როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები

Judac Fine Art.

IV ასწლეულის დასაწყისში ეკლესიაში მრავალი სხვადასხვა მიმართულება გაჩნდა. სირიაში, მაგალითად, ჯერ ისევ არსებობდნენ ებიონიტთა ჯგუფები. ებიონიტები იყვნენ იუდეველი ერეტიკოსები, რომლებმაც უარყვეს პავლეს წერილები და ასწავლიდნენ, რომ წარმართები უნდა წინადაცვეთილიყვნენ იმისათვის, რომ ხსნა მიეღოთ.

მეორე უკიდურესობა შეიმჩნეოდა რომსა და ალექსანდრიაში, სადაც ეკლესიაზე დიდ გავლენას ახდენდა ბერძნული ფილოსოფია და წარმართობა. ამ ეკლესიებმა უარყვეს საკუთარი ებრაული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი და წარმართული იდეები და ჩვეულებები შეურიეს ბიბლიურ ტრადიციებს.

მიუხედავად ამისა, მთელს იმპერიაში, ეკლესიაში ჯერ ისევ მტკიცედ ეჭიდებოდა მოციქულთაგან მიღებულ ებრაულ მემკვიდრეობას.

ეკლესიის დიდი ნაწილი განაგრძობდა შაბათისა და სხვა დღესასწაულების აღნიშვნას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თორის შესწავლას (როგორც ნახავთ დანართში №2). ბევრ ადგილას ეკლესიის წევრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ებრაელებთან.

Израиль-корни

XXI საუკუნის გადმოსახედიდან, ამ ეკლესიათაგან მრავალს, ალბათ, ებრაულ მესიანურ თემებთან გავაიგივებდით. მორწმუნენი წარმართთაგან დადიოდნენ ახალი აღთქმის თავისუფლებაში და იყენებდნენ საკუთარი მესიანური ფესვებიდან მიღებულ მდიდარი მემკვიდრეობის ყველა უპირატესობას, მაგრამ, როცა კონსტანტინე დიდმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა.

კონსტანტინემ არა მხოლოდ ის ადგილი შეცვალა, სადაც ეკლესია იკრიბებოდა უფლის თაყვანისსაცემად, არამედ შეცვალა თაყვანისცემის ფორმაც და პირდაპირ გულში მიაყენა დარტყმა ეკლესიის რაობას. მან მოკვეთა ეკლესია თავისი ებრაული ფესვებიდან და დაამყნო წარმართული ბერძნული ფილოსოფიის ფესვებზე.

konstantin-york

ისევე, როგორც რომაელთა უმრავლესობა, კონსტანტინესაც სძულდა ებრაელი ერი. რომაელები დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ებრაელი ერი თავისებური ერი დამახასიათებელ „უცნაურობათა“ გამო, მაგრამ რომის წინააღმდეგ ებრაელთა აჯანყებისა და რომის მიერ, ახ. წ. აღ-ის 70 წელს, ამ აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, რომაელები დაუფარავ სიძულვილს გამოხატავდნენ ყველაფრისადმი, რაც ებრაელებთან იყო დაკავშირებული. ებრაელები ოფიციალურად მიიჩნიეს „რომისადმი მტრულად განწყობილ დამარცხებულ ერად“.

ებრაელებისადმი სიძულვილის გამო კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ რომისა და ალექსანდრიის ქრისტიანობის წარმართული ხასიათი მთელი ეკლესიისათვის სტანდარტად დაეწესებინა. იმპერიაში არსებულ ყველა ეკლესიას უბრძანეს დაეცვათ ეს არამესიანური ნიმუში. ის ეკლესიები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ იმპერატორის მიერ დაწესებულ ნიმუშს, მკაცრად იდევნებოდნენ.

