ჰკითხე შენს თავს! (ხასიდური იგავი)

1620692_939430142841486_2251696524808365167_n

რებე იცხაკი ვორკიდან დაქორწინდა! ქორწილიდან მოკლე ხანში ცოლმა თავისი სიავე ვეღარ დამალა: მთელი დღე ბურდღუნებდა, წუწუნებდა და ქმარს ყველა წვრილმანზე ეჩხუბებოდა. დიდხანს იტანდა ახლადგამომცხვარი ქმარი ცოლის ავ ზნეს, მაგრამ როცა ქალმა მსახურების შევიწროებაც დაიწყო, რებე იცხაკი თავის მასწავლებელთან, რებე დავიდთან ლელოვიდან — გაემგზავრა.
რებე დავიდმა იცხაკს მოუსმინა და უთხრა:
-მე რატომ მეკითხები? ჰკითხე შენს თავს!
მასწავლებლის პასუხმა იცხაკი კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩააგდო. მას ესმოდა, რომ რებე ამით რაღაცის ახსნას ცდილობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, თუ რისი….
ერთ დღეს იცხაკს ბაალ შემ ტოვის დარიგება გაახსენდა:
,,თუ მსახურების ტანჯვა შენთვის მძიმე საყურებელია, გახსოვდეს, რომ ამის მიზეზი შენივე გაუაზრებელი მოქმედებებია. თუ ცოლი გეჩხუბება, გახსოვდეს, რომ ჯობდა ენა დროზე დაგემოკლებინა, თუ შვილები თავს გაბეზრებენ, ეს შენი აბნეული აზრების ბრალია. თუ შეცნობის ამ სამ მთავარ საშუალებას მოაწესრიგებ, ანუ, თუ შენი სიტყვები, საქციელი და აზრები მართალი და წმინდა იქნება, ყველა უსიამოვნება სიხარულით შეგეცვლება!“
აი, მაშინ კი მიხვდა იცხაკი, თუ რისი თქმა სურდა მის მასწავლებელს, რებე დავიდს: იმისთვის, რომ სხვების მდგომარეობა გამოასწორო, გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო!