2015 წელი ღირსშესანიშნავი წელია ევროპისა და მთელი მსოფლიოსათვის, განსაკურებით კი გერმანიისა და ისრაელისათვის, რადგან უკვე 70 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან და ჰოლოკოსტის მხილებიდან.
27 იანვარს ICEJ-მ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ადგილას გამართულ ღონისძიებაში, რომლებიც ჰოლოკოსტის გახსენების საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. წელს ეს დღეს ოსვენციმის სიკვდილის ბანაკის განთავისუფლებიდან 70 წლისთავს დაემთხვა.
27 იანვარს, შტუტგარტში, ICEJ-ის გერმანიის ფილიალმა უმასპინძლა ხსენებულ წლისთავისადმი მიძღვნილ დღეს, რასაც ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. სიტყვით გამომსვლელთა და სტუმართა შორის იყვნენ ისრაელის დიპლომატები, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები და ებრაული და ქრისტიანული თემების წინამძღოლნი. მათ შორის გახლდნენ ელჩი დენ შეხემი (Dan Shacham), რომელიც გახლავთ ისრაელის გენერალური კონსული მიუნხენში, რაბი ნეთანელ ვურსმერი (Netanel Wurmser) – ბადენ-ვურტემბერგის მთავარი რაბინი და პატივცემული ჰარტმუტ სტებე (Hartmut Stebe), გერმანიის ევანგელური გაერთიანების პრეზიდენტი.
ჰაიფაში, ICEJ-მ მონაწილეობა მიიღო ამავე დღეს გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ჰოლოკოსტს გადარჩენილებს ეძღვნებოდა. ღონისძიებას ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო ჰოლოკოსტს გადარჩენილი ხუთასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ასი ადამიანი გახლდათ ოსვენციმიდან გადარჩენილი. ICEJ-ის მედია დირექტორმა დევიდ პარსონსმა სიტყვით მიმართა შეკრებილებს; მასთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ ისრაელის ახლანდელი ფინანსთა მინისტრი იაირ ლეპიდი (Yair Lapid), ქნესეთის ოთხი წევრი, ასევე, შოშანა კოლმერი (Shoshanna Kolmer) – ოსვენციმიდან გადარჩენილი 95 წლის ქალი, რომელიც ჰაიფაში, ოსვენციმიდან გადარჩენილთათვის ICEJ-ის მიერ მოწყობილ თავშესაფარში ცხოვრობს.
და ბოლოს, იერუსალიმში, ICEJ-მ ჩაატარა დარისხების საგანგებო ცერემონიალი იად ვაშემში არსებულ ხსოვნათა დარბაზში (Hall of Remembrance) ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავად. ცერემონიალს ესწრებოდა 15 ერის წარმომადგენელი ასზე მეტი ქრისტიანი ხუცესი და მსახურებათა ლიდერი.
ცერემონიალები გაგრძელდება ამ გაზაფხულზე მთელს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი დღეების აღსანიშნავად და დასრულდება 2015 წლის 8 მაისს, გერმანიის დანებებიდან 70 წლისთავის დღეს. დღეს, ბევრი გერმანელისათვის ეს მოვლენა არის შესაძლებლობა იმისა, რომ აღგვენიშნა ჰიტლერის კლანჭებისა და ნაცისტური რეჟიმისგან ჩვენი ერის განთავისუფლების დღე, რომელთა მმართველობის დროსაც სუფევდა ტერორი და, რომელიც გენოციდის კამპანიას აწარმოებდა ებრაელთა წინააღმდეგ.
ამგვარად, ICEJ-ის გერმანიის ფილიალს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი კონცერტები და სხვა საგანგებო ღონისძიებანი, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში გაიმართება ჩვენი ერისათვის ამ ფრიად მნიშვნელოვანი დღეების გასახსენებლად. წელს ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ გერმანიის ეკლესიებს, რათა მათ გადახედონ წარსულს და აიღონ პასუხისმგებლობა ჩვენი ეროვნული ისტორიის ამ შავ-ბნელი ფურცლისათვის და ასევე, იმედით შეხედონ მომავალს. წმინდა წერილში 70 წელი დიდი მნიშვნელობის მქონე პერიოდია, რაკი იგი მთელი თაობის გადასვლას ნიშნავს. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა მეგობრობის ახალი ეპოქის დაწყებას შეუწყოს ხელი გერმანიასა და ისრაელს შორის და, რომ სულიერი აღორძინების ჟამი დადგეს გერმანიის ცხოვრებაში.- გოტფრიდ ბიულერი
ICEJ-ის გერმანიის ნაციონალური დირექტორი.
თარგმნა– ნინო ხუროშვილმა