„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

90606971_3075554582489907_505739460030234624_o

 შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩვენსავე უსაფრხოებისთვის კარდინალური ზომების მიღება მოუწია. შესაძლოა ყველა გადაწყვეტილება ჩვენთვის სასიხარულო და მისაღები არაა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა ეკლესიებს კი არა, მთავრობას ეკისრება.

რა თქმა უნდა ეკლესიას აქვს თავისი წესი და ფორმა მსახურების ჩატარებისა, რომელიც წმინდაა, მაგრამ ამ ვითარებაში ყოველივე ეს ღმერთის მცნების დაცვას ვერ მოემსახურება, რომელი მცნებაც მოიცავს მოყვასის სიყვარულსა და დაცვას, სიფრთხილისა და მორჩილების გზით. წმინდა წერილი გვესაუბრება, იმის შესახებ, რომ ჩვენმა წესების დაცვამ არ უნდა ავნოს უძლურ ადამიანებს.

,, გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.” (1 კორ 8 თავი)

,,უთხრა: “შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.” (მარკოზი 2:27)

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი წესი და საეკლესიო დადგენილების მიზანი ადამიანის ღმერთთან დაახლოვებაა. არ იცვლება წმინდა წერილი, არ იცვლება უფლის მცნებები, ხოლო შესაძლებელია შეიცვალოს გარკვეული ფორმები გარკვეული დროით, რათა ეკლესიამ ისევ განაგრძოს ადამიანების მომსახურება, დაცვა და გაფრთხილება.

მე თუ მკითხავთ, უდიდესი სურვილი იქნებოდა არ შეცვლილიყო საეკლესიო მსახურებების ფორმა (და არა როგორც ზოგიერთები ამბობენ, მსახურებების შეჩერება) თუმცა, ვგრძნობთ რა, მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ, რომ მორჩილება ერთადერთი გზაა აღვასრულოთ მცნება „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ ამიტომ, სწორი არ იქნებოდა დაგვეცვა საეკლესიო წესი, დიადი მცნების დარღვევის ხარჯზე.

დღეს ყველაზე ნაკლებად არის რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირებების დრო. არამედ თანადგომის, თანაგრძნობის,ზრუნვისა და ერთიანობის!
ამრიგად, ვემორჩილებით და ვუცხადებთ თანადგომას სახელმწიფოს, ყველა გზითა და რესურსით, რაც ჩვენი მხრივ შესაძლებელია.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი
ოლეგ ხუბაშვილი