ისლამის მახვილი

ICEJ News-Sword of Islam-AP

ბოლო ხანს მომხდარი ტერორისტული თავდასხმანი პარიზსა და კოპენჰანგენში ნაწილია მთელს მსოფლიოში მოდებული ისლამური ტერორიზმის უპრეცედენტო ტალღისა. ევროპას ადრეც გადაუტანია ტერორისტული თავდასხმანი, მაგალითად, მადრიდში მატარებლის დაბომბვა და ლონდონის მეტროს აფეთქება ათი წლის წინ, მაგრამ ბოლო ხანს აგორებულმა ისლამურ სამხედრო მოქმედებათა ტალღამ, თავისი უზნეობის სიღრმითა და სიდიდით, გააოგნა მსოფლიო. ჟურნალს The Economist არასოდეს დაუწყია ყოველდღიური ცხრილის შედგენა, რათა თვალი ედევნებინა მთელს მსოფლიოში ისლამური ძალადობის შემაშფოთებლად მზარდი ტემპისათვის.

ისლამური სახელმწიფო და, კერძოდ, ბოკო ჰარამის (Boko Haram) ტერორისტული მილიცია, ისე იცავენ ჯიჰადისტურ წესრიგს, რომ ეს ალ-ქაიდას ზოგიერთ ენთუზიასტსაც კი აფრთხობს. ისინი იცავენ შარიათის კანონის ძალიან მკაცრ, სასტიკ პრინციპებს და ბრძოლის ველზე ბარბაროსული ქცევით გამოირჩევიან. მათ მსხვერპლთა სიაში შედიან არა მხოლოდ ამბოხებული შიიტები, ქრისტიანები და დასავლელი ურჯულოები, არამედ სუნიტი მუსლიმებიც, მათ შორის, არაბული რეჟიმის მმართველები.

ამან გამოიწვია ის, რომ ზოგიერთმა არაბმა ლიდერმა ისლამის „რეფორმა“ მოისურვა, მათ შორის, ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრემ და ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ. იანვარში, ალ-აზარის უნივერსიტეტში, ისლამის სწავლულებთან საუბრისას, ალ-სისიმ დასვა კითხვა: „ნუთუ შესაძლებელია, რომ 1.6 მილიარდ ადამიანს სურდეს დედამიწის დანარჩენი მოსახლეობის ამოწყვეტა, რაც 7 მილიარდს შეადგენს, იმისათვის, რომ თავად იცოცხლონ? შეუძლებელია!… ჩვენ რელიგიური რევოლუცია გვჭირდება. თქვენ, იმამები ხართ პასუხისმგებელნი ალაჰის წინაშე. მთელი მსოფლიო თქვენ მომდევნო ნაბიჯს ელოდება.“

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ გამოვიდა ისლამის დამცველის როლში, ისლამის, როგორც „მშვიდობის რელიგიისა“ და ისტორიული მაგალითებიც დაასახელა, როცა ქრისტიანებსაც გამოუვლენიათ არაადამიანური მოპყრობა სხვებისადმი.

მართალია, რომ დღეს ბევრი მუსლიმი ისლამის მშვიდობიან ვერსიას ემხრობა და, რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა გადაუხვის ქრისტეს მიერ ნაქადაგებ მშვიდობის გზას.

ამისდა მიუხედავად, ISIS-ის რადიკალები ამტკიცებენ, რომ ისინი მიჰყვებიან მუჰამედის მიერ დაწესებულ ისლამის თავდაპირველ გზას, მსგავსს კი ჯვაროსნები ვერ განაცხადებენ და ვერ დაამტკიცებენ ქრისტეს შესახებ. ისლამის წინასწარმეტყველმა დააწესა ნაკლებად მშვიდობიანი პრეცედენტი, როგორც დიდებულ ჯარში გაზრდილმა მილიციის მეთაურმა და ადრეული ისლამი თავის ასეთ ზრდასა და გავრცელებას უფრო მეტად მახვილს უნდა უმადლოდეს, ვიდრე მუქარით აღსავსე სწავლებას.

იესო კი, მეორე მხრივ, უარს ამბობდა მახვილზე და ეყრდნობოდა მორალური დარწმუნების ძალას. ადრეული ქრისტიანობა ასე სწრაფად მოციქულთა გამბედაობისა და სიმამაცის წყალობით გავრცელდა. მოციქულებისა, რომლებიც გახდნენ რწმენისათვის წამებულნი ნაცვლად, იმისა, რომ სხვები ეწამებინათ ამავე რწმენისათვის.

დღეს, ისლამის მახვილი უამრავი ერისა და რეგიონის თავზეა აღმართული. ეს მახვილი ისრაელის თავზე ჰკიდია პალესტინელთა პირველი ინტიფადას (პალესტინელთა ამბოხი ისრაელის წინააღმდეგ – მთარგმნ. შენიშვნ.) და 1989 წელს ჰამასის დაარსების დღიდან. ახლა ეს მახვილი სრულიად ახლო აღმოსავლეთზეა მოღერებული და მუქარით მიემართება ევროპისა და მის მიღმა მდებარე ქვეყნებისკენ.
ამ მუქარისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ ის, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ „ომს ტერორიზმის წინააღმდეგ“, არამედ ჩვენ ვებრძვით ექსტრემისტულ რელიგიურ იდეოლოგიას, რომელიც თავის ტაქტიკად ტერორს იყენებს.

ამ საფრთხის ბუნებაც კარგად უნდა გავიგოთ. რადიკალური ისლამი თესავს შიშს იმისათვის, რომ ხალხს იძულებითი მორჩილებისკენ უბიძგოს და ეს თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.

ამგვარად, გარდა კარგი საზრიანობისა და სამხედრო ძალის გამოყენებისა, მსოფლიო ლიდერებმა უნდა ხელი შეუწყონ ისლამის შიგნით რეფორმების გატარებას. ამისთვის კი მათ უნდა მოუწოდონ იმ ადამიანებს, რომლებიც ემხრობიან ისლამის მშვიდობიან ფრთას. დასავლეთიც გვერდით უნდა დაუდგეს ახალგაზრდა თაობას, რომელსაც სურს ისლამის სულისშემხუთველ ბორკილებს დააღწიოს თავი. მუსლიმი ქალებიც უნდა განთავისუფლდნენ ისლამის მიერ მდედრობითი  სქესის ჩაგვრისგან.

ამასობაში, ქრისტიანებმა მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ძმებს, რომლებიც მუსლიმთა მხრიდან სასტიკ დევნას განიცდიან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ჩვენც უნდა გვერდში დავუდგეთ ხსენებულ რეგიონებში გამოღვიძების ტალღას, რადგან მრავალი მუსლიმისთვის მიუღებელია რადიკალური ისლამი და ისინი სხვაგან ეძებენ პასუხებს.

და, რაც მთავარია, არავინ არ უნდა მიეცეს შიშს, რომლის დათესვასაც ცდილობს ჩვენ შორის რადიკალური ისლამი. „რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.“ (2 ტიმოთე 1:7)

ავტორი დევიდ პარსონი.

თარგმნა – ნინო ხუროშვილმა.      

Branches-Niger1 Branches-Niger3