წინასიტყვაობა
წმინდა წერილის ავტორიტეტი გახლავთ საფუძველი ქრისტიანული ეკლესიისა როგორც ჩვენს დროში, ასევე ყოველ ეპოქაში, ყოველთვის. ის, ვისაც სწამს იესო ქრისტესი და აღიარებს მას საკუთარ მხსნელად და უფლად, მოუწოდებს საკუთარ სამწყსოს უყუროს გარესამყაროს თავმდაბალი და რწმენით აღსავსე მზერით, ღვთის სიტყვისადმი მორჩილების აუცილებლობის რწმენით. მათ, ვინც გადაუხვია წმინდა წერილს რწმენასა თუ საკუთარ საქმეებში, უღალატა ჩვენს უფალს. წმინდა წერილის სრული ჭეშმარიტების აღიარება და მისდამი სრული ნდობით სავსე დამოკიდებულება გახლავთ გამოხატულება მისი მთლიანი გათავისებისა და მისი ავტორიტეტის აღიარებისა.
რწმენის სიმბოლოს თუ მივყვებით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს წმინდა წერილის მსგავს აზრს, ავსებს აზრით ბიბლიის ჩვენმიერ გაგებას და აღკვეთს ჩვენ მიერ მისი უარყოფის შესაძლებლობას. ჩვენ ჩვენს სასიცოცხლო მოვალეობად ვთვლით ამ განცხადების წარმოთქმას, რადგან ბევრ შეცდომას და სიმართლისა და შეუცდომლობისგან გადაცდომას ვხედავთ ჩვენს ქრისტიან ძმებს შორის, ვხედავთ ამ მოძღვრების გაუგებლობას მთელს მსოფლიოში.
ეს სიმბოლო შედგება სამი ნაწილისგან: სიმბოლოს მოკლე გადმოცემის, მტკიცებისა და უარყოფის დებულებებისაგან და ასევე, თან ახლავს განმარტება. ის მომზადებული იქნა ჩიკაგოში გამართულ სამდღიან თათბირზე. მათ, ვინც ხელი მოაწერა სიმბოლოს გადმოცემას და მის დებულებებს, სურდათ დაედასტურებინათ საკუთარი მოსაზრებანი წმინდა წერილის შეუცდომლობასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა გამოეხატათ ყველა ქრისტიანისადმი, რომლებიც უმაღლეს შეფასებას უწერენ ამ მოძრვრებას და მის გაგებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ხანმოკლე, მაგრამ ფრიად ნაყოფიერი კონფერენციისას, ვერ იქნება ამომწურავი და არც იმას ვვარაუდობთ, რომ ეს სიმბოლო სარწმუნეობრივი მოძღვრების ძალას შეიძენს, თუმცაღა, გვიხარია ის, რომ დისკუსიის მსვლელობისას დავრწმუნდით ჩვენს საკუთარ მოსაზრებათა სიღრმეში. ვლოცულობთ, რომ რწმენის სიმბოლო, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, გამოყენებულ იქნას ჩვენი ღმერთის სადიდებლად ეკლესიაში განსახორციელებელ ახალ გარდაქმნათათვის, მისი რწმენის, საქმიანობისა და დანიშნულებისათვის.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს სიმბოლოს სულის ნაყოფია, არა უცილობელი მტკიცება, არამედ თავმდაბლობა და სიყვარული, რომელთა მეშვეობითაც გვინდა, ღვთის შეწევნით, მხარი დავუჭიროთ მომავალში გამართულ ნებისმიერი დიალოგს, რაც შედეგად მოჰყვება ამ სიმბოლოს შესახებ მსჯელობას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წმინდა წერილის შეუცდომლობის უარმყოფელი ბევრი ადამიანი ვერ წარმოიდგენს, რა მოჰყვება შედეგად ამ უარყოფას მათ მოსაზრებათა და ქცევათათვის. ჩვენ ვაღიარებთ, რომ, როცა წმინდა წერილის შეუცდომლობის შესახებ მოძღვრებას ვემხრობით, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ თავადვე საკუთარი ქცევით, აზრებითა და საქციელით უარვყოფთ მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიციები და ქცევები უნდა ღვთის სიტყვას ემორჩილებოდეს.
ამ სიმბოლოს შესახებ დისკუსიაში ვიწვევთ ყველას, ვინც „სწორად მიიჩნევს წმინდა წერილის შესახებ საკუთარი შეხედულების შეცვლას თავად წმინდა წერილის შუქზე, რადგანაც ვთვლით, რომ წერილისადმი, როგორც უცთომელი ავტორიტეტისადმი ერთგულება, განსაზღვრავს ჩვენს სიტყვათა და ქცევათა სისწორეს. ჩვენ არ მოვითხოვთ მათ პიროვნულ შეუცდომლობას, რომლებიც მოწმობენ წმინდა წერილის შესახებ, ამიტომაც, ჩვენ მზად ვართ თქვენი დახმარებისთვის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო განვმტკიცდეთ ღვთის სიტყვისადმი საკუთარ დამოწმებაში, ღვთის სიტყვისა, რომელსაც ყველანი უნდა ვემდალიერებოდეთ.