325 წელს ნიკეაში გამართული საეკლესიო კრების შემდეგ, კონსტანტინემ ბრძანა ეკლესიის გაწმენდა მისი ებრაული შემადგენელი ნაწილისგან

ეპისკოპოსებისადმი მიმართულ კონსტანტინეს წერილში, რომელიც მან კრების დამთავრებისთანავე შეადგინა, ეწერა, რომ ეკლესიისათვის არასწორი იქნებოდა ებრაულ წეს-ჩვეულებათა დაცვა. ეკლესიის მიერ ფესახის აღნიშვნის შესახებ ის წერდა: „დაე, ნურაფერი საერთო ნუ გვექნება ებრაელებთან, რომლებიც, სინამდვილეში, ჩვენი მტრები არიან… და ეს არარეგულარულობა აღდგომის დღის განწმენდასთან დაკავშირებით უნდა გამოსწორდეს იმისათვის, რომ არაფერი საერთო არ გვქონდეს ჩვენი უფლის გამყიდველებსა და მკვლელებთან“.

ევსევიმ, რომელიც კონსტანტინეს თანამედროვე და მომხრე გახლდათ, ნიკეის საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებანი შემდეგნაირად შეაჯამა:
„უღირსად გვეჩვენება ის, რომ ჩვენ უნდა დაგვეცვა ებრაული წეს-ჩვეულებანი…, დაე, ნურაფერი საერთო ნუ გვექნება ამ ამაზრზენ ებრაელთა ბრბოსთან. მოდით, მათ საქმეებში ნურავითარ მონაწილეობას ნუ მივიღებთ. გამოვეყოთ მათ. გამუდმებით ილოცეთ, რომ თქვენი სულებს ლაქა არ მოეცხოს მათ ჩვეულებებთან შეხების გამოც კი… ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და თავი ავარიდოთ ებრაული ცხოვრების წესის ყოველგვარ პრაქტიკულ გამოვლინებას.“

ბერნარდ ლაზარე აღწერს ნიკეის კრების შემდგომ მომხდარ მოვლენებს: „ნიკეის კრებამდე ქრისტიანები დადიოდნენ სინაგოგებში და აღნიშნავდნენ ებრაულ დღესასწაულებს, ნიკეის კრების შემდეგ კი ყოველგვარი ძალისხმევა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ქრისტიანობა გათავისუფლებულიყო იმ უკანასკნელ კავშირთაგან, რომელთა მეშვეობითაც ის თავის სათავეს უკავშირდებოდა.“

ისინი, რომლებიც იცავდნენ ებრაულ წეს-ჩვეულებებს, ანათემას (ეკლესიიდან განკვეთა ან შეჩვენება) გადასცეს. საბოლოოდ, ებრაული წესები დაცვა მიჩნეულ იქნა კანონსაწინააღმდეგო დანაშაულად, რომელიც სიკვდილით უნდა დასჯილიყო.

ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიკეის კრებაზე მიღებული დადგენილებანი მყისიერი და საყოველთაო იყო. ასწლეულების განმავლობაში დამატებითი საეკლესიო კრებები აუცილებლობად აცხადებდნენ მესიანური ქრისტიანობის აკრძალვას და ხშირად სასტიკი სასჯელით ემუქრებოდნენ მათ, ვინც იღებდა ებრაული მემკვიდრეობას და აგრძელებდა მას.

მესიანისტური გავლენის განადგურებისკენ მიმართული ეკლესიის მცდელობანი

ანტიოქიის კრება (345 წ.) – „რომელიმე ეპისკოპოსი, უხუცესი ან დიაკვანი გაბედავს ამ დადგენილების შემდეგ პასექის აღნიშვნას ებრაელებთან ერთად,  მაშინ, კრება მას ანათემას გადასცემს. ეს კრება განკვეთს მსახურებიდან არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, ვინც განაგრძობს მათთან ურთიერთობას.“

ლაოდიკიის კრება (365 წ.) – „არ არის ნებადართული ებრაულ დღესასწაულთა არც მოწონება და არც მათთან ერთად ამ დღესასწაულთა აღნიშვნა. (კანონი 37) ქრისტიანები არ უნდა დაემსგავსონ იუდეველებს, არ უნდა იუქმონ შაბათ დღეს, არამედ უნდა იმუშაონ ამ დღეს… თუ ვიპოვით „მოიუდეველოთ“, ისინი განიკვეთებიან ქრისტესგან“.

კრება აგდაში, საფრანგეთი (506 წ.) – „ეკლესიის მსახურებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ებრაულ დღესასწაულებში.“

X კრება ტოლედოში (VII საუკუნე) – „აღდგომა უნდა ყველგან ერთნაირად აღინიშნებოდეს ნიკეის კრების მიერ დადგენილ დროს და არა ფესახის დროს.“

ნიკეის II კრება (787 წ.) – „ისინი, ვინც აშკარად თუ ფარულად იცავენ შაბათს და მისდევენ ებრაელთა სხვა წეს-ჩვეულებებს, არ უნდა მივიღოთ არც ერთობაში, არც ლოცვასა და არც ეკლესიაში.“

ამგვარ განცხადებათა შუქზე საკუთარ თავს ერთი აშკარა შეკითხვა უნდა დავუსვათ: „თუ ქრისტიანობის ებრაული შემადგენელი უკვე პირველ ასწლეულში მოკვდა, როგორც ამას ასწავლიდნენ მრავალს, მაშ, საეკლესიო კრებები რატომ იბრძოდნენ დღემდე, რომ ეს გავლენა ამოეძირკვათ შვიდი ასწლეულის შემდეგ!?“

ისტორიული ჩანაწერები მოწმობს იმის შესახებ, რომ, მიუხედავად სასტიკი დევნისა, ის ჯგუფები, რომლთაც შეინარჩუნეს ებრაული გავლენა, კვლავ განაგრძობდნენ არსებობას ასწლეულების განმავლობაში ძველი იმპერიის განაპირა მხარეებში. იმპერიის საზღვრებს გარეთ, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ინდოეთი, სპარსეთი, ჩინეთი და ეთიოპია, ეს გავლენა კიდევ უფრო დიდხანს დარჩა.

წარმართობის გავლენა

კონსტანტინემ არა მხოლოდ ებრაელობისგან გამოაცალკევა ეკლესია, არამედ მან ეკლესია წარმართობასთან გააერთიანა.
კონსტანტინე საკუთარ თავს ქრისტიანად აცხადებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იცოდა, ვინ იყო იესო. კონსტანტინე მაინც მითრას, სპარსული ღმერთის – „უძლეველი მზის“ ერთგული თაყვანისმცემელი გახლდათ. კონსტანტინემ როცა ჯვრის ნიშანი დაინახა მზის გვერდით, ცაზე, სავარაუდოდ, მან იფიქრა, რომ იესო მითრას განსახიერებაა. ამის გამო, როცა კონსტანტინემ საკუთარი თავი ქრისტეს მიმდევრად გამოაცხადა, ის მაინც  განაგრძობდა წარმართულ ღვთაებათა აშკარად თაყვანისცემას.

კონსტანტინეს ტრიუმფალური თაღი, რომელიც მან თავისი „მოქცევის“ შემდგომ ააგო, ატარებს მითრას, „უძლეველი მზის“ სახეს. კონსტანტინემ დატოვა მზე-ღმერთის გამოსახულება თავის მონეტებზე. თავის ახალ ქალაქში, კონსტანტინოპოლში, მან აღმართა მზე-ღმერთის ქანდაკება, რომელიც თავად იმპერატორის ფიგურას გამოსახავდა.

321 წელს, როცა კონსტანტინემ თაყვანისცემის ქრისტიანული დღე რომაულ დღესასწაულად გამოაცხადა, მან ამ დღეს „ქრისტეს დღე“ კი არ უწოდა, არამედ „მზის წმინდა დღე“, აი, საიდან მომდინარეობს სახელწოდება Sunday  (ქართულ თარგმანში –კვირა. სიტყვასიტყვით ინგლისურიდან – „მზის დღე“). ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ქრისტიანმა იმპერატორმა თაყვანისცემის ქრისტიანულ დღეს სახელი უწოდა წარმართული მზის ღმერთის საპატივსაცემოდ!

კონსტანტინეს მიერ ქრისტეს პიროვნების არასწორი გაგება მრავალ ახალმოქცეულ წარმართს შორისაც გავრცელდა, რომლებიც ახლა მრავლად მრავლად იყვნენ ეკლესიებში.

