რა არის ებრაელი? ეს საკითხი არც ისეთი უცნაურია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ვნახოთ, რა განსაკუთრებული არსებაა იგი, ვისაც ყველა მბრძანებელი და ყველა ერი ავიწროებდა და შეურაცხყოფდა, ფეხით თელავდა და სდევნიდა, წყალში ახრჩობდა და წვავდა და, ვინც, ამ ყველაფრის ჯიბრზე, ისევ ცოცხალი და საღ-სალამათია.
რა არის ებრაელი, რომლის გადაბირებაც შეუძლებელი იყო იმ ცდუნებათა მეშვეობით, რომელთაც მდევნელნი და შეურაცხმყოფელნი სთავაზობდნენ საკუთარი რელიგიისა და მამათა რწმენის უარყოფის ფასად.
ებრაელი წმინდა არსებაა, რომელმაც ციდან მარადიული ცეცხლი მოიპოვა და მისი მეშვეობით გაანათა დედამიწა და მასზე მცხოვრებნი.
ის არის საბადო და წყარო, საიდანაც ყველა დანარჩენმა ერმა აიღო სათავე საკუთარ რელიგიათა და რწმენათათვის.
ებრაელი კულტურის პირველაღმომჩენია. უხსოვარი დროიდან, წმინდა მიწაზე უმეცრების არსებობა კიდევ უფრო შეუძლებელი წარმოსადგენი გახლდათ, ვიდრე ცივილიზებულ ევროპაში.
უფრო მეტიც, იმ ბნელ ხანაში, როცა ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეს არავითარი ფასი არ ჰქონდა, რაბინი აკივა გამოვიდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, რაც ახლა სრულიად დასაშვები სასჯელია ყველაზე კულტურულ ქვეყნებში.
ებრაელი თავისუფლების პირველაღმომჩენია. იმ პირველყოფილ ხანაშიც კი, როცა ხალხი ორ კლასად იყო დაყოფილი, ბატონებად და ყმებად, მოსეს რჯული კრძალავდა ადამიანის დამონებას ექვს წელზე დიდხანს.
ებრაელი სამოქალაქო და რელიგიური შემწყნარებლობის სიმბოლოა. „გიყვარდეს ხიზანი,“ − ბრძანებდა მოსე, − „რადგან შენც ხიზანი იყავი ეგვიპტის ქვეყანაში.“
ეს სიტყვები წარმოითქვა იმ შორეულ, ბარბაროსულ დროში, როცა ხალხებს შორის საყოველთაოდ მიღებული იყო ერთმანეთის დამონება.
სარწმუნოებისადმი შემწყნარებლობის საკითხში ებრაული რელიგია არა მხოლოდ მოძალადე რელიგია არ არის, არამედ, პირიქით, თალმუდი ბრძანებს, რომ, თუ არაებრაელს სურს ებრაულ რწმენაზე მოქცევა, მას უნდა განემარტოს, რა რთულია ებრაელობა და, რომ სხვა რელიგიათა მართალი ადამიანები ასევე დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. ებრაელი მარადიულობის სიმბოლოა.
წამებითა და ხოცვა-ჟლეტით ის ვერ გაანადგურეს. ვერც ცივილიზაციის მახვილმა და ვერც ცეცხლმა ვერ შეძლო მისი აღგვა პირისაგან მიწისა. ის პირველია, ვინც უფლის სიტყვა გვამცნო. ისაა, ვინც ასე დიდხანს ინახავდა წინასწარმეტყველებას და შემდეგ, ეს წინასწარმეტყველება დანარჩენ კაცობრიობასაც გადასცა. ასეთი ერის გაქრობა შეუძლებელია. ებრაელი მარადიულია, ის მარადიობის განსახიერებაა.
ლევ ტოლსტოი, 1891 წელი.
თარგმნა: ნინო ხუროშვილმა