სარედაქციო კომისია
მოკლე განცხადება
- ღმერთი, რომელიც თავად არის ჭეშმარიტება და მხოლოდ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს, გახლავთ წმინდა წერილის შთამგონებელი, რათა ამით, იესო ქრისტეს მეშვეობით, დაკარგული კაცობრიობისთვის გაეცხადებინა საკუთარი თავი, როგორც შემოქმედსა და უფალს, როგორც მხსნელსა და მსაჯულს. წმინდა წერილი გახლავთ ღმერთის დამოწმება საკუთარ თავზე.
- წმინდა წერილი, რომელიც არის თავად ღმერთის სიტყვა, დაწერილი ღვთის სულის მიერ მომზადებულ და წარმართულ ადამიანთა მიერ, გახლავთ უცილობელი ღვთაებრივი ავტორიტეტი ყველა იმ საკითხში, რომლებზეც არის საუბარი მასში: უნდა გვწამდეს მისი, როგორც ღვთის მითითებისა, ყველაფერში, რასაც იგი მოითხოვს; ის უნდა მივიღოთ, როგორც ღვთის აღთქმა ყველაფერში, რასაც იგი გვპირდება.
- სულიწმიდა, მისი ღვთაებრივი ავტორი, თავისი სულიერი დამოწმებით გვიდასტურებს მის ჭეშმარიტებას და გვიხსნის გონებას მისი აზრის გასაგებად.
- წმინდა წერილი, ვინაიდან იგი სრულიად და მთლიანად ღვთივშთაგონებულია, შეუცდომელი და უცთომელია თავის ყველა სწავლებაში: იმაში, რომ იგი ამტკიცებს უფლის მიერ სამყაროს შექმნის საქმეების, მსოფლიო ისტორიის მოვლენებისა თავისი და თავისი ლიტერატურული წარმოშობის შესახებრაც ღმერთს ნებით იყო განზრახული, ასევე იმაშიც, რომ უფლის მხსნელი მადლი არსებობს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
- წერილის ავტორიტეტს აუცილებლად ადგება ზიანი მაშინ, როცა ეს სრული ღვთიური შეუცდომლობა იზღუდება რამენაირად, ან ყურადღება არ ექცევა, ან კიდევ შეეფარდება იმ ჭეშმარიტების შესახებ გაგებას, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ასეთ გადაცდომათ შედეგად მოსდევს მძიმე დანაკლისი როგორც ცალკეული ადამიანისათვის, ასევე ეკლესიისათვის.
მამტკიცებელი და უარმყოფელი მუხლები
მუხლი 1
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წმინდა წერილი უნდა იქნას მიღებული, როგორც ღვთის ავტორიტეტული სიტყვა.
ჩვენ უარვყოფთ, რომ წერილს თავისი ავტორიტეტი ეკლესიის, ტრადიციების, ან სხვა ადამიანური წყაროს მიერ აქვს მინიჭებული.
მუხლი 2
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წერილი არის უმაღლესი წერილობითი ნორმა, რომელიც ღმერთმა აუცილებლად აქცია ჩვენი სინდისისათვის და ვამტკიცებთ ასევე, რომ ეკლესიის ავტორიტეტი ემორჩილება წერილის ავტორიტეტს.
ჩვენ უარვყოფთ, რომ ეკლესიის რწმენის სიმბოლოებს, კრებებს ან დადგენილებებს დიდი ან თანაბარი ავტორიტეტი აქვთ წერილის ავტორიტეტთან შედარებით.
მუხლი 3
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ დაწერილი ღვთის სიტყვა, თავის სისრულეში, არის ღვთის მიერ მოცემული გამოცხადება.
ჩვენ უარვყოფთ, რომ ბიბლია უბრალოდ გამოცხადების შესახებ დამოწმებაა, ან გამოცხადებად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი იღებს მას თავის გულში.
მუხლი 4
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღმერთმა, რომელმაც თავის ხატად შექმნა კაცობრიობა, გამოცხადების საშუალებად გამოიყენა ენა.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ ადამიანური ენა ისეა შეზღუდული ჩვენი ადამიანური ბუნებით, რომ ა შეიძლება გამოდგეს ღვთიური გამოცხადების საშუალებად. ასევე, ჩვენ უარვყოფთ, რომ ადამიანის ბუნებისა და ენის ცოდვის მიერ შერყვნამ გაანადგურა ღვთაებრივი მადლის შრომა ბიბლიის წერისას.
მუხლი 5
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წმინდა წერილში მოცემული ღმერთის გამოცხადება გახლდათ პროგრესირებადი.
ჩვენ უარვყოფთ, რომ მოგვიანო გამოცხადებას, რომელიც ემატება უფრო ადრეულს, შეიძლება შესწორება შეჰქონდეს მასში ან ეწინააღმდეგებოდეს მას. გარდა ამისა, ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ ახალი აღთქმის წიგნების დაწერის დასრულების შემდეგ ვინმეს მიეცა რაიმე გამოცხადება, რომელიც თანაბარი იქნებოდა წმინდა წერილისა.
მუხლი 6
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მთელი წერილი, სრულად აღებული და, ასევე, მისი ცალკეული ნაწილები, მისი ორიგინალის ყოველი სიტყვა, უფლის მიერაა შთაგონებული.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ წერილის ღვთივსულიერება შეიძლება შეეხებოდეს მთლიანს, მაგრამ არა ნაწილებს ან ამა თუ იმ ნაწილს, მაგრამ არა მთლიანს.
