიცოცხლეს უნარჩუნებდა ებრაელებს ამ საშინელ დროს და მაინც, უდიდესი ნაწილი ეგრეთ წოდებული „ქრისტიანებისა“ ხელს უწყობდნენ ნაცისტებს ებრაელთა ამოწყვეტაში.
ანტისიონიზმი
ახლა, როცა ებრაელები ნელ-ნელა იკრიბებიან საკუთარ მიწაზე, ანტისემიტიზმმა ახლა ანტისიონიზმის ნიღაბი მოირგო. „შეტევა ისრაელზე“ ხორციელდება არა მხოლოდ არაბთა მხრიდან, არამედ „ქრისტიანი“ ერებისა და ბევრი საეკლესიო ლიდერის მხრიდანაც. სამწუხაროდ, ანტისემიტიზმის სული ღრმად არის გამჯდარი ბევრი არაებრაელის გულში, რომლებიც საკუთარ თავს „მორწმუნეებს“ უწოდებენ და მათ გულშიც, რომლებიც უბრალოდ „დადიან ეკლესიაში.“
ახლა დადგა დრო სიონისადმი კეთილგაწყობისა. „შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება. შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო. რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ. შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს – შენი დიდებისა.“ (ფს.101:13-16), თუმცა სატანა კვლავ აღძრავს სიძულვილს ისრაელში მცხოვრები ებრაელებისადმი. ანტისემიტიზმის/ანტისიონიზმის ეს სული მოდის არა მხოლოდ ამქვეყნიურ ადამიანთაგან, არამედ ეკლესიის ლიდერთანაგაც. დღესაც ბევრი „ორიგენისტი“ (ორიგენეს მიმდევრები) დგას ეკლესიის კათედრასთან.
„ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო… ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი, ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ. “ (რომ:11:1,2,17-18)
დაე, ეს სიტყვები ჩვენთვის გაფრთხილება იყოს:
„რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია. რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა. იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი.“ (ზაქ.2:8-10)
თარგმნა ნინო ხუროშვილმა