ეკლესია და ისრაელი!

l36824fceaa890e5ef62e42a172a3c0431306828102

რომაელთა წერილის მე-11 თავში, პავლე მოციქული აღწერს ეკლესიისა და ისრაელის ურთიერთობას.  გვანახებს, რომ ზეთისხილის ხე თავისთავად წარმოადგენს ისრაელს. ღმერთის რჩეულობამ და მისმა დაპირებებმა შექმნა შეთანხმებული ურთიერთობა ღმერთსა და ისრაელს შორის. ისინი, რომლებმაც ზურგი აქციეს ამ ურთიერთობას, გახდნენ მოტეხილი რტოები. მორწმუნეები წარმართებიდან – არიან ველური რტოები, რომლებიც დამყნობილნი არიან ბუნებრივ რტოებზე, რათა გახდნენ „ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარნი“. აი, როგორ ხედავს ღმერთი ეკლესიას! ეკლესია – ესაა ღმერთის გზა, რომ ჩართოს წარმართები იმ აღთქმებში, რომლებიც მან აღუთქვა ისრაელს. პავლეს არ უნდოდა, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით ამ საიდუმლოს  უმეცრებაში, ეყრდნობოდა საკუთარ გონებას – რომ ისრაელი მანამდე იქნება დაბრმავებული, სანამ ყველა წარმართი არ შეუერთდება ღმერთის აღთქმას! როგორც წერილშია დაწერილი, ბუნებაშიც ასეა  – ფესვებს უჭირავთ რტოები და არა პირიქით. როცა მორწმუნეები ამას იგებენ, აქ უკვე აღარ აქვს ადგილი სიამაყეს და აღარ უნდა დავიწყოთ იმის მტკიცება, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა ჩავანაცვლეთ ისრაელი და ღმერთმა უარყო თავისი სიტყვები, რომლებიც დაწერილია ძველ აღთქმაში და  ისრაელისა და ღმერთის ურთიერთობას ეხება. არ უნდა ჰქონდეს ადგილი განდიდებასა და უყურადღებობას, რითაც ეკლესია  დაკავებული იყო. ბუნებრივი რტოებიც და დამყნობილი რტოებიც,  მხოლოდ რწმენის მეშვეობით არსებობენ. არსებობს მხოლოდ ერთი ხე დ  ა არა ორი. და ჩვენველურმა რტოებმამივიღეთ პრივილეგია, რომ შევსვათ წვენი ადრე დარგული და გაზრდილი ხისგან. ისტორიიდან ჩანს, რომ ეკლესიამ ვერ შეამჩნია და უგულებელყო წმინდა წერილის ეს ადგილები და არა მარტო ამაღლდა ბუნებრივ რტოებზე, ისრაელზე, არამედ დევნიდა კიდეც მათ და კლავდა.