მუხლი 7
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღმერთმა მოგვცა თავისი სიტყვა ადამიანთათვის, როგორც ავტორთათვის, თავისი სულის მიერ შთაგონების მეშვეობით. წერილის წარმოშობა ღვთაებრივია. ღვთაებრივი შთაგონების საშუალება ჩვენთვის, გარკვეულწილად, საიდუმლოებით მოცულად რჩება.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ შთაგონება შეიძლება დაიყვანებოდეს ადამიანურ ჭვრეტაზე ან ცნობიერების რაიმე სახის კონცენტრაციაზე.
მუხლი 8
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღმერთმა თავის შთაგონებით შრომაში გამოიყენა პიროვნებათა თავისებურებანი და ავტორთა ლიტერატურული სტილი, რომლებიც მან აარჩია და, რომლებიც მოამზადა ამ შრომის გასაწევად.
ჩვენ უარვყოფთ, რომ ღმერთი შთააგონებდა ამ ავტორებს გამოეყენებინათ სწორედ ის სიტყვები, რომლებიც მან (ღმერთმა) აირჩია და უგულებელყოფდა მათ პიროვნებას.
მუხლი 9
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შთაგონებამ, რომელსაც არ ჩაუნაცვლებია ყოვლისმხედველობა, უზრუნველყო ნამდვილი და სანდო გამოხატულება იმისა, რის სათქმელად და დასაწერადაც იყვნენ შთაგონებულნი ბიბლიური ავტორები.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ ამ ავტორთა მოკვდავობისა თუ ცოდვიანობის შედეგად, აუცილებლობისა თუ სხვა რაიმე მიზეზით, ღვთის სიტყვაში აღმოჩნდა სიყალბე ან დამახინჯებანი.
მუხლი 10
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღვთივსულიერად, მკაცრად რომ ვთქვათ, შეიძლება ჩაითვალოს წმინდა წერილის მხოლოდ თავდაპირველი, ნამდვილი ტექსტი, რაშიც, ღვთის ნებით, დიდი სიზუსტით შეიძლება დავრწმუნდეთ არსებულ ხელნაწერთა მეშვეობით. ასევე, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წმინდა წერილის ასლები და თარგმანები ღვთის სიტყვაა იმდენად, რამდენადაც ზუსტია მათსა და ორიგინალს შორის არსებული მსგავსება.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ ორიგინალი ტექსტების არარსებობა რაიმენაირად ეხება ქრისტიანული რწმენის არსებით ელემენტს. ასევე, ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ ეს არარსებობა ბიბლიის შეუცდომლობის შესახებ მტკიცებას არაარსებითად და ძალადაკარგულად ცნობს.
მუხლი 11
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წერილი, რომელიც ღვთივსულიერია, გახლავთ შეუცდომელი, ამგვარად, ის სრულიადაც არ მიგვიძღვის მცდარ გზაზე, არამედ ნამდვილი, მართალი და საიმედოა ყველა იმ საკითხში, რასაც ეხება.
ჩვენ უარვყოფთ იმის შესაძლებლობას, რომ ბიბლია ერთდროულად შეუცდომელი და მცდარია თავის მტკიცებულებებში. შეუცდომლობა და უშეცდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ისინი განუყოფელია.
მუხლი 12
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წერილი თავის სისრულეში გახლავთ შეუცდომელი, თავისუფალი ყოველგვარი სიყალბის, სიცრუისა თუ ტყუილისგან.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ ბიბლიის შეუცდომლობა და უშეცდომობა შემოისაზღვრება სულიერი, რელიგიური ან გამოსყიდვის შესახებ თემებით და არ შეეხება მეცნიერებისა და ისტორიის სფეროს საკითხებს. ჩვენ ასევე უარვყოფთ იმას, რომ დედამიწის ისტორიასთან დაკავშირებულმა მეცნიერების ჰიპოთეზებმა შეიძლება გააბათილოს ბიბლიის სწავლება სამყაროს შექმნისა და წარღვნის შესახებ.
მუხლი 13
ჩვენ ვამტკიცებთ სიტყვა „შეუცდომელის“ გამოყენების სისწორეს, როგორც საღვთისმეტყველო ტერმინისა, წმინდა წერილის სრულ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით.
ჩვენ უარვყოფთ წერილის შეფასების სისწორეს, რომელიც ხდება ჭეშმარიტებისა და მცდარობის ნორმების შესაბამისად, რაც უცხოა წერილის დანიშნულებისა და გამოყენებისათვის. ჩვენ ასევე უარვყოფთ იმას, რომ ბიბლიის ისეთი თავისებურებანი, როგორებიცაა თანამედროვე ტექნიკური სიზუსტის არარსებობა, გრამატიკული ან ორთოგრაფიული გადაცდომანი, თავისებურებანი ბუნების მოვლენათა აღწერისას, უმართლო საქმეთა შესახებ მონაყოლი, ჰიპერბოლებისა და მრგვალი რიცხვების გამოყენება, ინფორმაციის თემატური განაწილება, მასალის ვარიაციული შერჩევა პარალელურ ტექსტებში, თავისუფალი ციტირების გამოყენება აბათილებს წერილის შეუცდომლობას.
მუხლი 14
ჩვენ ვამტკიცებთ წერილის ერთიანობას და შინაგან თანმიმდევრულობას.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ სავარაუდო შეცდომები და ჯერ კიდევ განუმარტავი სხვადასხვაობანი საფუძველს აცლის ბიბლიის ჭეშმარიტების შესახებ მტკიცებას.
