ებრაელები ღირსშესანიშნავი ხალხია. გაიხსენეთ თუნდაც ის, რომ ერთადერთი ერია, რომელიც ძალით ამოძირკვეს თავისი სამშობლოდან, ერთხელ კი არა, არამედ ორჯერ და ორივეჯერ დაბრუნდნენ საკუთარი სახელმწიფოს აღსადგენად და ეროვნული სუვერენიტეტის ხელახლა განსამტკიცებლად. შეგიძლიათ მსოფლიოს ყველა კუთხეში ეძებოთ, მაგრამ ვერსად იპოვით ხალხს, რომელმაც თუნდაც ერთხელ შეძლო ეს. ებრაელებმა კი ეს ორჯერ მოახერხეს! ებრაელებს ყველაზე გამორჩეულ ერად აქცევს ის ფაქტი, რომ მათ მოგვცეს წიგნი, რომელშიც ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა, რომ ეს ყოველივე უნდა მომხდარიყო. ბიბლია წინასწარ გვეუბნება ებრაელთა ორი გაფანტვისა და ორი დაბრუნების შესახებ − პირველად ბაბილონიდან, ხოლო შემდეგ − დედამიწის კიდეებიდან. მართლაც, ამას ისტორიაც გვემოწმება. ძველი ებრაელები პირველად ბაბილონში იქნენ გადასახლებულნი და მხოლოდ ორი თაობის შემდეგ შეძლეს დაბრუნება. შემდგომ ამისა, უკვე მეორედ, რომაელებმა აიძულეს ებრაელები გაფანტულიყვნენ ყველა ხალხში. ისრაელიანები გაბნეულნი იყვნენ სხვადასხვა ერში 2000 წლის განმავლობაში, სანამ ერეც ისრაელში დაიწყებდნენ დაბრუნებას, ბოლო პერიოდში. უკანასკნელი ას ოცი წლის განმავლობაში 3.5 მილიონზე მეტი ებრაელი ჩავიდა ისრაელის მიწაზე მთელი მსოფლიოდან – ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, რაც გახლდათ ღმერთის აღთქმათა ზედმიწევნით აღსრულება (ესაია 43:5-6). „ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლს და დასავლეთიდან შეგკრებ შენ. ვეტყვი ჩრდილოეთს: ‛მიეცი!’ და სამხრეთს: ‛ნუ დააკავებ!’ მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი − ქვეყნის კიდიდან.“ ამგვარად, ბიბლია ჭეშმარიტად გასაოცარი წიგნია, რომელიც მოგვითხრობს მართლაც ღირსშესანიშნავი ხალხის შესახებ. ბიბლია არაკებისა და ზღაპრების კრებული როდია, არამედ ესაა ღვთის სიტყვა, რომლის ჭეშმარიტებაც არაერთხელ დამტკიცებულა! ბოლო დროთა განმავლობაში ებრაელების დაბრუნება ისრაელის მიწაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიბლიის სანდოობას, ღმერთის ერთგულებას საკუთარ აღთქმათა მიმართ და მის უზენაესობას ადამიანთა საქმეებთან შედარებით. ზუსტი აღთქმანი წმინდა წერილში არსებულ წინასწარმეტყველებად თუ შევხედავთ, რომლებიც ბოლო დღეებში ისრაელიანთა დიდ შემოკრებას შეეხება, დავინახავთ, რომ ისინი დიდი სიზუსტით, დეტალურად სრულდება. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიხმოთ ის ფაქტი, რომ ებრაელები სამშობლოში დაბრუნდნენ ასზე მეტი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ერიდან, თუმცა სოფონიას 3:9-ში ვკითხულობთ ღმერთის აღთქმის შესახებ, რომ იგი აღუდგენს ისრაელიანებს ძველ ებრაულ ენას. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ. ერთ დროს გაფანტული ერის კუთვნილი მკვდარი ენის აღორძინება უნიკალური მოვლენაა მთელს ისტორიაში. მომდევნო მუხლი სოფონიას წინასწარმეტყველებაში (3:10) ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს. სახელდობრ ეთიოპიიდან დაბრუნებულ ებრაელებს მოიხსენიებს, ხოლო (ესაია 49:12) აჰა, ესენი შორიდან მოვლენ და აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, ესენი კი – სინიმის ქვეყნიდან.” გვეუბნება წინასწარმეტყველებს ისრაელიანთა დაბრუნებას „სინიმის ქვეყნიდან“ ანუ ჩინეთიდან. გასაოცარია ის, რომ ჯერ კიდევ არც ერთი ებრაელი არ ცხოვრობდა არც ერთ ხსენებულ ქვეყანაში, როცა ეს სიტყვები დაიწერა 2700 წლის წინ. დღეს კი ორივე წინასწარმეტყველების აღსრულებას თვალნათლივ ვხედავთ. იერემიას 31:8-9-ში დაწერილია, რომ ღმერთი დააბრუნებს „ფეხმძიმეს და მშობიარეს ერთად.“ საინტერესოა, რომ 1991 წლის მაისში ეთიოპიიდან განხორციელებული სასწრაფო საჰაერო რეისის დროს, რომლის მეშვეობითაც 15, 000 ეთიოპიელი ებრაელი გადაიყვანეს ისრაელში, თვითმფრინავში იმყოფებოდა ხუთი ქალი, რომელთაც ფრენისას იმშობიარეს.
