კარვობის დღესასწაული ერებისთვისაა! რასაკვირველია, ამ დღესასწაულს მდიდარი ბიბლიური კონტექსტი აქვს, თუ გავიხსენებთ ისრაელის ორმოცწლიან ხეტიალს უდაბნოში და იმასაც, როგორ აძლევდა ღმერთი მათ ზებუნებრივად ყოველივეს, რაც სჭირდებოდათ. ეს არის უფლის დღესასწაული, რომელიც სიხარულითაა სავსე და, რომლის ცენტრშიც თავად ღმერთია! ეს ასევე გახლავთ დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს უფლის სიკეთესა და მის სახლში დიდებულ ძღვენთა მიტანის ჟამს!
მიუხედავად ამისა, დღესასწაულის უმაღლესი მწვერვალი და მთლიანი აღსრულება გულისხმობს წარმართი ერების მოსვლას და მათაც სიხარულით ხვდება! ისრაელსა და მთლიანად კაცობრიობას დიდებული იმედი მიეცა იმისა, რომ დიადი მეფე და მესია თავისი დიდებითა და ბრწყინვალებით დაბრუნდება დედამიწაზე. ამგვარად, კარვობის დღესასწაული მთლიანად იესოს დაბრუნებისას აღსრულდება.
წინასწარმეტყველი ზაქარია აცხადებს, რომ დადგება დრო, როცა ერები „წლიდან წლამდე ივლიან [იერუსალიმში] მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვობის სადღესასწაულოდ.“ (ზაქარია 14:16). წინასწარმეტყველი ესაია ასევე აღწერს იმ დიდებულ ხანას, როცა ერები მოვლენ იერუსალიმში, რათა გაიგონ უფლის გზების შესახებ და აღარ ისწავლონ ომი (ესაია 2:1-4) „და იქნება, რომ უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის ტაძრისა, ყველა მთების სათავეში დადგება ის და ამაღლდება და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა წარმართი.და დაიძვრებიან მრავალი ხალხები მისკენ და იტყვიან: “მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში, ის გვასწავლის თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით.” რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. და განიკითხავს ის ერებს, და ამხილებს მრავალ ხალხებს; ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.“ ამგვარად, ღმერთი ასე ხედავს, რომ ისრაელიც და სხვა ერებიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს!
ღმერთის მარადიული მკლავი.
ბიბლიაში, ღმერთი გვეუბნება, რომ მისი მარადიული მკლავი წინ უძღვის ისრაელიან ერს. მისი აღთქმა მშვენიერია: „თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!“ (რჯლ. 33:27)
ეგვიპტიდან რომ გამოიყვანა მოსემ ებრაელები, არაფერს შეეძლო მათ გამოსვლას წინ აღდგომოდა, რამეთუ უხილავი, მარადიული მკლავი უფლისა წინ მიუძღოდა მათ. ეგვიპტე იმ დროის უდიდესი იმპერია იყო, მაგრამ მათი ძლევამოსილი ლაშქარი ვერ შეედრებოდა ღმერთის გამომსყიდველ მკლავს, რომელიც ისრაელზე გახლდათ გაწვდილი და, რომელიც იცავდა მათ. მის მარადიულ მკლავს გამოჰყავდა ისინი ფარაონის მონობისგან და მიუძღოდა უფლის, მათი გამომსყიდევლი მეფის, შესანიშნავი თავისუფლებისკენ, მიუძღოდა ღვთის მიერ მათთვის განზრახული მიზნებისკენ, რათა გამხდარიყვნენ ისინი სამეფო სამღვდელოებად და წმინდა ერად. მათი სიღარიბე და უძლურებანიც კი ეგვიპტეში დარჩა (ფსალმუნი 104:37). გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
მოსეს გალობა
უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის შემდეგ, სანამ მიიცვლებოდა, მოსემ იგალობა ზეციური გალობა თავისი ხალხისათვის, რომელიც შეახსენებდა მათ, რომ თავად ღმერთი ატარებდა მათ უდაბნოში (რჯლ. 32:9-12). რადგან უფლის წილი მისი ხალხია. იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი.უდაბურ ქვეყანაში იპოვა უფალმა ეს ხალხი, გადახრუკულ ტრამალზე. თავს ევლებოდა იგი, თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას; როგორც ორბი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დაჰბრუნავს მართვეებს, ფრთებს შლის, ზედ ისხამს მათ და ატარებს თავისი ფრთებით, ასე ატარებდა მათ უფალი – მარტო! უცხო ღმერთები არ ჰყოლია გვერდით. ღმერთის გამომსყიდველი ძალა და მარადიული მკლავი ახლდათ თან ისრაელიანებს, იცავდა მათ, წინ უძღოდა და ზრუნავდა მათზე. უნაყოფო მიწებზე ხეტიალისას მათ ყოველთვის საკმარისად ჰქონდათ საკვები შიმშილის დასაკმაყოფილებლად და წყალი − წყურვილის მოსაკლავად.
ღმერთი დღემდე მიუძღვის ისრაელს
აღთქმულ ქვეყანაში შესვლიდან, დაახლოებით, 700 წლის შემდეგ, წინასწარმეტყველი ესაია უფლის იმავე სიტყვას აცხადებს: ისრაელის ღმერთია ის, ვინც წინ უძღვის თავის ერს (ესაია 46:3-4). მისმინეთ, იაკობის ძენო, ისრაელიანთა ნატამალო, თქვენ, რომელთაც შობიდანვე მე გატარებდით, ხელში აყვანილს გატარებდით თქვენი დაბადების დღიდან: თქვენს სიბერემდე მე იგივე ვიქნები, გაჭაღარავდებით და მე კვლავ გატარებთ; მე შეგქმენით დ მე გატარებთ, მე დაგიფარავთ და გადაგარჩენთ. ის კვლავაც წინ წაუძღვება მათ, გამოიხსნის მათ და მათი სახელით გამოავლენს თავის ძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ის დასჯის მათ და გადასახლებაში გაგზავნის, შემდეგ ისევ უკან გამოიყვანს და სამშობლოში დააბრუნებს ერთ დღესაც, გამოიჩენს წყალობას, სიკეთესა და პატიებას მათდამი.
ღმერთმა ნაბუქოდონოსორის ხელით გაგზავნა თავისი ერი ბაბილონში, ხოლო კიროსის, სპარსეთის მეფის ხელით, უკან დააბრუნა, მაგრამ მხოლოდ ეს არ გაუკეთებია მას, ღმერთმა თავისი ერი მათ საკუთარ უძველეს სამშობლოში დააბრუნა უკვე მეორედ ჩვენს დღეებში! მისი მარადიული მკლავი დღესაც იცავს აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლებს და დღეს ისრაელი რომ ცოცხალია, ეს უფლის წყალობითაა!
ერების ჟამი.
დღეს, ორიათასწლიანი დაფანტულობის შემდეგ, ისრაელიანი ერი ისევ თავის უძველეს სამშობლოშია უკვე მეორედ დაბრუნებული და სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმართი ერები ისრაელს, როგორც ერს, ისე უნდა მოეპყრონ. უფლის უცვლელი სიტყვა ამბობს: „ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.“ (დაბადება 12:3).
ისრაელიანი ერი ღვთის მიერ იქნა მოწოდებული, ვითარცა მაუწყებელი მისი სიტყვისა მთელი კაცობრიობისათვის და ეს ისრაელსა და დანარჩენ ერებს (და პირიქით) შორის დამოკიდებულებას საკმაოდ უნიკალურს ხდის. სიცოცხლის გზასა და სიკვდილის გზას შორის უნდა აირჩიონ ახლა ერებმა. ჩვენი მსახურება ისრაელის სახელით აუწყებს ქრისტეს ეკლესიას ისრაელის შესახებ, რათა ერებმა სიცოცხლე აირჩიონ. ჩვენ ვეძებთ გზებს იმისათვის, რომ ველაპარაკოთ ერთა ხელმძღვანელებს და კვლავ და კვლავ შევახსენოთ მთელს მსოფლიოს, რომ დადგება დღე, რომელიც უკვე ახლოვდება და, რომელიც იქნება „უფლის დღე განგების ველზე.“ (იოელი 3:14). ურდოები აწყდებიან სასჯელის ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე სასჯელის ველზე.
კარვობის დღესასწაული
ახლა ღმერთი მთელს მსოფლიოში მოუწოდებს ქრისტეს სხეულს, შეუერთდნენ მას თავისი გეგმების განხორციელებასა და მიზნების აღსრულებაში. ის გვიწვევს, რათა მასთან ერთად აღვნიშნოთ სინამდვილე იმის შესახებ, რომ მან დააბრუნა თავისი ერი სამშობლოში. ის თავის მსახურებს გზავნის, რათა მათ ღმერთის წინასწარმეტყველური და დროული უწყება აუწყონ ერებს და შორეულ კუნძულებს, რომ მან, ვინც განფანტა ისრაელი, მანვე შეკრიბა ტირილით გავიდნენ ისინი აქედან და ნუგეშისცემით წამოვუძღვები მათ; სწორი გზებით წამოვიყვან წყლის ნაკადების ახლოს და აღარ წაიფორხილებენ იქ, რადგან მამა ვარ მე ისრაელისა, და ეფრემი პირმშოა ჩემი (იერ.31:9)
ახლა ერები იერუსალიმში უნდა ამოვიდნენ კარვობის დღესასწაულზე, რათა გამოხატონ საკუთარი რწმენა ისრაელისა და სხვა ერების მომავლისადმი.
თავად დღესასწაული გვაუწყებს მტკიცე, იმედიან და სიხარულით სავსე სიტყვებს იმ ადამიანთა ნათელი მომავლის შესახებ, რომლებმაც საკუთარი რწმენა მთლიანად მხსნელზე დაამყარეს. დღესასწაული აცხადებს, რომ ისრაელი კარგად იქნება. ერები აღიარებენ, რომ უფალია მასთან აბრაამიდან მოყოლებული დღემდე, რომ ღმერთია ის, ვინც ააღორძინა იგი და დააბრუნა საკუთარ მიწაზე და საკუთარ ღმერთთან (ეზეკიელი 36:22-38). ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისათვის, რომელიც შელახეთ წარმართთა შორის, სადაც მიხვედით. და მე განვწმედ ჩემს დიად სახელს, შელახულს წარმართთა შორის, რომელიც შელახეთ თქვენ მათ შორის. და მიხვდებიან წარმართნი, რომ მე ვარ უფალი! – ამბობს უფალი ღმერთი, – როდესაც გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს თქვენზე მათ თვალწინ. და გამოგიყვანთ წარმართთაგან და გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. და გასხურებთ წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან, და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ. და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს მოგცემთ თქვენ, ამოგარიდებთ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი მცნებებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ. და იცხოვრებთ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მივეცი, და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. მე გიხსნით ყველა თქვენი უწმიდურებისაგან, და მოვუხმობ ხორბალს, და გავამრავლებ მას, და არ მოვავლენ თქვენზე შიმშილობას. გავამრავლებ ხეზე ნაბამსა და მინდვრის მოსავალს, რათა აღარ დაითმინოთ შიმშილის სირცხვილი წარმართთა შორის. მაშინ გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზებს და თქვენს ცუდ საქციელს, და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და თქვენი სისაძაგლის გამო. იცოდეთ, რომ თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, – ამბობს უფალი ღმერთი, – გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაშინ, როცა მე განგწმედთ თქვენი ყველა ურჯულოებისაგან და დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება ნაოხარები, და ეს გაჩანაგებული მიწა, უდაბურად რომ უჩანდა ყოველ ჩამვლელს, მოიხვნება, და იტყვიან: ეს გაუდაბურებული ქვეყანა ედემის ბაღად ქცეულა; და ეს აოხრებული, გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები გამაგრებულია და დასახლებული. და მიხვდებიან წარმართნი, რომლებიც თქვენს ირგვლივ დარჩებიან, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული, გავაშენე გაუდაბურებული. მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე. ასე ამბობს უფალი ღმერთი: კიდევ იმით გამოვავლენ ჩემს წყალობას ისრაელის სახლის მიმართ, რომ ცხვრის ფარასავით გავუმრავლებ ხალხს. როგორც მრავალია სამცხვერპლო ცხვარი იერუსალიმში მის დღესასწაულებზე, ისე აივსება გაუდაბურებული ქალაქები ხალხით, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
დღესასწაული ასევე გაუწყებს, რომ დადგება აღორძინების შესანიშნავი, აღთქმული ჟამი და კაცობრიობის ახალი ეპოქა, ბუნებისა და ცხოველთა სამყაროსთვისაც კი (საქმე. 3:21; ესაია 11:1-9; ფსალმუნი 97).
წარმართ ერთა მიერ კარვობის დღესასწაულის აღნიშვნა იერუსალიმში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისრაელს და მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ გვაქვს მომავლის იმედი, რომ ვიცით, რა გველოდება და უკვე ვხარობთ ისრაელთან ერთად! ჩვენ არ გვეშინია, არამედ სიხარულითა და იმედით ვართ აღსავსენი. ჩვენ არ დაგვიკარგავს მიმართულება, არ ვართ დაბნეულნი, არ ვართ სასოწარკვეთილნი და უიმედონი. არა, პირიქით! ჩვენმა თვალებმა იხილა მომავალი უფლის დიდება და სიხარულით მოველით მის მოსვლას და მისი სამეფოს დამყარებსა ამ დედამიწაზე!
ამგვარად, მოდით და ვიდღესასწაულოთ კარვობის დღესასწაული ერთად. მთელი ძალისხმევა გამოიჩინეთ, რომ შემოგვიერთდეთ იმ ათასობით პილიგრიმთან ერთად, რომლებიც ასი სხვადასხვა ერიდან არიან, იერუსალიმში, 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე. მიენდე უფალს და ის აგისრულებს გულის წადილს! (ფსალმუნი 36:3-4)
მომავალ შეხვედრამდე კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმში!
შეგახსენებთ რომ ჩვენი ICEJ. ქართული ფილიალი აწყობს ტურს კარვობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსურველებმა მოგვწერეთ ezrageoezra@gmail.com; info@icej.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე 593 32-53-32; 322 190 510.
ავტორი – ჯუჰა კეტოლა, ICEJ საერთაშორისო დირექტორი
თარგმნა – ნინო ხუროშვილმა .