მუხლი 15
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეუცდომლობის შესახებ მოძღვრება ეფუძნება ღვთივშთაგონებულობის შესახებ ბიბლიის სწავლებას.
ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ იესოს სწავლება წერილის შეუცდომლობის შესახებ შეიძლება გაბათილდეს იმის შესახებ წარმოდგენით, რომ იგი ღვთაებრივ ჭეშმარიტებათ უფარდებდა ადამიანურ შეზღუდულობათ ან გაბათილდეს წარმოდგენით მისი (ქრისტეს) ადამიანური ბუნების ნებისმიერი ბუნებრივი შეზღუდულობით.
მუხლი 16
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეუცდომლობის შესახებ მოძღვრება გახლდათ ეკლესიის რწმენის განუყოფელი ნაწილი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.
ჩვენ უარვყოფთ, რომ შეუცდომლობის შესახებ მოძღვრება გამოგონებულია სქოლასტიკური პროტესტანტიზმის მიერ ან გახლავთ რეაქციული პოზიცია, რომელიც აღიარებული იქნა პოსტულატად უარყოფითი კრიტიკის პასუხად.
მუხლი 17
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სულიწმიდა მოწმობს წერილის შესახებ, არწმუნებს მორწმუნეებს დაწერილის ღვთის სიტყვის სიმართლეში.
ჩვენ უარვყოფთ, რომ სულიწმიდის ეს მოწმობა მოქმედებს წერილისგან განცალკევებულად ან მის საწინააღმდეგოდ.
მუხლი 18
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წერილის ტექსტი უნდა განიმარტებოდეს ისტორიულ-გრამატიკული ეგზეგეზის მეშვეობით და მის ლიტერატურულ ფორმათა და საშუალებათა გათვალისწინებით, ასევე, ვამტკიცებთ იმას, რომ წერილი წერილითვე უნდა განიმარტებოდეს.
ჩვენ უარვყოფთ ტექსტის ნებისმიერი დამუშავების კანონიერებას ან მისი წყაროების ძიებას, რასაც რელატივიზმისადმი, ანტიისტორიულობისადმი, მისი სწავლებისა თუ ავტორობის უარყოფისადმი მივყავართ.
მუხლი 19
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წერილის სრული ავტორიტეტის, შეუცდომლობისა და უშეცდომობის აღიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული რწმენის სწორი გაგებისათვის. ჩვენ ასევე ვამტკიცებთ, რომ ასეთი აღიარება გვეხმარება ქრისტეს ხატებისადმი მიმსგავსებაში.
ჩვენ უარვყოფთ, რომ ასეთი აღიარება აუცილებელია ხსნისათვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ უარვყოფთ, რომ შეუცდომლობის შესახებ მოძღვრება შეიძლება უგულებელყოფილ იქნას და ამას არ მოჰყვეს სერიოზული შედეგები როგორც ცალკეული ადამიანისათვის, ასევე ეკლესიისათვის.
გადმოცემა
შეუცდომლობის შესახებ მოძღვრების ჩვენი გაგება უნდა გადმოიცეს საკუთარი თავის შესახებ წმინდა წერილის სწავლების უფრო ფართო კონტექსტში. მოცემულ გადმოცემაში მოტანილია ამ მოძღვრების ძირითადი პრინციპები, რომელთა საფუძველზეც გახლავთ შეგდენილი ჩვენი მოკლე განცხადება და მუხლები.
შესაქმე, გამოცხადება და შთაგონება
სამპიროვანი ღმერთი, ვინც ყველაფერი საკუთარი შემოქმედებითი გამოვლინებით შექმნა და განაგებს ყოველივეს თავისი მბრძანებელი სიტყვით, შექმნა ადამიანთა მოდგმა თავის ხატად და მსგავსად იმისათვის, რათა ადამიანი მარადიული სიცოცხლის თანამონაწილე ყოფილიყო, შექმნა მარადიული ძმობის ნიმუში ღმერთში სიყვარულსა და ურთიერთობაში. ადამიანს უნდა მოესმინა მისადმი მიმართული ღვთის სიტყვა და ეპასუხა მასზე თაყვანისცემისა და მორჩილების სიხარულით, ვითარცა ღვთის ხატების მატარებელს. ღმერთის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგისა და მასში მოვლენათა თანმიმდევრულობის მეშვეობით საკუთარი თავის გაცხადების კვალდაკვალ, ადამიანები, ადამიდამ მოყოლებული, ღმერთისგან იღებდნენ სიტყვიერ გზავნილებს უშუალოდ, როგორც მითითებულია კიდეც წმინდა წერილში, ან ვინმეს მეშვეობით, წერილის ნაწყვეტის ან მთლიანად წერილის ფორმით.