რომში აღმოჩენილ, IV ასწლეულით დათარიღებულ მოზაიკაზე იესო გამოსახულია მზის ღმერთის სახით, რომელიც თავისი ეტლით განაგებს ცის კაბადონს! V ასწლეულისათვის რომში, წმ. პეტრეს ბაზილიკაში შემსვლელ თაყვანისმცემლებში უკვე საკმაოდ გავრცელებული ჩვეულება იყო კარისკენ მიბრუნება და ამომავალი მზის თაყვანისცემა! (ეზეკიელის 8:6-16-ში განსაკუთრებული გაფრთხილებაა იმის შესახებ,  რომ სახელდობრ, ასეთ ქმედებათა გამო დატოვებს ღმერთის თანდასწრება თავის ერს).

წარმართული აზროვნების მოზღვავება მრავალმხრივ აისახა ეკლესიაზე

ადრეული ეკლესია აღნიშნავდა ღმერთის მიერ ძველი აღთქმის პერიოდში დადგენილ ბიბლიურ დღესასწაულებს, მაგრამ კონსტანტინეს დროის წარმართულმა ქრისტიანობამ ისინი ჩაანაცვლა ახალი დღესასწაულებით, რომლებიც ახლა ქრისტიანულ დღესასწაულებად „მოინათლა“ და შეირაცხა.

კონსტანტინემდე ქრისტიანები არასოდეს აღნიშნავდნენ ქრისტეს შობას, მაგრამ წარმართები, რომაელები, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღნიშნავდნენ მზე-ღმერთის დაბადების დღეს.

ჩვ. წ. აღ-ის 274 წელს იმპერატორმა ავრელიანემ ოფიციალურ რომაულ დღესასწაულად დაადგინა მითრას დაბადების დღე. სატურნალიის სახელით ცნობილი მითრას დაბადების დღე, რომაელთა ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაული იყო, საყოველთაო სიხარულისა და საჩუქრების გადაცემის დრო. ეს ერთადერთი დღე იყო წელიწადში, როცა ბატონები ემსახურებოდნენ საკუთარ მონებს. რომაელები ღარიბ ბავშვებს საკვებს ურიგებდნენ. ახლა, როცა იესო მზე-ღმერთის განსხეულებად მიიჩნეოდა, სატურნალია გამოაცხადეს ქრისტიანულ დღესასწაულად – „შობად,“ „იესო ქრისტეს შობის დღედ“!

ეკლესიისთვის კიდევ ერთ ახალ დღესასწაულად იქცა გაზაფხულის ნაყოფიერების დღის აღნიშვნა. წარმართები ყოველწლიურად აწყობდნენ ზეიმს ნაყოფიერების ქალღმერთის საპატივსაცემოდ. ქანაანელები ამ ქალღმერთს აშერას უწოდებდნენ, სპარსელები – ასტარტას, ბაბილონელები – იშთარს. ძველი ბრიტანელები მას ესტრას უწოდებდნენ (აქედან წარმოდგება სიტყვა „ესტროგენი“). (სხვათა შორის, ამერიკაში, ევანგელისტი ქრისტიანებიც კი (იმედი მაქვს, რომ არა ყველა) დღემდე აღდგომის დღესასწაულს არ მოიხსენიებენ ინგლისური სიტყვით – „passover,“ რომელიც სიტყვასიტყვით პასექს ნიშნავს, არამედ უწოდებენ შემდეგნაირად: „Easter“, სახელიდან „ასტარტა“. იხილეთ, მაგალითად, დასავლური ან ამერიკული სააღდგომო ღია ბარათები, რას გილოცავენ მათი მეშვეობით! რედ. შენიშვნ.).

კონსტანტინეს აღელვებდა ის, რომ ქრისტიანები ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის დღეს აღნიშნავდნენ ფესახის, ებრაული დღესასწაულის დროს. ნიკეაში მან უკანონოდ გამოაცხადა ეს დღესასწაული და დაადგინა, რომ ქრისტეს სიკვდილი და აღდგომა უნდა აღნიშნულიყო კვირა დღეს, გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო პირველი სავსემთვარეობის შემდეგ.  ეს იყო დრო, რომელიც წარმართების აზროვნებაში უკავშირდებოდა ნაყოფიერების საგაზაფხული დღესასწაულს (მითხარით, ქრისტიანო დებო და ძმებო, როდის აღინიშნება აღდგომა თქვენს ეკლესიებში? მაშ, როგორი ქრისტიანები ვართ ამ საკითხში, სახარებისეული თუ კონსტანტინესეული? რედ.შენიშვნ.).

ეს აგრეთვე იყო რომაელთა დღესასწაული. ესტრას სიმბოლოდ ითვლებოდა კვერცხი, ვინაიდან იგი ნაყოფიერების ქალღმერთად მიიჩნეოდა. რომაელები რთავდნენ და ამკობდნენ კვერცხებს და საკუთარ სახლებში კიდებდნენ.

(იმედი მაქვს, თქვენთვის ცნობილია „სააღდგომო“ ე.წ. „პასკის“ (ფუნთუშის) წარმომავლობა. მართლმადიდებელი ბერები, გარკვეული დროის განმავლობაში, ცდილობდნენ წარმართობის ამ გამოვლინებასთან ბრძოლას, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება, ის, რის აღმოფხვრაც არ ხერხდება, შემდეგ ხდება მისი დაკანონება. საერო ჟურნალისტებიც კი გაერკვნენ ამ საკითხში გასულ წელს გამოუშვეს საინტერესო დოკუმენტური ფილმი ამის შესახებ СТБ-ზე – „Тайны Великодня“ („აღდგომის საიდუმლოებანი“) რედ.შენიშვნ.).

ნიკეის საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აღდგომის აღნიშვნა ამოგლეჯილი იქნა ბიბლიური კონტექსტიდან და იდღესასწაულებოდა წარმართული ზეიმის კონტექსტში. შესაძლოა, ამ აღნიშვნის ყველაზე დიდი უცნაურობა გახლავთ ის, რომ ინგლისურენოვან სამყაროში სახელწოდებ Easter  არც კი შეცვლილა. ინგლისურენოვანი სამყაროს წარმომადგენელი ქრისტიანები როცა ქრისტეს აღდომას აღნიშნავენ, ისინი არ ამბობენ: „ჩვენ ვზეიმობთ აღდგომის დღეს“, არამედ ამბობენ: „ჩვენ ვზეიმობთ ისტერს!“ ამგვარად, ჩვენ, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, ვუწოდებთ წარმართული ქალღმერთის სახელს!

მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინემდეც შეინიშნებოდა გარკვეული წარმართული გავლენა ეკლესიაში, სწორედ მის ბრძანებულებათა შედეგად იქცა „წარმართული“ ქრისტიანობა ეკლესიის ოფიციალურ სტანდარტად. IV ასწლეულის ბოლოს წარმართული თაყვანისცემა კანონგარეშე გამოცხადდა.

ახლა იმპერია ოფიციალურად ქრისტიანული გახლდათ. წარმართული ტაძრები ქრისტიანულ ეკლესიებად იქცა. წარმართული თაყვანისცემის ადგილები ახლა ქრისტიანული თაყვანისცემის ადგილებად გადაიქცა. ზოგიერთ შემთხვევაში წარმართი მღვდელმსახურნი ქრისტიანი მღვდელმსახურნი ხდებოდნენ. შეიცვალა სახელწოდებანიც. წარმართებს ეთქვათ, რომ ახლა ისინი ცხოვრობდნენ ქრისტიანულ იმპერიაში და ახლა მათი მოვალეობა ქრისტიანულად ცხოვრება გახლდათ!

პრობლემა ის იყო, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისინი ოფიციალურად ეკლესიის ნაწილად ითვლებოდნენ, ისინი არ იცნობდნენ იესოს. ისინი ჯერ ისევ წარმართები იყვნენ. მათი რწმენა არ შეცვლილა. ისინი ეხმაურებოდნენ ოფიციალურ დადგენილებათ, ქრისტიანულ სახელებს არქმევდნენ საკუთარ წარმართულ ღმერთებს და უწინდებურად განაგრძობდნენ მათ თაყვანისცემას.

