ფიქრი უფლის რჯულის შესახებ
ფსალმუნების წიგნის დასაწყისში მეფე დავითმა დაწერა ასეთი სიტყვები: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღრმთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში; არამედ უფლის თორაში -(რჯული) მისი მისწრაფება და მის თორაზე ფიქრობს იგი დღედაღამ.“ ( 1 ფსალმუნი)
ყველას აქვს უფლება იკითხოს: „რას ნიშნავს დღე და ღამე უფლის რჯულზე ფიქრი.“ იქნებ საკმარისია ბიბლიის გადაშლა და ათი მცნების წაკითხვა ან მათი ზეპირად სწავლა? მთელი საქმე იმაშია, რომ ბიბლიური თორა – (რჯული) ძალზე ღრმაა, საიდანაც მთელი ცხოვრება შეგიძლიათ ამოხაპოთ ჭეშმარიტება.ამიტომ ამ კვლევას მივუძღვნით ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ მცნებას – მესამეს: „ამაოდ ნუ წარმოთქვამ უფლის სახელს“.„არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.“ (გამოს. 20:7).
ერთი შეხედვით, ამ მცნების მნიშვნელობა საკმაოდ ნათელია. მრავალ მორწმუნეს, დენომინაციის მიუხედავად, ესმის რომ ღვთის სახელი წმინდაა და არ უნდა იქნეს გამოყენებული ყოველი ძახილისას მარჯვნივ თუ მარცხნივ ან სხვა დანიშნულებით. თუმცა, გვესმის თუ არა ამ მცნების სრული სიღრმე? ყურადღება მიაქციეთ: ამას შემდეგ მოყვება საკმაოდ სერიოზული გაფრთხილება ღმერთისგან, რომ ის სასჯელის გარეშე არ დატოვებს მათ, ვინც ამაოდ წარმოთქვამს მის სახელს. მცნებებში, „არ მოკლა“ და „არ მოიპარო“, ის სასჯელზე არაფერს ამბობს. ნუთუ შესაძლებელია, რომ ადამიანი, რომელსაც ბოლომდე რომ არ ესმის ღვთის ჭეშმარიტება, შემთხვევით წამოსცდა ამაოდ ღვთის სახელი, მკვლელზე უარესი იყოს?! რა თქმა უნდა ლოგიკური არ იქნებოდა ასე ფიქრი. ამ მიზეზით, მესამე მცნება დამაფიქრებელია და კვლევის საგანი ხდება.
ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ II საუკუნეში, როდესაც გაჩნდა ფარისევლური მოძრაობა, ისრაელში ითვლებოდა, რომ მესამე მცნება საუბრობს გამორჩეულად ღმერთის სახელზე, რომელიც ძველი აღთქმის თავდაპირველ ტექსტში ოთხი ებრაული თანხმოვნის, ტეტროგრამატონის სახით არის დაწერილი (სიტყვა ტეტროგრამატონი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ოთხი ასო“) יהוה „იუდ-ჰეი-ვავ-ჰეი“. ებრაულ ტრადიციაში ამ სახელის წარმოთქმა საერთოდ აკრძალული იყო, ამიტომ რაბინებმა შემოიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც ტეტრაგრამატონის კითხვისას უნდა ჩაენაცვლებინათ ის ებრაული სიტყვით ადონაი, რაც ითარგმნება როგორც „ჩვენი უფალი“ (ამავე პრინციპს მიჰყვებიან ახალი აღთქმის ავტორებიც. ყოველ ჯერზე, როცა ხდება ძველი აღთქმის ნაწყვეტის ციტირება, რომელიც შეიცავს ღმერთის ოთხ ასოიან სახელს, ახალი აღთქმის ავტორები მას ბერძნულად წერენ როგორც „კურიოს“, რაც ნიშნავს „უფალს“). ასევე არსებობს სხვა პოზიციაც, როდესაც ხალხს სჯერა, რომ იეჰოვას წმინდა სახელის წარმოთქმის გარეშე შეუძლებელია მათი გადარჩენა (სინამდვილეში, სიტყვა იეჰოვა არ არსებობს. შუა საუკუნეებში მთარგმნელებმა უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ წარმოეთქვათ ებრაული ტეტროგრამატონი სწორად და ჩაწერეს მისი არასწორი გამოთქმა. ლინგვისტური ანალიზის დახმარებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტეტროგრამატონი „იუდ-ჰეი-ვევ-ჰეი“ თარხმოვნებისგან შემდგარი სახელი წარმოითქმება როგორც „იაჰვე“).
