სტერეოტიპების დამსხვრევა

11666071_1083516985011557_7208602917223623551_n

 

გაგრძელება

ქრისტიანულ სამყაროში როგორც ადრე აღვნიშნეთ, ძალიან ბევრი სტერეოტიპია გავრცელებული. სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ თითქოს იესო ქრისტემ გააუქმა რჯული და მისი მცნებები. მე მინდა დღეს დღეს ერთ-ერთ ასეთ სტერეოტიპზე გესაუბროთ, კერძოდ ქაშრუთზე (მცნებები საკვების შესახებ).

პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოვყოთ,  რატომაა ეს მნიშვნელოვანი და ასრულებდა თუ არა მას  იესო ქრისტე?  ქრისტემდე 3 000 წლის მანძილზე ებრაელები ქაშრუთის მცნების დაცვით  ამტკიცებდნენ,  რომ მიყჰვებოდნენ  თორის მცნებებს.  დღეს მინდა განვიხილო ერთ-ერთი ასეთი ადგილი ახალი აღთქმიდან, რომელიც არასწორად იყო გაგებული ეკლესიის მიერ, თითქმის  2 000 წლის მანძილზე.  კერძოდ ეს არის მარკოზის სახარების მე-7 თავი და აგრეთვე პარალელური ადგილი, რომელიც არის ჩაწერილი მათეს მე-15 თავში.

მარკოზი 7:1-23

„შემოიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით ჭამდა პურს და კიცხავდნენ მათ,  რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს;  ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას.  ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: “რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემის მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით?”  ხოლო მან უთხრა მათ: “კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.  ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ მცნებებს!  ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ – სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ”.  უთხრა: “განა კარგია, რომ ღმერთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?  მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო.  თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: “კორბან” – ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო,  აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის.  ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.  კვლავ მოუწოდა ხალხს და უთხრა: “მომისმინეთ ყველამ და გაიგეთ,  არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.  თუ ვინმეს ყურნი აქვს სასმენად, ისმინოს!”  ხალხს რომ გაერიდა და სახლში შევიდა, ჰკითხეს იგავის შესახებ მოწაფეებმა.  მან უთხრა: “ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?  ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის”. ასე განწმიდა ყოველგვარი საზრდო.  ამბობდა: “კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.  ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.“

ჩვენ ვხედავთ ტიპურ დისპუტს იესო ქრისტესა და ფარისევლებს შორის, იმ დროს ეს ძალიან მიღებული ტრადიცია იყო, ფარისევევლური სკოლებიც კი კამათობდნენ ერთმანეთში.

სწორედ რომ ქრისტეს ბოლო სიტყვები, როდესაც ის ლაპარაკობს საკვებზე, არის გაგებული არასწორად „არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა“  მოდი განვიხილოთ მთელი ეს მონაკვეთი ებრაული კუთხით თუ რისი თქმა სურდა სინამდვილეში მარკოზს, როდესაც ქრისტეს ბიოგრაფიის ამ მომენტს გვიამბობდა.

დასაწყისშივე ჩვენ ვხედავთ, რომ ფარისევლები მიდიან იესო ქრისტესთან და საყვედურობენ არა საკვებზე, რომელსაც მიირთმევდნენ ისინი, არამედ ხელის განბანვის პრინციპზე. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ტიპურ ხელის დაბანაზე არ არის საუბარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ იესო ქრისტე თითქოს ხელდაუბანელ ჭამას მოგვიწოდებდა, აქ არის საქმე რიტუალურ ხელგანბანვაზე. მარკოზი კარგად ხსნის ამას დასაწყისშივე „ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს“;   ამ გადმოცემას თალმუდში ეწოდება ნეტილათ იადაიმ  – (კანონი ხელგანბანვის შესახებ). საქმე აქ გახლავთ ებრაულ ტრადიციასთან, რომელიც არსებობდა იესო ქრისტეს დროს და ახლაც არსებობს. ამ ტრადიციის მიხედვით დღის განმავლობაში ადამიანში არსებული ბოროტი საწყისის ენერგია გროვდება ხელებზე, კერძოდ თითებზე, ამიტომაც ებრაელები ყოველი ჭამის წინ რიტუალურ განბანვას აკეთებდნენ. ეს რა თქმა უნდა არაბიბლიურია, რადგან რიტუალური განბანვა, რომელიც აღწერილია ლევიტელთა წიგნში, ეხება მთლიან სხეულსა და ტანისამოსს და არა მხოლოდ ხელებს. ამიტომაც არის, რომ იესო ეუბნება მათ ამ სიტყვებს – „ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ“. იესო ქრისტეს მოჰყავს კიდევ სხვა მაგალითი, რომელსაც ფარისევლები გადმოცემით აკეთებდნენ, რომელიც თორაში წერილობით არ იყო მითითებული. ნებისმიერმა ებრაელმა იცოდა და იცის, ვინც თორას სწავლობს,  რომ წერილობითი თორა პირველ ადგილზეა და უცვლელია, ამიტომაც უწოდებს ქრისტე, თორაში დაწერილ სიტყვებს, ღმერთის მცნებებს. ამით ქრისტე თორას ღვთივსულიერებას ანიჭებს. მე არ განვიხილავ იმ მაგალითს, რომელიც ქრისტემ მოუყვანა ფარისევლებს, მოსეს მეხუთე მცნების განმარტებას, არამედ უშუალოდ გადავალ ქრისტეს იმ განმარტებაზე, რომელიც არასწორად იქნა გაგებული ეკლესიის მიერ  “ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?  ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის”. ასე განწმიდა ყოველგვარი საზრდო.  ამბობდა: “კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს.“

პირველი, ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ფარისევლებს საკვებზე კი არ ჰქონდათ გართულება, არამედ რიტუალურ განბანვაში იყო საქმე.

მეორე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო ებრაული საზოგადოება, რომელიც იცავდა მცნებებს საკვების მიმართ, ამიტომ როდესაც ქრისტე ამბობს არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის  გულისხმობს იმას, რაც ლევიტელთა მე- 11 თავშია დაწერილი. იესო ქრისტეს არ გაუუქმებია მცნებები საკვების მიმართ, ამას ჩვენ ვხედავთ მოციქულთა საქმეებშიც, როდესაც პეტრე იძახის არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”.(საქ. 10:14)  თუ ჩვენ მივიღებთ იმ აზრს, რომ იესო ქრისტემ ამ ტექსტში გააუქმა წმინდა და უწმინდური საჭმელები, მაშინ პეტრეს პასუხი საქმეებში ალოგიკური გამოდის. მაშ რაშია საქმე? რა სიწმინდეზე ლაპარაკობს იესო ქრისტე? რა თქმა უნდა, სიწმინდის სულიერ მხარეზე. ის გვასწავლის, რომ სიწმინდე უნდა იყოს არა რიტუალური ან ფიზიკური, არამედ პირველ რიგში უნდა იყოს სულიერი (მარკ  7:14-23). ერთი სიტყვით, იესო ასწავლის, რომ როდესაც იუდეველი მიირთმევს ქოშერულ (მოსეს რჯულის მიხედვით ნებადართული საკვები)  საჭმელს და ამ დროს არ ასრულებს იმ უხუცესთა გადმოცემას რომელსაც ეწოდება ნეტილათ იადაიმი,  ის არ უწმინდურდება.  შემდეგ ის აჩვენებს თუ რა აუწმინდურებს ადამიანს სინამდვილეში. ეს სწავლება არავითარ შემთხვევაში არ აუქმებს ქაშრუთის მცნებებს, არამედ თავისი მნიშვნელობით ხაზს უსვამს, როგორც თორის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს. არსებობს ასეთი წიგნი, რომელსაც ქვია „ებრაელი ერი პირველ საუკუნეში“, რომლის ავტორიც  პროფესორი ნეშერ შაფრაიმი გახლავთ.  იგი ამ ნაშრომში აღწერს, რომ ძირითადი იუდეური საკვები  ხილი, თევზი, ზეთი, პური, ღვინო, სხვადასხვა სუნელები და ბოსტნეულობა გახლდათ.  ეს ყველაფერი მაშინდელ დროში ითვლებოდა ქოშერულად ანუ საკვები, რომელიც ნებადართულია რჯულის მიხედვით. რა თქმა უნდა შედარებით მდიდარი ხალხი ხორცისგან დამზადებულ საკვებს მიირთმევდა. ხორცში არ იგულისხმება ღორის ხორცი, არამედ ის ხორცი, რომელიც ლევიტელთა მე-11 თავში არის ნახსენები. უფრო ღარიბი ფენა, მეტწილად მიირთმევდა ხილეულს, რადგანაც ხორცი ძვირად ფასობდა. ახალ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ იესო ქრისტე ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ საკვებს მიირთმევდა და რა თქმა უნდა ეს იყო ქოშერული.

მარკოზის 7:19-ში არის ერთი ადგილი, რომელიც არასწორედ არის გაგებული დღევანდელ დღეს „ასე განწმიდა ყოველგვარი საზრდო“. მინდა გითხრათ, რომ ეს ტექსტი ორიგინალ ბერძნულ მონუსკრიპტებში არ არსებობს. ვინ და როგორ ჩაამატა ეს ტექსტი ჩემთვის უცნობია. მაგრამ იმ ტექსტებშიც, რომლებშიც ეს სიტყვები არის ჩაწერილი, ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტე საჭმლის მონელების პროცესზე  საუბრობს, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იესო ქრისტე ლაპარაკობს, თუ როგორ წმენდს საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებს და არა იმაზე, როგორც ეს ბევრს ჰგონია სამწუხაროდ. რადგანაც თუ იმ გაგებით მივუდგებით, რომ ქრისტემ თითქოსდა ნება დართო ყველა საკვების ჭამაზე, იმაზეც რასაც რჯული კრძალავდა, გამოდის რომ ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რადგან მათეს მე-5 თავში, კერძოდ მე-17 მუხლში წერია „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი“ .

მე მინდა კარგად გამიგოთ, რომ  არ ვარ წინააღმდეგი ღორის ხორცის ჭამის და არც ზღვის პროდუქტებისა.  ჩვენ კარგად უნდა გავმიჯნოთ, რომ  ქაშრუთი ეხება უშუალოდ ებრაელებს და არა წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს. ებრაელი, რომელიც მიიღებს ქრისტიანობას, ამით მისი ნაციონალობა არ იცვლება, ის ისევე ებრაელად რჩება, ხოლო წარმართები, რომლებმაც მიიღეს ქრისტე, არ არის სავალდებულო გახდნენ ებრაელები. თქვენ შეიძლება შემეწინააღმდეგოთ და მითხრათ, რომ ქრისტეში აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც ქალი და არც მამაკაცი, არც მონა და არც ბატონი, ყველა ერთია ქრისტეში, მე დაგეთანხმებით და გეტყვით ამინს, მაგრამ ესეც არასწორად არის გაგებული, განა ქალი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა, ქალობა დაკარგა? ან მამაკაცმა? რა თქმა უნდა არა. ასევეა ებრაელიც და ბერძენიც. ეს მონაკვეთი ეკუთვნის გადარჩენას და არა თვით იდენტურობას.

პავლე ნათლად ამბობს, რომელ მოწოდებაშიც მოგიწოდათ უფალმა, იმ მოწოდებაში დარჩითო და პირველმა სამოციქულო კრებამაც, რომელიც მოციქულთა საქმეების მე-15 თავში არის აღწერილი, დაადგინა რომ წარმართები არ არიან ვალდებულნი დაიცვან რჯულის ეს ნაწილი.

 

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი