ხიდის მშენებლობა ეკლესიასა და სინაგოგას შორის

32365_640px

თავიე, არის ტიპიური ებრაელი მამა ფილმში „მევიოლინე სახურავზე“, რომელიც დამწუხრებულია თავის ცხოვრებაზე – ოთხი გასათხოვარი ქალიშვილი, მჭლე ძროხა, ბლაგვი ნაჯახი… მან აღმართა მზერა ზეცისკენ და თქვა: „უფალო, ნამდვილად კარგია, რომ ამომირჩიე რათა ვიყო შენი ერის ნაწილი, მაგრამ იქნებ უკეთესია ვინმე სხვა აირჩიო?“

ცხადია, თავიეს მიაჩნდა თუ რჩეულობაზე უარს იტყოდა, მის ტანჯვას ბოლო მოეღებოდა. მაგრამ სინამდვილეში ღმერთმა სულ სხვა მიზნისთვის ამოირჩია თავისი ერი. მისი მიზანი იყო ებრაელების მეშვეობით მოეთხრო თავის თავზე არაებრაელი ხალხისთვის. მოსე ეუბნებოდა თავის ხალხს:

“აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ. დაიცავით და აღასრულეთ, რადგან თქვენი სიბრძნე და გონიერებაა ის ხალხთა თვალში, რომლებიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს. რადგან რომელი ერია ასე დიდი, რომელთანაც ისე ახლოა მისი ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი შევღაღადებთ მას? რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?” (მეორე რჯული 4:5-8)

აქ იგულისხმება, რომ არაებრაელებს შეშურდებათ იმ ბიბლიური ცხოვრების წესის, რომლითაც ცხოვრობენ ებრაელები. იესომ თავის მოციქულებს ასეთი დავალება მისცა:

„ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.“ (მათე 28:19)

თავისი „დიდებული დავალებით“ იეშუამ დაარიგა თავისი მიმდევრები, რომ ესწავლებინათ არაებრაელებისთვის ღმერთისა და გადარჩენის შესახებ… და არა მხოლოდ.

თალმიდი – ეს არის რაბინის მოწაფე, რომელიც თავისი მასწავლებლის გზების დაცვით სწავლობს მის გარშემო წრეში ცხოვრებას. იქიდან გამომდინარე, როგორ აზროვნებდა და ცხოვრობდა იეშუა თავის მოწაფეებთან ერთად, ცხადი ხდება რომ ის რაბინული სწავლების მეთოდს იყენებდა. და როდესაც მან გაგზავნა თავისი მოწაფეები, რომ შეექმნათ თალმიდიმ, მან დაარიგა რომ ესწავლებინათ როგორც გადარჩენაზე, ასევე თანახზე (ძველ აღთქმაზე). მას, მოსეს მსგავსად სურდა, რომ არაებრაელებსაც გაეგოთ ღმერთის გზების, თორის გზების შესახებ. დღეს ჩვენ როგორც მესიანელი ებრაელები, ამისკენ ვართ მოწოდებულნი.

ძნელია იმის გადმოცემა, რამდენად გახარებულები არიან ხოლმე ქრისტიანები, როცა ხედავენ კავშირს, მაგალიტად პასექს, საიდუმლო სერობასა და ზიარებას შორის. ისინი ამბობენ, რომ თითქოს თვალები აეხილათ.

უფრო მეტიც, თითოეული ბიბლიური დღესასწაული შეიძლება მნიშვნელოვანი და აქტუალური იყოს ქრისტიანებისთვის. არ მაქვს საშუალება, რომ ამ სტატიის ფორმატში გადმოვცე, მაგრამ ეს განსაკუთრებული დღესასწაულები ოქროს მაღაროებივითაა არაებრაელებისთვის, უფრო მეტიც კი.

თორა, მოსეს ხუთწიგნეული, სხვადასხვა პრინციპებს ასწავლის ცალკეულ ხალხს, ოჯახებს, თემებსა და ერებს. თუ ამ პრინციპებს გავიაზრებთ და პრაქტიკაში გავატარებთ, უფრო მარტივი იქნება ცხოვრება. აი რას გულისხმობდა რაბი შაული (პავლე მოციქული) როდესაც წერდა ტიმოთეს:

“მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.” (2 ტიმოთეს 3:16-17).

იმას რასაც რაბი შაული და ტიმოთე ეძახდნენ „წერილებს“ – ეს არის თანახი ანუ „ძველი აღთქმა.

ეს ნიშნავს იმას, რომ მესიანური იუდაიზმი აღწევს იმას რაც უფალს სურს – არაებრაელები შეიცნობენ  მის გზას. მაგრამ ებრაელებისთვისაც მნიშვნელოვანია მესიანური იუდაიზმი.

მთლად მართალი არ იქნებოდა გვეთქვა, რომ დღევანდელმა ებრაელებმა ბევრი იციან ღმერთის შესახებ. ჩვენი ერის უმეტესობა აღარ კითხულობს წერილებს. ეს იმის გამო ხდება, რომ ტრადიციული ორთოდოქსული იუდაიზმი ბევრი ებრაელისთვის არაა მიმზიდველი.

მესიანური იუდაიზმი  შეიძლება უფრო პოპულარული გახდეს  დღეს.

ებრაელებს იზიდავს მესიანურ თემებსა და სინაგოგებში რაბინების სწავლებები, სულიწმინდის მოქმედება, თემის წევრების თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება, სიმღერებითა და ცეკვებით განდიდება, და საკვების მირთმევის საშუალება (თუმცა ეს ყველგან არ გვხვდება). მესიანურ იუდაიზმს შეუძლია დააბრუნოს ებრაელები თორის სწავლებაზე – იეშუა მაშიახთან, იესო ქრისტესთან.

მესიანური იუდაიზმი ეხმარება ქრისტიანებს, ებრაული ფესვებისა და რწმენის სიღრმეების გაგებაში. რაბი შაული (პავლე მოციქული) ამბობდა, წარმართი მორწმუნეები „დამყნობილნი არიან ზეთისხილზე“ (რომაელთა 11:16-24) და ისრაელის თემის ნაწილნი ხდებიან (ეფესელთა 2:11-22). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის გასაოცარი სწავლებები და პრაქტიკები, რომელიც მოსემ გადასცა თავის ხალხს, ახლა ეხსნებათ „დამყნობილ“მორწმუნეებს წარმართებიდან.

გარდა ამისა, ის რომ მესიანური იუდაიზმი ვითარდება, და მსოფლიო ებრაული საზოგადოების მხრიდან მიღებაში უფრო და უფრო იზრდება როგორც იუდაიზმის ცალკეული „რტო“, უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მესიის შესახებ გზავნილს, შეძლებს წმინდა წერილების უკეთ განმარტებასა და წმინდად ცხოვრებას.

საბოლოოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერი შეასრულებს თავის დანიშნულებას, რომელიც ჩადო ღმერთმა ჩვენში  ჩვენი ამორჩევისას – მოვუთხროთ მსოფლიოს მასზე და მისი გზების შესახებ.

მესიანურ იუდაიზმს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ქრისტიანებისთვისაც და ებრაელებისთვისაც, და ასე ხდება ის ნამდვილი ხიდი ეკლესიასა და სინაგოგას შორის.

ავტორი – რაბი ბარუხ რუბინი

თარგმნა – სალომე ჯებისაშვილმა

წყარო – https://charismamag.com/