შავუოთი

954819_781724441945391_1235990601828542227_n

შავუოთის დღესასწაული კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მოვლენის – სინაის მთაზე თორის მიღების გამო აღინიშნება. სამყაროს შექმნიდან 2448 წელს (ჩვ. წ. აღ-მდე 1312წ) უზენაესმა ებრაელებს თორა და ათი მცნება უბოძა. სახელწოდება შავუოთი, რომლითაც ეს დღესასწაული თორაშია მოხსენიებული, სიტყვა-სიტყვით ,,კვირეებს“ ნიშნავს. ეს განპირობებულია იმით, რომ მას ფესახის მეორე დღიდან ათვლილი შვიდი კვირის შემდეგ აღნიშნავენ. თალმუდი დღესასწაულის სახელწოდებად ,,აცერეთს“ (,,დამამთავრებელი დღესასწაული“) იყენებს, ამ სახელწოდებაში ჩაქსოვილი იდეა მიგვანიშნებს, რომ თორის ბოძების დღე მონობიდან ჩვენს გათავისუფლებასთან მჭიდრო კავშირშია.
იცით თუ არა?
იცით, რომ თორაში შავუოთის დღესასწაული ხუთჯერ არის ნახსენები. შავუოთზე საუბრობს თორის თავები: მიშპატიმ, თისა, ფინხას და რეე, მეხუთედ შავუოთი მოხსენიებულია ვაიკრას წიგნის საკვირაო თავში – ემორ. თავში ,,ემორ“ მოთხრობილია დღესასწაულის ყველა კანონისა და მცნების შესახებ, მაგრამ დღესასწაული არ მოიხსენიება იმ სახელით, რომლსაც თორა მას დანარჩენ ოთხ შემთხვევაში უწოდებს. საქმე ისაა, რომ ,,ემორ“-ში შავუოთის დაწვრილებითი აღწერა ფესახის ლოგიკური გაგრძელება და ბუნებრივი ნაწილია, ის ფესახთან მჭიდრო კავშირშია. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს შავუოთის ჭეშმარიტი არსი – დაასრულოს ფესახი, იყოს მისი ,,აცერეთი.“
შეკრების დღე
წინა თაობების ბრძენები მოგვითხრობდნენ — შავუოთს ,,ფესახ აცერეთი“ იმიტომ ეწოდა, რომ მოშე დვარიმის წიგნში თორის ბოძების დღეს ,,შეკრების დღეს“ უწოდებს. სიტყვა ,,აცერეთის“ პირდაპირი მნიშვნელობაც ხომ ,,შეკრების დღეა.“ ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს მთელი ხალხი ერთად, ერთ ადგილზე იკრიბება.
მოწმენდილი ცა
ახიტოფელმა თავის ვაჟებს სამი წესი უანდერძა: არ გადაემტეროთ ერთმანეთს, არ აუჯანყდეთ დავიდის სახლიდან გამოსულ მეფეებს და იმ შემთხვევაში, თუ შავუოთში მოწმენდილი ცა იქნება, დათესეთ ხორბალი. თალმუდს ( ბავა ბატრა 147ა) მოჰყავს აბა შაულის სიტყვები: ,,თუ შავუოთში მოწმენდილი დღეა (ანუ ცაზე არ არის ღრუბელი) – ეს კარგ წელიწადს მოასწავებს.“
იერუსალიმის თალმუდში (როშ ჰაშანა, თ.4) ნათქვამია: ,,როცა თორა მსხვერპლშეწირვას ახსენებს, იყენებს სიტყვა ,,ხატაათ“ (,,შეცოდების მსხვერპლი“), მაგრამ, უკვე შავუოთში მისატან მსხვერპლზე საუბრისას ამ სიტყვას ტოვებს. თითქოს უზენაესი ისრაელს ეუბნება: ,,რადგან თქვენ თორა იტვირთეთ, ისე მოგექცევით, თითქოს არასდროს შეგიცოდავთ.“
მხოლოდ ერთი სადღესასწაულო დღე
რაბი შიმონი ამბობდა: ,,ფესახს და სუქოთს იმ დროს ვზეიმობთ, როცა მინდორში მუშაობის აუცილებლობა არ არის, ამიტომ ისინი შვიდი-რვა დღე გრძელდება. აცერეთი (შავუოთი) კი მინდვრის სამუშაოების სეზონს ემთხვევა, ამიტომ მას ერთი დღე ვზეიმობთ (ერეც ისრაელის გარეთ – ორ დღეს). ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ ზრუნავს უზენაესი ებრაელ ხალხზე.“
ორი ფიცი
წიგნში ,,ტურ ბარეკეტ“ რაბი ხაიმ ბენ ატარი შესანიშნავ აზრს გვიზიარებს: სიტყვა ,,შავუოთი“ შეიძლება წავიკითხოთ როგორც ,,შვუოთ“ (ამასთან ყველა თანხმოვანი ინახება). ასეთ შემთხვევაში ის ნიშნავს არა ,,კვირეებს,“ არამედ ,,ფიცებს.“ მრავლობითი რიცხვი მიგვანიშნებს, რომ ეს დღესასწაული ერთდროულად ორ ფიცს უკავშირდება. პირველი ფიცი უზენაესმა ისრაელს მისცა და დაპირდა, რომ არსდროს ჩაანაცვლებდა სხვა ხალხით. მეორე ფიცი ჩვენ შევფიცეთ უზენაესს, რომ ყოველთვის მისი ერთგულნი ვიქნებით და არასდროს ვუღალატებთ ,,სხვა ღმერთების“ გამო.