 ძალიან ხშირად ეკლესია ვერ ხვდებოდა, რომ ებრაული ფესვები ჰქონდა. ამის გამო ხშირად ჩნდებოდა თვითკმაყოფილების გრძნობა, ებრაელების არ საჭიროება და ძველი აღთქმის იმ ადგილების არ საჭიროებაც კი, რომლებიც ისრაელს და მის კურთხევებს ეხება. ამან მიწაზე ღმერთის მრავალსაუკუნოვან მუშაობას  ხელი შეუშალა. საბოლოოდ, ისტორიულმა ეკლესიამ უარყო ისრაელი, როგორც ღმერთის ერი და ცდილობდა თავისი თავი ჩაენაცვლებინა ისრაელის ადგილას. წარმოიშვა ჩანაცვლების თეორია. ამ ყველაფერმა  ეკლესია იქამდე მიიყვანა, რომ ჯვაროსნული ომების დროს მან დიდი სისასტიკე და სიძულვილი გამოიჩინა „ბუნებრივი რტოების“ მიმართ. ზუსტად ეს დაეხმარა ფილოსოფოსებს, რომ რელიგიურად გაემართლებინათ ჰიტლერის იდეა, რომელიც მდგომარეობდა „ებრაელების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტაში“ ჰოლოკოსტში. წყალობის გამოვლენის ნაცვლად, ქრისტიანებმა, შეუწყნარებლობა და სისასტიკე გამოიჩინეს. ქრისტიანობა ვაკუუმიდან არ წარმოქმნილა. ის წარმოიშვა ძველი ისრაელის მაღალგანვითარებული რელიგიური ტრადიციისა და კულტურისგან. რჯულისა და ძველი აღთქმის მიმართ იესოს ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც ცოცხალი ღმერთის სიტყვასთან. საუკუნის შემდეგაც კი არ შეცვლილა ეს სიტყვა; არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ეს. არსებობდა ძალიან ბევრი მიზეზი, რამაც დიდ დისტანციამდე მიიყვანა ეკლესია და ისრაელი: ორი წარუმატებელი ომი ებრაელებსა და რომაელებს შორის ჩვ.წ.აღ I-II საუკუნეებში, ადრეული ეკლესიის იზოლირება, დევნისას გადაჭარბებული დაუცველობის შეგრძნება, ერესით აღსავსე არასწორი ბრძოლები. ასევე ადრეული ეკლესიის მამების ნაწილი ანტისემიტურად იყვნენ განწყობილნი. ჩვ.წ.აღ IV საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინესა და მთელი რომის იმპერიის „გაქრისტიანებამ“ ებრაული ფესვების მიმართ ბრძოლა სახელმწიფო დონეზე აიყვანა. ეკლესიამ მალე დაიწყო ყველა ებრაელის ჩამოშორება. ქრისტიანული დღესასწაული „აღდგომა“ ჩამოაშორეს ორიგინალ ებრაული პასექის დღესასწაულთან კავშირს. შაბათი, რომელიც ბიბლიურად ებრაელებისთვის  დასვენების დღე იყო, ჩაანაცვლა კვირა დღემ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაული საერთოდ მოაშორეს ებრალების დღესასწაულ „შავუოთ“-თან კავშირს. ქრისტიანულ სწავლებებში დაიწყეს ახალი ტერმინების გამოყენება, რომლებიც იესოს ან მის მოწაფეებს არასდროს უთქვამთ. ტრიუმფალიზმის თეორიას დაედო საფუძველი, რომელიც თავის თავში ჩანაცვლების თეორიასაც მოიცავს. ეს თეორია მოკლედ შეიძლება ასეც გამოვთქვათ: ღმერთმა დაასრულა საქმე ებრაელებთან; ქრისტიანობამ ჩაანაცვლა იუდაიზმი; და ახლა ეკლესია არის ნამდვილი ისრაელი.

