დღეს მე მინდა გესაუბროთ ბიბლიაში პირველად ნახსენებ მხატვარზე, რომლის სახელის განმარტებისას ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ უყურებს ღმერთი ადამიანისაგან შექმნილ ხელოვნებას. ეს პიროვნება არის ბეცალელი, რომელმაც უნიკალური შეკვეთა მიიღო ღმერთისაგან – მას უნდა აეშენებინა უფლის საწმინდარი (მიშკანი) უდაბნოში.
{გამ. 31:2}
“აჰა, სახელით მოვუხმე ბეცალელს, ურის ძ ეს, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.“.
ბეცალელის წინაპრების სახელებში არის დამალული ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ღმერთისათვის მოსაწონი მხატვარი, ხელოვანი და როგორ უნდა ჩადგეს ის უფლის მოწოდებაში.
ეს გზავნილი უფრო ცხადი გახდება ჩვენთვის, თუ თითოეული სახელის მნიშვნელობას ჩავუღრმავდებით. ამაში დაგვეხმარება ებრაული ორიგინალი. მხოლოდ მისი მეშვეობით გავიგებთ ტექსტის იმ პირვანდელ მნიშვნელობას, რომელიც ხშირად თარგმნის დროს იკარგება. ებრაული სიტყვების სიღრმე მართლაც რომ გაოცებას იწვევს.
- ბეცალელი : (ბე – ცალ –ელ) ძველ ებრაულად „ღმერთის მფარველობის ქვეშ“;
- ურია (მხატვრის მამა) თარგმანში: „უფლის სინათლე“;
- ხური ( მხატვარი დინასთის მამათავარი) თარგმანში: „განწმენდილი, თეთრი“;
ისინი იუდას ტომიდან იყვნენ – თარგმანში იუდა
მიღებულია, რომ ებრაული ხელოვნების მცოდნეები ორ ჯგუფადაა დაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ ებრაული ხელოვნება საერთოდ არ არსებობს, რადგან ებრაელებს ორი ათასი წლის მანძილზე არც თავიანთი მიწა ჰქონდათ, არც ენა და არც საერთო კულტურა. მეორენი კი ხელოვნებად მიიჩნევენ ყველაფერ იმას, რაც ებრაელებმა შექმნეს 2000 წლის მანძილზე. თუკი ეს ასეა, მაშინ რამდენად მართებულია, ებრაულ ხელოვნებად ჩავთვალოთ ჯინსების ლევის სტრაუსი, ან სტივენ სპილბერგის ზვიგენებზე გადაღებული ფილმი?!
რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერ ამას ებრაული ხელოვნება ვუწოდოთ. უფრო მეტიც, მას სახელიც აქვს მიცემული აბრაამის , ისაკის და იაკობის ღმერთისაგან. ხოლო სახელი ჰქონდეს მიცემული ღმერთისაგან, ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. რას გვეუბნება ამის შესახებ ებრაული, ყველაზე ავტორიტეტული წყარო თორა ( ბიბლია) ?!
ბამიდბარის წიგნში ( რიცხვთა წიგნში)….. აჰა, ხალხი მკვიდრობს განცალკევებით და ხალხთაშორის არ ირიცხება. {რიც.23:9}. ანუ ისრაელი ეს არ არის ამქვეყნიური ერი. აქედან გამომდინარე მათი ხელოვნებაც არაამქვეყნიურია. შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ ებრაული ხელოვნების წყარო არის ზეცა, ის ზეცისკენ არის მიმართული. თავად შემოქმედმა უწოდა ამ ხელოვნებას სახელი ბეცალელი – בצלאל. სწორედ მას უწოდებს ბიბლია ებრაული ხელოვნების პატრიარქს. რა ვიცით ჩვენ მის შესახებ? ის დაიბადა ეგვიპტეში, დაახლოებით 3500 წლის წინ, ებრაულ ოჯახში, მაგრამ მიუხედავად შორეული წარსულისა დღეს ისრაელში ამ სახელს კარგად იცნობენ. იერუსალიმში მისი სახელობის აკადემია და ქუჩა არსებობს.
რას აკეთებდა ბეცალელი ისეთს, რომ მისი სახელი ჩაიწერა უფლი სიტყვაში მეფეებთან და წინასწარმეტყველებთან ერთად. ბიბლიის მეორე წიგნი ებრაულად შემოთ სახელებს ნიშნავს (ხოლო სეპტუაგინტაში შესულია, როგორც გამოსვლა) ასე იწყება : „ ეს არის ისრაელის ძეთა სახელები.“ ვეილე შემოთ ბნეი ისრაელ. ეს შემთხვევით ასე არ იწყება. ჩვენ უნდა შევთახმდეთ იმ მოსაზრებაზე, რომ ბიბლიაში და მით უმეტეს ტექსტის ორიგინალში, შემთხვევით არაფერი წერია. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და ერთმანეთთან უხილავი ჯაჭვით არის დაკავშირებული. ბიბლიის მეორე წიგნი დასაწყისშივე გვეუბნება სახელების საკრალური მნიშვნელობის შესახებ.
ღმერთმა ბეცალელს სახელით მოუწოდა, რათა მას აეგო მისთვის სავანე. უფლის სავანე ეს არის აჩრდილი უფლის ზეციერი ტაძრისა, რომელიც უნდა აეშენებინა ბეცალელს. თვით ღმერთმა აღავსო (შთააგონა) ბეცალელი თავისი წმიდა სულით და მისცა სიბრძნე და გონება ხელოვნების ყველა დარგში ანუ თვით შემოქმედი იყო წყარო მხატვრის შესაძლებლობებისა. ამ პროექტს მთელ მსოფლიოში არ ჰქონდა ანალოგი, რადგანაც დამკვეთი თავად ღმერთი იყო. ბეცალელის მთლიანი გენეალოგია ოთხჯერ არის ნახსენები ძველ აღთქმაში.
როდესაც უფალმა მოუხმო მოსეს მთელი ისრაელის გასაგონად, ეს არა მარტო ბრძანებით ფორმას ატარებდა, არამედ გამაფრთხილებელსაც. ამით უფალი ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ იყო ბეცალელი არჩეული. “აჰა, სახელით მოვუხმე ბეცალელს, ურის ძეს, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. ისმის კითხვა, რატომ აქცევს ღმერთი სახელებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ? რადგანაც უფალი დასაწყისიდანვე ქმნიდა ასე, ის სახელებს არქმევდა ყველაფერს, სახელის დარქმევა ნიშნავს, რომ შენ ის შექმენი და მასზე ბატონობ.
ბიბლია ასე იწყება : „დასაწყისში ღმერთმა შექმნა“ {დაბ.1:1}
„რადგან მან თქვა და – შეიქმნა, მან ბრძანა და – არსებობს“. {ფს.32:9}
ახლა კი ასე ამბობს უფალი – შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: “ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ. {ესაია. 43: 1}.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – მე ვარ ის, ვინც წარმოთქვა შენზე სიტყვა და ასე გამოგსახე, მე დაგარქვი შენ შენი სახელი , ისრაელ და ასე შეგქმენი შენ. მე მოგიწოდე სახელით შენ და ამით გაგიცხადე ჩემი ძალაუფლება შენზე და ამიტომ შენ მე მეკუთვნი.