ერთ-ერთი გვარცელებული იყო ისიდას კულტი. ისიდა, ეგვიპტური ქალღმერთი, იწოდებოდა „დიდ ქალწულად“ და „ღვთისმშობლად“. მას ხშირად გამოსახავდნენ ბავშვით ხელში, რომელსაც ჰორუსი ერქვა. ჰორუსის პოზა ძალიან ჰგავს მარიამისა და იესოს ადრექრისტიანულ გამოსახულებებს.
ისიდას თაყვანისმცემლებმა ისიდას უწოდეს მარიამი. ამგვარად, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა განეგრძოთ საკუთარი ქალღმერთის თაყვანისცემა. არტემიდას თაყვანისმცემლებმა (ქალღმერთი დიანა) ამავე ეშმაკურ ხერხეს მიმართეს. ასე, ის პატივი და მოწიწება, რაც მარიამისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, ხშირად კერპთაყვანისმცემლობის ფორმას იღებდა, რაც იესოს დედისთვის შემაძრწუნებელი იქნებოდა!

ამგვარადვე, სხვა წარმართულ ღმერთთა თაყვანისმცემლები იყენებდნენ ქრისტიან მოწამეთა და წმინდანთა სახელებს. თქვენ რომ წარმართი მიწათმოქმედი ყოფილიყავით და თქვენთვის ეთქვათ, რომ აღარ შეგიძლიათ თქვენს ტაძარში წასვლა და მოსავლის ღმერთის წინაშე ლოცვა, რას გააკეთებდით?! წახვიდოდით ეკლესიის შენობაში, რომელიც ადრე თქვენი ტაძარი იყო და ილოცებდით მოსავლის მფარველი წმინდანის წინაშე! თქვენი თაყვანისცემა არ შეცვლილა! თქვენ უბრალოდ ახალ სახელს უწოდებთ თქვენს ღმერთს. ასე ხდებოდა ყველგან!

წარმართებმა შეცვალეს საკუთარი ღმერთების სახელები მისაღები „ქრისტიანული“ სახელებით და ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ კანონიერად განეგრძოთ წარმართული თაყვანისცემა. ამგვარად, ძველი წარმართობა უფრო გავრცელდა და უფრო მეტად აღერია ქრისტიანობას.

600 წლისათვის წარმართობამ აავსო ეკლესია

ეკლესიის ბევრი ხელმძღვანელი ურწმუნო ადამიანები გახლდნენ. ისინი, ვინც ცდილობდა ჭეშმარიტებას ჩასჭიდებოდა, სდევნიდნენ, როგორც იმპერიის მტრებს. ცრურწმენები და კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა. ბიბლიას კითხულობდნენ გაუგებარ ენაზე. ამასთან, წმინდა წერილი კათედრაზე იყო მიბმული და ხალხს არ შეეძლო წაკითხვა.

ეკლესია ძლიერ და მდიდარ პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა, რომელსაც ოდნავ შესამჩნევი სულიერი ნიშნები თუ ახასიათებდა. რომის პოლიტიკური სისტემა როცა დაინგრა, ეკლესია იძულებული გახდა შეევსო შექმნილი ვაკუუმი. ეკლესია იქცა პატივსაცემ სამხედრო ძალად, მაგრამ დაკარგა ღვთის ის ზებუნებრივი ძალა, რომელიც მას გააჩნდა ოდესღაც.

