ბემიდბარ –უდაბნო (რიცხვთა წიგნი)

იუდეას უდაბნო.

იუდეას უდაბნო.

 

ბემიდბარ

ხუთწიგნეულის მეოთხე წიგნი „ბემიდბარ“, რომელიც ათ კარს (ფარაშას) მოიცავს, მოგვითხრობს ებრაელი ერის უდაბნოში ცხოვრების თითქმის 39 წლიან ისტორიას – გამოსვლის მეორე წლის მეორე თვის დასაწყისიდან მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვემდე.
ეგვიპტის ტყვეობიდან თავდაღწეულ მონათა თაობას თანდათან ცვლის ახალი, უდაბნოში დაბადებული თაობა. საინტერესოა, რომ თალმუდის ბრძენნი სასიკვდილოდ განწირულ „უდაბნოს თაობას“ („დორ ჰამიდბარ“) „სინათლის თაობად“ მოიხსენიებენ, ხოლო მათ შვილებს, რომელთაც წილად ხვდათ მამა-პაპათა სანუკვარი ოცნების აღსრულება – აღთქმულ მიწაზე შესვლა, – „სიბნელის (წყვდიადის) თაობას“ უწოდებენ. სიტყვა „მიდბარ“ – „უდაბნო“ შეიძლება, აგრეთვე, განიმარტოს როგორც „საძოვარი“, „საბალახო“ („ლეადბირ“). ბრძენთა აზრით, უფროსი თაობა, ანუ „უდაბნოს თაობა“ შეიძლება შევადაროთ „მწყემსის კვერთხის ქვეშ მოხეტიალე ნახირს“. კიდევ სხვა მნიშვნელობა სიტყვისა „ლეადბირ“ არის„მოსპობა“, „განადგურება“.
რატომ ვერ შეძლო წმინდა მიწაზე შესვლა სასწაულების შემსწრე თაობამ, – ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ეგვიპტის ათი სასჯელი, გზისმკვლევი სვეტი ნათლისა, მეწამული ზღვის გაპობა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიადი მოვლენა – ღრუბელსა და „მოლაპარაკე ცეცხლში“ გახვეული სინას მთა, ციური მანა და მწყერი, მირიამის მოძრავი ჭა, სალი კლდიდან გადმოხეთქილი ანკარა წყალი („ერთმა უბრალო მოსამსახურე ქალმა უფრო მეტი ნახა, ვიდრე ისრაელის წინასწარმეტყველებმა“), ადამიანებმა, რომლებმაც შექმნეს და ააგეს მიშქანი – გადასატანი ტაძარი?
რაღაც გაგებით, ამ თაობის თითოეული ადამიანი მიმსგავსებულია ადამს – პირველ ადამიანს. „უდაბნოს თაობის“ დროს მოევლინა მ ე ო რ ე დ ყოვლადძლიერი ამ სამყაროს. ადამს თუ ერთი მითითება მისცა – არ ეჭამა ნაყოფი „ხისა ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“, „სინათლის თაობას“ მან ასობით მცნება უბოძა და სრულიად პრაქტიკული მისია დააკისრა – დასამკვიდრებლად შესულიყო წმინდა მიწაზე. პირველი აზრი, რამაც კი შეიძლება გაგვიელვოს, არის ის, რომ უფლისმიერი პირდაპირი ჩარევის ორივე ცდა ადამიანის მარცხით დამთავრდა: ვერც ადამმა და ვერც „სინათლის თაობამ“ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. შევეცადოთ რაღაც გამართლება მაინც მოვიძიოთ მათ ქმედებებში:
პირველი ადამიანი დამკვიდრებული იყო სამოთხეში, რომლის არსებობაც მისთვის დიდ საიდუმლოებას წარმოადგენდა. ღმ’ერთი უ კ რ ძ ა ლ ა ვ ს ადამს, ე.ი. ადამმა უკვე იცის, რომ არსებობს სიკეთე და ბოროტება, მაგრამ ეს ორი გაგება ცოცხლობს მის გარეთ – ბუნებაში, ხეზე („აკრძალული ხილი გემრიელიაო“). ნაყოფის გემოს გასინჯვისთანავე ადამმა თავისი არსების შიგნით შეუშვა სიკეთე და ბოროტება. მისი ქმედება გამოწვეული იყო ადამიანში დაფარული ძლიერი სურვილით, ცნობისწადილითა და ცხოველი ვნებით. სწორედ საკუთარი მეობის აღქმაშია ადამიანის სამოთხის საიდუმლოება – როცა მან უკვე იცის, რომ ესა თუ ის ქმედება აკრძალულია, ან, პირიქით, – ნაბრძანებია უმაღლესი ძალის – უზენაესის მიერ, რომელიც თავისი ნების დარღვევას მკაცრად სჯის, ხოლო შესრულებას – აჯილდოვებს. უფალმა შესაძლებლობა მისცა ადამს, რომ თავისუფალი არჩევანის პირობებში დაერთგუნა თავისი ინსტიქტები და აემაღლებინა საკუთარი გონება; მაგრამ ადამმა ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. აწი შენ წყვეტ და შენვე აგებ პასუხს შენსავე არჩევანზე. კარგია ეს? პასუხი ორმაგად რთულია: კარგი კი იქნებოდა, რომ შეესმინა ადამს ღმ’ერთისა; ცოდვა-ბრალი ართულებს სამყაროს, მაგრამ, ამასთანავე, გვაძლევს კიდეც ადამიანურობის გამომჟღავნების შესაძლებლობას – ავირჩიოთ სიკეთე.
„უდაბნოს თაობის“ უდიდესი შეცდომა (რამაც, საბოოლოდ, მათი უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალი გამოიწვია), იყო ის, რომ ისინი შეშინდნენ წმინდა მიწაზე წარგზავნილ მზვერავთა მოტანილი ამბით, იფიქრეს, რომ – ასე ძნელად მოპოვებული თავისუფლების შემდეგ, ერეც ისრაელში ახალი მონობა ელოდათ. არადა, – როგორც ამ ფარაშის დასაწყისი გვამცნობს, – 2449 წელის იარის თვის პირველ დღეს, ანუ „ებრაელთა უდაბნოში ყოფნის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს“, უფალმა უბრძანა მოშეს: „აღრიცხეთ ისრაელის შვილთა მთელი თემი მათი ოჯახების, საგვარტომოს, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამრი სულადობრივ. ოცი წლიდან მოყოლებული და მეტი ხნის…“, რამეთუ მისი კეთილი ნებით – ოცი დღის შემდეგ უნდა შესულიყვნენ ისინი აღთქმულ მიწაზე.
ამ ისტორიაში ნათლად ჩანს „უდაბნოს თაობის“ სისუსტე – გუშინდელ მონებს არ სურთ მიიღონ სხვისი ხელისუფლება, თუნდაც ის არსთგამრიგეს ეკუთვნოდეს.
ეს ხომ საშინელებაა?!
მიუხედავად ამისა, შთამომავლობამ, როგორც ზემოთ ითქვა, ეს თაობა „სინათლის თაობის“ სახელით შეამკო. რატომ? რა თქმა უნდა, თაობებს შორის კავშირის გამო: უფროსმა თაობამ აღზარდა ქვიშაზე დაბადებული „სიბნელის თაობა“ – „შემქმნელნი დღისა“ – გამოსვლის შავი მუშები, რომლებიც მზად იყვნენ ებრძოლათ და ევაჭრათ, მოეხნათ და ეთესათ, ეშენებინათ და ეძერწათ; მხოლოდ მათ შეეძლოთ დაესრულებინათ ყოვლადძლიერის დიადი გეგმა: გამოსვლა – თორის ბოძება – წმინდა მიწაზე დამკვიდრება. დიდებულია თაობა, რომელსაც ძალუძს შეასრულოს თავისი მისია, მაგრამ კიდევ უფრო მაღლა დგას თაობა, რომელსაც ხელეწიფება აღზარდოს შვილები, რომლებიც ღირსეულად გაასრულებენ მამების დაწყებულ საქმეს. გ ა მ ო ს ვ ლ ი ს ამოცანის შესრულებას ერთი თაობის ძალები არ ჰყოფნიდა; იგი შეეძლოთ შეესრულებინათ მამებსა და შვილებს – მეოცნებეებსა და პრაქტიკოსებს, მლოცველებსა და მეომრებს, მომთაბარეებსა და მიწათმოქმედებს.

ისააკ კრიხელი.