მხატვრისათვის და ნებისმიერი შემოქმედი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩაწვდეს ეშაიაჰაგუ(ესაია) წინასწარმეტყველის სიტყვების სიღრმეს და მიუხვდეს ღმერთის მოქმედების პრინციპებს . ღმერთი ქმნის თავისი სიტყვის მეშვეობით და სახელს არქმევს თავის შემოქმედებას. ამაზე მოწმობს მეფსალმუნე დავითიც {ფს.32:6} „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მის ბაგეთა მონაბერით – მთელი მისი ლაშქარი“
სწორედ ეს არის სახელოსნოს შემოქმედებითი პროცესი, რომლის დროსაც სახელია განმსაზღვრელი , ერთგვარი ნიშანი იმისა, თუ რა ჰქვია და რას გადმოგვცემს. რასაც ქმნის ღმერთი, ის აძლევს მათ კანონებსა და საზღვრებს. ღმერთმა არა მარტო მოშეს (მოსეს) და სამღვდელოებას მისცა მცნებები და კანონები ტაძარში მსახურებისთვის, არამედ ისრაელის ხელოსნებსაც (ხელოვანებს, მხატვრებს). სწორედ ეს მცნება ჩადო ღმერთმა სახელ ბეცალელში. ყველა სიტყვა, ყველა ასო ამ სახელისა გადმოგვცემს პრაქტიკულ ხელმძღვანელობას მოქმედებისაკენ. ამ სახელით ღმერთი მარტო ერთ პიროვნებას კი არ მიმართავს, არამედ მთელ ებრაულ ხელოვნებას და სწორედ ამ სახელის მეშვეობით დაუდგინა მათ კანონებიც და წესებიც. ამ კანონს პირობითად დავარქვათ ბეცალელის კანონი. როგორც ლევიანელებისათვის იყო მნიშვნელოვანი ტაძრის კანონები, ასევეა მნიშვნელოვანი ხელოვანი ადამიანისათვის ბეცალელის კანონები. ეს კანონი ღმერთმა განგვიმარტა ბეცალელის სახელსა და წინაპრებში. როდესაც განვიხილავთ სიტყვა-სიტყვით ბეცალელის წინაპრების სახელებსა და თავად მის სახელსაც, ჩვენ მოვიპოვებთ გამოცხადების გასაღებს, თუ რა არის ებრაეული ხელოვნება, რა თვისებები უნდა გააჩნდეს ხელოვან ხალხს და როგორ უყურებს ღმერთი ამ ყველაფერს.
თორა განასაკუთრებულად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ღმერთმა სახელით მოუწოდა კონკრეტულ პიროვნებას ისრაელის ერიდან {გამოს.31:2}. ბიბლიის ეს მონაკვეთი ორნაირ განმარტებას იძლევა. ზოგადად, ებრაული ტრადიცია ბიბლიის განმარტების 70 საფეხურს გვთავაზობს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ორი განმარტებით შემოვიფარგლოთ, რომელიც ყველაზე ადვილი გასაგები იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის.
პირველი: უდაბნოში მყოფი ისრაელიანებიდან ღმერთმა მხოლოდ იმ პიროვნებას მოუწოდა, რომლის სახელი ბეცალელი, ურის ძე იყო და დაავალა მისთვის სავანე გაეკეთებინა.
მეორე : ტექსტის ოდნავ სიღრმისეულად წაკითხვისას ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანს დასაწყიშივე მისცა სახელი ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთმა ბეცალელს სახელი დაბადებამდე მისცა. მეფსალმუნე დავითმა თქვა, რომ ღმერთს ჩაწერილი ჰქონდა მისი სიცოცხლის დღეები თავის წიგნში ჯერ კიდევ მაშინ, როცა არაფერი იყო. იგი უწოდებს არ არსებულს სახელს და ის ჩნდება {ფს.32:9} „რადგან მან თქვა და – შეიქმნა, მან ბრძანა და – არსებობს.
ძველად ადამიანისათვის სახელის დარქმევა (მიცემა) ნიშნავდა ძალაუფლების გაცხადებას მისთვის. მაგრამ უფრო განსაკუთრებული მაშინაა, როდესაც თვით ღმერთი გარქმევს სახელს. ეს არის კანონი და ადამიანის მოწოდებაც რომელიც განსაზღვრავს მის მთლიან ცხოვრებას. ღმერთი აღჭურავს ასეთ ადამინს ყველაფრით, ნიჭით, შესაძლებლობებითა და უნარით, რათა მან აღასრულოს უზენაესის დავალება. რა თქმა უნდა ადამიანზეა დამოკიდებული, უარყოს თუ დათანხმდეს უფლის ამგვარ მოწოდებას.
ბეცალელ – უფლის ჩრდილში მყოფს– בצלאל
צל– ჩრდილი.
აი, რამოდენიმე მნიშვლობა ამ სიტყვებისა, რომელიც უკეთ გაგვაგებინებს მის არსს.
צל– ცელ(ჩრდილი).צלם–ცელემ (აჩრდილი, სილუეტი,ხატება).צילום – ცილუმ.(ასლი)
მაშ ასე, ჩრდილი: ჩრდილის მახასიათებელი მხატვრის(ხელოვანის) ხასიათის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება. ჩრდილი ცხოვრობს მხოლოდ სინათლეში, ის არსებობს მხოლოდ მკაცრი სინათლის კანონში, რომელიც განასახიერებს საგნის რაღაც პროექციას, აჩრდილს, სილუეტს, მაგრამ მას არ შეუძლია განასახიეროს ზუსტად ორიგინალი, ის მხოლოდ სილუეტს გადმოგვცემს და რაღაც განსაზღვრებას საგანზე.
