მრავალი ათწლეულის განმავლობაში სახარებისეული მორწმუნენი ისრაელს დიდ დახმარებას უწევდნენ, თუმცაღა დღეს დასავლეთის ეკლესიების ბევრ ახალგაზრდა ქრისტიანს, საკუთარი მშობლებისაგან განსხვავებით, არ სურთ უპირობო დახმარება გაუწიონ ისრაელს. პალესტინელთა ტანჯვის შესახებ ისტორიებმა უფრო მეტად მიიპყრო ახალგაზრდა ევანგელისტთა ყურადღება, ვიდრე ისრაელის ცხოვრებაში არსებულმა ნებისმიერმა ბრძოლამ თუ გამარჯვებამ.
მათ უფრო მეტად „ჩაგრულ“ პალესტინელთა მიმართ სოციალური უსამართლობით გამოწვეული წინააღმდეგობის გრძნობა ამოძრავებთ, ვიდრე აღორძინებული ებრაული სახელმწიფოს ის ღმერთისეული მხარდაჭერა და დაცვა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება კიდეც წინასწარმეტყველების მიხედვით. ბევრმა ახალგაზრდა ქრისტიანმა პალესტინელები უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნია და მხარი დაუჭირა კიდეც მათ. ყოველ შემთხვევაში, იესოს, სახარების მეშვეობით, თითქოს ძალიან მცირედის თქმა თუ შეუძლია დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამგვარად, ამ თაობისათვის, რომელიც გაცილებით ცოტას კითხულობს ძველი აღთქმიდან წინამორბედ თაობათაგან განსხვავებით, ეს ე.წ. ახალაღთქმისეული „დუმილი“ დიდ გავლენას ახდენს მათ შეხედულებაზე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით. დღეს ისინი სვამენ კითხვას: რას გააკეთებდა იესო?
ანუ, დაადასტურებდა თუ არა იესო ისრაელიანი ერის მოწოდებას იმ აღთქმათა მიხედვით, რომელნიც ისრაელიან პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს მიეცათ ღვთისაგან? დაადასტურებდა იგი, რომ ისრაელიანებს აქვთ აღთქმულ მიწაზე ცხოვრების უფლება? თუ უბრალოდ, პალესტინელთა, სუსტი და ჩაგრული უმცირესობის, მხარეს დადგებოდა?
ამ კითხვებზე სწორი პასუხების გასაცემად უნდა ვნახოთ, როგორ ეპყრობოდა იესო იმ დროისათვის ისრაელში მცხოვრებ ყველაზე თვალშისაცემ ადგილობრივ უმცირესობას. ძალიან ბევრ გამაოგნებელ მსგავსებას დავინახავთ იესოს დროს მცხოვრებ სამარიტელებსა და თანამედროვე პალესტინელებს შორის. ამგვარად, ვინ იყვნენ სამარიტელები და როგორ ეპყრობოდა იესო მათ?
ჩამოსახლებული ხალხი
სამარიტელები პირველად ბიბლიაში მოიხსენიება მე-4 მეფეთა 17:22-41-ში, საიდანაც ვგებულობთ მათი ისტორიული წარმომავლობის შესახებ. ეს მონაკვეთი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ისრაელის ჩრდილოეთის სამეფოს ხალხი „გადასახლებულია თავისი მიწიდან“ (23-ე მუხლი) და წაყვანილი ტყვეობაში ქრ. შობამდე 722 წელს აშურელთა (ასურელთა) მეფის სარგონ II-ის მიერ, რომელიც, სხვათა მსგავსად, იმპერიების დაპყრობის პოლიტიკას ეწეოდა. გადასახლებულ ისრაელიანთა ადგილას მან იმპერიის სხვა მხარეებში მცხოვრები ხალხი ჩამოასახლა. ამგვარად, „აიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. და დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში“ (4 მეფ. 17:24).
ეს ახალჩამოსახლებულნი, რომელთაც შემდგომში სამარიტელები ეწოდათ, აღერივნენ ქვეყანაში დარჩენილ ისრაელიანებს და სწრაფად შეისისხლორცეს მათი ზოგიერთი რელიგიური წეს-ჩვეულება. საკუთარი ტრადიციების დაცვისა და საკუთარი ღმერთების თაყვანისცემასთან ერთად ისინი ისრაელის ღმერთის „მოშიშნიც“ იყვნენ და ეთაყვანებოდნენ კიდეც მას.