ადამი ცოდვით რომ დაეცა, შემოქმედს არ მიუტოვებია კაცობრიობა საშინელ სამსჯავრომდე, არამედ აღუთქვა ხსნა და დაიწყო საკუთარი თავის, როგორც მხსნელის, გაცხადება მთელ რიგ ისტორიულ მოვლენათა მეშვეობით; მოვლენათა, რომლებიც თავმოყრილია აბრაამის ოჯახისა და მათ გარშემო, რომელთაც მიაღწიეს უმაღლეს წერტილს სიცოცხლეში, სიკვდილში, აღდგომაში, რაც, დღევანდელ დღეს, ხორციელდება იესო ქრისტეს მღვდელმთავრულ მსახურებასა და მის ნაწინასწარმეტყველებ და აღთქმულ მოვლინებაში. ამასთან დაკავშირებით ღმერთი, დროდარდო, წარმოთქვამდა მსჯავრისა და წყალობის განსაკუთრებულ სიტყვებს, დაპირებებსა და მითითებებს ცოდვილ ადამიანთა მიმართ, სურდა მათთან აღთქმის დადება, აღთქმისა, რომელშიც ორივე მხარეს ექნებოდა ვალდებულებანი, რომელშიც ის აკურთხებს მათ მადლით, ისინი კი აკურთხებენ მას და პასუხად თაყვანისცემით მიუგებენ. მოსე, რომელიც ღმერთმა აირჩია შუამავლად და, რომელსაც უფლის სიტყვები უნდა ემცნო რჩეული ერისათვის ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს, დგას წინასწარმეტყველთა გრძელი სიის თავში, რომლის ბაგეებსა და ნაწერშიც ღმერთმა თავისი სიტყვები ჩადო, რათა ამ სიტყვებს ისრაელამდე მიეღწია. ამ გზავნილებში ღმერთის მიზანი იყო აღთქმის დაცვა, რაც განხორციელდებოდა მაშინ, როცა ისრაელი შეიმეცნებდა უფლის სახელს, ანუ უფლის ბუნებასა და ნებას აწმყოსათვის განკუთვნილ მცნებებსა და მომავლისათვის გამიზნულ ზრახვებში. ღვთის წინასწარმეტყველთა ეს რიგი დასრულდა იესო ქრისტეში, განსხეულებულ ღვთის სიტყვაში, ვინც თავად იყო წინასწარმეტყველი და მეტიც, ვიდრე წინასწარმეტყველნი და მოციქულნი ქრისტიანთა პირველ თაობაში. გაცხადებული უწყებანი შეწყდა მაშინ, როცა ღმერთის უკანასკნელი და უმაღლესი უწყება, იესო ქრისტეს შესახებ ქვეყნიერებისადმი მიმართული მისი სიტყვა, წარმოითქვა და განიმარტა მოციქულთა წრეში. მას შემდეგ ეკლესიას უნდა ეცხოვრა და შეეცნო ღმერთი იმის მიხედვით, რაც ღმერთმა უკვე თქვა და მისი ნათქვამი ყოველი დროისათვის არის განკუთვნილი.
სინაის მთაზე ღმერთმა ქვის ფიქალებზე დაწერა თავისი აღთქმის პირობები, რათა ისინი ყოფილიყვნენ საიმედო და ხანგრძლივი მოწმენი და წინასწარმეტყველურ და მოციქულურ გამოცხადებათა დროებში ის შთააგონებდა ადამიანებს ჩაეწერათა ეს უწყებანი, რომელთაც ღმერთი მათ და მათი მეშვეობით აძლევდა დანარჩენ კაცობრიობას, იმ სახობტო ჩანაწერებთან ერთად, რომლებშიც აღწერილი იყო ღმერთის მოპყრობა თავისი ერისადმი და უფალთან დადებულ აღთქმაში ცხოვრების მორალური ასპექტების შესახებ ნააზრევი, ასევე, ქებისა და ლოცვის ფორმა და აღთქმის წყალობანი. ბიბლიურ დოკუმენტებში შთაგონების საღვთისმტყველო რეალობა შეესაბამება ზეპირ წინასწარმეტყველებათა შთაგონებას მიუხედავად იმისა, რომ ავტორთა ადამიანური ინდივიდუალურობა აისახებოდა იმაში, რომ მათ მიერ დაწერილი სიტყვები შეესაბამებოდა ღვთის ჩანაფიქრს. ამგვარად, ის, რაც ნათქვამია წმინდა წერილში, ნათქვამია ღმერთის მიერ, წერილის ავტორიტეტი ღმერთის ავტორიტეტია, ისაა წერილის საბოლოო და მთავარი ავტორი, რომელმაც ეს წერილი მოგვცა რჩეულ და მომზადებულ ადამიანთა გონებისა და სიტყვების მეშვეობით, რომელთაც თავისუფლად და რწმენით, „სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი“ (2პეტრე 1:21). წმინდა წერილი უნდა აღიარებულ იქნას ღვთის სიტყვად თავისი ღვთიური წარმოშობის გამო.
ავტორიტეტი: ქრისტე და ბიბლია
იესო ქრისტე, ღვთის ძე, სიტყვა, რომელიც ხორცი იქმნა, ჩვენი წინასწარმეტყველი, მწყემსი და მეფე, გახლავთ საბოლოო შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის, ვისი მეშვეობითაც მოცემული გვაქვს ღვთის მადლის ყველა საბოძვარი. მის მიერ მოცემული გამოცხადება გამოვლინდა არა მხოლოდ სიტყვაში: მან საკუთარი თანდასწრებითა და საქმეებით გააცხადა თავისი მამა. და მაინც, მის სიტყვებს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამეთუ ის იყო ღმერთი, ის ლაპარაკობდა მამის სახელით და მისი სიტყვები განიკითხავს ყველა ადამიანს უკანასკნელ დღეს.
