ეშაიაგუ.53:1–12. 1 ვინ დაიჯერა უწყება, რაც ჩვენგან გაისმა? ვის გამოეცხადა უფლის მარჯვენა?
2 ამოიზარდა, როგორც მორჩი უფლის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია მას და არც მშვენება, რომ შეგვეხედა მისთვის, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
3 საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და დასნეულებული. სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით.
4 მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ დასჯილი და დამცირებული.
5 მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენი ცოდვების გამო, და ტანჯული ჩვენი უკეთურების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.
6 ჩვენ ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვები.
7 ის ევნო და თავისი ნებით ეწამა და არ გაუხსნია ბაგე; როგორც ცხვარი ისე მიჰყავდათ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მისი მპარსველის წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგეები.
8 შეიპყრეს ის და სამსჯავროს გადასცეს; ვის ადარდებდა მისი ბედი? მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან, განიგმირა ჩემი ხალხის დანაშაულის გამო.
9 სამარხი ბოროტმოქმედთა გვერდით მიუჩინეს, მაგრამ მდიდართან დაიკრძალა, რადგან არ ჩაუდენია ცოდვა, და სიცრუე არ იყო მის ბაგეებში.
10 მაგრამ უფალმა ინება მისი შემუსვრა, და მან მისცა იგი დასატანჯად; როცა მისი სული მიიტანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს თავის მონაგარს, გაუგრძელდება დღეები და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.
11 თავისი სულის ნაღვაწს კმაყოფილებით იხილავს; თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს მართალი ჩემი მონა, და მათ ცოდვებს ის იტვირთავს.
12 ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და ცოდვილებს გამოესარჩლა.