რანბანის წერილი

girshbein_rambam1239

წერილის ადრესატი – მისი უფროსი ვაჟი ნახმანი, რომელსაც ავტორი სთხოვს აღნიშნული წერილი გადაიკითხოს ყოველ კვირა 

ისმინე შვილო ჩემო, მამის დარიგება და არ უარყო დედის სწავლება. (მიშლეი 1:8); ჩაუნერგე შენს თავს ჩვევად წყნარი საუბარი და ეს დაგიფარავს რისხვისგან, რომელიც არის ადამიანის ხასიათის საშინელი დაავადება, რომელსაც მიჰყავს ადამიანები ცოდვამდე. ამბობდნენ ჩვენი ბრძენები: ის ვინც რისხდება გადაეცემა გეინომს. ნათქვამია კოჰელეთში -(ეკლესიასტე): მოიცილე შენი გულიდან რისხვა და ამით შენ ააცილებ სხეულს ბოროტებას. როდესაც მოიცილებ რისხვას, მიმტევებლობა დაისადგურებს შენს გულში, რომელიც ყველა თვისებებს შორის მანათობელია.
ამის მეშვეობით შენ მოიპოვებ გამჩე-ნის წინაშე შიშს და ყოველთვის გემახსოვრება საიდან მოხვედი, საით მიდიხარ და ვის წინაშე უნდა ჩააბარო ანგარიში. რადგან ნათქვამია: დამემალება კი ადამიანი ისეთ ადგილას სადაც მე ვერ დავინახავ?-ამბობს გამჩ-ენი. არ ვავსებ მე ცას და მიწას?

გააანალიზებ რა ყველაფერ ამას მიხვალ იმ აზრზე, რომ გეშინოდეს გამჩენის, რომელმაც შენ შეგქმნა და დაიცავ შენს თავს ცოდვისაგან და ამიტომაც იქნები მუდამ ბედნიერი, რაც არუნდა დაგემართოს. ამას გარდა, როდესაც ყველასთან იქნები მიმტევებელი და მოკრძალებული, მისი დიდების ნათელი და შეხინა გადმოვა შენზე და იცხოვრებ მომავალ ცხოვრებას.

ის ვინც გრძნობს, რომ ვინმეზე მეტია, ამით იგი ჯანყდება გამჩე-ნის წინააღმდეგ, რადგან ამ დროს გამოეწყობა მის სამოსში; რადგან წერია აშემ-ი მეფობს, იგი შემოსილია დიდებით. რით უნდა იამაყოს ადამიანმა-სიმდიდრით? ის იძლევა როგორც სიმდიდრეს, ასევე სიღარიბესაც-ის ამდაბლებს და ის ამაღლებს. პატივით? იგიც ხომ მას ეკუთვნის, სიბრძნე? ვინც ამით ამაყობს მან ხომ იცის, რომ გამჩე-ნი ართმევს ენას მჭერმეტყველებს და მოხუცებს ჭკუას! ასე, რომ ნათელია, ყველა როგორი თანაბარი ვართ მისთვის. იგი თავის რისხვით ამცირებს ამაყს და როდესაც სურს აამაღლებს დამცირებულებს, ამიტომ დაამცირე შენი თავი და გამჩე-ნი მოგამაღლებს.
ამიტომაც გიხსნი, როგორ მოიქცე: ყოველთვის ისაუბრე რბილად, თავდახრილმა, მზერა მიმართე მიწისკენ, ხოლო გული გამჩ-ენისკენ. არ უყურო ადამიანს სახეში, როდესაც ესაუბრები. იფიქრე რომ ყველა ადამიანი შენზე მეტია. თუ ბრძენი და მდიდარია- პატივი ეცი, ხოლო თუ ღარიბია და შენ მდიდარი ან ჭკვიანი ხარ მასზე მითუმეტეს ჩათვალე, რომ შენ უფრო დამნაშავე ხარ, რადგან მას ცოდვები საკუთარი უცოდინრობით მოსდის, მაშინ როდესაც შენი ცოდვა გააზრებულია, რადგან უნდა გცოდნოდა უკეთ.
ყველა შენს ქმედებაში, სიტყვაში და აზრებში იფიქრე რომ მის წინაშე დგახარ და მისი შეხინა შენს წინაშე, რადგან მისი დიდება ავსებს სამყაროს, ისაუბრე შიშით და თრთოლვით, როგორც მონა-ბატონის წინაშე მდგარი. ყველასთან მოიქეცი თავშეკავებულად. ვინმე თუ დაგიძახებს არ უპასუხო ხმამაღლა, უპასუხე რბილად, ისე თითქოს იდგე ბატონთან.

ყოველთვის მონდომებულად ისწავლე თორა და შეძლებ შეასრულო მისი მოთხოვნები, როდესაც სწავლას მორჩები, გააანალიზე რა ისწავლე, რომ დაინახო რა შეგიძლია დანერგო პრაქტიკაში. გამოსცადე შენი ქცევები დილა საღამოს და ყოველი შენი დღე იქნება გატარებული მონანიებაში.
ილოცე კონცენტრირებულად, მოიცილე ამქვეყნიური ფიქრები გულიდან (ლოცვის დროს), მოამზადე შენი გული ღმერ-თის წინაშე, გაისუფთავე აზრები და იფიქრე იმაზე თუ რის თქმას აპირებ. თუ მიჰყვები ამას, შენს ყოველდღიურ ქცევებში არ მიხვალ ცოდვამდე და რასაც აკეთებ იქნება კეთილის მომცემი, შენი ლოცვა იქნება სუფთა და სასიამოვნო გამჩე-ნისათვის.

წაიკითხე ეს წერილი კვირაში ერთხელ და არ გადაუხვიო მასში დაწერილს, მიჰყევი მას და იცხოვრე მისით გამჩ-ენის გზაზე, დაე იკურთხოს მისი სახელი, და გაგიმართლებს ყველა შენს გზაზე. ამით შენ მიაღწევ მიზანს და დამადლიანდები მომავალ სამყაროს. ყოველთვის, როდესაც წაიკითხავ ამ წერილს, ზეცა უპასუხებს შენი გულისწადილს. ამენ! სელა!

 წყარო – http://tora.ge/