იესო ქრისტე გახლავთ წერილის მთავარი თემა, როგორც ნაწინასწარმეტყველები მესია. ძველი აღთქმა მას წინასწარ ჭვრეტდა; ახალი აღთქმა მის პირველ მოსვლას აღწერს წარსულში და იყურება წინ, ელის მის მეორედ მოსვლას. წერილის კანონიკური წიგნები ღვთივსულიერია, ამიტომაც, ისინი ქრისტეს შესახებ მოწმობის საფუძველია. აქედან გამომდინარე, ჰერმენევტიკა, რომლის ფოკუსშიც არ იმყოფება ისტორიული ქრისტე, არ შეიძლება მისაღები იყოს. წმინდა წერილი უნდა მივიღოთ იმად, რაც არის იგი თავისი არსით − მამის დამოწმება განკაცებული ძის შესახებ.
ისევე, როგორც ძველი აღთქმის კანონი დადგენილი იყო უკვე ქრისტეს დროისათვის, ასევე მოციქულთა დროს დასრულდა ახალი აღთქმის კანონი, ამიტომაც, არ შეიძლება საიდანმე მოვიტანოთ ახალი სამოციქულო დამოწმება ისტორიული ქრისტეს შესახებ. არავითარი ახალი გამოცხადება (განსხვავებული იმ გაგებისგან, რაც სულიწმიდის მიერ იქნა მოცემული უკვე არსებული გამოცხადების შესახებ) არ იქნება მოცემული ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. კანონი შეიქმნა ღვთიური შთაგონებით. ეკლესიის ამოცანა გახლდათ ღვთის მიერ მოცემული კანონის გამორჩევა და არა საკუთარის გამოგონება. არსებითი კრიტერიუმები იყო და არის ავტორობა (ან დამოწმება), შინაარსი და სულიწმიდის დამადასტურებელი მოწმობა.
სიტყვა „კანონი“, რაც ნიშნავს „წესს“ ან „სტანდარტს“ მიუთითებს ავტორიტეტზე, რაც აღნიშნავს უფლებას მართვასა და კონტროლზე. ქრისტიანობაში ავტორიტეტი ეკუთვნის ღმერთს მის გამოცხადებაში, რაც იმას ნიშნავს, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს, როგორც ცოცხალ სიტყვას და მეორე მხრივ, წმინდა წერილს, დაწერილ სიტყვას, მაგრამ ქრისტესა და წერილის ავტორიტეტი ერთი მთლიანობაა. ქრისტემ, როგორც ჩვენმა წინასწარმეტყველმა, დაამოწმა, რომ წერილი არ შეიძლება დაირღვეს. მან, როგორც ჩვენმა მეფემ და მწყემსმა, საკუთარი მიწიერი ცხოვრება მიუძღვნა რჯულისა და წინასწარმეტყველთა შესრულებას სიკვდილამდე, რათა აღესრულებინა მესიანური წინასწარმეტყველების სიტყვები. ამგვარად, ისევე, როგორც მან დაინახა წერილში მოწმობა საკუთარ თავსა და თავის ძალაუფლებაზე, ასევე, წმინდა წერილისადმი თავისი მორჩილებით დაამოწმა მისი ავტორიტეტი. ისევე, როგორც მან ქედი მოიხარა ძველ აღთქმაში მოცემულ მამის მითითებათა წინაშე, ასევე ითხოვს იგი, რომ მსგავსადვე იქცეოდნენ მისი მოწაფენიც, მაგრამ არა განცალკევებულად, არამედ მის შესახებ მოციქულთა დამოწმების ერთიანობაში, დამოწმებისა, რომელიც მან შთააგონა მათ სულიწმიდის ნიჭით. ქრისტიანები ავლენენ საკუთარ თავს უფლის ერთგულ მსახურებად, ქედს იხრიან ღვთიურ მითითებათა წინაშე, რომელნიც მოცემულია მოციქულთა და წინასწარმეტყველთა წერილებში და, რომლებიც ერთად შეადგენს ჩვენს ბიბლიას.
საკუთარი ავტორიტეტის ურთიერთჭეშმარიტების დამტკიცებისას ქრისტე და წმინდა წერილი ერთ წყაროში ერწყმიან ერთმანეთს. ბიბლიურად გაგებული ქრისტე და ქრისტოცენტრული, ქრისტეს მქადაგებელი ბიბლია, ამ თვალსაზრისით, გახლავთ ერთი მთლიანობა. ღვთივსულიერების ფაქტის ძალით ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ნათქვამი წერილში ნათქვამია ღვთის მიერ, ასევე, იესო ქრისტესა და წერილს შორის ჩვენთვის გაცხადებული კავშირის ძალით შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ ნათქვამი წერილში ნათქვამია ქრისტეს მიერ.
შეუცდომლობა, უშეცდომობა და განმარტება
წმინდა წერილს, როგორც ზეციდან შთაგონებულ ღვთის სიტყვას, რომელიც ავტორიტეტულად ამოწმებს იესო ქრისტეს შესახებ, შეიძლება სამართლიანად ეწოდოს უშეცდომო და შეუცდომელი. ამ ტერმინებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არაორაზროვნად იცავს უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას.
„უშეცდომობა“ ნიშნავს იმას, რაც „არ გვაცდენს“ და რაც „არ არის ცდომილი“ და, ამგვარად, კატეგორიულ გამოთქმათა მეშვეობით იცავს იმ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც წმინდა წერილი არის ზუსტი, სარწმუნო და სანდო წესი და ხელმძღვანელი ყველა საკითხში.