შემდეგ, ქრ. შობამდე 586-582 წლებში მოხდა მეორე გადასახლება, ამჯერად იუდას სამხრეთის სამეფოს მცხოვრებნი წაასხეს ტყვედ ბაბილონის იმპერიაში. ამან კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი სამარიტელთა გაფართოებასა და განმტკიცებას ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზე.
აღორძინებისადმი გაწეული წინააღმდეგობა
70 წლის შემდეგ ებრაელებმა იწყეს დაბრუნება საკუთარ მიწაზე და ტაძრისა და იერუსალიმის ხელახლა შენება. ამ აღორძინების მთავარი მოწინააღმდეგენი კი სამარიტელები იყვნენ. ისინი ამ მოვლენას რელიგიური და პოლიტიკური კუთხით ეწინააღმდეგებოდნენ (ნეემია 4:1-3). მიუხედავად ამისა, იერუსალიმი და ტაძარი აღდგენილ იქნა და ებრაელებმა კვლავ დაიმკვიდრეს თავი მათთვის აღთქმულ მიწაზე, რადგან უფალი იყო მათთან (ანგია 1:13).
სამარიტელები კი მაინც განაგრძობდნენ საკუთარ მიწაზე დაბრუნებულ ებრაელთათვის წინააღმდეგობის გაწევასა და საკუთარი მეტოქე კულტურისა და ეროვნული იდენტურობის განვითარებას. დროთა განმავლობაში, მათ ფსევდო-იუდაიზმის საკუთარი ფორმაც კი შეიმუშავეს. თანახში შემავალი წიგნებიდან წინასწარმეტყველნი და სხვა წერილები უარყვეს და მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული მიიჩნიეს სავალდებულოდ.
დაძაბული ურთიერთობა
იესოს მოსვლამდე სამარიტელები 700 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ ისრაელის მიწაზე. მათ საკუთარი ვერსია შეთხზეს იმ რეგიონის ისტორიის შესახებ და საკუთარ თავს ჭეშმარიტ ისრაელიანებად და აღთქმული მიწის სრულუფლებიან მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, რადგან, მათი აზრით, ეფრემისა და მენაშეს შთამომავალნი იყვნენ. იერუსალიმის ტაძარი ითვლებოდა განდგომილთა სალოცავად, ხოლო მისი თაყვანისცემა − ღვთისგმობად. ალექსანდრე დიდის მმართველობისას სამარიტელებმა სხვა ტაძარი ააგეს საკუთარ წმინდა მთაზე, გერიზიმის მთაზე, რომელიც ბიბლიის მიხედვით, „კურთხევის“ მთა იყო და გადაჰყურებდა შექემს.
ამ დროის განმავლობაში ებრაელების სამარიტელებს არ აღიარებდნენ ისრაელიანი ერის ნაწილად და იერუსალიმის ტაძარში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მიუხედავად ამისა, როცა იესო 6-7 წლის ბავშვი იყო, ქრ. შობიდან დაახლოებით 6-9 წლებში, როგორც ცნობილია, სამარიტელები ძალით შეიჭრნენ იერუსალიმის ტაძარში პასექისას და შებილწეს იგი წმიდათა წმიდაიში ძვლების დაყრით. მართლაც, საუკუნეების განმავლობაში ისრაელიანებსა და სამარიტელებს შორის ურთიერთობა დაძაბულობითა და ზიზღით აღსავსე იყო. ქრ. შობიდან 200 წლიდან ებრაულ ხელნაწერებში სამარიტელებს „უგუნური ხალხი“ ეწოდებათ.
ამგვარად, იესოს დღეებში ებრაელებიც და სამარიტელებიც უარს ამბობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობაზე (იოანე 4:9). იერუსალიმში თაყვანისსაცემად მიმავალ ებრაელ მომლოცველებს ავიწროებდნენ (ლუკ. 9:51-55). იუდეველი ისტორიკოსი ევსები გვამცნობს, რომ ქრ. შობიდან 52 წელს სამარიტელებმა ამოხოცეს იერუსალიმში მიმავალი იუდეველები. ებრაელთათვის სახელი „სამარიტელი“ საწყევარ სიტყვად იქცა (იოანე 8:48). იესოს მოწაფეებსაც კი არ უყვარდათ ისინი და ზეციდან ცეცხლის გამოხმობა სურდათ მათ მოსასპობად (ლუკ. 9:54).
იესო კვეთს საზღვარს
ამ მტრულ და დაძაბულ ურთიერთობაში იესომ სიახლე შეიტანა სამარიტელ ხალხთან მიმართებით. ჩვენდა გასაკვირად, სახარებები გვამცნობს, რომ იესო კურნავდა მათ (ლუკ. 17:17) და ჰქონდა ურთიერთობა როგორც მთლიანად მოსახლეობასთან, ასევე ცალკეულ ადამიანებთანაც (იოანე 4). ფაქტობრივად, იესო იშვიათად უცხადებდა ადამიანებს ისეთ ღრმა აზრებს უფლის თაყვანისცემასთან, თავის მესიანურ დანიშნულებასა და ღვთის სულთან დაკავშირებით, როგორც ეს მან გააკეთა იაკობის ჭასთან სამარიტელ ქალთან საუბრისას. ამ შეხვედრას შედეგად მოჰყვა მთელი სოფლის მოსახლეობის სულიერი აღორძინება და სწორედ იქ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს სამკალად გადათეთრებული ყანების შესახებ (იოანე 4:35ბ).
ამას მოჰყვება ლეგენდარული იგავი კეთილი სამარიტელის შესახებ (ლუკ. 10:30-37). რასაკვირველია, შეურაცხმყოფელი იყო ებრაელ მსმენელთათვის იმის მოსმენა, რომ იესომ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ნამდვილ მოყვასად სამარიტელი წარმოაჩინა და არა იუდეველი მღვდლები.
ამგვარად, იესო იმ დროს არსებულ უარყოფით სტერეოტიპებს მასზე გავლენის მოხდენის უფლებას არ აძლევდა. როდესაც სამარიტელებმა საკუთარ სოფელში არ შეუშვეს იესო, მოწაფეებს სურდათ ზეციდან ცეცხლის გამოხმობა და ამისთვის იესომ მათ მკაცრად უსაყვედურა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად“ (ლუკ. 9:55-56).
იესო მათ მტრებად არ მიიჩნევდა, არამედ თანაგრძნობითა და სიყვარულით ეპყრობოდა მათ. ის კურნავდა და ემსახურებოდა მათ, თავის იუდეველ მოძმეთა წინაშე მათ ასახელებდა, როგორც სამაგალითო ადამიანებს და წინასწარ ხედავდა, რომ სამარიტელი ხალხიც სამკლის ნაწილი იყო.
იესო და მისი მონათხრობი სამარიტელის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ იესო ასეთ კეთილგანწყობას იჩენდა სამარიტელთა მიმართ, ის მაინც არ იზიარებდა ისტორიის მათებურ გადმოცემას. იესოს მიერ განკურნებული ათი კეთროვანი ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის გადასახდელად. იესომ მას უთხრა: „როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“ (ლუკ.17:18).
იესომ თანაგრძნობა გამოიჩინა მისდამი და განკურნა, მაგრამ ის მაინც „უცხოტომელად“ თვლიდა მას. ამ ადგილას გამოყენებული ბერძნული სიტყვა „allogenes“ სეპტუაგინტაში გამოყენებულია აღთქმულ მიწაზე მცხოვრები „უცხოელის“ მნიშვნელობით. მას მრავალი უფლება და უპირატესობა შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ მასზე მაინც არ ვრცელდებოდა ისრაელისთვის მინიჭებული უპირატესობანი და მათდამი მიმართული უფლის აღთქმანი. სწორედ ეს სიტყვა გამოიყენებოდა ტაძრის ეზოებში არსებულ წარწერაში, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იუდეველთ შეეძლოთ ტაძარში შესვლა, ხოლო უცხოელების ანუ „allogenes“ შესვლა აკრძალული იყო.
ამგვარად, იესო დახმარების ხელს უწვდიდა სამარიტელებს, მაგრამ, ამასთანავე, იცავდა ებრაელებსა და მათ შორის არსებულ მკაფიო ზღვარს. იესომ ერთხელ ასეთი რჩევა მისცა თავის მოწაფეებს: „სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ, არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან“ (მათ. 10:5-6).