11195484_886491258058843_1983497234_n

ეს თეოლოგია ჯერ კიდევ ბევრი ქრისტიანის ქვეცნობიერში ღრმად დევს  და  მათ ქცევაზეც მოქმედებს. ძალიან ხშირად ვხედავ ეკლესიის მწყემსებს და ლიდერებს, რომლებიც ისრაელს სტუმრობენ, აღფრთოვანებულნი არიან იმ ადგილებით, სადაც იესო დადიოდა და მსახურობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოდნავადაც არ არიან დაინტერესებულნი, რომ მონაწილეობა მიიღონ ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის წინასწარმეტყველებაში, რომელიც სწორედ ახლა მიმდინარეობს. შეიძლება ეს ფარული ანტისემიტიზმის გამოვლინებაა, ან უარყოფა იმისა, რომ ისრაელს რაღაც ადგილი უჭირავს ღმერთის გეგმაში, ან უბრალოდ ბანალური შურია. რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, თითოეული ჩვენგანი უნდა გაერკვეს ამაში და მოიშოროს საკუთარი ცხოვრებიდან. ღმერთმა მოამზადა წარმართებისთვის, რომ ისინი იყვნენ ღმერთის გეგმის ნაწილნი, და არა მთელი გეგმა. ღმერთი დაპირდა აბრაამს, რომ ის გახდებოდა მრავალი ერისა და ნაციის მამა: აჰა, ჩემი აღთქმა შენთან: იქნები მრავალი ხალხის მამა.(დაბ.17:4), და რომ ერები იკურთხებიან მასში: „…და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი”.   (დაბ. 12:3). ეს გრძელდება აბრაამის შთამომავლებშიც. ჩვენ ვხედავთ ამას განსაკუთრებით იოსებთან, რომელიც  ეგვიპტეში წარმართზე დაქორწინდა. მის ერთ-ერთ ვაჟს, ეფრემს, წილად ხვდა გამხდარიყო ჩრდილოეთ სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ტომის წინამძღოლი. კურთხევაში, რომლითაც აკურთხეს ეს ებრაელი ყმაწვილი, იგულისხმებოდა, რომ იქნებოდა მრავალრიცხოვანი ერის მამა:  „ და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.” (დაბ 48:19). მოგვიანებით ეფრემი გაფანტულ იქნა სხვადასხვა ხალხებში, როგორც სხვა ცხრა    „დაკარგული ტომი”. ებრაელების გაფანტვა ერებში, მათი ზემოქმედება ხალხებზე, მათი აღდგენა და დაბრუნება თავიანთ სამშობლოში – ეს ჯერ კიდევ დიდი საიდუმლოა, რომელიც ბევრს არ ესმის. ეს თემა ახლიდან იღვიძებს იმ ქალში (რახაბი), რომელიც გადარჩა იერიხოს დანგრეული ქალაქიდან და ნება დაერთო, შეერთებოდა ებრაელ ხალხს. ასევე, ჩვენ ვხედავთ როგორ აღწერს ესაია წინასწარმეტყველი ისრაელის მესიას, რომელსაც უწოდებს „იესეს ფესვს”. იგი ამბობს, რომ ბაირაღად იდგება ხალხთათვის, და მისკენ გაემართებიან ერები, მისი ქვეყანა იქნება დიდებაში“, (ესაია 11:10). ალბათ, ყველაზე აშკარად თემა, წარმართებთან მიმართებაში, რომლებიც შეუერთდნენ ისრაელს, გამოხატულია მოაბელი რუთის ისტორიაში, რომელიც არა მარტო შეუერთდა ებრაელ ერს, არამედ წილად ხვდა ყოფილიყო დავით მეფის დიდი ბებია. რუთის ისტორია გვანახებს, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ისრაელის მიმართ. რუთმა ბოლომდე უერთგულა თავის ებრაელ დედამთილს. მას გულით უყვარდა ნაყომი და სწორედ ამიტომ უგულებელყო თავისი მემკვიდრეობა, თავისი ქვეყანა, იმის გამო რომ მასთან ყოფილიყო. რუთი არ ჩასულა ისრაელში ისე, როგორც დღეს მრავალი ქრისტიანი ჩადის – უპირატესობის გრძნობით. პირიქით, თავი დახარა მიწამდე და თაყვანი სცა…” (რუთი 2:10) იგი მზად იყო დაემდაბლებინა თავი მსახურის დონეზე. მისი დამოკიდებულება გამოიხატებოდა ქველმოქმედებასა და სიკეთეში, როდესაც ის  თავის დედამთილზე ზრუნავდა. რუთის ცხოვრება გამოირჩევა მორჩილებით, სიკეთით, სიწმინდით, ჭეშმარიტი სიყვარულით, ერთგულებით და მიძღვნილობით ისრაელის მიმართ. რუთმა უთხრა ნაყომს: სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ მოვდივარ, და სადაც შენ იქნები, მეც იქ ვიქნები. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება, და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი.” (რუთი 1:16) . ზუსტად რუთის ისტორიაში ვხედავთ რას ნიშნავს ნამდვილად იყო დამყნობილი ზეთისხილის ხეზე, რომაელთა მე-11 თავის მიხედვით. დრო მოვიდა ეკლესიამ გვერდზე გადავდოთ ჩვენი სიამაყე და მორჩილებით გავაანალიზოთ, თუ რას ნიშნავს ველური ზეთისხილის რტოსთვის, იყოს დამყნობილი ზეთისხილის ხეზე ღმერთის მიერ, რომ ისრაელთან ერთად მივიღოთ ყველა ის კურთხევა, რაც ღმერთს აქვს გამზადებული. მოდით, პატივისცემით მოვეპყრათ ჩვენს ფესვებს და გამოვიჩინოთ სიყვარული და სიკეთე ღმერთის ბუნებრივი რტოების მიმართ. სწორედ ისრაელის მეშვეობით მოგვცა ღმერთმა ჩვენ ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია სულიერი თვალსაზრისით. და ბოლოს, მოდით  ნება მივცეთ ღმერთს, რომ გამოგვიყენოს ისრაელის სახელმწიფოს წინასწარმეტყველურ აღდგენაში, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. უფალმა აკურთხოს თითოეული ჩვენგანი, რომ აღვასრულოთ ყოველივე ის, რისთვისაც მოგვიწოდა შემოქმედმა.

ავტორი – გიორგი ჯიჯიეშვილი