ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ დაემორჩილება გაეროს უშიშროების საბჭოს „სამარცხვინო“ რეზოლუციას, რომელიც ქვეყანას პალესტინაში დასახლებების მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, ის უმიზნებს ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ დემოკრატიას − ისრაელს და დასავლეთის კედელს „ოკუპირებულ ტერიტორიას“ უწოდებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ობამას ადმინისტრაციამ არა მხოლოდ არ დაიცვა ისრაელი უშიშროების საბჭოსგან, არამედ, პირიქით, დაეხმარა სხვებს მის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებაში.
BBC-ის ინფორმაციით ისრაელს მსგავსი რეზოლუციებისგან, ჩვეულებისამებრ აშშ-ს ვეტო იცავს, თუმცა უშიშროების საბჭოზე კენჭისყრისას აშშ-მ თავი შეიკავა და ვეტო არ დაადო აღნიშნულ რეზოლუციას. გაეროს რეზოლუცია, რომელსაც მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა, ისრაელისგან მოითხოვს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის, აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას.
აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სამანტა პაუერმა, განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ერთსულოვნად თანხმდება იმაზე, რომ ისრაელის მიერ მშენებარე დასახლებებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
წყარო: http://www.bbc.com/