და ბოლოს, როცა იესო იაკობის ჭასთან ესაუბრებოდა სამარიტელ ქალს, ქალმა მის სიტყვებს თავისი ხალხის მიერ შეთხზული ისტორია დაუპირისპირა: „ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს“ (იოანე 4:20).
სხვა სიტყვებით, ქალს იმის გაგება სურდა, ვისი მონათხრობი იყო სიმართლე. იესომ უპასუხა: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით…“ (იოანე 4:20-23).
იესოს სიტყვები კაცობრიობის ხსნის ისტორიაში იმ ახალ ეპოქის მოახლოებას მოასწავებდა, როცა თაყვანისცემის ადგილი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მქონე იქნებოდა და ყოველი მორწმუნე სულიწმინდის ტაძარი გახდებოდა, თუმცა ამით იესოს იმის თქმა როდი სურდა, რომ ებრაული ტრადიცია მნიშვნელობას დაკარგავდა. პირიქით, იესომ ეჭვქვეშ დააყენა სამარიტელი ქალის შეხედულებათა სისტემა: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს.“ ამავდროულად, იესო საკუთარ თავს ებრაულ ტრადიციასთან აიგივებს, რასაც იშვიათად ვხვდებით სახარებებში: „ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.“
სამარიტელ ქალთან საუბარში იესო ხაზს უსვამს იმას, რაც განკურნებულ კეთროვანს უთხრა მანამ, რომ ისინი „უცხოტომელნი“ იყვნენ და მათ არ ეკუთვნოდათ ისრაელისადმი მიმართული უფლის აღთქმანი. ღმერთის ოჯახში შესვლა მხოლოდ ებრაელი ერისადმი მიცემულ აღთქმათა და გამოცხადებათა მეშვეობით შეეძლოთ.
ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ იესოს არ უთქვამს, რომ, თითქოსდა, ხსნა ადამიანს ენიჭება მას შემდეგ, რაც იუდეველი გახდება, არამედ ის მოუწოდებდა ქალს, რომ კიდევ ერთხელ შეემოწმებინა საკუთარი თეოლოგიური და პირადი დამოკიდებულება ებრაელებისადმი. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მოციქული პავლეც ამაზე გაამახვილებს ყურადღებას: „აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები“ (რომ. 3:1-2; იხ. ასევე რომ. 9:4-5).
ამგვარად, იესო სამარიტელ ქალს უდასტურებს იმას, რომ უძველეს დროში ღმერთმა ისრაელს მოუწოდა აბრაამის მეშვეობით: „და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი“ (დაბადება 12:3ბ). ეს აღთქმისმიერი ურთიერთობა აბრაამის შთამომავლებთან უცვლელი რჩება მაშინაც კი, თუ ისინი უარყოფენ იესოს, როგოც საკუთარ მესიას (რომაელთა 11:28).
ჩვენი დროის სამარიტელები
ისრაელში დღესაც ცხოვრობს სამარიტელთა მცირერიცხოვანი თემი. მათი რაოდენობა ათასზე ნაკლებია და ძირითადად გერიზიმის მთაზე მკვიდრობენ, თანამედროვე ნაბლუსის ახლოს. მიუხედავად ამისა, ისინი მეტისმეტად მცირერიცხოვანნი არიან იმისათვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მიმდინარე მოვლენებში. იესოს დროს ებრაელთა და სამარიტელთა შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების ამსახველი დღეს ებრაელთა და პალესტინელთა შორის ურთიერთობაა.
