რატომ შეიცვალა სახელი პავლე მოციქულმა?

The_Apostle_Paul

რატომ მოიშორა ებრაელმა თავისი ებრაული სახელი, როცა ებრაელთა მესია ირწმუნა? საეჭვოდ ჩანს, არა? იმიტომ, რომ მართლაც საეჭვოა!

ახალი აღთქმის მთავარი ავტორი – ყოველ შემთხვევაში, ეკლესიების მიმართ გაგზავნილი წერილების რაოდენობით – გახლავთ კაცი, სახელად სავლე ტარსუსელი. იგი არა მარტო ებრაელი და რომის მოქალაქე, არამედ ორთოდოქსული რაბინიც იყო. სავლე იმ დროის ყველაზე პატივდებული ებრაელი სწავლულის, გამალიელის აღზრდილი გახლდათ. ღვთის გულმოდგინე მაძიებელი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იეშუას მიმდევრები მოტყუებულები იყვნენ. ამიტომ ყოველ ღონეს ხმარობდა ებრაელი მორწმუნეების დასაპატიმრებლად და სტეფანეს, იეშუას თავდაპირველ მოწაფეთა ერთ-ერთი წინამძღოლის  ჩაქოლვამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა.

ერთხელაც დამასკოს გზაზე მორწმუნეთა დასაპატიმრებლად მიმავალი სავლე ბრწყინვალე შუქმა მიწაზე დასცა და დააბრმავა. იეშუა დაელაპარაკა მას და მიახვედრა, რომ საკითხის მისეული ხედვა არასწორი იყო.  ამ შთამბეჭდავი შეხვედრის შემდეგ სავლე მოიქცა და ებრაელი ხალხისთვის იეშუას შესახებ სახარების უწყებას შეუდგა.

„იგივე“ და არა „ნაცვლად“

სავლემ მრავალი წლის განმავლობაში შემოიარა ოიკუმენე (დასახლებული მიწები), რომ ებრაელებსა და წარმართებს სამყაროს მეუფესთან პირადი ურთიერთობის დამყარებაში დახმარებოდა. ამ დროისთვის ბიბლია მიუთითებს ფაქტზე, რომ მას ორი სახელი ჰქონდა.

„ხოლო სავლე, იგივე პავლე …“ (საქმ. 13:9)

სამწუხაროა, რომ ქრისტიანები საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ, თითქოს სავლემ სახელი შეიცვალა და მოქცევის შემდეგ პავლე გახდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  მოიშორა ებრაული და მიიღო ქრისტიანული სახელი. ეს მტკიცებულება ორი მიზეზის გამო უსაფუძვლოა.

პირველ საუკუნეში არანაირი „ქრისტიანული“ სახელები არ არსებობდა!

პირველი, რატომ უნდა ჩაითვალოს ეს რომაული სახელი ქრისტიანულის სინონიმად? რომაული მემკვიდრეობა წარმართული და პოლითეისტური (მრავალღმერთიანი) გახლდათ და სწორედ რომი იქცა მესიის სხეულის მთავარ მდევნელად პირველი სამასი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, „ქრისტიანული სახელის“ ცნება არ არსებობდა! სახელი „პავლე“ ქრისტიანული პავლეს პიროვნების გამო გახდა.

მეორე, თუ პავლემ მართლაც უარყო ებრაული სახელი და რომაული მიიღო, რატომ ელოდებოდა ამდენ ხანს ამ ცვლილების მოხდენას?

ებრაელები ორ სახელს იღებენ

ყოველმა ისრაელის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ებრაელმა იცის, რომ მისთვის მისაღებია ორი სახელის ქონა. ერთი მათგანი უკავშირდება საცხოვრებელ ადგილს, ხოლო მეორე – ებრაული სახელია. ჩემი ინგლისური სახელია რონი, მაგრამ მშობლებმა მეორე სახელიც დამარქვეს, ხაიმი, რაც ებრაულად სიცოცხლეს ნიშნავს. (უნდა ვაღიარო, რომ აქ ისრაელში რონის მაინც ვიყენებ, რადგან ისიც ებრაულად ითვლება და უფრო მაგრად ჟღერს!)