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ფრანცისკ ასიზელმა, როცა პაპ ინოკენტი III-სთან აუდიენციის პატივი ხვდა წილად, მიიწვიეს სატახტო დარბაზში, სადაც პაპი ამაყად უჩვენებდა თავის ოქროსა და ბრილიანტებს: „ხედავ, ფრანცისკ,“ – იკვეხნიდა იგი, – „პეტრე უკვე ვერასოდეს იტყვის იმას, რაც ერთხელ თქვა, – „ოქრო და ვერცხლი არ მაქვს“. ამაზე ფრანცისკმა მიუგო: „დიახ, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ ეკლესიაც ვეღარ იტყვის: „იესოს სახელით ადექი და გაიარე!“

800 წლისათვის ეკლესიამ კანონგარეშე გამოაცხადა ებრაული ცხოვრების წესი, რომლის მიხედვითაც ცხოვრობდნენ ოდესღაც იესო და მისი მოციქულები

ქრისტიანისათვის შაბათის დაცვა და ფესახის აღნიშვნა დანაშაულად იქცა, რომელიც სიკვდილით ისჯებოდა. ამ დადგენილებათა მორჩილებას ხალხს წამებითა და სასჯელით აიძულებდნენ.

(შენიშვნა: ეს ბრალდებანი არ არის მიმართული იმ მრავალი ღვთისმოშიში ქრისტიანისადმი, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები არიან დღეს. ბევრი თანამედროვე რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახური პირველი გამოვიდოდა იმ საშინელებათა წინააღმდეგი, რასაც იესოს სახელით სჩადიოდნენ ბნელი საუკუნეების განმავლობაში).

კონსტანტინეს „მოქცევის“ საბოლოო შედეგი გახლდათ მესიანური ეკლესიის სიკვდილი

ბევრი რამ, რაც ახასიათებდა ადრეულ ეკლესიას, გაქრა VI ასწლეულის დასაწყისისათვის.  წვენით მდიდარი ზეთისხილისფესვებიდან მოკვეთილ წარმართული რტოები ვერ ინარჩუნებდნენ სიცოცხლეს.

ათასი წლის განმავლობაში ეკლესია უფრო და უფრო ღრმად იძირებოდა წარმართობაში. ლუთერის დროისათვის ეკლესია უკვე წარმართული ორგანიზაცია იყო, რომელიც „ყიდდა“ ცოდვების მიტევებას „ინდულგენციების“ სახით, რათა დაეფინანსებინა საკუთარი ფართო სამშენებლო პროექტები.

ის მდიდარი მემკვიდრეობა, რასაც ღმერთი ამზადებდა ისრაელის ისტორიის 2000 წლის განმავლობაში, დაიკარგა და დღემდე ჩვენ ბოლომდე არც გაგვიხსნია იგი.

თუმცა ღმერთს არ დაუსრულებია თავისი გეგმის განხორციელება თავის ეკლესიასთან დაკავშირებით

რეფორმაციიდან მოყოლებული ღმერთი აღდგენის პროცესს უძღვება

XVI ასწლეულში მან აღადგინა ბიბლია და ხსნის შესახებ მოძღვრება.

XVIII ასწლეულში მან აღადგინა სიწმინდის ცნება.

XX ასწლეულში მან აღადგინა ნიჭები.

ბევრი რამ, რაც დაკარგა ეკლესიამ, აღდგენილ იქნა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს რტოების დამყნობა საკუთარ ფესვებზე. ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში გადავედით და მჯერა, რომ აღდგენა გრძელდება.

იესომ თქვა: „თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს“. მისი სიცოცხლის, სიკვდილისა და აღდგომის წყალობით სიცოცხლის კარი გაიღო მთელი ქვეყნიერებისათვის.

ეკლესიის ისტორიას წააგავდა სიცოცხლეს, სიკვდილსა და აღდგომას. მჯერა, რომ აღდგომის დასასრულს დავინახავთ სულების უდიდეს მოსავალს, ისეთს, როგორიც არასოდეს უხილავს მსოფლიოს.

ებრაელთა ისტორიის შესწავლისას აღმოაჩენთ, რომ, ჩვეულებისამებრ, ებრაელებს ჰქონდათ კურთხევითა და კეთილდღეობით სავსე ცხოვრება, ცხოვრება, რომელსაც ეკლესია ვერ ჩასწვდა!

ავტორი: რობერტ ჰაიდლერი

(რობერტ ჰაიდლერის წიგნიდან „მესიანური ეკლესია აღდგენა გრძელდება“ (The Messianic Church Arising).

წყარო: http://orhaolam.org/

თარგმნა: ნინო ხუროშვილმა