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ მცნების ინტერპრეტაცია ძალიან რთულია და, როგორც ვხედავთ, შესაძლოა ვარირებდეს ღვთის სახელის სრული აკრძალვიდან, ხშირად წარმოთქმის ბრძანებამდე. თარჯიმნებიც კი სხვადასხვანაირად გადმოსცემენ ამ მცნებას. მაგალითად, ზოგი თარგმანი ებრაულ გამოთქმას „LIO TISSA” გადმოსცემს, როგორც „არ დაიფიცო“, ზოგი კი „არ მოუხმო“. ინგლისურ თარგმანებში გამოიყენება გამოთქმა „do not take“ – „არ აიღო“. ორიგინალში კი ეს მცნება ასე ჟღერს: „ტყუილად ნუ ატარებ უფლის, შენი ღმერთის სახელს“.
ებრაული ტექსტის ეს სიტყვები რუსულად ცოტა უცნაურად ჟღერს. ამ მიზეზის გამო, თარჯიმნებმა სცადეს ეპოვათ შესაფერისი რუსული ექვივალენტი ამ ებრაული იდიომისა.
საბჭოთა კულტურაში, რომელიც ბევრს დღემდე ახსოვს, კოლმეურნეობები ან კულტურის სახლები, ჩვეულებრივ, ვინმეს სახელს ატარებდა. ამასთან, ბიბლიის ტექსტში ფრაზა „ატარეთ სახელი“ უნიკალურია. ის მხოლოდ ორჯერ გამოიყენება: გამოსვლის 20:7-ში, ეს არის მესამე მცნების ტექსტი და იმავე წიგნის 28 თავის 29 მუხლში, სადაც ნათქვამია: „ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე.“ (გამოს. 28:29).
იმავე თავის (9-12 მუხლში) ნათქვამია: „აიღე სარდიონის ორი ქვა და ამოკვეთე ზედ ისრაელის ძეთა სახელები. ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმოშობის მიხედვით. ქვისმთლელის ნაკეთობით, საჭრეთელით ამოკვეთე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები და ჩასვი ოქროს ბუდეებში. მიამაგრე ორივე ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს აჰარონმა მათი სახელები უფლის წინაშე სამახსოვროდ ორივე სამხრეზე.“ აარონი, მღვდელმთავარი, რომელიც მოსეს კარავში მსახურობდა, ისრაელის ძეების სახელებს ატარებდა უფლის წინაშე და ყოველდღე წმინდათა წმინდაიში შეჰქონდა.
აარონის ამ მსახურებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ერი შორს იყო ტაძრისგან და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ყოველდღიურად შეეწირათ მსხვერპლი, ადამიანები თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს, რომ მათ ჰყავდათ მღვდელმთავარი, რომელიც მათ უფლის წინაშე წარადგენდა. თითოეული ადამიანის სახელი აარონის სამხრეზე და სამკერდულზე იყო ამოტვიფრული და მას რეგულარულად მიჰქონდა ისინი საკურთხეველში. ამრიგად, ისრაელის ერს სრული დარწმუნება ჰქონდათ გამართლებაში ღვთის წინაშე, რომელიც არ იყო დამოკიდებული მსხვერპლზე, რომელსაც ისინი ტაძარში მოიტანდნენ, რადგან უზრუნველყოფილნი იყვნენ მღვდელმთავრის შუამავლობით.
ტაძრის ტერმინოლოგიას პეტრე მოციქული იყენებს ახალ აღთქმაში: პირველ ქრისტიანთა მიმართ თავის ეპისტოლეში პეტრემ დაწერა: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება“. პეტრე ქრისტიანული საზოგადოების თითოეულ წევრს მიმართავს და მათ „სამეფო სამღვდელოებას“ უწოდებს. მსგავსი სიტყვები გვხვდება გამოსვლის 19:5-6-ში, სადაც ღმერთი თავის ხალხს ჰპირდება: „ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად.“ რატომ იყენებს პეტრე ამ სიტყვებს ადრეულ ქრისტიანთა საზოგადოებაში?