როცა პავლე არაებრაულ რეგიონებში დადიოდა, თავის რომაულ სახელს იყენებდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზემოხსენებული მონაკვეთი არ გვეუბნება: „სავლემ სახელი პავლეთი შეიცვალა“ არამედ „სავლე, იგივე პავლე“. ეს ნიშნავს, „ამასთან ერთად“ და არა „მის ნაცვლად“.

სწორედ  დღეს ვუსმენდი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მქადაგებელს. ეს ადამიანი ბიბლიის შესანიშნავი მასწავლებელია და ძალიან უყვარს ისრაელი. აქ ის და მისი ეკლესია მორწმუნეებს მუდამ თავდადებით ემსახურებიან. თავის ქადაგებაში მან ახსენა, როგორ მიმართა იეშუამ: „სავლე …“ და შემდეგ დაამატა, რომ უფალმა გამოიყენა სახელი სავლე და არა პავლე, რადგან „ეს იყო მისი სახელი იმ დროისთვის“. თუ ასეთი განათლებული და ცხებული ადამიანი შეიძლება შეცდეს ასეთ უბრალო საკითხში, რამდენად ადვილი იქნება მტრისთვის სავლეს გაძარცვა, რომელიც ახალ აღთქმაში მნიშვნელობით მეორე ფიგურაა. ამით მას ებრაულ იდენტობას ართმევენ და ახალი აღთქმის ბუნებასაც გაუგებარს ხდიან.

რა არის ამაში განსაკუთრებული?

კარგი კითხვაა … რომელსაც პასუხი აქვს. მტერი ძალიან შეეცადა, რომ ებრაელი ხალხი  იეშუასთან დაკავშირებით დაებრმავებინა. ასევე, პირველმა ეკლესიამაც  ხელი შეუწყო ახალი აღთქმის ბევრი მთავარი ფიგურის ებრაელობის გაუფერულებას. პავლე წარმოჩენილია არა როგორც შაული, სწავლული რაბინი, რომელიც ებრაელი მესიის მიმდევარი გახლდათ, არამედ როგორც ყოფილი ებრაელი, რომელმაც იუდაიზმისგან განსხვავებულ რელიგიას მისცა დასაბამი.

რასაკვირველია, მას აზრადაც არ მოუვიდოდა ამის მტკიცება, რადგან ის ამბობს: „ამ მიზეზით მოგიწვიეთ … ვინაიდან ისრაელის სასოებისთვის მაქვს ეს ჯაჭვი შემოხვეული“ (საქმ. 28:20). შაული თავისი გაგებით ახალი რელიგიის გამო კი არა, ისრაელის იმედის გამო იტანჯებოდა.

მოდით, ვამხილოთ პიროვნების იდენტობის ქურდი და იეშუა ებრაელ ერს მის ნამდვილ, ებრაულ-იუდაურ ჭრილში წარვუდგინოთ.

შენიშვნა: სახელი პავლე ბერძნულად პატარას ან თავმდაბალს ნიშნავს.  მოგვიანებით, თუ მან ეს სახელი მიიღო, ამას არ უნდა ემოქმედა პავლეს ებრაელობაზე (წაიკითხეთ საქმ. 21:20, 23:6), რადგან ეს უფრო მეტსახელია, რომელიც მის ბუნებას ასახავს. განა იგი თავად არ უწოდებდა საკუთარ თავს უმცირესს მოციქულთაგან და უღირსს ცოდვილთაგან? რა თქმა უნდა, ასეთი ფსევდონიმის ქონა არც ისე თავმდაბლურია, ამრიგად, უფრო იმ აზრისკენ ვიხრები, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ორი სახელი – ებრაული და ბერძნული.

გაქვთ სხვა მოსაზრება, როგორ განიძარცვა სახარება თავდაპირველი ებრაელობისგან? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

ავტორი – რონ კანტორი / messiahsmandate.org
თარგმანი – ალექს ფიშმანი / ieshua.org
ქართული თარგმანი – რუსუდან მამალაძე