ჩრდილი დამოკიდებულია საგანზე და მისი “სიცოცხლე” გრძელდება იქამდე, სანამ არსებობს საგანი. როგორც ჩრდილი დაჰყვება მას, ვისაც განახიერებს, ასევე დაჰყვება ადამიანი თავის შემოქმედს.
ებრაული სიტყვა צל– ცელ არა მარტო ჩრდილს ნიშნავს ,რომელიც საგნის პროექციას გამოსახავს, ის არამარტო ჩრდილია მცხუნვარე მზისაგან ,რომელსაც ასე შენატრის ისრაელის მკვიდრნი, არამედ ეს სიტყვა კიდევ დაფარულსაც გამოხატავს. როგორც ამას მეფსალმუნე გადმოგვცემს {ფს.16:8} „თვალის გუგასავით გამიფრთხილდი, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე,“
მეორე სიტყვის ფუძე, რომელიც ასევე გვხვდება სახელში „ ბეცალელი“, ნიშნავს צלם–ცელემ ხატებას . ადამიანი შექმნილი იყო , როგორც დაწერილია {დაბ.1:27} „……ღვთის ხატად. בְּצֶלֶםאֱלֹהִיםבָּרָאאֹתוֹ
ებრაულ ტრადიციაში ბევრი ისეთი სახელი გხვდება, რომელიც რამოდენიმე სხვადასხვა სიტყვისაგან შედგება. მაგალითად, აბრაჰაამი (მრავალათა მამა), მელქისედექი (სიმართლის მეფე), ისრაელი ( და ბრძანებობდეს უფალი). ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას სხვა თვალით წავიკითხოთ სახელი ბეცელემ+ელ ანუ ღმერთის მსგავსი. მაშ, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსებაა და რა უნდა იყოს ადამიანისათვის იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გააცნობიეროს ეს ფაქტი? რომ მე შექმნილი ვარ ღმერთის ხატად და მსგავსად.
მსგავსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ადამიანის უნარი და სურვილი, რომ შექმნას. მსგავსება მოწოდებულია, რათა განასახიეროს უფლის დიდება.
ასევე მესამე სიტყვის ფუძე צילום– ცილიუმ. ეს თანამედროვე სიტყვაა, რომელიც ასლს და ფოტოს ნიშნავს. სიტყვათა განმარტების ლექსიკონი ფოტოს ასე განმარტავს: ეს არის გამოსახულება, რომელიც მიიღება სინათლის დაცემისას მგრძნობიარე ზედაპირზე. ეს კარგი ალეგორიაა ჩვენთვის . მსგავსად ამისა, ჩვენი გულებიც შეიძლება მგრძნობიარე იყოს, როდესაც მას ღმერთის სინათლე ეხება და სწორედ ასე იწყებს ღმერთი მოქმედებას ჩვენში, შექმნას.
მაშ ასე სამი სიტყვა צל– ცელ (ჩრდილი), צלם–ცელემ (ხატება), צילום – ცილიუმ.(ასლი) გვაძლევს ბრწყინვალე შესაძლებლობას, რათა ჩავუღრმავდეთ მხატვრის (ხელოვანის) მოწოდების სიღრმეებს.
აი, რა არის ჩვენთვის გაცხადებული სახელში „ბეცალელი“: ხელოვნება განსაზღვრული უნდა იყოს პირველი წყაროდან ანუ ღმერთიდან, ხოლო ხელოვანისათვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს ერთგულება და მიჰყვებოდეს უფალს.
ღმერთმა ადამიანს უდიდესი ნიჭი მისცა აღავსოს სხვები მისი შთაგონებითა და შემოქმედებით. ის უნდა იყოს მისი მსგავსი და ხალხს უნდა წარუდგინოს უფალი დიდებულებით .
ამ სახელშია შემოქმედი ადამიანის მოწოდება, რათა აღბეჭდოს შემოქმედი ღმერთის დიდებულება.
პირველი ნაწილი, გაგრძელება იქნება.
ავტორი– გიორგი ჯიჯიეშვილი
რედაქტორი – ქეთევან რამიშვილი