ბიბლია ასევე იმასაც როგორ დაბრუნდებიან ებრაელები უკანასკნელ დღეებში. ესაია ამბობს, რომ ისინი ჯერ ზღვით მოვლენ, ხოლო შემდეგ − ჰაერით… „ვინ არიან ესენი, რომ დაფრინავენ ღრუბელივით და, როგორც მტრედები, თავიანთი სამტრედის სარკმელებთან? დიახ, კუნძულები დამელოდებიან მე და სავაჭრო ხომალდნი პირველნი მოვლენ, რათა მოიყვანონ შენი ძენი შორიდან…“ (ესაია 60:8-9).
კონტექსტის მიხედვით, ესაიას მე-60 თავში საუბარია დღეთა დასასრულს ისრაელის დიდი შემოკრებისა და იმ მთავარი როლის შესახებ, რომელსაც ეს მოვლენა ასრულებს მესიანური სამეფოს დამყარებაში. ჩვენ ამას ცხადად ვხედავთ მე-4 მუხლში, სადაც ნათქვამია: „აღაპყარ შენი თვალნი ირგვლივ და დაინახე: ყველანი იკრიბებიან, მოდიან შენთან, შენი ძენი შორიდან მოდიან და შენი ასულნი ხელით მოჰყავთ.“
შემდეგ, ესაიას 60:9 გვეუბნება: „თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან“ (ზოგ თარგმანში ასეა: „პირველნი მოვლენ“).
ფრაზა „ თარშიშის ხომალდები“ მიემართება ძველ ფინიკიელებს, რომლებიც დიდ ზღვაოსნებად ითვლებოდნენ. ისინი აგებდნენ გემებს, რომელთაც არა მხოლოდ მთელი ხმელთაშუა ზღვის გადალახვა შეეძლოთ სიგრძეზე, არამედ ამაზე დიდი მანძილის გავლაც ძალუძდათ. ოსტატურად აგებული ხომალდები თარშიშის ნავმისადგომში, სამხრეთ ესპანეთში, ჩერდებოდნენ მანამ, სანამ გიბრალტარის სრუტისკენ სახიფათო ცურვას შეუდგებოდნენ უზარმაზარი ატლანტის ოკეანის მიმართულებით. ამგვარად, აქ უბრალოდ დიდ, საზღვაოსნოდ ვარგის ხომალდებზეა საუბარი.
მართლაც, ებრაელთა დიდი შემოკრების ბოლო 120 წლიდან პირველი სამოცი წლის განმავლობაში უმრავლესობა სამშობლოში გემით დაბრუნდა.
თავდაპირველად, ბევრი ებრაელი ძველი ნავსადგურის იაფას გავლით ჩავიდა ისრაელში, იმ იაფასი, უძველესი პატარა ნავსადგურისა, საიდანაც იონამ გაცურა უფლისაგან გაქცევის მიზნით. მრავალი ებრაელი გამოექცა ხოცვა-ჟლეტასა და დევნას რუსეთიდან და ისრაელისკენ გაცურა შავი ზღვის გავლით. მოგვიანებით, ბრიტანელებმა უფრო გაზარდეს ნავსადგურის მოცულობა ჰაიფაში და უფრო მეტი ებრაელი გაეშურა სამშობლოსკენ დედამიწის ყოველი კუთხიდან.
ადგილობრივი არაბების დასამშვიდებლად ბრიტანელებმა მკაცრი შეზღუდვა დააწესეს სამანდატო პალესტინაში ყოველწლიურად შემსვლელ ებრაელთა რაოდენობაზე და მოგვიანებით ეს საზღვაო ბლოკადის მეშვეობით განახორციელეს, რადგან უამრავი ებრაელი ცდილობდა ევროპაში გაძლიერებული ნაცისტური მოძრაობისგან თავის დაღწევას.
ამის პასუხად, ჰიტლერის გენოციდს გამოქცეული ებრაელებით სავსე გემები ნაპირს აწყდებოდნენ ღამის საფარქვეშ და განზრახ იმსხვრეოდნენ კლდეებსა და ქვიშის კუნძულებზე და შემდეგ სასოწარკვეთილად ცდილობდნენ ნაპირამდე მიღწევას. ამგვარად, ასეთი დრამატული გზით, გემებით ებრაელთა სამშობლოში დაბრუნებამ ნელ-ნელა იკლო მაშინ, როცა ისრაელიანი ერი ის-ის იყო უნდა აღორძინებულიყო.
ისრაელის მიერ 1948 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ერს მიეცა შესაძლებლობა იმდენი ებრაელი დაებრუნებინა უკან, რამდენიც სურდა. ამგვარად, დიდი შემოკრების უკანასკნელი სამოცი წლის განმავლობაში ებრაელთა უმრავლესობა სამშობლოში თვითმფრინავებით დაბრუნდა… როგორც წინასწარმეტყველმა ესაიამ იხილა წინასწარ და იკითხა: „ვინ არიან ესენი, რომ დაფრინავენ ღრუბელივით და, როგორც მტრედები, თავიანთი სამტრედის სარკმელებთან?“ ქვეყანაში შემოსასვლელი მთავარი კარიბჭე ამ დროს იყო ბენ-გურიონის აეროპორტი და ათასობით ებრაელი ოლიმი (ახალჩამოსული) ჩამოდიოდა ამ აეროპორტის გავლით ქვეყანაში. ამას გარდა, ბოლო ათწლეულებში რამდენიმე თვალსაჩინო ტალღა შეინიშნება, ვინაიდან ათასობით ებრაელი ერთდროულად დაბრუნდა ისრაელში. მათ რიცხვშია ადრეულ 1950-იან წლებში არაბული მიწებიდან გამოძევებული 800 000 ებრაელი, ეთიოპიიდან საჰაერო რეისების მეშვეობით წამოყვანილი ებრაელები და ასევე, 1989 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ერთი მილიონი რუსულენოვანი ებრაელი. გარდა ამისა, ისტორიას ახსოვს ებრაელთა ე. წ. „ჩუმი დაბრუნება“ ისეთი განცალკევებული ერებიდან, როგორებიცაა იემენი, ერაყი და კუბა. დღესაც შეინიშნება ევროპიდან ჩამოსულ ებრაელთა მზარდი რაოდენობა გაძლიერებული ანტისემიტიზმისა და მუსულმანური აგიტაციის შედეგად. ზოგიერთი დასავლური ქვეყნიდან ებრაელთა დაბრუნება განპირობებულია საერთაშორისო ეკონომიკური დაღმასვლითა და ისრაელში უკეთესი სამუშაოს პოვნის პერსპექტივით. საბოლოოდ, „აღმოსავლეთის“ ებრაელებმაც იწყეს დაბრუნება, მაგალითად, ინდოეთში მცხოვრებ ბნეი მენაშედან და ჩინეთში არსებული კაიფენგიდან. ამ სხვადასხვა ებრაული თემის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან ეშვებიან ბენ-გურიონის აეროპორტში მთელი წლის განმავლობაში. თითქმის ყოველდღე მეგობრები და ნათესავები მოსაცდელ დარბაზში ელოდებიან მათ, რათა შეეგებონ და მიულოცონ წინაპრების მიწაზე დაბრუნება. ამგვარად, რამდენად გამაოგნებელია ის, რომ ბიბლია ამბობს, უკანასკნელ დღეებში ებრაელთა დაბრუნება არა გემების, არამედ თვითმფრინავების მეშვეობით მოხდება. ზღვებზე მოგზაურობის დიდებულ ხანას საჰაერო ხომალდების ეპოქა შეცვლის. მართლაც, დღეს აღარავინ მოგზაურობს გემით; ჩვენ უბრალოდ ‘ავხტებით’ თვითმფრინავში და მივფრინავთ იქით, საითაც მოგვესურვება და ამას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება. ამგვარად, ღმერთმა ისრაელიანთა დიდი შემოკრების დროები და ვადებიც კი ზუსტად განჭვრიტა.