უზენაესს სურდა, რომ ისრაელის ერი „სამეფო სამღვდელოება“ ყოფილიყო აქ. ოქროს ხბოს ცოდვის გამო უფალმა ბრძანა: „თქვენგან მხოლოდ ერთი ტომი იქნება სამღვდელოება: ლევი.“ როგორც ცანს, თუ მღვდელი მსახურობს ტაძარში, რა აზრი აქვს, რომ ყველა ადამიანი დაკავდეს ამ საქმით? მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, რაღაც განსაკუტრებულს დავინახავთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ლევიტი, მღვდლები, აარონის ვაჟები, იყო 24 ჯგუფი, რომელთაგან თითოეული პერიოდულად იცვლებოდა თავის მსახურებაში: თუ ჩვენ ავიღებთ 24 ჯგუფს მთელ წელზე, ერთი ჯგუფი მსახურობდა 2 კვირა ყოველწლიურად. რიგიდან თითო მღვდელი წელიწადში ერთხელ ახერხებდა რაიმე სახის რიტუალის ან მსხვერპლშეწირვის შესრულებას. მაგრამ რატომღაც ღმერთმა უთხრა მღვდლებს, რომ არ ჰქონოდათ საკუთარი მიწა, არ ჰქონოდათ საკუთარი მემკვიდრეობა და დაასახლა ისინი ისრაელის მიწაზე. ეს გაკეთდა ერთი მიზნით: მთელი ერისთვის მიეტანათ ღმერთის სიტყვა და ღმერთის რჯული, იმ ადამიანებთან ვისთანაც ცხოვრობდნენ. ამიტომ საუბრობს პეტრე „სამეფო სამღვდელოებაზე“, რომელსაც მისი მსმენელის მიმართ იყენებს. საუბარი სიტყვასიტყვით მღვდლობაზე არ არის, არამედ ღვთის სიტყვის შესწავლასა და ტარებაზე.
ყველა, ვინც აღიარებს თავის რწმენას ისრაელის ღმერთისადმი, ავტომატურად ხდება მისი სახელის მატარებელი, წარმოადგენს ამ სახელს ხალხის წინაშე. ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ღვთის სახელის წარმოდგენა? შორეულ დროში, სახელი მოწმობდა ადამიანის ხასიათზე. მაგალითად, სახელი იაკობი ნიშნავს – ცბიერს (მოატყუა მამა და ძმა). როდესაც მან მოინანია, იგი უფლის პირისპირ აღმოჩნდა და ევედრებოდა მას: „არ დამტოვო, სანამ არ მაკურთხებ“. მას შემდეგ ეწოდა მას ისრაელი, რაც ნიშნავს ღმერთთან მებრძოლს. ხასიათთან ერთად შეიცვალა მისი სახელიც. გავიხსენოთ ისიც, სინაის მთაზე როგორ გამოეცხადა უფალი მოსეს ღრუბელში და წარმოთქვა თავისი სახელი: „უფალი ღმერთი, კაცთმოყვარე, მრავალმოწყალე, ჭეშმარიტია“. ეს არის მისი ხასიათის თვისებები. თუ ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, მაშინ ჩვენზეა პასუხისმგებლობა, გვქონდეს მისი ხასიათი, რაღა სწორად წარმოვადგინოთ მისი სახელი.
ყველამ იცის, ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობა რამდენად რთული და ტრაგიკული იყო. ამ პრობლემის ერთ-ერთი ისტორიული მიზეზი ჯვაროსნული ლაშქრობებია.
1099 წელს, პაპმა ურბან II-მ კვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა, რომლის ხელმძღვანელობაც ქრისტიან რაინდებს დაავალა. მის გეგმებში შედიოდა იერუსალიმამდე მისვლა და ქრისტიანული სიწმინდეების გათავისუფლება უწმინდურებისგან. იერუსალიმის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა გააძევეს იქიდან მაჰმადიანები და მასობრივი ხოცვა-ჟლეტვით ამოხოცეს ებრაელები. ჯვაროსნები ამას არ დასჯერდნენ.
იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა იუდეო-ქრისტიანთა ერთი უნიკალური თემი. ისინი ებრაელები იყვნენ, იესოს პირველი მიმდევრების შთამომავლები. I საუკუნეში რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურების დროს, ამ თემის დამფუძნებლებმა გაიხსენეს იესოს სიტყვები: “როდესაც იხილავთ იერუსალიმს ჯარებით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მისი განადგურება ახლოვდება: დაე, იუდეაში მცხოვრები მთები გაიქცნენ”. როდესაც რომაულმა ძალებმა მცირე ხნით უკან დაიხიეს ქალაქიდან, იუდეო-ქრისტიანებმა დატოვეს ქალაქი და დასახლდნენ იორდანიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ პელაში.
რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, მათი შთამომავლები დაბრუნდნენ იერუსალიმში და ცხრა საუკუნე ცხოვრობდნენ ქალაქში და იცავდნენ იმ პრინციპებს, რომლითაც ადრეული ქრისტიანული ეკლესია ხელმძღვანელობდა. ისინი გულთბილად შეხვდნენ ჯვაროსნებს, როგორც თანამორწმუნეებს, დარწმუნებულები იყვნენ რომ მათ ხელს არ ახლებდნენ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ჯვაროსნები ღამით მოვიდნენ იუდეო-ქრისტიანთა უბანში, მძინარე ხალხი გამოყარეს თავიანთი სახლებიდან და შეყარეს იერუსალიმის ცენტრში მდებარე ძველ სინაგოგაში. მათ კარი ჩარაზეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. საშინელი ტანჯვით მომაკვდავი ადამიანების ხმის ფონზე, ეპისკოპოსის მეთაურობით ყველას ჯვარი ეჭირა ხელში, მოაწყვეს ჯვაროსნული მსვლელობა და მღეროდნენ: „აი ასე გადაგიხადეთ სამაგიერო ჩვენი ღმერთის ჯვარცმისთვის!“. ამის შესახებ რომ გაიგო, ცნობილმა ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ, მოშე მაიმონიდმა, დაწერა: „ებრაელებო, ქრისტიანობის მიღება ქრისტიანების დევნისგან მაინც არ გიხსნით, ქრისტეს თაყვანისმცემლები თავიანთი სიგიჟით ისევე დაგხოცავენ თქვენ, როგორც ჩვენ, ვისაც არ გვჯერა მისი“.
რათქმაუნდა ჯვრის რაინდები ცრუდ ატარებდნენ ღმერთის სახელს. მათ არასწორად წარმოაჩინეს ღმერთის ხასიათი, რის შედეგადაც ქრისტიანობის არსი ძირეულად დამახინჯდა. ისინი, ვინც საკუთარ თავს უფლის თაყვანისმცემლებს ეძახდნენ, თავიანთი საქციელით აჩვენებდნენ, რომ არ იყვნენ ამ წოდების ღირსნი. ამ მიზეზით, ღმერთი დაუსჯელად არ დატოვებს მათ, ვინც მის წმინდა ხასიათს არასწორად წარმოადგენს. რადგან, ამის კეთებით „მორწმუნე“ ყველას ანახებს ღმერთის არასწორ ხატს და ამით კერპტავანისმცემლობას ავლენს.
აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა: ღმერთი წმინდა და სრულყოფილია, ადამიანი კი ცოდვილი: „ვთქვი: “ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”. (ეს. 6:5). როგორ შეუძლია ადამიანს სწორად წარუდგინოს ღმერთის სახელი ამ სამყაროს? ნებისმიერს შეუძლია გზას აცდეს და უნებლიედ ღმერთი არასწორად წარმოადგინოს. ღმერთს მშვენივრად ესმის ჩვენი სისუსტეების, ამიტომ ერთადერთი გზა, რომ არ შევცდეთ არის ის, რომ მხოლოდ უფლისკენ გვქონდეს მიმართული მზერა. როგორც ვიცით, მოსეს სახე ღმერთთან მუდმივი ურთიერთობის შემდეგ ასივებდა. ღმერთის სახელის სწორად წარდგენა ადამიანთა წინაშე, მხოლოდ მასტან გამუდმებული კონტაქტით არის შესაძლებელი.
ალექსანდრე ბოლოტნიკოვი
კვლევითი ცენტრის „შალომის“ დირექტორი,
ღვთისმეტყველების დოქტორი