ამგვარადვე, „შეუცდომელი“ ნიშნავს „ყოველგვარი ტყუილისა და შეცდომისგან თავისუფალს“ და ამგვარად, იცავს იმ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც წმინდა წერილი მთლიანად მართალია და იმსახურებს ნდობას თავის ყველა მტკიცებაში.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კანონიკური წერილი ყოველთვის უნდა განიმარტებოდეს იმის საფუძველზე, რომ ის შეუცდომელი და უშეცდომოა, თუმცაღა, იმის გამორკვევისას, სახელდობრ, რას ამტკიცებს ღვთივშთაგონებული ავტორი ყოველ კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ ყველაზე მეტად უნდა დავაკვირდეთ მისი ადამიანური ბუნების თავისებურებებს. თავისი მწერლის შთაგონებისას ღმერთი იყენებს მის გარემომცველი სამყაროს კულტურასა და პირობებებს და მართავს მათ; სხვანაირად ფიქრი უკვე ამ საკითხის არასწორ გაგებას ნიშნავს.
ამგვარად, ისტორიას უნდა მივუდგეთ ისე, როგორც ისტორიას; პოეზიას − ისე, როგორც პოეზიას; ჰიპერბოლებსა და მეტაფორებს − ისე, როგორც ჰიპერბოლებსა და მეტაფორებს; განზოგადებას და დაკონკრეტებას − ისე, როგორც განზოგადებას და დაკონკრეტებას და ა.შ. ასევე უნდა აღინიშნოს განსხვავება ბიბლიური დროისა და ჩვენი დროის ლიტერატურულ პირობითობას შორის: მაგალითად, ვინაიდან არათანმიმდევრული თხრობა და არაზუსტი ციტირება ჩვეული ამბავი იყო მაშინდელი დროისათვის და მისაღები გახლდათ და არავის უცრუებდა მოლოდინს, ჩვენ არ უნდა აღვიქვათ ეს მოვლენები შეცდომებად, როცა წავაწყდებით მათ ბიბლიურ ავტორებთან. იმ შემთხვევაში, თუ არავინ მოელოდა აბსოლუტურ სიზუსტეს რომელიმე საკითხში და ამას მიზნად არ ისახავდა ავტორი, მაშ, არავითარი შეცდომა არ არის იმაში, რომ ეს მიზანი არ იქნა მიღწეული. წერილი შეუცდომელია არა აბსოლუტურის აზრით, თუკი თანამედროვე სტანდარტებისა და სიზუსტის მიხედვით ვიმსჯელებთ, არამედ საკუთარ მტკიცებათა ჭეშმარიტების აზრისა და იმ სიმართლის ზომის მიღწევის მიხედვით, რასაც ესწრაფოდნენ ავტორები.
წერილის ჭეშმარიტება არ ბათილდება მასში გრამატიკულ თუ ორთოგრაფიულ ცდომილებათა, ბუნების ფენომენალურ მოვლენათა აღწერის, ცრუმტკიცებათა შესახებ ინფორმაციის გადმოცემით (მაგალითად, სატანის ტყუილი) ან ბიბლიის ნაწილებს შორის, ვითომდა, არსებული განსხვავებების გამოვლენით. არასწორია წერილის, ეგრეთ წოდებულ, ფენომენთა დაპირისპირება საკუთარი თავის შესახებ თავად წერილის სწავლებასთან. ხილული შეუსაბამობანი არ უნდა უგულებელვყოთ. მათი განმარტება, თუკი ეს შესაძლებელია, განამტკიცებს ჩვენს რწმენას, ხოლო იქ, სადაც ამჟამად დამარწმუნებლად განმარტება შეუძლებელია, რწმენას გამოვიჩენთ ღვთისადმი იმ საკითხში, რომ მისი სიტყვა ჭეშმარიტია მიუხედავად ხილულობისა და ვინარჩუნებთ დარწმუნებულობას იმაში, რომ ერთხელაც ეს ხილულობა მოჩვენებასავით განქარდება.
წმინდა წერილის განმარტება, ვინაიდან იგი ერთი ღვთიური გონების ნაწარმოებია, უნდა რჩებოდეს ბიბლიურ ანალოგიათა ფარგლებში და უნდა გამორიცხავდეს ჰიპოთეზებს, რომლებიც წერილის ერთ ნაწყვეტს შეასწორებს მეორე ნაწყვეტის მეშვეობით პროგრესიული გამოცხადების ან ღვთივშთაგონებული ავტორის გონების არასრულყოფილი ჭვრეტის სახელით.
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილი არ არის დაკავშირებული განსაზღვრული კულტურის ჩარჩოებთან, რაკი მისი სწავლება საკმაოდ უნივერსალურია, ის, ხანდახან, გარკვეული პერიოდის ჩვეულებათა და შეხედულებათა მიერაა კულტურულად განპირობებული, იმგვარად, რომ მისი პრინციპების გამოყენება ჩვენს დროში სხვაგვარ მოქმედებებს მოითხოვს.
სკეპტიციზმი და კრიტიკა
აღორძინების, განსაკუთრებით, განმანათლებლობის ხანიდან მოყოლებული, განვითარდა ძირითად ქრისტიანულ დოგმატებთან დაკავშირებული სკეპტიკური დამოკიდებულების მქონე მსოფლმხედველობა. ასეთებია აგნოსტიციზმი, რომელიც უარყოფს ღმერთის შეცნობის შესაძლებლობას; იდეალიზმი, რომელიც უარყოფს ღმერთის ტრანსცენდენტულობას და ეგზისტენციალიზმი, რომელიც უარყოფს ჩვენთან ღმერთის ურთიერთობის გონივრულობას.