ალიას გული
ისრაელიანებმა ებრაული ბიბლიიდან სპეციალური ტერმინი შემოიღეს ისრაელის მიწაზე დაბრუნების აღსანიშნავად. ისინი ამას ალიას უწოდებენ, რაც ასვლას ნიშნავს. ეს სიტყვა უძველეს დროში გამოიყენებოდა იმ ებრაელ მომლოცველთა მიმართებით, რომლებიც წელიწადში სამჯერ ადიოდნენ იერუსალიმში პასექის, პირველნაყოფთა ( მერგასე დღე პასექის შემდეგ) და კარვობის ბიბლიურ დღესასწაულებზე. ამგვარად, ალიას პროცესს, გარდა საკუთარ სამშობლოში ფიზიკური დაბრუნებისა, ბევრი ებრაელისათვის სულიერი მნიშვნელობაც გააჩნია. ალიას ბევრი აღიქვამს აგრეთვე, როგორც თეშუვას (მონანიება) აქტს და დაბრუნებას ღმერთთან. მათ ნამდვილად სჯერათ, რომ ღმერთი ებრაელებს უკან აბრუნებს საკუთარ მიწაზე, ასევე თავისთან.
დასკვნა
ებრაელი ერის დიდი შემოკრება თანამედროვე ხანაში მრავლისაღმთქმელია ისრაელიანი ერისა და მსოფლიოსთვის, რადგან ის მოახლოებული მესიანური სამეფოს მომასწავებელია. ეს ასევე ღმერთის სიტყვის უტყუარობის უდავო დამადასტურებელი უდავო საბუთია. ეს თავისი აღთქმებისადმი ღმერთის ერთგულების მაჩვენებელია, აღთქმებისა, რომლებიც დიდი სიზუსტითა და სისწორით სრულდება. ასევე, ამაში ვხედავთ უფლის სიკეთესა და კეთილგანწყობას, როგორც, მაგალითად, ესაიას 54:7-8-შია აღწერილი: „‛წამიერად დაგტოვე და დიდი მოწყალებით შეგკრებ შენ. რისხვის გზნებაში დაგიმალე წამიერად ჩემი სახე და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ!’ − ამბობს შენი მხსნელი უფალი.“
და ბოლოს, დიდი შემოკრება იმის თვალსაჩინო დადასტურებაა, რომ ღმერთი არის ისტორიის ღმერთი და ის უზენაესია, ამაღლებულია ადამიანთა საქმეებზე. მაშინაც კი, როცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ებრაელთა დაბრუნებას საკუთარ სამშობლოში, ეს მაინც ხდება, როგორც თქვა ღმერთმა: „ისმინეთ სიტყვა უფლისა, ხალხებო, აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ისრაელის გამფანტველი შეკრებს მას და დაიფარავს მას, როგორც მწყემსი თავის სამწყსოს.“ (იერემია 31:10) ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გასაოცარ დროში ვცხოვრობთ. ეს ერთდროულად ამაღელვებელიცაა და დიდად პატივმდებელიც, ვიყოთ მონაწილენი ებრაელთა დიდი შემოკრებისა ჩვენს დღეებში. ღმერთი მოგვიწოდებს, ჩავერთოთ ამაში და დავეხმაროთ ებრაელებს სამშობლოში დაბრუნებაში.
საერთაშორის ქრისტიანული საელჩო იერუსალიმი ამ საქმეს ეწევა უკვე სამი ათეული წელია. დღეისათვის ჩვენ დავეხმარეთ 115,000-ზე მეტ ებრაელს ისრაელში დაბრუნებაში. სწორედ ახლა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ებრაელთა დაბრუნებას ევროპიდან ისრაელში ანტისემიტიზმისა და მუსულმანური აგიტაციისგან თავის ასარიდებლად. ჩვენ ამჟამად ვაფინანსებთ უკრაინიდან განხორციელებულ ფრენებს ებრაელთათვის, რომლებიც იქ არსებული მზარდი კრიზისისგან გაქცევას ცდილობენ. ჩვენ სახლში ვაბრუნებთ ბნეი მენაშეთ და კაიფენგში მცხოვრებ ებრაელებს ჩინეთიდან და ამით ვასრულებთ მათ უდიდეს გულისწადილს საკუთარ მიწასა და ხალხთან შეერთებისა. ამგვარად, გთხოვთ, შემოგვიერთდით და ერთად დავაბრუნო ებრაელები თავის მიწაზე და თავის ღმერთთან! დღეს ისევე მარტივია დაჯავშნო ადგილი თვითმფრინავში ებრაელისათვის, როგორც ფრენა „მტრედებისათვის თავიანთი სამტრედის სარკმეპარსო.
დევით პარსონი ICEJ მედია დირექტორი.