ქრ. შობიდან 70 წელს რომის იმპერატორ ტიტეს, ხოლო მოგვიანებით, ქრ. შობიდან 120 წელს, იმპერატორ ადრიანეს მიერ ებრაელთა გადასახლების შემდეგ, სხვა ხალხთა ჯგუფები ჩამოსახლდნენ რეგიონში. ყოველ მომდევნო იმპერატორის მიერ მსოფლიოს ამ მთავარი გზაჯვარედინის დაპყრობას თან მოჰყვებოდა ახალი და ახალი ეთნიკური აღრევა, იქნებოდნენ ისინი რომაელები, ბიზანტიელები, მუსულმანი არაბები, ჯვაროსნები, მამლუქები თუ ოტომანი თურქები. შედეგად მივიღეთ ერთმანეთში შერეული სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისაგან შემდგარი ადგილობრივი მოსახლეობა. ბევრი პალესტინელი ქრისტიანი დღეს საკუთარ თავს ისრაელის თავდაპირველი მესიანური საზოგადოების შთამომავლად მიიჩნევს, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია რეგიონის მშფოთვარე ისტორიიდან გამომდინარე.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ, როდესაც ებრაელები ისრაელის მიწაზე დაბრუნდნენ მე-19 საუკუნეში და დაიწყეს მიწის დამუშავება, მეზობელი ქვეყნებიდან ბევრი არაბი ჩამოვიდა იქ სიონისტური მოძრაობის მიერ შექმნილი სამუშაოს საშოვნელად.
მრავალი მათგანი დღეს საკუთარ თავს პალესტინელს უწოდებს. ამ პალესტინელთა დიდი უმრავლესობა მუსულმანია. ისინი არა მხოლოდ უარყოფენ ბიბლიის სწავლებას, არამედ, ასევე, ამტკიცებენ იმას, რომ ებრაელებს არ აქვთ არანაირი უფლება ან ისტორიული კავშირი იმ მიწასთან, რომელზეც ცხოვრობენ. საერთაშორისო უმას (Ummah − მუსულმან მორწმუნეთა ერთობა) მხარდაჭერით ისინი ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან ისრაელის აღორძინებას და აღთქმულ მიწაზე დასახლებას, ისევე, როგორც სამარიტელები ეწინააღმდეგებოდნენ ამას ნეემიასა და ეზრას დროს.
მეორე მხრივ, პალესტინელთა მცირერიცხოვანი ქრისტიანული თემი ჩვენ მსგავსად იზიარებს ქრისტესა და ბიბლიისადმი რწმენას, თუმცა მათ საკუთარი განსხვავებული სახეცვლილი მიდგომა შეიმუშავეს ისტორიისა და ღვთისმეტყველებისადმი. ბევრი პალესტინელი ქრისტიანი ეწინააღმდეგება ებრაული სახელმწიფოს აღორძინებას როგორც პოლიტიკური, ასევე საღვთისმეტყველო კუთხით. ჩანაცვლების თეოლოგიის საკუთარი ნაციონალიზებული ვერსის მიხედვით ისინი არა მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ისრაელიანი ერი ეკლესიამ ჩაანაცვლა, არამედ იმასაც, რომ იესო გახდა პალესტინელი − წმინდა მიწის ერთ-ერთი ჭეშმარიტი დამცველი. მიიჩნევენ, რომ ისრაელისადმი მიმართული ღმერთის აღთქმანი ან იესოს დროს აღსრულდა და ამოიწურა ან ახლა პალესტინელ ხალხზე გადადის.
ისევე, როგორც ბიბლიაში აღწერილ დროში, მხარეებს იშვიათად აქვთ შეხება და მათ შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას გაცილებით მეტი სისხლისღვრა მოჰყვა შედეგად, ვიდრე ნეემიას, ეზრასა და იესოს დროს.
მოწოდება დღეს
იესოს განსაკუთრებული მიდგომა სამარიტელი ქალისადმი გვეხმარება გაბედულად შევხვდეთ ისრაელსა და პალესტინას შორის დღეს არსებული კონფლიქტის ყოველ გამოწვევას. იესომ თანაგრძნობა გამოიჩინა სამარიტელთა მიმართ, რომლებიც უარყოფილნი იყვნენ თანამოძმე ებრაელთა უმრავლესობის მიერ. იესოს მსახურების განმავლობაში, სამარიტელები ერთადერთი ერი იყო, რომელსაც, გარდა ისრაელი ერისა, ჰქონდა უპირატესობა საკუთარ თავზე გამოეცადა მესიის პირადი შეხება. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უბრძანა, რომ სამარიტელი ხალხი პირველი წარმართი ერი ყოფილიყო, რომლისთვისაც მათ სახარება უნდა ექადაგათ. ფილიპე, პეტრე და იოანე სწორედ ასე მოიქცნენ და დიდი სულიერი გამოღვიძება გამოიწვიეს მათ შორის.