ეს არაბიბლიური და ანტიბიბლიური პრინციპები როცა საღვთისმეტყველო თეორიათა წიაღში შეაღწევს ვარაუდთა დონეზე, როგორც ხშირად ხდება ჩვენს დროში, წმინდა წერილის ნამდვილი და სწორი განმარტება შეუძლებელი ხდება.
გადაცემა და თარგმანი
ღმერთს ვინაიდან არასოდეს მოუცია პირობა იმისა, რომ წმინდა წერილი უშეცდომოდ იქნებოდა გადმოცემული, ამიტომაც, აუცილებელია განვაცხადოთ ის, რომ ღვთივსულიერი მხოლოდ ორიგინალის ნამდვილი ტექსტია და დავამტკიცოთ ტექსტუალური კრიტიკის, როგორც შეცდომათა აღმოჩენის საშუალების, აუცილებლობა, შეცდომებისა, რომლებიც შეიძლება გაიპაროს ტექსტში მისი გადმოცემის პროცესში, თუმცაღა კვლევის დასკვნა გახლავთ ის, რომ ძველებრაული და ბერძნული ტექსტები საოცრად კარგად შენარჩუნდა და ჩვენ სრული საფუძვლიანობით შეგვიძლია დავადასტუროთ, ვესტმინსტერის რწმენის აღსარებასთან ერთად, ღმერთის განსაკუთრებული ჩანაფიქრი ამ საქმეში და განვაცხადოთ, რომ წერილის ავტორიტეტს არანაირად არ ემუქრება ის ფაქტი, რომ ჩვენს ხელთ არსებული ასლები სრულად არ გახლავთ თავისუფალი შეცდომათაგან.
მსგავსადვე, ვერავითარი თარგმანი ვერ იქნება სრულყოფილი და ყოველი თარგმანი ორიგინალისგან შორს გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია მხოლოდ, მაინც, ლინგვისტური მეცნიერება ასკვნის, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, ინგლისურენოვანი ქრისტიანები, ჩვენს დროში, მეტისმეტად კარგად არიან უზრუნველყოფილნი მრავალი შესანიშნავი თარგმანით და შეუძლიათ ეჭვიც არ შეეპაროთ იმაში, ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა მათთვის მისაწვდომია. „მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ წერილში ხშირად მეორდება ძირითადი საკითხები, რომელთაც ეხება იგი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სულიწმიდა გამუდმებით ამოწმებს სიტყვაში და სიტყვის მეშვეობით, წმინდა წერილის ვერავითარი სერიოზული თარგმანი ვერ დაამახინჯებს მის აზრს, რომ მას არ ძალუძდეს „შენი გაბრძნობა .. რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.“ (2 ტიმ.3.15).
შეუცდომლობა და ავტორიტეტულობა
წერილის ავტორიტეტის დამტკიცებისას, რომელიც გულისხმობს მისი ჭეშმარიტების სრულ სისრულეს, ჩვენ გაცნობიერებულად ვდგავართ ქრისტესა და მის მოციქულთა გვერდით, საქმით კი მთელი ბიბლიისა და ეკლესიის ისტორიის ძირითადი მიმართულების გვერდით, ეკლესიის ისტორიისა პირველი დღეებიდან მოყოლებული უკანასკნელ დრომდე. ჩვენ გვაღელვებს ის არასერიოზულობა, დაუდევრობა და აშკარა დაუფიქრებლობა, რომელთა გამოხატვითაც ბევრმა უარყო ის შეხედულება, რომლის დიდმნიშვნელოვნებასაც შორს მიმავალი მნიშვნელობა გააჩნია.
ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ბიბლიის სრული ჭეშმარიტების შესახებ შეხედულებაზე უარის თქმას, ბიბლიისა, რომლის ავტორიტეტიც აღიარებულია, შედეგად მოსდევს სრული გაუგებრობა. ამის შედეგად, ღმერთის მიერ მოცემული ბიბლია, კარგავს თავის ავტორიტეტს და მის ნაცვლად ავტორიტეტული ხდება ბიბლია, რომლის შინაარსიც მორგებულია ინდივიდუუმის კრიტიკას დაქვემდებარებულ მსჯელობას, რითაც, პრინციპში, დაიშვება რედუქციისა და შემგუებლობის შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ, არსებითად, ავტორიტეტული გახლავთ დამოუკიდებელი გონი, რომლიც უპირისპირდება წმინდა წერილის სწავლებას. ეს თუ არ შეინიშნება, ხოლო სახარებისეული სწავლების ძირითად დებულებებს ჯერ კიდევ მხარს უჭერენ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ წერილის ჭეშმარიტების სისრულეს, მათ შეუძლიათ სახარებისეულ იდენტურობაზე პრეტენზიის გამოცხადება, მაშინ, როგორც მეთოდოლოგიურად დაშორდნენ ისინი არამყარი სუბიექტივიზმის შემეცნების სახარებისეულ პრინციპს და მათ გაუჭირდებათ შეჩერება.
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ის, რასაც ამბობს წმინდა წერილი, ნათქვამია ღმერთის მიერ, დაე, განდიდდეს იგი. ამინ, ამინ.
თარგმნა – ნინო ხუროშვილმა .
www.propovedi.ru