მსგავსად ამისა, ეკლესიაც დღეს მოწოდებულია თანაგრძნობით გაუწოდოს ხელი პალესტინელ ხალხს და განსაკუთრებით, პალესტინელ მორწმუნეებს, რადგან ისინი ხშირად მიტოვებულად გრძნობენ თავს მსოფლიოში მცხოვრებ სახარებისეულ ქრისტიანთა მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, მაგრამ უგულებელყოფენ აღთქმულ მიწაზე მცხოვრებ მათ არაბ ძმებს.
თუმცაღა იესოსგან ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სამარიტელები ისრაელის მიწაზე ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ის მათ მაინც „უცხოტომელებად“ მიიჩნევდა, თუმცაღა ეს შეურაცხმყოფელი იყო მათთვის. იესო არ უარყოფდა აღთქმულ მიწაზე მათი ცხოვრების უფლებას, მაგრამ ის ასევე ადასტურებდა, რომ ისრაელისადმი იყო მიმართული ღმერთის განსაკუთრებული აღთქმანი, მათ შორის, აღთქმული ქვეყანაც.
პავლე აღნიშნავს, რომ იესო „გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული“ (რომაელთა 15:8). ის წარმოგზავნილი იქნა ღვთის მიერ, რომ „…გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას, ფიცს, რომლითაც შეჰფიცა აბრაამს“ (ლუკ. 1:72ა-73ა), რომ არ დაივიწყებდა და არ გააუქმებდა ამ აღთქმას.
დედამიწაზე მსახურებისას იესომ ღირსშესანიშნავი მაგალითი მოგვცა იმისა, თუ, როგორ უნდა მოვეპყროთ პალესტინელებს, განსაკუთრებით კი ქრისტიანებს, თანაც ისე, რომ არ შევლახოთ ღმერთის ერის ღვთაებრივი მოწოდება.
ასეთი ქმედება წონასწორობას დაამყარებდა ამ სიტუაციაში, რადგან ახლოდან დანახული სასტიკ სინამდვილესთან გამკლავება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს შეიძლება გარეგნულად ჩანდეს. ახალგაზრდა ისრაელიან ჯარისკაცთათვის თვალებში შეხედვა და მათში იმ ადამიანთა დანახვა, რომელთაც ეწოდებათ „საყვარელნი, მამების გულისათვის“ გაცილებით რთულია პალესტინელ ქრისტიანთათვის, ვიდრე საზღვარგარეთ მცხოვრები ქრისტიანებისთვის. ბევრი ებრაელი მორწმუნისათვის ისეთივე რთულია პალესტინელ ქრისტიანთა მიღება საკუთარ ძმებად და დებად, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მათ ბიბლიურ უფლებას აღთქმულ მიწაზე და მხარს უჭერენ ისრაელის ყველაზე დაუძინებელ მტრებს.
ბოლოს, სხვადასხვა ერისაგან შემდგარი ეკლესია მოწოდებულია ილოცოს და იზრუნოს ორივე ხალხისათვის. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ხელი შევუწყოთ ისრაელისადმი მიმართულ ღვთის აღთქმათა აღსრულებას და მხარში ამოვუდგეთ ერს, რომელიც, 2000 წლის შემდეგ, დაბრუნდა საკუთარ მამათა მიწაზე და, რომელიც გარშემორტყმულია მისი განადგურების მოსურნე ულმობელ მოწინააღმდეგეთა მიერ. ჩვენ ასევე მოწოდებულნი ვართ ვაღიაროთ აღთქმულ მიწაზე მცხოვრები ჩვენი არაბი და-ძმების საჭიროებანი, რომლებიც ორ მოწინააღმდეგე მხარეს: ერთი მხრივ, დიდი ხნის მეზობელ მუსულმან არაბთა და მეორე მხრივ, ახალ ებრაულ სინამდვილეს შორის არიან მოქცეულნი.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, თანაც ისე, რომ არ შევლახოთ ჭეშმარიტება. დაე, დაგეხმაროთ ამ ღირსეულ მიზნების მიღწევაში.
დირექტორი იურგენ ბიულერი, სქსი აღმსარულებელი დირექტორი